საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საფრანგეთის ელჩს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 10 იანვარი 2023 10:26

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან შერაზ გასრისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. მინისტრმა საფრანგეთის ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და თავის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის განათლების სფეროში არსებული მრავალწლიანი მეგობრობის თვალსაჩინო მაგალითია ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის შესანიშნავი პროექტი. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის კიდევ უფრო გაფართოება ახალი აკადემიური პროგრამების დამატების გზით.

მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ ერთობლივი პროფესიული პროგრამების განხორციელება შესთავაზა. მინისტრის თქმით, პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ­– საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, კოლეჯებში მიმდინარე სასწავლო პროცესში 2022 წლიდან ჩართულნი არიან უცხოელი მასწავლებლები, რაც სასწავლო პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, მალე ამოქმედდება უცხოური ენის ცენტრები და  გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის. მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა.

შეხვედრისას მინისტრმა შერაზ გასრის განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი განცხადებით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ემატება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის. მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზად არის  აქტიურად ითანამშრომლოს საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთობლივი აკადემიური პროგრამების განხორციელების მიზნით.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია.

საფრანგეთის ელჩთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ქართველი და ფრანგი მეცნიერები ადრონული თერაპიის ცენტრში ერთობლივ სამეცნიერო პროექტებს განახორციელებენ.

საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო Horizon Europe-ის პროგრამას. მინისტრის თქმით, 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ხელი ბრიუსელში, საზეიმო ვითარებაში მოეწერა. შედეგად, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული და საგრანტო ოფისები უკვე ფუნქციონირებს.

თავის მხრივ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტს და განაცხადა, რომ ევროპული ხარისხის შესაბამისი ახალი უნივერსიტეტის დაფუძნება და განვითარება მართლაც შთამბეჭდავია. მისი თქმით, ის მოხარულია, რომ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები აქტიურად არიან ჩართულნი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საქმეში. შერაზ გასრიმ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას საფრანგეთის ელჩის მრჩეველი და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი კამილ ნორა ესწრებოდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური

წაკითხულია 107 ჯერ

Related items

  • დებატების საგნის დანერგვა საგაკვეთილო პროცესში

    პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში დაინერგა დებატების საგნის სწავლება

    პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ამ სასწავლო წელს პირველად დაინერგა და უკვე წარმატებულად გაიარა მონიტორინგი დებატებმა, როგორც არჩევითმა საგანმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.

    სასწავლო საგნის დანერგვისთვის, მთელი საქართველოდან, შეირჩა პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში 20 ყველაზე მოტივირებული და წარმატებული დებატკლუბის ხელმძღვანელი, რომლებმაც საგანგებო გადამზადების შედეგად, ამ სასწავლო წლიდან აქტიურად დაიწყეს დებატების, როგორც, არჩევითი საგნის სწავლება.

    დებატების, როგორც საგნის სწავლების პროცესში ტარდება მეცადინეობები ყოველკვირეულად, სადაც ხდება ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლება და სახალისო აქტივობებით ისეთი უნარების განვითარება, რაც მოსწავლეებს აკადემიურ სწავლაში უწყობს ხელს. გარდა ამისა, სისტემატიურად ტარდება დებატების გაკვეთილების სუპერვიზირება/მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს მასწავლებლების მუდმივ განვითარებასა და საგნის წარმატებულად სწავლებას.

    პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

  • მიხეილ ჩხენკელმა სომხეთის განათლების მინისტრს უმასპინძლა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მოწვევით თბილისში სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება.

    ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა სომეხ კოლეგასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა. მინისტრმა ჟანა ანდრეასიანს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

    შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერ მექანიზმებზე იმსჯელეს, მათ შორის, საუბარი შეეხო მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებასა და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებას.

    მიხეილ ჩხენკელმა სომეხ კოლეგასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილა, რაც, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული და სომხური ენისა და ლიტერატურის სწავლების გაძლიერებას, ხოლო მეცნიერების განვითარების კუთხით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას გულისხმობს. მინისტრის თქმით, კარგი იქნება, თუ  ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და სომხეთის ბიურაკანის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას შორის არსებული ტრადიციული სამეცნიერო კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.

    შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ჟანა ანდრეასიანს საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტების – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

    მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი განცხადებით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ემატება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის.

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში შერაზ გასრს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.

    ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობას მრავალწლიანი მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხს.

    შეხვედრაზე მინისტრმა გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ქვეყანაში ლიბერალური საგადასახადო სისტემის საფუძველზე ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემოს მნიშვნელობაზე გაამახვილა.

    „მოგეხსენებათ, საქართველოს მინიჭებული აქვს ევროპული პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება, რაშიც ჩვენი მეგობარი ქვეყნების და, რა თქმა უნდა, საფრანგეთის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. ჩვენ საფრანგეთთან ეფექტიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რისთვისაც განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო. ვიმედოვნებ, სამომავლო გეგმები კიდევ უფრო აქტიური და ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

    „როგორც იცით, ევროკავშირი ღირებულებების და პრინციპის ერთობაა. მე მინდა მოგილოცოთ ევროპული პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, საქართველოს დავეხმაროთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში. ასევე ვფიქრობთ, რომ საქართველო ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული იმპორტზე და ადგილობრივად წარმოებული პროდუქციით თავი უნდა დაიმკვიდროს ევროკავშირის ბაზარზე. მე მივესალმები ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე პროექტებს და აღვნიშნავ, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა შერაზ გარსმა.

  • განათლების მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან ჭოუ ციენთან დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" განათლების სამინისტროში განუცხადეს.

    მათი თქმით, მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა და თავის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

    შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები გააცნო.

    მინისტრმა ჭოუ ციენს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმ ერთობლივი პროექტებისთვის, რომლებსაც სამინისტრო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პარტნიორობით ზოგადი და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უკვე მრავალი წელია წარმატებით ახორციელებს. მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებთ, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის თვალსაჩინო მაგალითია.

    საუბრისას მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სამეცნიერო კავშირების გაძლიერების საკითხებზეც იმსჯელეს.

    თავის მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა  მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს მხარდაჭერისთვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

    მხარეებს შორის შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ჩუიბინ ჩენი ესწრებოდა.

  • პრემიერ-მინისტრი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს შერაზ გასრის შეხვდა.

    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
    აღინიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია. მთავრობის მეთაურმა საფრანგეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
    შეხვედრაზე ხაზი გაესვა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ. აღინიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს ევროპული ღირებულებების მხარდაჭერას და კონსტრუქციულ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური