ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილსა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, პოლიტიკურ დირექტორს ენრიკე მორას შორის, რომელიც ქ. თბილისს 25 იანვარს დაგეგმილი უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ეწვია, შედგა შეხვედრა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2022 წლის ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ, რამაც ქვეყანას ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისკენ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავ ზღვაზე დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საკითხში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების გამოწვევებზე და იმ რისკებზე, რომელიც დღეს არსებული გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით მწვავე პრობლემად დგას რეგიონში. ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით დადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მზაობა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას, მათ შორის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირებით, რომელიც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ერთიანი ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და უზრუნველყოფს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.
Related items
-
პრეზიდენტი - საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამათული შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კადიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტ მხარდაჭერის გამოხატულებას.
,,აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის ნათელი დადასტურებაა“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს.
თავის მხრივ, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, აქ იმყოფება იმისათვის, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს. ,,ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორემების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა ბერბოკმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
აღნიშნული ვიზიტი საქართველოს მიმართ გამორჩეული ინტერესის გამოხატულებაა - ილია დარჩიაშვილი
“გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, საქართველოსათვის ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში, გერმანიის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას ადასტურებს” - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები მტკიცე, მრავალსაუკუნოვან ფუნდამენტსა და საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება. მინისტრის თქმით,შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა.
ილია დარჩიაშვილის განცხადებით,ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას, რამაც გაამყარა საქართველოს უპირობო კუთვნილება ევროპისადმი და ქვეყანას ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისაკენ.
“ვაფასებთ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, რაც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ქართველი ხალხის ურყევ ნებას გამოხატავს.” - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო. ილია დარჩიაშვილმა გერმანულ მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების მიმდინარეობაზე და ამ მხრივ მიღწეულ პროგრესზე.
“გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პროგრესი სამართლიანად და დამსახურების მიხედვით იქნება შეფასებული და საქართველოც და ევროკავშირიც კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას იზეიმებს.”-განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან გაგრძელდება ფართო პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის პროცესი ინსტიტუციური და სამართლებრივი დაახლოების გზით და მაქსიმალურად იქნება ათვისებული ასოცირების შეთანხმების პოტენციალი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაკავშირებადობის მნიშვნელობაზეც და საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული რგოლის ფუნქციაზე.ხაზი გაესვა ევროპის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას და საქართველოს როლს ამ პროცესში. ამ კონტექსტში, აღინიშნა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ გერმანია უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ სფეროში.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა რეგიონში და ევროკავშირის კრიზისის მართვის მისიებში ჩართულობის გზით აგრძელებს საერთო ძალისხმევაში მონაწილეობას.
შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისა და ნატო–საქართველოს არსებით პაკეტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
“აღნიშნული პრაქტიკული მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ეს საბოლოოდ მიგვიყვანს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ისტორიული გადაწყვეტილების სრულ იმპლემენტაციამდე.“ - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო.
ასევე, ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.
განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც მისიის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.აღინიშნა რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა და ხაზი გაესვა ამ მხრივ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობას.
მინისტრმა გერმანიის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ განმტკიცებასა და ამ მიზნით თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის გამოყენების გზებზე.
“დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის ისევე, როგორც ხალხთაშორისი კავშირების შემდგომი განმტკიცების საწინდარი იქნება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს უაღრესად წარმატებული მონაწილეობა უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში - ი-ტე-ბე ბერლინი 2023. ეს იყო გერმანიაში ჩვენი კულტურისა და ტრადიციების და მიმზიდველი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობა და ჩვენი ქვეყნის ევროპული ცივილიზაციისადმი კუთვნილების მკაფიო დადასტურება.” - განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
-
საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია
23 მარტს, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
გერმანიის საგარეო უწყების ხელძმღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან. ანალენა ბერბოკი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ის ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელძმღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
-
ევროპული სამშვიდობო მექანიზმი: ევროპის კავშირის საბჭო დაფინანსებას 2027 წლამდე 7.98 მილიარდ ევრომდე გაზრდის
ევროპის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2027 წლამდე ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) დაფინანსების მაქსიმუმი 7.979 მილიარდ ევრომდე გაიზრდება, რაც დამატებითი საჭიროებების დაფარვას უზრუნველყოფს.
ევროპული სამშვიდობო მექანიზმი 2021 წლის მარტში ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ქმედებათა დასაფინანსებლად შეიქმნა. მისი მიზანი კონფლიქტების პრევენცია, მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაა. კერძოდ, ევროპული სამშვიდობო მექანიზმი ევროკავშირს ისეთ ქმედებათა დაფინანსების საშუალებას აძლევს, როგორიც სამხედრო და თავდაცვის სფეროებში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების თუ რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების გაძლიერებაა.
ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში, დღეისათვის ევროკავშირმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხარდაჭერა შვიდი პაკეტის საშუალებით აღმოუჩინა. გარდა ამისა, ის არაერთ სხვა ქვეყანას დაეხმარა, რომელთა რიცხვში საქართველო და მოლდოვის რესპუბლიკაცაა. უკრაინისთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის საშუალებით გაწეული მხარდაჭერის მთლიანი მოცულობა დღეისათვის 3.6 მილიარდ ევროს შეადგენს.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი -
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის ვიზიტი საქართველოში
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 2023 წლის 23-24 მარტს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ გერმანიის საელჩოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ, ბატონ ილია დარჩიაშვილთან. გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. პროგრამაშია ასევე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან გამგზავრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი. ამ მისიაში ყველაზე მეტი თანამშრომელი გერმანიას ჰყავს წარგზავნილი.
შეხვედრების მთავარი თემები იქნება გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს მჭიდრო და პირდაპირი კონტაქტების დამყარება ორ ქვეყანას შორის და კარგი თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ევროპული მომავლისათვის.
ბიზნეს ნიუსი

განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ CashBack-ის და Mastercard-ის ერთობლივი აქციის დახმარებით!
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ (https://ca...

ევროპული სამშვიდობო მექანიზმი: ევროპის კავშირის საბჭო დაფინანსებას 2027 წლამდე 7.98 მილიარდ ევრომდე გაზრდის
ევროპის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2027 წლამ...

ყაზახეთი თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენით აპირებს - რომან ვასილენკო
ყაზახეთი აპირებს თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბ...

მარიამ ქვრივიშვილი - ITB Berlin 2023-ზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა ქვეყანას ახალ სამიზნე ბაზრებზე გაიყვანს
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის მასშტ...