ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენცია IBSU-ში კელი დეგნანმა გახსნა
ამერიკისმცოდნეობის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კელი დეგნანმა გახსნა.
როგორც საქართველოში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, წლებია ამერიკის საელჩო და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორები არიან, რათა განავითარონ ამერიკის მცოდნეობის პროგრამა საქართველოში.
„ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ინგლისურის სწავლა. სტუდენტები სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, ისინი იკრიბებიან არა მხოლოდ მთელი რეგიონიდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც, მათ შორის ამერიკიდან. ერთად მსჯელობენ და საუბრობენ ისეთ თემებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ამერიკისთვის ასევე, საქართველოსთვის“ - აღნიშნა ელჩმა.
უნივერსიტეტის რექტორის დოქტორ საფფეთ ბაირაქთუთანის შეფასებით, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მაღალ დონეს ადასტურებს კურსდამთავრებულთა განათლების მაღალი ხარისხი და ამერიკის საელჩოს მუდმივი თანადგომა უნივერსიტეტის და ამ პროგრამების მიმართ.
როგორც სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, თამარ შიოშვილმა აღნიშნა, კონფერენციაზე ოთხი სესია მუშაობდა, რომელზეც გახილეს პოლიტიკის, ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის, ქალთა უფლებების, განათლების, ხელოვნებისა და ეკონომიკის საკითხები.
„მეცნიერებთან ერთად სესიებში მონაწილეობას იღებენ ჩვენი პროგრესული და წარმატებული სტუდენტები, მათ შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ თავიანთი ნაშრომები და ჩაერთონ დისკუსიებში“.- აღნიშნა თამარ შიოშვილმა.
კონფერენციის გახსნის ღონისძიება თბილისს ბიგ ბენდის კონცერტით დასრულდა.
ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია IBSU-ს სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციაში 36 ქართველი და უცხოელი მკვლევარი მონაწილეობდა. 2022 წლის რიგით მე-13 კონფერენცია ა.შ.შ.-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს მიეძღვნა.