გლობალური ჟურნალისტური საბჭოს ეგიდით, 2023 წ. თბილისში, დაგეგმილია სამხრეთკავკასიელი ჟურნალისტების შეხვედრის ჩატარება
საქართველო-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები მრავალწლიან ისტორიას ითვლის, რაც ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ხალხის და მთავრობის დამსახურებაა. ეს ურთიერთობები დროთა განმავლობაში იხვეწებოდა, უმჯობესდებოდა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ისინი უმაღლეს ნიშნულზეა. ამ ურთიერთობების განვითარებას ასევე ხელს უწყობენ საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაციებიც, რომელთა შორისაც არის გლობალური ჟურნალისტური საბჭო (KGK.org.tr).
27-30 ოქტომბერს თურქეთის ქ. ალანიაში, სასტუმრო EFTALIA hotel-მა უმასპინძლა გლობალური ჟურნალისტების საბჭოს გენერალურ ასამბლეას, გლობალურ მედია-სემინარს და გლობალური ჟურნალისტების საბჭოს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული მასმედიის წარმომადგენლებმაც. რაღა თქმა უნდა ქართველი ჟურნალისტების ვიზიტი თურქეთში განხორციელდა საქართველოში მოღვაწე თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიად საქართველოს“ და დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია “მუსიად საქართველოს“ ხელშეწყობით.
„გულთბილად მივესალმები ჟურნალისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. სასიამოვნოა თქვენი ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში და იმედი გვაქვს, პროფესიონალური საქმიანობიდან გამომდინარე შევძლებთ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი, ერთობლივი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა გლობალური ჟურნალისტური საბჭოს (KGK)პრეზიდენტმა მეჰმეთ ალი დიმმა. მან ჟურნალისტებს გააცნო თანამედროვე თურქეთის მიღწევები და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა, მისი პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ხელმძღვანელობით აგრძელებს დემოკრატიულ წინსვლას და საერთაშორისო ასპარეზზე მტკიცედ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს.
მისივე თქმით, საბჭო შეიქმნა იმ მიზნით, რომ ჩაატაროს კვლევები, რომლებიც ზრდის ჟურნალისტების პროფესიულ, სოციალურ და კულტურულ ღირებულებებს და აუმჯობესებს მათ დემოკრატიულ მისწრაფებას. ასევე სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს ყველა ქვეყანაში თურქეთის, ცენტრალური აზიის, კავკასიის, ბალყანეთის და ახლო აღმოსავლეთის ჩათვლით. „საბჭოს წარმომადგენლობა გააჩნია მსოფლიოს 52 ქვეყანაში“, - დაამატა მეჰმეთ ალი დიმმა.
გარდა ამისა, მედია-სემინარის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა უცხოური პრესის წარმომადგენლებთან. შეხვედრას KGK-ს უცხოეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ელშად ეივაზლი უძღვებოდა. მისი თქმით, მომავალ წელს თბილისში დაგეგმილია სამხრეთკავკასიელი ჟურნალისტების შეხვედრა. ხოლო სტამბულში ერთმანეთს უკრაინელი და რუსი ჟურნალისტები შეხვდებიან.
აქვე ალბანეთის წარმომადგენელმა ანისა ბაჰიტიმ განაცხადა, რომ მას აქვს სურვილი და შესაძლებლობა მომავალ წელს ალბანეთში უმასპინძლოს KGK-ს ერთ-ერთ ღონისძიებას, რასაც მონაწილეების მხრიდან სრული მხარდაჭერა ხვდა წილად.
ამ მეტად დატვირთული და ემოციებით აღსავსე დღეების განმავლობაში შესაძლებლობა მოგვეცა მჭიდრო კომუნიკაცია გვქონოდა ჩვენს თურქ კოლეგებთან სხვადასხვა ფორმატში და უამრავი საინტერესო სიახლე გაგვეგო ერთმანეთის შესახებ, გაგვეცვალა აზრები, შთაბეჭდილებები, შეხედულებები, გამოგვეხატა სამომავლო შესაძლო თანამშრომლობის სურვილი და უბრალოდ ის, რომ კონტაქტი შეგვენარჩუნებინა, რათა ეს ძალისხმევა და შესანიშნავი გაცნობითი სტარტი ეფექტურ კომუნიკაციაში გადავზარდოთ.
სასტუმრო LONICERA World-ში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ თურქეთის ოფიციალური პირები - ალანიის რაიონის გუბერნატორი ფატიჰ ურკმეზერი, ალანიის მერის მოადგილე ფეიზი ალაეტინოღლუ, ოლქის ჟანდარმერიის მეთაური ენგინ ბურაკ მინდივანლი, ალანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ALTSO) ვიცე პრეზიდენტი ფატმა ტაშპინარი, Alanyaspor კლუბის პრეზიდენტი ჰასან ჩავუშოღლუ, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საღამო პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა 20-მდე თურქული და TRNC არხიდან.
გალა ვახშამი და დაჯილდოების ცერემონიალი Lonicera World Hotel Ballroom-ში დაიწყო ცნობილი თურქი ჟურნალისტის ბენან კეპსუტლუს თურქული და ინგლისური პრეზენტაციით. პროგრამის გახსნის სიტყვით გამოვიდნენ KGK-ს პრეზიდენტი მეჰმეთ ალი დიმი და სხვა ოფიციალური პირები.
სიტყვით გამოსვლისას KGK-ს პრეზიდენტმა მეჰმეთ ალი დიმმა განაცხადა, რომ გალა-ღონისძიებას დაესწრო KGK-ს 156 წევრი 58 ქვეყნიდან, რომელთაგან 21 უცხოელია. მან ასევე დაამატა, რომ ისინი ბოლო წლებში რეგიონული ძალისგან გლობალურ ძალად იქცნენ.
მისივე თქმით: ”რადგან ჩვენ ვართ ორგანიზებულნი მთელ თურქეთში, არ არსებობს პროვინცია, რომელიც გვაკლია ამ მომენტში. ამჟამად ჩვენს შორის არიან KGK-ს წარმომადგენლები 50 პროვინციიდან. გარდა ამისა, ახლა ჩვენს შორისაა 21 ჩვენი წარმომადგენელი 58 ქვეყანაში“.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამუშაო შეხვედრების პარალელურად, უზრუნველოფილი იყო კულტურული ღონისძიებებიც და მედია-სემინარის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ალანიის ღირშესანიშნაობებს და ადგილობრივ სამზარეულოს.
KGK-ს საერთაშორისო ღონისძიების დასრულების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს შეხვედრა ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე და მუშაობის პროცესში ბევრი სიახლე შეიტყვეს, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ საქმიანობის კიდევ უფრო დახვეწაში.
ავთანდილ ოთინაშვილი