საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 13 იანვარი 2023 10:38
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა, - ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ერევანში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს.
მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ. ხელი მოეწერა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომის ოქმს.
კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ვრცლად პრემიერ-მინისტრების გამოსვლა იხილეთ ბმულზე: https://www.gov.ge/news/351849?page=&year=
წაკითხულია 174 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა

    აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აშშ-ში შეხვდნენ ერთმანეთს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    აზერბაიჯანი და სომხეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას მართავენ.

    აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ინიციატივით შეხვდნენ ერთმანეთს.

    სამმხრივ შეხვედრაზე ითქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება.

    მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე დღე გაგრძელდება.

  • თბილისში აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს ჟურნალისტების პირველი შეხვედრა ჩატარდა

    29 აპრილს თბილისში, სასტუმრო „ჰილტონში“ აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოსა და სომხეთის ჟურნალისტების პირველი შეხვედრა გაიმართა. ერთობლივი სემინარი თემაზე - „მშვიდობა და მედიის როლი სამხრეთ კავკასიაში“ მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა. გლობალური ჟურნალისტური საბჭოს (GJC) ეგიდით გამართულ სემინარზე განიხილეს სხვადასხვა საკითხები და მათ შორის „მასმედიის როლი რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში“.

    გლობალური ჟურნალისტურისაბჭოს საქართველოს წარმომადგენელმა, სააგენტო „ნიუს დეი საქართველოს“ მთავარმა რედაქტორმა ავთანდილ ოთანაშვილმა მიულოცა დამსწრე ჟურნალისტებს შეკრება და ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. ასევე მან ხაზი გაუსვა კონფლიქტების მოგვარების საქმეში მასმედიის როლის მნიშვნელობას.

    შემდეგ სიტყვით გამოვიდა გლობალური ჟურნალისტურისაბჭოს პრეზიდენტი მეჰმეთ ალი დიმი, რომელმაც მსოფლიოში ომებით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა. მისივე თქმით, მასმედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველა ომის, კონფლიქტის და სხვა პრობლემების გადაწყვეტაში. „ამ ღონისძიების გამართვის მიზანია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლის გაზრდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, თითქმის 40 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებაში“, აღნიშნა მან. 

    აზერბაიჯანის თანამედროვე მედია ჯგუფის ხელმძღვანელმა ელშად ეივაზლიმ ისაუბრა ჟურნალისტების როლის მნიშვნელობაზე კონფლიქტების მოგვარების საქმეში. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მსოფლიო ომების დროს ბევრი ჟურნალისტიც დაიღუპა. მისი წინადადებით, კონფლიქტურ რეგიონებში დაღუპული ჟურნალისტების ხსოვნას, სემინარის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

    სომხეთის სააგენტო „არმინფოს“ დირექტორმა ემანუელ მკრტჩიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეთანხმება შეკრებილი ჟურნალისტების მოსაზრებებს და ძალიან აფასებს ჟურნალისტთა ასეთი შეხვედრების გამართვას.

    ღონისძიების მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრეს გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის“ თანამშრომელმა მირანდა ოგანეზოვამ, პორტალ apsny.ge-ს დირექტორმა, პოლიტიკურმა მიმომხილველმა გოჩა გვარამიამ,

    თურქეთის „ჰაბერ გლობალის“ წამყვანმა რედაქტორმა ბენან კეფსუტლუმ, აზერბაიჯანის პრესის საბჭოს წევრმა იეგანე ჰაჯიევამ.  მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღო AZERTAC-ის საქართველო ბიუროს ხელმძღვანელმა ხატაი აზიზოვმა და პორტალ 24news.ge-ს რედაქტორმა აზერ მამედოვმა.

    შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების გამართვა ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელებას და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებას. ასევე ითქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი მსგავსი სახის ჟურნალისტთა ოთხმხრივი შეხვედრები სამომავლოდ სტამბულში, ბაქოსა და ერევანშიც გაიმართება.

    აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოსა და სომხეთის ჟურნალისტების პირველი შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას.

     

  • ევროკავშირი უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნებისთვის სამოგზაურო ავტორიზაციის სისტემას 2024 წლიდან აამოქმედებს

    2024 წლიდან ყველა იმ 59 ქვეყნისთვის, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვს, „ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა“ (ETIAS) ამოქმედდება. ევროკავშირის ამ ახალი მოთხოვნის თანახმად, სამოგზაურო ავტორიზაციის გავლა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებსაც შენგენის 27 ქვეყნიდან ნებისმიერში, ასევე ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსის რესპუბლიკაში შესვლა სურთ. 

    ETIAS-ი ონლაინ გასავლელი სამოგზაურო ავტორიზაციაა და არა — ვიზა. 

    ETIAS-ის მოქმედი სამოგზაურო ავტორიზაციის მქონე პირს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში შეეძლება ევროპის 30 ქვეყნიდან ნებისმიერში 90 დღის განმავლობაში დარჩენა.

    ETIAS-ისთვის განაცხადის შესატანად პირს დასჭირდება პასპორტი, რომლის მოქმედების ვადაც 3 თვეს აღემატება, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ონლაინ ფორმის შევსება და 7 ევროს ოდენობის გადასახადის გადახდა. 

    არსებობს ETIAS-ის მხოლოდ ერთი ოფიციალური ვებგვერდი: europa.eu/etias. მასზე განაცხადის ფორმა სისტემის ამუშავების შემდეგ განთავსდება.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ჟანა ანდრეასიანს შეხვდა.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის მრავალმხრივ  ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა, რომ საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებთ.

    განხილულ იქნა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და ამ კუთხით სამომავლო ურთიერთობების გაფართოების საკითხები. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს სომეხ კოლეგებთან და მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას განათლების სფეროში გამოცდილების გაცვლის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და რეფორმების საკითხებზე მუშაობის მიმართულებით. 
    ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის ერთგული რჩება.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და სომხეთის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი ესწრებოდნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • მიხეილ ჩხენკელმა სომხეთის განათლების მინისტრს უმასპინძლა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მოწვევით თბილისში სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება.

    ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა სომეხ კოლეგასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა. მინისტრმა ჟანა ანდრეასიანს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

    შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერ მექანიზმებზე იმსჯელეს, მათ შორის, საუბარი შეეხო მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებასა და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებას.

    მიხეილ ჩხენკელმა სომეხ კოლეგასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილა, რაც, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული და სომხური ენისა და ლიტერატურის სწავლების გაძლიერებას, ხოლო მეცნიერების განვითარების კუთხით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას გულისხმობს. მინისტრის თქმით, კარგი იქნება, თუ  ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და სომხეთის ბიურაკანის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას შორის არსებული ტრადიციული სამეცნიერო კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.

    შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ჟანა ანდრეასიანს საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტების – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

    მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი განცხადებით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ემატება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური