საგანმანათლებლო დებატები კლიმატის ცვლილებაზე

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 28 ნოემბერი 2022 14:20

25 ნოემბერს, 12:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, თბილისი) დაიწყო დებატების ეროვნული ტურნირი საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და UNDP-ის მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, რომელიც კლიმატის ცვლილების საკითხს შეეხება.

პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში არსებული დებატების კლუბების წევრებმა მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად გაიარეს სხვადასხვა თემები, რომლებიც მსოფლიოში გლობალურად შექმნილ პრობლემას - კლიმატის ცვლილებას ეხება და სიღრმისეულად შეისწავლეს საკითხი დარგის ექსპერტებთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად.

პროექტი მოიცავს გადამზადების ინტენსიურ კურსს, დებატების ტურნირს, რეგიონალურ და ნაციონალურ კონკურსებს, სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც დებატების 60 კლუბის 500-ზე მეტი მოსწავლე, ასევე დებატკლუბების ხელმძღვანელები.

ქვეყნის მასშტაბით, დებატკლუბები უკვე ფუნქციონირებს აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ზემო აჭარაში, კახეთში, რაჭაში, იმერეთსა და თბილისში.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტი (GIDE), საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ორგანიზაციის (IDEA) ოფიციალური წევრია, რომელიც მრავალი წელია ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს და ხელს უწყობს მათი აზროვნების ფორმირებას.

წაკითხულია 116 ჯერ

Related items

  • განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (25 ნოემბერი)

    წინამდებარე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა  საქართველოში, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალიზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს,გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, შვედეთის, შვეიცარიის,  ჩეხეთის, ხორვატიისსაელჩოები საქართველოში.

    ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გვსურს, შევუერთდეთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, რათა გამბედავად აღვუდგეთ წინ ამ გლობალურ, უმძიმეს პრობლემას.

    სტიგმისა და დაუსჯელობის გამო, ქალთა მიმართ ძალადობამ პანდემიის მასშტაბებს მიაღწია. მთელ მსოფლიოში, მათ შორის  საქართველოშიც, ქალების და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და დაფარულ დარღვევად რჩება, რაც ერთდროულად  გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის მიზეზიცაა და - შედეგიც.

    ისეთი სამყაროს მშენებლობა, რომელშიც ქალთა მიმართ ძალადობა არა მარტო სათანადოდ დაგმობილი, არამედ აღმოფხვრილიც იქნება, სრულიად რეალურია. ამ პრობლემის  პრევენცია არა მარტო შესაძლებელი, არამედ აუცილებელია.

    როგორც ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის 2022 წლის 22 ნოემბრის ანგარიშში აღინიშნა, გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ყოვლისმომცველი პოლიტიკა და საკანონმდებლო ბაზა შეიმუშავა, შეაგროვა მონაცემები და კანონის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, გააძლიერა ინსტიტუციები.  შედეგად,   ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ჩრდილოვანი პანდემიის დაძლევის გზაზე ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.  ამას გარდა, ძალადობაგამოვლილი პირებისთვის  სპეციალიზებული მომსახურებები შეიქმნა: ამოქმედდა თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები და ცხელი ხაზი; საგულისხმოა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, საქმეებზე უფრო მგრძნობიარედ და მაღალკვალიფიციურად მუშაობის მიზნით, სპეციალიზაცია გაიარეს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების აღქმები დადებითად შეიცვალა და მართლმსაჯულების სისტემისა თუ არსებული მომსახურებების მიმართ ძალადობაგამოვლილი პირების ნდობაც ამაღლდა.

    თუმცა, საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გატარებული სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, ქალებს ძალადობა კვლავ საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ. ხშირად ფემიციდი მათ მიერ განცდილი ძალადობის სხვა ფორმების გაგრძელებას წარმოადგენს. ისევ მწვავე პრობლემაა საქართველოში სექსუალური ძალადობაც, თუმცა, შეტყობინების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და, შესაბამისად, სასამართლომდე საქმეების მხოლოდ მცირე რაოდენობა თუ აღწევს. ქართულ საზოგადოებაში მყარად დამკვიდრებული პატრიარქალური ნორმების და ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპების შედეგად, ხშირად თავად მსხვერპლს ადანაშაულებენ ხოლმე და, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შემთხვევებს შემწყნარებლობით ხვდებიან.

    ჩვენი მოწოდებაა, ეროვნულ დონეზე გაძლიერდეს ყოვლისმომცველი მიდგომა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის თავიდან ასაცილებლად. არსებული ძალისხმევა კონკრეტულ ქმედებებად უნდა იქცეს. ამ მიზნით კი  აუცილებელია: საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, მათ შორის  გაუპატიურების განმარტების ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, „სტამბოლის კონვენციასა“ და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ასევე, სათანადო გულისხმიერების გამოჩენა ძალადობის შემთხვევების პრევენციის (მათ შორის, საკითხის ზოგადი განათლების პროგრამებში ინტეგრირების გზით) გამოძიების, დასჯისა და შესაბამისი კომპენსაციის უზრუნველყოფის მიზნით. უმნიშვნელოვანესია ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და გამყარება.

    ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველას გადამწყვეტი როლი ეკისრება, ამიტომ ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ქალების და გოგოების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების ხელშეუვალი უფლება თითოეული ადამიანის საკეთილდღეოდ.

  • საქართველოში გაერო-საქართველოს პარტნიორობის 30 წლისთავი და გაეროს დღე აღინიშნა

    24 ოქტომბერს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა გაეროს დღისა და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი.

    კონცერტის დაწყებამდე სტუმრებს მიმართეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა და გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლიმ. გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გაერო-ს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ყველა სფეროში. "ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ ქართველ ხალხს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და წინსვლაში", დასძინა საბინე მახლიმ.

    რუსთაველის თეატრის სცენაზე წარსდგნენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ახალი თაობის გამორჩეული მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე და საერთაშორისო აღიარების ქართველი ალტისტი გიორგი ცაგარელი. აგრეთვე, თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით და წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.

    საიუბილეო საღამოს ფარგლებში თბილისში პირველად აჟღერდა 12 წლის ქართველი კომპოზიტორისა და პიანისტის ცოტნე ზედგინიძის ნაწარმოები ,,ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის", რომლის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ გერმანიაში გაიმართა. ასევე შესრულდა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის უკვდავი ნაწარმოებები. 

    გაეროს დღისა და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებების ფარგლებში ასევე გაიმართა ფოტოგამოფენა სახელწოდებით "გაერო სურათებში: პარტნიორობის 30 წელი". აგრეთვე ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმი საქართველოს და გაეროს 30 წლიანი პარტნიორობის შესახებ. 

    საზეიმო კონცერტს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო წრეების და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

    კონცერტის დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო მიღება, სადაც სტუმრებისთვის სპეციალურად მომზადებული უგემრიელესი ტორტი გაიჭრა.

    შეგახსენებთ, რომ 77 წლის წინ, 1945 წლის 24 ოქტომბერს, ძალაში შევიდა გაეროს ქარტია და  ოფიციალურად შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.

    მიმდინარე წელს, გაეროს დღე ასევე არის საქართველოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანების 30 წლისთავის აღნიშვნის დღე. 1992 წლის 31 ივლისს საქართველო გაეროს ერთიანი ოჯახის წევრი გახდა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

     

  • გაერო-საქართველოს პარტნიორობის 30 წლისთავი და გაეროს დღე საზეიმო კონცერტით აღინიშნება

    24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართება გაეროს დღისა და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი.

    რუსთაველის თეატრის სცენაზე წარსდგებიან საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ახალი თაობის გამორჩეული მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე და საერთაშორისო აღიარების ქართველი ალტისტი გიორგი ცაგარელი. აგრეთვე,  თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით და წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.

    შესრულდება ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის უკვდავი ნაწარმოებები. საიუბილეო საღამოს ფარგლებში თბილისში პირველად აჟღერდება 12 წლის ქართველი კომპოზიტორისა და პიანისტის ცოტნე ზედგინიძის ნაწარმოები ,,ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის", რომლის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ გერმანიაში გაიმართა.

    საზეიმო კონცერტს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

  • ევროკავშირის და გაეროს მხარდაჭერით, ქართული სოფლები Google Maps-ზე გამოჩნდა

    საქართველოს აგრორუკაზე, რომელიც ევროკავშირმა, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ერთობლივად შექმნეს, უკვე 50-ზე მეტი სოფელია დატანილი.

    Google Maps-ის საფუძველზე შექმნილი ეს რუკა ინტერაქტიური საინფორმაციო სისტემაა. ის შეიცავს ვრცელ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის საწარმოების, აგრომომსახურების მიმწოდებლების, საგანმანათლებლო ინსტიტუტების, პროფესიული ასოციაციების და სამეურნეო თუ კვების სექტორის სხვა დაწესებულებების შესახებ. კერძო კომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, რუკაზე ასევე იძებნება სამთავრობო პროგრამები და ინიციატივები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს.  

    რუკის მომხმარებელს ინფორმაციის მოძიება ორგანიზაციის ადგილმდებარეობის ან საქმიანობის სფეროს მიხედვით შეუძლია. მას ასევე აქვს შესაძლებლობა, უშუალოდ დაუკავშირდეს კომპანიებს და დაუსვას  ბიზნესთან დაკავშირებული კითხვები. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს მიღებული ინფორმაციის ხარისხი და ბიზნესთან კითხვა-პასუხის ეფექტიანობა.

    აგრორუკა 2020 წელს საპილოტე ინიციატივის ფარგლებში ამოქმედდა და ის თავიდან მხოლოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტზე ვრცელდებოდა. დღეისათვის რუკაზე მთელი საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტი ადგილმდებარეობაა დატანილი. ის სოფლის მეურნეობის 24 სექტორში მომუშავე 500 კომპანიის და ორგანიზაციის შესახებ იძლევა ინფორმაციას.

    „ციფრულ ტექნოლოგიებს შეუძლიათ სოფლის ცხოვრების გარდაქმნა, ფერმერული საქმიანობის მიმზიდველობის გაზრდა ახალგაზრდა თაობისთვის და ფერმერთა შრომის ეფექტიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესება“, — აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა.

    საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ENPARD პროგრამას ეფუძნება. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: იპოვო შენი ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში

    ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს სკოლებსა და კოლეჯებში ახალგაზრდული მუშაკების კონცეფცია დაინერგება

    თბილისი. 12 აგვისტო 2022 – განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე მეთოდები ინერგება, რომელთა მიზანია და ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდა განათლებისა და პროფესიული წარმატების მიმართ. რეფორმის შედეგად,  უნდა გაუმჯობესდეს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხი, გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა და მონაწილეობა და შემცირდეს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ამ მხრივ არსებულ განსხვავება.

    დღეს საქართველოში ახალგაზრდების 34 პროცენტი არაა ჩართული არც განათლებაში, არც პროფესიულ ტრენინგსა თუ დასაქმებაში, მაშინ როდესაც ევროკავშირში, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 13 პროცენტს შეადგენს. საქართველოს ზოგ რეგიონში, ახალგაზრდების უმუშევრობა 40 პროცენტს აღწევს (ევროკავშირში, საშუალოდ 13.3 პროცენტი). საქართველოში, საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა მხოლოდ 5 პროცენტი აგრძელებს სწავლას პროფესიულ სასწავლებლებში (ევროკავშირში, საშუალოდ 48 პროცენტი).

    ასეთი თვალსაჩინო განსხვავების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს განათლების სისტემა ხშირ შემთხევაში სრულად ვერ პასუხობს ახალგაზრდების საჭიროებებსა და მისწრაფებებს, ხოლო სწავლების მეთოდები მოძველებულია და არაფორმალური განათლების ელემენტებს ნაკლებად შეიცავს.

    არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელს უწყობენ სკოლებსა და კოლეჯებში ახალგაზრდული მუშაკების კონცეფციის დანერგვას. ინიციატივაში ასევე ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მზიანი სახლი“, რომელიც ახალგაზრდული მუშაკების ტრენინგსა და გადამზადებას უზრუნველყოფს.

    2022 წელს, 18-მა ახალგაზრდულმა მუშაკმა პროფესიული გადამზადება გაიარა, ხოლო ცხრა სკოლასა და კოლეჯში ახალგაზრდული კლუბები  გაიხსნა.

    ივლისსა და აგვისტოში, 100-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო არაფორმალურ და ინტერაქტიულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში, რომლებიც ახალგაზრდული მუშაკების ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და UNDP-ის ხელშეწყობით გაიმართა.

    ივლისში, კაჭრეთის სათემო კოლეჯ „აისის“ ტერიტორია ჯადოსნურ სამყაროდ იქცა, სადაც სათავგადასავლო თამაშის მონაწილეებს დაკარგული განძის ძიება, ფიზიკური წინაღობების გადალახვა და ინტელექტუალური თავსატეხების ამოხსნა მოუწიათ.

    აგვისტოში, ქობულეთში გაიმართება ახალგაზრდების შეხვედრა ცნობილ მწერლებსა და პოეტებთან. კოლეჯის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მათი თაობის გამოწვევებზე ისაუბრებენ, ხოლო დამწყები პოეტები შეხვედრის მონაწილეებს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ. შეხვედრის ორგანიზატორი და მასპინძელია კოლეჯი „ახალი ტალღა“.

    “ევროკავშირი ხელს უწყობს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის კავშირის განმტკიცებას. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებოდეთ მაღალი ხარისხის განათლებასა და ტრენინგზე და ადვილად შეძლონ სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლა“, - განაცხადა ნინო ყოჩიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების ოფიცერმა.

    „მეტი ახალგაზრდის დასაქმება - ღირსეული ხელფასითა და კარიერული პერსპექტივებით - საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობაა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი და UNDP, ჩვენს ეროვნულ პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერენ ახალი და უფრო ეფექტიანი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას. ახალგაზრდების დასაქმება ქმნის უკეთესი მომავლის პერსპექტივას და ხელს უწყობს უფრო დიდი და დინამიური ეკონომიკის განვითარებას, რაც სიკეთეს მოუტანს თითოეულ ადამიანს“, - აღნიშნა ნიკ ბერესფორდმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

    „ჩვენი საქმიანობის ამოსავალი წერტილია მოსწავლეებში იმ უნარ-ჩვევების განვითარება და გაძლიერება,  რომლებიც მათ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებმა კოლეჯში მიღებული ფორმალური განათლება არაფორმალური განათლების კომპონენტებით გაამდიდრონ“, - თქვა ახალგაზრდულმა მუშაკმა თამუნა ხალიჩაშვილმა.

    სექტემბერში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, განახლდება ახალგაზრდული კლუბების მუშაობაც, ხოლო ახალგაზრდული მუშაკები ხელს შეუწყობენ ახალგაზრდების პირად განვითარებას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და აქტიური მოქალაქეობის ჩამოყალიბებას.

    ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარება ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 1,000,000 აშშ დოლარის ღირებულების პროგრამის ფარგლებში, რომელიც პროფესიულ განათლებაში ახალი შესაძლებლობებისა და სერვისების შექმნას და პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მდგრად და თანასწორ განვითარებას ისახავს მიზნად. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სასწავლო დაწესებულებებთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური