საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი გახდა
2022 წლის 11 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში საქართველო, 178 ხმით, უკვე მეორედ იქნა არჩეული გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) წევრად 2023-2025 წლების ვადით. პირველად საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს 2015 წელს, 2016-2018 წლების ვადით.
ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებს, გეოგრაფიული პრინციპით რეგიონული ჯგუფებიდან ირჩევენ. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით. ის სამი წლის ვადით არჩეული, 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფა, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს. საბჭო საქმიანობას ჟენევაში ახორციელებს.
საქართველოსთვის, ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად არჩევა მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს. საბჭოში წევრობა იძლევა დამატებით შესაძლებლობებს, რათა ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, უფრო აქტიურად ჩაერთოს ადამიანის უფლებათა დაცვის გლობალურ დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს საბჭოს ყველა ახლადარჩეულ წევრს და მადლობას უხდის გაეროს წევრ-სახელმწიფოებს საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერისთვის.
Related items
-
"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: ნავიგაცია ახალ რეალობაში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში"
2023 წლის 30 მარტს ქ. ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, მონაწილეობა მიიღო გერმანული ანალიტიკური ცენტრისა „DGAP“ და ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სტოკჰოლმის ცენტრთან (SCEEUS) პარტნიორობით, გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში - ,,რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: ნავიგაცია ახალ რეალობაში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში“ (Russia`s war against Ukraine: Navigating the new reality in the EU Eastern Neigbourhood). ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის, აგრეთვე ტრიოს - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა სესიაზე სახელწოდებით - „ევროკავშირის გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის გადახედვა“ (Rethinking the EU enlargement and Eastern Partnership policy). თავის გამოსვლაში თეიმურაზ ჯანჯალიამ აქცენტი გააკეთა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ მნიშვნელობაზე და მოკლედ მიმოიხილა ქვეყნის მიერ განხორციელებული ძალისხმევა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიზნით. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანა დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით შეფასდეს. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის მინიჭების კრიტიკულ მნიშვნელობას. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირში ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების მნიშვნელობაზე, რაც ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას პრაქტიკულად მოამზადებს ევროკავშირის წევრობისთვის.
სესიაზე გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში პრაგმატული, საერთო ინტერესის პროექტებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული საფლაგმანო პროექტების განხორციელების დაჩქარებას, განსაკუთრებით შავი ზღვის დაკავშირებადობის გაძლიერების მიზნით, რაც საქართველოსა და ევროკავშირის საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს.
თეიმურაზ ჯანჯალიამ სესიის ფარგლებში ისაუბრა ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას მოჰყვა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით გართულებულ ვითარებაზე. ამ ფონზე მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას. -
ჯეიმს კლევერლის ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა
16 მარტს, საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, სტუმარს ქართველმა კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას და მიმოიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.
ბრიტანელი კოლეგის ვიზიტს, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ „Twitter”-ზე გამოეხმაურა.
„მიხარია, რომ ვმასპინძლობ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა, და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის. მქონდა შესაძლებლობა კოლეგასთან ერთად განმეხილა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას,“ - წერს დარჩიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთან, ის ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა ოფიციალური შეხვედრა 17 მარტს გაიმართება. -
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
2023 წლის 15 მარტს ქ. თბილისში გაიმართა რიგით მეათე პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე. ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ყაზახურ მხარეს - მინისტრის მოადგილე ერმუხამბეტ კონუსპაევი.
კონსულტაციების მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიმართულებებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსაც. მხარეებმა დეტალურად განიხილს პარტნიორობის განვითარების გზები ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ურთიერთქმედებაზე საერთაშორისო სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. მხარეებმა განიხილეს გეგმები ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გამართვისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მიმართულებით. ამ მხრივ, ხაზი გაესვა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტების მომზადების მნიშვნელობას.
ამასთან, აქცენტი გაკეთდა საქართველო-ყაზახეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის ჩატარებასთან და საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მინისტრის მოადგილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია და შეხედულებები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მიმდინარე მოვლენების თაობაზე. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა და რუსეთის მხარის მიერ განხორციელებული ქმედებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
თავის მხრივ, ყაზახეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ყაზახეთის პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
-
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შ. მიშელი საქართველოს პრეზიდენტ ს. ზარუბიშვილს შეხვდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზარუბიშვილს შეხვდა.
შარლ მიშელმა პრეზიდენტ ს. ზურაბიშვილის წინაშე კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპული გზისადმი და მიესალმა მის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინსვლაში“, - წერს შ. მიშელი Twitter-ზე.
მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ არის "ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გაუშვა ხელიდან".„პროგრესი რეფორმების მიმართულებით რჩება გადამწყვეტ ამოცანად“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.
პრეს-რელიზი
-
პრეზიდენტი - რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ იორკში გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან რეგიონში არსებული ვითარება, ომი უკრაინაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილა.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია და დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო კარგად დაინახა რუსეთის აგრესიული სახე, ვიდრე ეს 2008 წლის ომის დროს მოხდა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს როგორც არასდროს, მშვიდობასა და დეოკუპაციას ალტერნატივა არ აქვს.
საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საუბრისას ხაზი გაესვა ამ ფორმატის შედეგიანობის გაზრდის მნიშვნელობას.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომის პერიოდში, მოსკოვიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების ე.წ. მთავრობებზე წნეხი გაიზარდა.
ანტონიო გუტერეშმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს აქტიური თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ გაეროს სხვადადხვა ფორმატში მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს აქტიური თანამშრომლობა მის დამოკიდებულებაში ვლინდება, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული.
საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა გაერო-ს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში მონაწილეობის მნიშვნელობას, რადგან ქალთა გაძლიერება საქართველოს განვითარების უმნიშვნრლოვანესი ელემენტია.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ბიზნეს ნიუსი

განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ CashBack-ის და Mastercard-ის ერთობლივი აქციის დახმარებით!
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ (https://ca...

ევროპული სამშვიდობო მექანიზმი: ევროპის კავშირის საბჭო დაფინანსებას 2027 წლამდე 7.98 მილიარდ ევრომდე გაზრდის
ევროპის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2027 წლამ...

ყაზახეთი თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენით აპირებს - რომან ვასილენკო
ყაზახეთი აპირებს თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბ...