„ქართული ოცნების“ წევრები, ისევე, როგორც პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ლ. იოსელიანი კენჭისყრას არ დაესწრნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2022 16:49

პარტია „დროას“ განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას კენჭი უყარეს, კენჭისყრის პროცედურას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ დაესწრენენ.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს კენჭი უყარა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას. ხმის მიცემის პროცესს ესწრებოდა წევრი ქვეყნების 100 წარმომადგენელი, რომელთაგან მხოლოდ ერთმა შეიკავა თავი პოზიციის დაფიქსირებისგან, 99-მა კი ერთხმად გამოაცხადა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ისევე, როგორც პარტია „მოქალაქეების“ წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი აღნიშნულ კენჭისყრას არ დაესწრნენ და, შესაბამისად, არ დაუჭირეს მხარი რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას.

საქართველოდან ხმის მიცემას მხოლოდ ხატია დეკანოიძე (ენმ) დაესწრო, რომელმაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ეს დასტურდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის არქივის მონაცემებიდან.

ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ქართული ოცნების“ ლოიალობას პუტინის რეჟიმის მიმართ და იმას, რომ რუსეთი მათთვის ბუნებრივ პოლიტიკურ და ცივილიზაციურ სივრცეს წარმოადგენს.

საქართველოსთვის, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული სახელმწიფოსთვის და რუსული კოლონიური წარსულის მქონე ქვეყნისთვის, აღნიშნული ფაქტი და „ქართული ოცნების“ პრორუსული მმართველობა არის არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ გვიქადის დამარცხებული იმპერიული სახელმწიფოს ნანგრევებში მოყოლას. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო და მას საბოლოოდ დავუმკვიდროთ ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახში“-აცხადებს პარტია „დროა“ და შესაბამის ბმულს უთითებს. წყარო: https://pace.coe.int/en/votes/39122

წაკითხულია 185 ჯერ

Related items

  • რუსეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი ჩამოვარდა

    რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი ჩამოვარდა. მფრინავი გარდაცვლილად გამოცხადდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს, საინფორმაციო სააგენტო TASS-ზე დაყრდნობით.

    „სამედიცინო ავიაციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა“, - ნათქვამია, სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

     

  • ი. კობახიძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-27 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

    „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, 24-27 აპრილს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

    დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი.

    საგაზაფხულო სესიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეხვდება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას.

    დელეგაციის წევრებს ექნებათ სამუშაო შეხვედრები პარტნიორებთან, სხვადასხვა კომიტეტებში.

    სესიას მიმართავს ევროპის ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვოჩი.

    გაიმართება დებატები მაისში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც შეაფასებს რუსეთის ომს უკრაინაში და მის გავლენას ევროპის კონტინენტზე.

    ასევე გაიმართება დებატები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით.

  • G7 გაზრდის თანამშრომლობას რუსეთის მიერ ეკონომიკური სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ

    დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები გააძლიერებენ თანამშრომლობას, რათა რუსეთმა, რომელიც აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაზე, თავიდან ვერ აიცილოს ეკონომიკური სანქციები. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იაპონიაში, რომელიც გახლავთ ამ ორგანიზაციის როტაციული თავჯდომარე, შეიკრიბნენ.

    იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრების შეხვედრისას ხაზი გაესვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელობას, რომელიც აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაზე.

    შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მხრიდან სანქციების თავიდან ასაცილებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე ერთობლივად გაუწიონ წინააღმდეგობა და ასევე მესამე ქვეყნების მხრიდან იარაღის მიწოდების შეფერხების თაობაზე თანამშრომლობა უნდა გაზარდონ.

    შეხვედრაზე მხარეები, რუსეთის წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებების გააქტიურებაზე და ამ სადამსჯელო ქმედებების სრულად და კოორდინირებულ განხორციელებაზეც შეთანხმდნენ.

    თავის მხრივ, შეხვედრაზე G7-ის მინისტრებმა დაგმეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გასული თვის ბოლოს გაჟღერებული გეგმები ბელორუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ.   

  • "რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: ნავიგაცია ახალ რეალობაში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში"

    2023 წლის 30 მარტს ქ. ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, მონაწილეობა მიიღო გერმანული ანალიტიკური ცენტრისა „DGAP“ და ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სტოკჰოლმის ცენტრთან (SCEEUS) პარტნიორობით, გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში - ,,რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: ნავიგაცია ახალ რეალობაში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში“ (Russia`s war against Ukraine: Navigating the new reality in the EU Eastern Neigbourhood). ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის, აგრეთვე ტრიოს - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა.
    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა სესიაზე სახელწოდებით - „ევროკავშირის გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის გადახედვა“ (Rethinking the EU enlargement and Eastern Partnership policy). თავის გამოსვლაში თეიმურაზ ჯანჯალიამ აქცენტი გააკეთა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ მნიშვნელობაზე და მოკლედ მიმოიხილა ქვეყნის მიერ განხორციელებული ძალისხმევა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიზნით. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანა დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით შეფასდეს. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის მინიჭების კრიტიკულ მნიშვნელობას. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირში ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების მნიშვნელობაზე, რაც ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას პრაქტიკულად მოამზადებს ევროკავშირის წევრობისთვის.
    სესიაზე გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში პრაგმატული, საერთო ინტერესის პროექტებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული საფლაგმანო პროექტების განხორციელების დაჩქარებას, განსაკუთრებით შავი ზღვის დაკავშირებადობის გაძლიერების მიზნით, რაც საქართველოსა და ევროკავშირის საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს.
    თეიმურაზ ჯანჯალიამ სესიის ფარგლებში ისაუბრა ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას მოჰყვა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით გართულებულ ვითარებაზე. ამ ფონზე მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

  • პარლამენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა წარადგინა.

    „2022 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო რუსეთის აგრესიის შედეგად გამოწვეული ვითარება უკრაინაში, ამის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვის თაობაზე და, შესაბამისად, ახალი სამიტის მზადება, რომელიც 2023 წლის მაისში უნდა გაიმართოს და რომელმაც უნდა დაგეგმოს ორგანიზაციის მუშაობის შესახებ შემდგომი ნაბიჯები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

    მისი თქმით, საქართველოს დელეგაცია იყო ერთ-ერთი მთავარი დელეგაცია, რომელმაც ევროსაბჭოს მიერ მოწვეულ სპეციალურ სესიაზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვას.

    როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა 2022 წლის განმავლობაში რამდენიმე რეზოლუცია იქნა მიღებული, რომელიც უკრაინაში არსებულ ვითარებას უკავშირდებოდა, სადაც საქართველოს დელეგაციამ, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭირეს ამ დოკუმენტებს, გარდა ერთი იმ რეზოლუციისა, სადაც ჩანაწერი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით.

    „ეს რეზოლუცია არანაირ შემხებლობაში არ იყო არც საქართველოსთან, არც საქართველოში არსებულ ვითარებასთან, არც დემოკრატიულ რეფორმებთან. ეს იყო მცდელობა, რომელიც საკმაოდ წარმატებულად განახორციელეს „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა და ამ რეზოლუციის მომხსენებელმა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

    მისი თქმით, საქართველოს შესახებ მონიტორინგის კომიტეტის მიერ ინიცირებულ და საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასახულია საქართველოს მიერ მიღწეული ძალიან დიდი პროგრესი დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.

    „ეს პროგრესი არის ხაზგასმული და ცალსახა, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს მთლიანად ევროპის საბჭოს ორგანიზაცია, თუმცა ასევეა საუბარი იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელზეც საქართველოს სახელმწიფო მუშაობს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

    ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური