საქართველოს შესახებ MONEYVAL-ის ანგარიში: გაუმჯობესდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილება გადასცეს ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს
სტრასბურგი, 28 ნოემბერი 2022 - ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანოს, MONEYVAL-ის შემდგომი ანგარიშის (follow-up report) მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, საქართველომ გააუმჯობესა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ზომები; ქვეყანამ აჩვენა კარგი პროგრესი. შესაბამისად, FATF-ის (Financial Action Task Force - ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი) 29-ე რეკომენდაციის რეიტინგი, რომელიც შეეხება ფინანსური დაზვერვის ერთეულს, „ნაწილობრივ შესაბამისი“ (partially compliant) შეიცვალა რეიტინგით „ძირითადად შესაბამისი“ (largerly compliant).
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (საქართველოს ფინანსური დაზვერვის ერთეულის) უფლებამოსილების გაძლიერებით, გადასცეს ინფორმაცია და ანალიზის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს მათი მოთხოვნისა და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, საქართველომ აღმოფხვრა ადრე გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზი. რჩება მხოლოდ მცირე ხარვეზები, რომელიც შეეხება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ოპერატიული და სტრატეგიული ანალიზის ჩატარების მკაფიო მოთხოვნასა და ფულის გათეთრების განმარტების ფარგლებს.
ანგარიში, ასევე, განიხილავს ისეთ საკანონმდებლო, მარეგულირებელ და ინსტიტუციურ ღონისძიებებს, როგორებიცაა ონლაინ კაზინოებისათვის ცენტრალური ელექტრონული ანგარიშგების შემოღება, კაზინოების ბენეფიციარი მფლობელებისთვის ნასამართლეობის არქონა, კაზინოებისათვის მოქმედი AML/CFT (ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის)მოთხოვნების დარღვევებისათვის სანქციების დაწესება, ასევე საინვესტიციო ფონდების სექტორისთვის ფართო მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება. თუმცა, ეს ზომები არ იყო საკმარისი 22-ე, 28-ე ან 35-ე რეკომენდაციების რეიტინგების გასაუმჯობესებლად, რადგან რჩება გარკვეული ხარვეზები, რომლებიც შეეხება განსაზღვრულ არასაფინანსო საქმიანობებსა და პროფესიებს (Designated non-financial businesses and professions) და სანქციების რეჟიმს.
საერთო ჯამში, საქართველომ მიაღწია სრულ შესაბამისობას (full compliance) FATF-ის 40 რეკომენდაციიდან, რომელიც წარმოადგენს AML/CFT საერთაშორისო სტანდარტებს, ექვს რეკომენდაციასთან და ინარჩუნებს მცირე ხარვეზებს 22 რეკომენდაციის განხორციელებაში, სადაც რეიტინგია „ძირითადად შესაბამისი“ (largerly compliant). თერთმეტი რეკომენდაცია რჩება „ნაწილობრივ შესაბამისობაში“ (partially compliant) და 1 რეკომენდაცია არის რეიტინგით „შეუსაბამო“ (non-compliant). (რეკომენდაცია მოითხოვს, რომ ქვეყნებმა გადახედონ თავიანთ კანონებსა და რეგულაციებს არაკომერციული ორგანიზაციების ტერორიზმის დაფინანსებისათვის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით).
შესაბამისად, საქართველო AML/CFT ღონისძიებების იმპლემენტაციის გაძლიერების პროგრესის შესახებ MONEYVAL-ს ანგარიშს წარუდგენს ერთ წელიწადში.
***
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ღონისძიებების შეფასების ექსპერტთა კომიტეტი - MONEYVAL წარმოადგენს ევროპის საბჭოს მუდმივი მონიტორინგის ორგანოს. იგი უფლებამოსილია შეაფასოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ძირითადი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობა, მათი განხორციელების ეფექტურობა, ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებას მიაწოდოს რეკომენდაციები ეროვნული სისტემების აუცილებელი გაუმჯობესების მიზნით.