ირანში საპროტესტო აქციებს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ
ირანში მაჰსა ემინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული დემონსტრაციები მე-19 დღესაც გაგრძელდა და აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციებს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
უნივერსიტეტებში და ქვეყნის მრავალ ქალაქში ორგანიზებული საპროტესტო აქციები ბოლო დროს ლიცეუმებშიც დაიწყო.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ელბურზის პროვინციის ქალაქ კერეჯში სკოლის მოსწავლე გოგონების კადრები, რომლებიც ლოზუნგების სკანდირებენ და მსვლელობას აწყობენ.
მოსწავლეებმა ბოიკოტი გამოუცხადეს გაკვეთილებს და სკანდირებდნენ ლოზუნგებს „მოლები უნდა გაქრეს“. ქალაქ შირაზში ლიცეუმის მოსწავლეებმა გადაკეტეს მთავარი გზა სატრანსპორტო მოძრაობისთვის, მოიხადეს თავსაბურავები და გაიძახოდნენ „სიკვდილი დიქტატორს“.
კადრებში, რომელიც სავარაუდოდ გადაღებულია დედაქალაქ თეირანში, ყურადღებას იქცევს ის, რომ ლიცეუმის მოსწავლეები ირანის რევოლუციის ლიდერის, აიათოლა რუჰოლა ხომეინისა და ირანის რელიგიური ლიდერის ალი ხამენეის ფოტოებს ხევენ.
ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები პროტესტის ნიშნად თმას იჭრიან, მეორე სკოლაში კი თავისუფლების სურვილს გამოხატავენ.
სოციალურ ქსელში მოსწავლების ქმედებებს ჰყავს როგორც მხარდამჭერები ასევე მოწინააღმდეგეებიც.
სოციალური მედიის ბევრმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ მოსწავლეები 18 წლისაც არ არიან, მათ არ შეუძლიათ დაიცვან თავი სამართალდამცავებისგან და გააკეთეს მოწოდება, რომ არ იქნას წახალისებული ლიცეუმის მოსწავლეების აქციები.
ირანის ოფიციალური პირები თავიანთ განცხადებებში ხშირად ამბობენ, რომ აქციის მონაწილეთა ასაკი 15-დან 24 წლამდეა.
16 სექტემბერს 22 წლის მაჰსა ემინის გარდაცვალებამ, რომელიც თეირანში 13 სექტემბერს "ზნეობის პოლიციის" მიერ დაკავების შემდეგ ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ქვეყანაში დიდი აღშფოთება გამოიწვია.
დემონსტრაციები, რომელიც ემინის დაკრძალვის შემდეგ დაიწყო 17 სექტემბერს მის მშობლიურ ქალაქ საქქიზში, ბევრ ქალაქს მოედო. 1 ოქტომბერს უნივერსიტეტების გახსნასთან ერთად დემონსტრაციებმა ისევ იფეთქა.