არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას - საქართველოს პრეზიდენტის განცხადება!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 იანვარი 2023 16:09

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გააკეთა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!

იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.

ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ ვითომც ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს. თუნდაც იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში, ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიე შედეგს მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით - საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს უცხოეთში და მათ შორის, რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. 

ამ დროს, თუ რაიმე გვახსოვს რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებისა, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ ,,გამოაგდებს“, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის.  

ამის დაშვება დაუშვებელია! 

ამის მაგივრად, როგორც არაერთხელ უკვე მოვუწოდე მთავრობას, აუცილებელია, სერიოზულად იყოს შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი, ყველა თავისი - სოციალური და პოლიტიკური პარამეტრით, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია. გვჭირდება რეგულაციები - სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის, თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხთან მიმართებაში. 

ასევე, ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ! ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

წაკითხულია 90 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტი - საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

    როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამათული შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კადიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის. 

    პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტ მხარდაჭერის გამოხატულებას.

    ,,აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის  ნათელი დადასტურებაა“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს.

    თავის მხრივ, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, აქ იმყოფება იმისათვის, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს. ,,ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორემების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა ბერბოკმა.

    პრეზიდენტის ადმინისტრაცია

  • ყაზახეთის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო პარლამენტის არჩევნების კენჭისყრაში

    ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მონაწილეობა მიიღო ქვეყნის პარლამენტის მეჯლისის და ადგილობრივი მასლიხატების არჩევნების კენჭისყრაში.
    სააგენტო "ყაზინფორმის" ცნობით, ყაზახეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა ალ-ფარაბის სახელობის მოსწავლეთა სასახლის შენობაში მდებარე საარჩევნო უბანზე.
    შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში მეჯლის და მასლიხატის დეპუტატების არჩევნები იმართება. ამომრჩეველთა სიებში 12 მილიონ 32 ათას 550 ადამიანია რეგისტრირებული.

    მანამდე ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ყველაზე მეტი ამომრჩეველი 1,177,507 იყო თურქესტანის რეგიონში, ყველაზე მცირე 138,277 - ულიტაუსის რეგიონში.

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შ. მიშელი საქართველოს პრეზიდენტ ს. ზარუბიშვილს შეხვდა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზარუბიშვილს შეხვდა.

    შარლ მიშელმა პრეზიდენტ ს. ზურაბიშვილის წინაშე კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპული გზისადმი და მიესალმა მის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინსვლაში“, - წერს შ. მიშელი Twitter-ზე.

    მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ არის "ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გაუშვა ხელიდან".„პროგრესი რეფორმების მიმართულებით რჩება გადამწყვეტ ამოცანად“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

    პრეს-რელიზი

    Press release

    წყარო: https://euneighbourseast.eu/news/latest-news/charles-michel-meets-georgian-president-salome-zurabishvili/

  • ჩინეთის პრეზიდენტად სი ძინპინი მესამე ვადით აირჩიეს

    ჩინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად მესამე ვადით სი ძინპინი აირჩია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

    სი ძინპინი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი ეროვნული სახალხო კონგრესის 3 000 წევრმა დაუჭირა. ხმის მიცემის პროცედურა ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ელექტრონული დათვლა კი 15 წუთში დასრულდა.

    სი ძინპინი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე 5-წლიანი ვადით აირჩიეს.

    წყარო: https://1tv.ge/news/chinetis-prezidentad-si-dzinpini-mesame-vadit-airchies/

  • საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა!

    ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    "მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე თვითონაც. მე ვდგავარ აქ, ნიუ იორკში და ჩემ უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს ის სიმბოლოა, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა და რისთვისაც დღემდე მოვედით.

    მე ვარ თქვენ გვერდით, რადგან დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს! ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს  ხედავს ევროპაში და არავის მისცემს უფლებას, წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს მომავალ თაობებს, ყველას! ეს მომავალი არის ის, რომელსაც ამზადებდნენ ჩვენი წინა თაობები და რომელსაც ვამზადებდით ჩვენც. ამიტომ არავის აქვს უფლება, წაგართვათ თქვენ თქვენი მომავალი. არავის აქვს უფლება, დააგოს მახეები. ეს კანონი, რომელიც არავის სჭირდებოდა და რომელიც არსაიდან მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით, გასაუქმებელია რა ფორმითაც გინდათ, არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში, ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის რა ტიპის კანონია ეს.

    მე პირველივე დღიდან ვთქვი, რომ ამ კანონს ვეტოს დავადებდი და დავადებ ვეტოს! არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა, არ მაინტერესებს მისი მსგავსება რაღაც ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება.

    მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი. მე მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტიც ვარ და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი და პირველ რიგში, მე, მაგრამ ასევე, მთავრობა, ხელისუფლება ვალდებულია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირამდე, რომ ევროინტეგრაციის გზა დაცული იყოს. და დღეს, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, ყველა ის, ვინც დღეს ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს ამ კონსტიტუციას. ყველა გვაშორებს ევროპას. 

    მივმართავ ჩვენს ელჩებს უცხოეთში, ვინც საქართველოს წარმოადგენენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ან აქ, ამერიკაში: ჩვენ რას ვიცავთ, ან თქვენ რას წარმოადგენთ თუ არა ამ ევროპულ მომავალს?!

    ჩვენ ყველა ერთად: თქვენ, ახალგაზრდები, ვინც თბილისში ხართ, მე, როცა აქ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს [და მექნება ძალიან მნიშვენელოვანი შეხვედრები], ან გაეროს ტრიბუნიდან, როცა იგივეს ვამბობ და ვამბობთ, რომ არ გვინდა ის კანონი, რომელიც უაზროა, მისი აზრი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ჩამოგვაშოროს ევროპას. 

    ჩვენ ყველანი ერთად ვართ დღეს, ერთად ვიქნებით ხვალ და გავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში. ამის პირობას გაძლევთ მე თქვენ, რადგან ეს პირობა მე ჩემს თავს დავუდე, დიდი ხნის წინ", აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი თავის მიმართვაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური