საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2022 09:26

2022  წლის 5 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. რაუნდის ჩატარება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეების, ასევე აშშ-ს აქტიური ჩართულობითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
მოლაპარაკებების ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, რომლებიც შეეხება  რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების აუცილებლობას. საქართველოს დელეგაციამ ასევე აქცენტი გააკეთა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე — ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე.  
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

წაკითხულია 179 ჯერ

Related items

  • ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში დახმარებას უწევს უკრაინელ ბავშვებსა და ოჯახებს
    ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში იტყობინება, რომ "შობის დღესასწაული ახლოვდება და განსაკუთრებით ვფიქრობთ უკრაინელ ბავშვებსა და ოჯახებზე, რომლებიც რუსეთის სასტიკ, გაუმართლებელ ომს გამოექცნენ და საქართველოში აფარებენ თავს.
    გასული წლის განმავლობაში ამერიკის საელჩო შევუერთდით ქართველი ხალხის თანადგომას, რომელიც დღემდე აქტიურად გრძელდება და სამოქალაქო საზოგადოების თაოსნობით უკრაინელ დევნილთა დახმარების არაერთ პროექტს დავუჭირეთ მხარი.
    ერთ-ერთი ასეთი პროექტი უკრაინელი და ქართველი ბავშვებისთვის შექმნილი სონიაშნიკია, რომელმაც დღემდე 150-ზე მეტი ბავშვი საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართო. 2023 წლის განმავლობაში უფასო ინგლისურისა და ზუსტი მეცნიერებების კლასები გაგრძელდება და მათ მედიაწიგნიერებისა და გოგოების გაძლიერების პროექტები დაემატება", - აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციაში.
  • განცხადება ჩინეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებული დროებითი ზომების შესახებ
    ჩინეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია ჩინეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებული დროებითი ზომების შესახებ.
    ყველა პროვინციის, ავტონომიური რეგიონის, ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქისა და სინძიანგის სამეწარმეო-სამშენებლო კორპუსის ერთობლივი პრევენციისა და კონტროლის მექანიზმი (ხელმძღვანელი ჯგუფი) Covid-19-ის ინფექციის საპასუხოდ და სახელმწიფო საბჭოს ერთობლივი პრევენციისა და კონტროლის მექანიზმის წევრი ორგანოები:
    პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებების სრულყოფილად განსახორციელებლად, ჩინეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებით დადგინდა დროებითი ზომები, რომლებიც ამოქმედდება 2023 წლის 8 იანვრიდან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:
    1. დისტანციური შემოწმება
    ჩინეთში მომავალმა მგზავრებმა გამგზავრებამდე 48 საათით ადრე უნდა გაიკეთონ ნუკლეინის მჟავის ტესტი (PCR ტესტი). ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირები ჩინეთში ჩამოსვლას შეძლებენ საელჩოებსა და საკონსულოებში მწვანე კოდზე განაცხადის გარეშე, ტესტის შედეგს შეიტანენ საბაჟო ჯანმრთელობის დეკლარაციის ბარათში. დადებითი პასუხის შემთხვევაში მგზავრი ჩინეთში ჩამოსვლას შეძლებს მას შემდეგ, რაც ტესტის პასუხი აჩვენებს უარყოფით შედეგს.
    2. საზღვრის გადმოკვეთის შემდგომი კარანტინი
    ნუკლეინის მჟავის ტესტი აღარ იქნება საჭირო ქვეყანაში შემოსული ყველა მგზავრისთვის. მას, ვისი ჯანმრთელობის დეკლარაციაც იქნება ნორმაში და საბაჟო გამშვებ პუნქტში არ ექნება დარღვევები, თავისუფალი იქნება კარანტინისგან.
    ის, ვისი ჯანმრთელობის დეკლარაციაც არ იქნება ნორმაში ან ექნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, საბაჟო პუნქტში გაიკეთებს ანტიგენის ტესტს. დადებითი შედეგის შემთხვევაში, თუ ინფიცირებული ასიმპტომურია ან ადგილი აქვს მსუბუქ შემთხვევას სერიოზული თანმდევი დაავადებების გარეშე, მას ექნება სახლში თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სხვა შემთხვევებში რეკომენდებულია სამედიცინო დაწესებულებაში წასვლა რაც შეიძლება სწრაფად, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, საბაჟო პუნქტი განახორციელებს რუტინულ ზედამხედველობას „სახელმწიფო ჯანდაცვისა და სასაზღვრო კარანტინის კანონის“ და სხვა კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.
    3. საერთაშორისო სამგზავრო ფრენები
    გაუქმდება შეზღუდვები საერთაშორისო სამგზავრო ფრენებისა და მგზავრების რაოდენობაზე, როგორიცაა „ხუთი ერთი“, „ერთი ქვეყანა, ერთი პოლიტიკა“, ეტაპობრივად გაიზრდება ფრენების რაოდენობა, გაუმჯობესდება მარშრუტების განაწილება. გამარტივდება აეროპორტებში შემომავალი ფრენების მართვის პროცესი, გაიზრდება აეროპორტების მუშაობის ეფექტურობა, გაიზრდება მნიშვნელოვან ქალაქებში ფრენების მიღების შესაძლებლობა. ყველა ავიაკომპანია აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ბორტზე ეპიდემიის პრევენციისთვის, მგზავრებმა ბორტზე ასვლისას აუცილებლად უნდა გაიკეთონ პირბადეები.
    4. ჩინეთის ვიზა
    კიდევ უფრო გაუმჯობესდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სამუშაო, ბიზნეს, სასწავლო, ოჯახის გაერთიანებისა და სხვა მიზნებისთვის ვიზის მიღების პროცედურები.
    5. პორტების მუშაობა
    გაუმჯობესდება მენეჯმენტის მხარდამჭერი ზომები, რათა სხვადასხვა პორტებში ტვირთების ტრანსპორტირება უმოკლეს დროში დაუბრუნდეს ეპიდემიამდელ დონეს. დარეგულირდება „მგზავრების გაჩერებისა და ტვირთის დაშვების“ პოლიტიკა სახმელეთო პორტებში და ყოვლისმომცველი შეფასების საფუძველზე ეტაპობრივად აღდგება მგზავრთა მიმოსვლა სახმელეთო პორტებში (მათ შორის საზღვართან მაცხოვრებლების მიმოსვლაც). ეტაპობრივად აღდგება მგზავრთა მიმოსვლა საზღვაო პორტებში. საერთაშორისო საკრუიზო გემებისთვის პირველ რიგში ამოქმედდება საპილოტე პროგრამა, შემდეგ კი ეტაპობრივად დაიშვება. ჩინელი და უცხოელი ეკიპაჟის წევრებისთვის გამარტივდება მორიგეობის შეცვლა ჩინეთში.
    6. შემომავალი და გამავალი ტურიზმი
    საერთაშორისო ეპიდვითარებისა და მომსახურების უზრუნველყოფის შესაძლებლობის შესაბამისად, პირველ რიგში საპილოტე პროგრამის განხორციელების პრინციპის მიხედვით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის თანმიმდევრულად განახლდება ტურიზმი საზღვარგარეთ.
    Covid-19-ის ინფექციის საპასუხოდ სახელმწიფო საბჭოს ერთობლივი პრევენციისა და კონტროლის მექანიზმის საგარეო საქმეების ჯგუფი
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

    ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ტრადიციულად გათვალისწინებულია ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენელთა გამოსვლები. მიმდინარე წლის ამბასადორიალზეც განსაზღვრული იყო საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვები. 

    მაღალი რანგის სტუმრებისთვის ღონისძიებაზე განსაზღვრული იყო 4 ცენტრალური ადგილი, რა დროსაც, პროტოკოლით გათვალისწინებულ იქნა პრეზიდენტის კონსტიტუციური თანამდებობა და პრეზიდენტის ადგილი გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე, პრეზიდენტის მარცხნივ გათვალისწინებული იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის, ხოლო მარჯვნივ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი.

    პროტოკოლური განლაგების აღნიშნული წესი აღიარებულია მსოფლიოში და სამწუხაროა რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიცემული განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა.

    იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში.

  • თბილისში „ელჩების კონფერენცია 2022” გაიხსნა

    2022 წლის 26-28 დეკემბერს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2022” გაიმართება.
    კონფერენციის მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2022 წლის საქმიანობას  და მიღწევებს და იმსჯელებენ 2023  წლის სამოქმედო გეგმაზე.
    განხილული იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი:  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართული ქმედებები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე გაწეული ძალისხმევა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, სხვადასხვა ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობის გაღრმავების და მრავალმხრივი დიპლომატიის საკითხები. 
    ელჩების კონფერენცია ე.წ ამბასადორიალი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
    აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდგომ ამბასადორიალი ფიზიკურ ფორმატში წელს პირველად ტარდება.

  • ჩინეთმა და აშშ-მა უნდა გააძლიერონ ძალისხმევა ორმხრივი კავშირების აღსადგენად: ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

    პეკინი, 13 დეკემბერი (სინხუა) – ჩინურმა მხარემ მოუწოდა გაზარდოს კომუნიკაცია და თანამშრომლობა ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვან ვენბინმა ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

    ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სე ფენმა მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში დანიელ კრიტენბრინკთან და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროს დირექტორთან ჩინეთის საკითხებში ლორა როზენბერგერთან ქალაქ ლანგფანგში. შეხვედრა გაიმართა ჰებეის პროვინციაში, ჩრდილოეთ ჩინეთში, პეკინის მახლობლად.

    ჩინეთმა განაცხადა, რომ ორივე მხარემ უნდა განიხილოს ორი სახელმწიფოს მეთაურის მიერ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიღწეული მნიშვნელოვანი კონსენსუსის განხორციელება, როგორც მთავარი გზამკვლევი ორმხრივი ურთიერთობების სტაბილიზაციისა და განვითარებისთვის შემდეგ ეტაპზე, განაცხადა ვან ვენბინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

    ჩინეთმა ასევე მოუწოდა ორივე მხარეს გააძლიერონ კომუნიკაცია და დიალოგი, განახორციელონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და სათანადოდ მოაგვარონ უთანხმოება, რათა ორმხრივი ურთიერთობები ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდეს, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური