ევროკავშირი 2023 წელს ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილ თანხას 1.7 მილიარდ ევრომდე გაზრდის
ევროკავშირმა 2023 წელს გასაწევი ჰუმანიტარული დახმარებისთვის 1.7 მილიარდი ევროს ოდენობის საწყისი წლიური ბიუჯეტი დაამტკიცა.
ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარება ბუნებრივი კატასტროფებით და სამხედრო კონფლიქტებით დაზარალებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. მათ შორის არიან იძულებით ადგილნაცვალი პირები, გადაადგილებაშეზღუდული მოსახლეობები და ლტოლვილთა მასპინძელი საზოგადოებები. დახმარება, ძირითადად, ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის საშუალებით ხორციელდება.
დადგენილი ბიუჯეტიდან 207.8 მილიონი ევრო მოხმარდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას და ევროპულ სამეზობლოს. ეს, ძირითადად, მოიცავს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგებზე რეაგირებას და, ასევე, კავკასიის საჭიროებებზე მორგებული პროექტების დაფინანსებას.
დარჩენილი თანხიდან 141.5 მილიონი ევრო გამოიყოფა საგანგებო ვითარებებისთვის, 122 მილიონი ევრო — გაუთვალისწინებელი ჰუმანიტარული კრიზისებისთვის, ხოლო 108.2 მილიონი ევრო — ინოვაციური პროექტებისა თუ სამოქმედო გეგმებისთვის.
„ჰუმანიტარული საჭიროებები საგრძნობლად იზრდება. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ცუდი მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა. დღეს მსოფლიოს მასშტაბით იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც სიცოცხლის გადამრჩენი დახმარება ესაჭიროება, აშშ-ის მოსახლეობას აღემატება“, — აღნიშნა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა, — „ევროკომისიის დაფინანსება 2023 წელსაც უზრუნველყოფს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელი მიუწვდებოდეს ყველაზე დაუცველ ადამიანებს, ვინც ან სადაც უნდა იყვნენ ისინი“.
გარდა ამისა, ლენარჩიჩმა გლობალურ საზოგადოებას საზიარო პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამჟამად ჰუმანიტარული დახმარების 80%-ზე მეტს მხოლოდ 10 უმსხვილესი დონორი უზრუნველყოფს.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი
ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი