ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თურქმენეთის დელეგაციას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 21 ოქტომბერი 2022 14:02

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა შეხვედრა გამართა თურქმენეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს სექტორის დელეგაციასთან, სახელმწიფო სასაქონლო ბირჟის დირექტორის, იუსუპ ამანსარიევის ხელმძღვანელობით. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა თურქმენეთის ელჩი საქართველოში დოვლეთმურატ მურატოვი.

შეხვედრის მთავარ მიზანს ენერგეტიკის სექტორში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების განხილვა წარმოადგენდა. სტუმრებმა სფეროს პოტენციალისა და რეგიონში საქართველოს სატრანზიტო როლის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. განსახილველ თემებს შორის იყო ნავთობპროდუქტების სატრანზიტო პროცედურების გამარტივება და მოცულობის გაზრდა. აგრეთვე, ნავთობპროდუქტების იმპორტი, საქართველოში მის გადამუშავებასა და დარეზერვებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტების ერთობლივი განხორციელება.

გიორგი ჩიქოვანმა სტუმრებს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მუშაობის პრინციპი, მიმდინარე დღის წესრიგი და დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო. დეტალურად ისაუბრა კორპორაციის როლზე ქვეყნის ენერგოსტაბილურობის საქმეში. მან ენერგოსექტორის დივერსიფიცირების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით დასახულ მიზნებსაც შეეხო.

სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ წარმომადგენელმა აღნიშნა ბუნებრივი გაზითა და მისგან წარმოებული პროდუქტებით ვაჭრობაში ორ ქვეყანას შორის დაწყებული წარმატებული საქმიანობის გაღრმავების აუცილებლობა.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა დააფიქსირეს და ერთობლივი სამუშაო პროცესის დინამიურად განვითარების სურვილი გამოთქვეს. დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე შედიოდნენ თურქმენეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის ხელმძღვანელი პირები და სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ წარმომადგენლები.

ინფორმაციას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრესსამსახური ავრცელებს.

წაკითხულია 143 ჯერ

Related items

  • მიხეილ ჩხენკელმა სომხეთის განათლების მინისტრს უმასპინძლა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მოწვევით თბილისში სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება.

    ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა სომეხ კოლეგასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა. მინისტრმა ჟანა ანდრეასიანს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

    შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერ მექანიზმებზე იმსჯელეს, მათ შორის, საუბარი შეეხო მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებასა და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებას.

    მიხეილ ჩხენკელმა სომეხ კოლეგასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილა, რაც, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული და სომხური ენისა და ლიტერატურის სწავლების გაძლიერებას, ხოლო მეცნიერების განვითარების კუთხით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას გულისხმობს. მინისტრის თქმით, კარგი იქნება, თუ  ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და სომხეთის ბიურაკანის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას შორის არსებული ტრადიციული სამეცნიერო კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.

    შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ჟანა ანდრეასიანს საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტების – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

    მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი განცხადებით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ემატება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის.

  • საქართველოში თურქმენეთის საელჩოში ბრიფინგი გაიმართა, რომელიც თანამედროვე და „ჭკვიანი“ ქალაქ არკადაგის მშენებლობას მიეძღვნა

    18 იანვარს თურქმენეთის საელჩოში თბილისში, საქართველოს მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ბრიფინგი, რომელიც მიეძღვნა თურქმენეთის ახალკსკის ველაიატის ახალ თანამედროვე ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ არკადაგს.

    ბრიფინგს ესწრებოდნენ პირველი არხის, TV-24-ის, The Georgian Business Week-ის ჟურნალისტები, საინფორმაციო სააგენტოები News Day Georgia, InterPressNews, ონლაინ გამოცემა Geoecohub, გაზეთები რეზონანსი, მულტინაციონალური საქართველო, თავისუფალი საქართველო, კომსომოლსკაია პრავდა წარმომადგენლები.

    თავის გამოსვლაში საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დოვლეთმურატ მურატოვმა აღნიშნა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით განხორციელებული გრძელვადიანი, ფართომასშტაბიანი პროგრამები მიზნად ისახავს სახელმწიფო საფუძვლების განმტკიცებას, ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის გაზრდას, ქვეყნის მოსახლეობის საყიფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესებას და ცხოვრების დონის ამაღლებას.

    კოპეტდაგის თვალწარმტაც მთისწინეთში ახალი ქალაქის დაბადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა ქვეყნის თავდაჯერებული წინსვლისა და განვითარების ახალ სიმაღლეებზე ასვლაზე. ასევე იგი წარმოადგენს ხალხის შემოქმედებითი პოტენციალის წარმატებული რეალიზაციის ნათელ მაგალითს. 

    ჟურნალისტები დეტალურად გაეცნენ ახალი, თანამედროვე და „ჭკვიანი“ ქალაქის მშენებლობის ეტაპებს. კერძოდ, გამწვანებულ პარკებს, შენობებისა და ნაგებობების მშენებლობას, ასევე თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემების დანერგვის მაგალითებს, რაც უზრუნველყოფს „ჭკვიანი ქალაქის თანამედროვე ტექნოლოგიების“ გამართულ მუშაობას. ასევე ხაზი გაესვა, რომ თურქმენეთი, რომელიც დაადგა პროგრესული გარდაქმნების გზას, მიზნად ისახავს „ჭკვიანი“ ქალაქების კონცეფციის დანერგვასა და განხორციელებას.

    „ახალკსკის ველაიატის ახალი ადმინისტრაციული ცენტრი „არკადაგი“ გახდება ყველასთვის მისაბაძი მაგალითი, როგორც ახალი ურბანული კულტურის მხრივ, ასევე ეკოლოგიის თვალსაზრისით, აგრეთვე ჩვენი სამშობლოს პროგრესული წინსვლისა და თურქმენი ხალხის სიამაყის შთაგონების უპირობო წყარო“, დასძინა თურქმენეთის ელჩმა.

  • გერმანიის ეკონომიკური დელეგაცია საქართველოს სტუმრობს

    2022 წლის 7-11 ნოემბერს პირველად კოვიდ-პანდემიის შემდეგ გერმანიის ეკონომიკური დელეგაცია გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს ხელმძღვანელობით საქართველოს სტუმრობს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" გერმანიის საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, გერმანელი ბიზნესმენები მრეწველობის, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროებიდან მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ბაზრის გამოკვლევის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ვიზიტში.

    მრეწველობის ამ დარგებზე მოდის საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დიდი ნაწილი. ამავე დროს ეს სექტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მისწრაფებაში, რასაც გერმანია პოლიტიკურად და ეკონომიკურად უჭერს მხარს.

    თბილისსა და კახეთში სტუმრობის დროს დელეგაციას ექნება შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისრეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

    გარდა ამისა ორივე ქვეყნის ბიზნესმენებს შორის კავშირების დასამყარებლად ჩატარდება ეკონომიკური ფორუმი. ვიზიტის პროგრამაშია ასევე ქართველ ბიზნესმენებთან სტუმრობა და კონკრეტული პროექტების მონახულება.

  • საქართველოს თურქმენეთის დელეგაცია ეწვია

    2022 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს თურქმენეთის დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებიან თურქმენეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა, საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან -  ალექსანდრე ხვთისიაშვილთან.
    საქართველოში თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს შესაძლებლობების გამოყენებით თურქმენული პროდუქციის დასავლურ ბაზრებზე ეფექტური ექსპორტის  საკითხები. 
    ვიზიტის ფარგლებში, თურქმენულ დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან. აგრეთვე, მოინახულებენ პორტებს და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს, რათა ადგილზე შეისწავლონ არსებული შესაძლებლობები.
    როგორც საგარეო უწყებაში ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აღნიშნა, თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქმენეთში განხორციელებული  ვიზიტის შედეგი, რომლის ფარგლებშიც დაისახა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და საქართველო-თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების მიზნები.

     

  • ლევან დავითაშვილი კომპანიის "Abu Dhabi Ports" დელეგაციას შეხვდა

    ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია "Abu Dhabi Ports" (AD Ports Group) საერთაშორისო ბიზნესის მიმართულების დირექტორს სამირ ჩატურვედის და მის თანხმლებ პირებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. 

    შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გარღმავებაზე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიეროებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის განვითარებაზე საზღვაო ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში და ამ დარგებში ინვესტირების განხორციელების შესაძლებლობებზე.

    სტუმრებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო კლიმატის, ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამების, მიმდინარე და დაგეგმილი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალი, სამომავლო ხედვა და გეგმები, რასთან დაკავშირებითაც სტუმრებს წარედგინათ პრეზენტაცია ქვეყანაში მიმდინარე მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების, სატრანსპორტო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით არსებული ტრენდებისა და შესაძლებლობების თაობაზე. 

    შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გურამ გურამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი, საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე და სხვა ოფიციალური პირები. 

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კომპანია „Abu Dhabi Ports“-ის დელეგაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სტუმრობისას ქვეყნის სანავსადგურე სექტორში მიმდინარე პროცესებს გაეცნო. გამოიკვეთა მხარეებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები  საზღვაო კლასტერის, ასევე, საზღვაო განათლების ხელშეწყობისა და ტრენინგ-ცენტრების განვითარების მიმართულებით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური