თამარ ტალიაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ სიოფრა ო’ლეარის შეხვდა
ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ სიოფრა ო’ლეარისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.
„შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების გაუმჯობესებულ სტატისტიკას, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს. მათ შორის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 18 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ქართულ სასამართლო პრაქტიკაში პროაქტიურად გამოყენების თაობაზე.
პრეზიდენტმა სიოფრა ო’ლეარიმ ხაზი გაუსვა ამ საკანონმდებლო სიახლის ძალიან პოზიტიურ როლს და მნიშვნელობას საქართველოში ევროპის საბჭოს კონვენციური პრინციპების დანერგვა-განვითარებისა და ასევე ევროპული სასამართლოსა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის დიალოგის გაღრმავების თვალსაზრისით.
შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული 2019 და 2021 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ 2021 წლის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ეფექტურ კონტროლსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაზე.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოდან ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების გაუმჯობესებულ სტატისტიკას და ამ საქმეების ხასიათს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ევროპის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
Related items
-
ევროპის საბჭო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში-მარია ბურიჩი
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს დელეგაციას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. მარია ბურიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში.
შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ და მარია ბურიჩმა რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს.
მმართველი პარტიის ხელმძღვანელთან ერთად აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი.
-
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 2023 წ. 23-27 იანვარს ჩატარდება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ზამთრის სესია ჩატარდება 2023 წლის 23-27 იანვარს, სტრასბურგში. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესასთან ურთიერთობის სამსახური იუწყება.
სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციაც მიიღებს.
ზამთრის პლენარული სესიის მთავარი თემა იქნება გადაუდებელი დებატები რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის სამართლებრივ და ადამიანის უფლებათა ასპექტებზე. დებატები ჩატარდება სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის ხელმძღვანელის, 2022 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ალექსანდრა მატვიიჩუკის მონაწილეობით.
გარდა ამისა, სესიაზე გაკეთდება მოხსენება ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტის შესახებ, რომელიც გაიმართება ისლანდიის დედაქალაქში 16 - 17 მაისს. ასევე სიტყვით გამოვა ისლანდიის პრემიერ მინისტრი კატრინ იაკობსდოტირი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბაერბოკი.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი თავის წერილს წარუდგენს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს. ასამბლეა ასევე აირჩევს თავის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტებს.
ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ასევე იქნება ფოკუსირებული სესიის ფარგლებში.
დღის წესრიგის სხვა თემები მოიცავს შეიარაღებული კონფლიქტის გარემოზე ზემოქმედებას. იმ უცხოელ მებრძოლებსა და მათ ოჯახებზე ზემოქმედებას, რომლებიც დაბრუნდნენ სირიიდან.
ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ასევე იქნება სესიის დღის წესრიგში. პირველი დებატები გაიმართება კონფლიქტთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაზე და მეორე ერთობლივი დებატები სტამბოლის კონვენციაზე, მამაკაცებისა და ბიჭების როლსა და პასუხისმგებლობაზე გენდერული ძალადობის შეჩერებაში.
-
საქართველოს შესახებ MONEYVAL-ის ანგარიში: გაუმჯობესდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილება გადასცეს ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს
სტრასბურგი, 28 ნოემბერი 2022 - ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანოს, MONEYVAL-ის შემდგომი ანგარიშის (follow-up report) მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, საქართველომ გააუმჯობესა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ზომები; ქვეყანამ აჩვენა კარგი პროგრესი. შესაბამისად, FATF-ის (Financial Action Task Force - ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი) 29-ე რეკომენდაციის რეიტინგი, რომელიც შეეხება ფინანსური დაზვერვის ერთეულს, „ნაწილობრივ შესაბამისი“ (partially compliant) შეიცვალა რეიტინგით „ძირითადად შესაბამისი“ (largerly compliant).
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (საქართველოს ფინანსური დაზვერვის ერთეულის) უფლებამოსილების გაძლიერებით, გადასცეს ინფორმაცია და ანალიზის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს მათი მოთხოვნისა და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, საქართველომ აღმოფხვრა ადრე გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზი. რჩება მხოლოდ მცირე ხარვეზები, რომელიც შეეხება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ოპერატიული და სტრატეგიული ანალიზის ჩატარების მკაფიო მოთხოვნასა და ფულის გათეთრების განმარტების ფარგლებს.
ანგარიში, ასევე, განიხილავს ისეთ საკანონმდებლო, მარეგულირებელ და ინსტიტუციურ ღონისძიებებს, როგორებიცაა ონლაინ კაზინოებისათვის ცენტრალური ელექტრონული ანგარიშგების შემოღება, კაზინოების ბენეფიციარი მფლობელებისთვის ნასამართლეობის არქონა, კაზინოებისათვის მოქმედი AML/CFT (ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის)მოთხოვნების დარღვევებისათვის სანქციების დაწესება, ასევე საინვესტიციო ფონდების სექტორისთვის ფართო მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება. თუმცა, ეს ზომები არ იყო საკმარისი 22-ე, 28-ე ან 35-ე რეკომენდაციების რეიტინგების გასაუმჯობესებლად, რადგან რჩება გარკვეული ხარვეზები, რომლებიც შეეხება განსაზღვრულ არასაფინანსო საქმიანობებსა და პროფესიებს (Designated non-financial businesses and professions) და სანქციების რეჟიმს.
საერთო ჯამში, საქართველომ მიაღწია სრულ შესაბამისობას (full compliance) FATF-ის 40 რეკომენდაციიდან, რომელიც წარმოადგენს AML/CFT საერთაშორისო სტანდარტებს, ექვს რეკომენდაციასთან და ინარჩუნებს მცირე ხარვეზებს 22 რეკომენდაციის განხორციელებაში, სადაც რეიტინგია „ძირითადად შესაბამისი“ (largerly compliant). თერთმეტი რეკომენდაცია რჩება „ნაწილობრივ შესაბამისობაში“ (partially compliant) და 1 რეკომენდაცია არის რეიტინგით „შეუსაბამო“ (non-compliant). (რეკომენდაცია მოითხოვს, რომ ქვეყნებმა გადახედონ თავიანთ კანონებსა და რეგულაციებს არაკომერციული ორგანიზაციების ტერორიზმის დაფინანსებისათვის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით).
შესაბამისად, საქართველო AML/CFT ღონისძიებების იმპლემენტაციის გაძლიერების პროგრესის შესახებ MONEYVAL-ს ანგარიშს წარუდგენს ერთ წელიწადში.
***
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ღონისძიებების შეფასების ექსპერტთა კომიტეტი - MONEYVAL წარმოადგენს ევროპის საბჭოს მუდმივი მონიტორინგის ორგანოს. იგი უფლებამოსილია შეაფასოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ძირითადი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობა, მათი განხორციელების ეფექტურობა, ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებას მიაწოდოს რეკომენდაციები ეროვნული სისტემების აუცილებელი გაუმჯობესების მიზნით.
-
საქართველოს მიერ სტამბულის კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ პირველი ანგარიში მიესალმება კანონმდებლობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, ითხოვს მსხვერპლთათვის მეტი სერვისების და მოძალადეთათვის პრევენციული სანქციების არსებობას
სტრასბურგი, 2022 წლის 22 ნოემბერი – ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო ორგანო - GREVIO საქართველოს შესახებ დღეს გამოქვეყნებულ პირველ ანგარიშში დადებითად აფასებს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ბევრ ნაბიჯს საქართველოს კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს სტამბულის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. მიუხედავად ამისა, საჭიროა შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებები; უნდა შეიქმნას მეტი თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის და სექსუალური ძალადობის კრიზისის რეფერალური ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით; უნდა აღმოიფხვრას მსხვერპლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული დაბრკოლებები და დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები ქალთა თანაბარი სტატუსის განსამტკიცებლად ქართულ საზოგადოებაში, სადაც ჯერ კიდევ ჭარბობს პატრიარქალური განწყობები. საქართველოს ხელისუფლების კომენტარები თანაბრად გამოქვეყნდა.
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება, მის თანმხლებ პოლიტიკასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა საქართველოს მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების კუთხით. ამასთანავე, ცვლილებები შევიდა ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში, რათა ამ უკანასკნელს მოეცვა ძალადობის ყველა ფორმა. ცვლილებები ასევე შეიცავს ისეთ მისასალმებელ ელემენტებს, როგორიცაა ძალადობის მსხვერპლთათვის სპეციალური შვებულების უზრუნველყოფა თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნის ხანგრძლივობის განმავლობაში, ასევე მსხვერპლის სტატუსის ოფიციალურად მინიჭება ოჯახში ძალადობის შემსწრეთათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ოჯახში ძალადობის დანაშაული და სხვა ახალი დანაშაულები, მათ შორის, ქორწინების იძულება, ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ადევნება და იძულებითი სტერილიზაცია. 2019 წელს კანონმდებლობაში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები სექსუალური შევიწროების აკრძალვის კუთხით და დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. თუმცა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის სხვა დანაშაულების განმარტება კვლავ საჭიროებს ცვლილებებს, რათა სრულად მოხდეს სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული ნებაყოფლობით გაცემული თანხმობის არარსებობის ცნების ასახვა.
მსხვერპლებს არ აქვთ წვდომა სრულად ფუნქციურ გაუპატიურების ან/და სექსუალური ძალადობის კრიზისის რეფერალურ ცენტრებზე, რომლებიც გეოგრაფიული თვალსაზრისით ადეკვატურად იქნებოდა განაწილებული მთელ საქართველოში. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ძალიან მცირერიცხოვანია იძულებითი ქორწინების მსხვერპლი ან ასეთი საფრთხის ქვეშ მყოფი ქალებისა და გოგონებისთვის არსებული სერვისები. ადმინისტრაციული მოთხოვნები, როგორიც არის მსხვერპლის სტატუსის ოფიციალურად მიღება, აბრკოლებს ქალთა წვდომას ოჯახში ძალადობის თავშესაფრებზე. GREVIO ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას გააუმჯობესოს ხელმისაწვდომობა დამხმარე სერვისებზე და დაცვის მექანიზმებზე ინტერსეცქიული დისკრიმინაციის რისკის წინაშე მყოფი ქალებისათვის, რომლებიც არიან მაგალითად ეროვნული და/ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, სოფლად მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და ლტოლვილები, ლესბოსელები, ბისექსუალი ან ტრანსგენდერი ქალები, ხანდაზმული ქალები. ძალადობის შემსწრე ბავშვები ხშირად სისტემისთვის უხილავნი რჩებიან. გარდა ამისა, უნდა გაიზარდოს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები და გაიზარდოს არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ძალადობის საწინააღმდეგო კანონმდებლობასა და პოლიტიკის შემუშავებაში.
სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისხლის სამართლის მექანიზმები სერიოზულ ნაკლოვანებებს აწყდება: გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მოკლებულია ოპერატიულობას, ეფექტურობასა და მგრძნობიარობას. ანგარიში მოითხოვს დაუყოვნებლივი ზომების მიღებას სწრაფი და ადექვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებში. უნდა გამოვლინდეს და გადაიხედოს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ სასამართლოში გაუპატიურების მტკიცების ძალიან მაღალ ზღურბლს და მსხვერპლთა მეორეული ვიქტიმიზაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული მთელი პროცესის განმავლობაში. მყისიერი ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა დაწესებული სისხლისსამართლებრივი სასჯელები იყოს პრევენციული და დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი, სასამართლომ კი უნდა გაითვალისწინოს ოჯახში ძალადობის ყველა ინციდენტი პატიმრობის ან პაემნის უფლების შესახებ გადაწყევტილების მიღებისას.
გარდა ამისა, GREVIO მოუწოდებს ხელისუფლებას გადახედოს პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გაცემის პროცესს, დაადგინოს და რეაგირება მოახდინოს სასამართლოს მიერ გაუქმებული ორდერების მაღალი პროპორციულობის მიზეზებზე (დაახლოებით 60% 2018-2021 წლებში) და ასევე განახორციელოს ამ ორდერების აღსრულების მონიტორინგი. ანალოგიურად, უნდა დადგინდეს თუ რა მიზეზებით არის გამოწვეული შემაკავებელი და დამცავი ორდერების დარღვევის მაღალი მაჩვენებელი და მოხდეს ადეკვატური სანქციების გამოყენება ასეთი ორდერების დარღვევის შემთხვევაში. GREVIO დიდი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც 2018 წელს შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 60, ხოლო 2019 წელს 516 შემთხვევაში, გამოყენებული სანქციების შესახებ ინფორმაციის მოწოდება არ მომხდარა.
თავის ანგარიშში, GREVIO ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებიც საჭიროებენ დაცვას, განურჩევლად მათი სტატუსისა და საცხოვრებელი ადგილისა, არავითარ შემთხვევაში არ იქნან დაბრუნებული იმ ქვეყანაში, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან სადაც ისინი შეიძლება დაექვემდებარონ წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას.
დაბოლოს, GREVIO მიუთითებს, რომ პატრიარქალური დამოკიდებულებები და სტერეოტიპები გენდერული როლებსა და მისაღები ქცევის შესახებ კვლავაც გავრცელებულია ქართულ საზოგადოებაში. რეაგირებას მოითხოვს ფესვგადგმული გენდერული სტერეოტიპები და მედიის მიერ მათი გავრცელება. საჭიროა მყისიერი ძალისხმევა საზოგადოებაში, საჯარო დისკურსსა და მედიაში ქალების თანაბარი სტატუსის გასაზრდელად.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სამოქმედო ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO) და საქართველო
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში 16 ნოემბერს გამართა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს ევროპის საბჭოს დღის წესრიგში და მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს 26-ე კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადებისათვის, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.
შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების პრაქტიკის მნიშვნელობას.
გამოითქვა დაინტერესება საქართველო-ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგიონში არსებული გარემოს გათვალისწინებით მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების თვალსაზრისით.
მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
ბიზნეს ნიუსი

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
2011 წლიდან დღემდე, „ფონდი ნატახტარი“ 1 042 593 ლა...

ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მ. მურზალინი ბათუმის საზღვაო პორტის მუშაობას გაეცნო
ბათუმი, - 2 თებერვალს ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი ს...

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში
,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში ლიბერ...

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოად...