შემაჯამებელი შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის წევრებთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 სექტემბერი 2022 10:28

2022 წლის 29 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებთან. ამის შესახებ საგარეოს ადმინისტრაცია იუწყება.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ამ კუთხით ქვეყნის მიერ განხორციელებულ ძალისხმევას და დაგეგმილ ნაბიჯებს.  COEST-ის დელეგაციამ კიდევ ერთხელ მიულოცა ქართულ მხარეს 2022 წლის ივნისის ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც ქვეყანას ოფიციალურად გაეხსნა გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისადმი, სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მკაცრად და ერთსულოვნად იქნა დაგმობილი, ბელარუსის დელეგაციის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გუშინ განხორციელებული ვიზიტი.  
COEST-ის დელეგაცია ასევე მიესალმა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს და გატარებულ კომპლექსურ რეფორმებს.
შეხვედრის ფარგლებში, ზოგადად მიმოიხილეს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები, რეგიონში უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონში არსებული საფრთხეების ფონზე ევროკავშირის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე მზაობა ქვეყნის ევროპული დღის წესრიგისა და დასახული პრიორიტეტების, მათ შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების კუთხით.
შეხვედრაზე COEST-ის დელეგაციამ საქართველოში განხორციელებული ვიზიტი უაღრესად დადებითად შეაფასა.

წაკითხულია 74 ჯერ

Related items

  • იან ლიპავსკის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის გამორჩეული ურთიერთობების ნათელი დასტურია და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს - ილია დარჩიაშვილი

    „განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის,იან ლიპავსკის ვიზიტი ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება, რაც ერთის მხრივ, ჩვენი გამორჩეული ურთიერთობების ნათელი დასტურია, მეორეს მხრივ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს. ამ ურთულეს და გამოწვევებით აღსავსე დროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უახლოესი პარტნიორების თანადგომას. ვაფასებთ, რომ ჩეხეთი ჩვენი ერთგული მოკავშირე და მხარდამჭერია.“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან, იან ლიპავსკისთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
    ილია დარჩიაშვილის თქმით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს ჩეხეთსა და საქართველოს  შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობას, ასევე, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და განათლების მიმართულებებით.
    შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობასა და იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
    საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპული პერსპექტივის აღიარებამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გაუხსნა კარი და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანა.
    „ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების გზავნილი, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, წარმოადგენს ძლიერ მოტივაციას, რათა წარმატებით გავიაროთ ამ გზის ყოველი ეტაპი.“ - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
    მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის სტრატეგიულ როლსაც და ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელობაზე ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების პროცესში.
    ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებაზე უსაფრთხოების სფეროში, რაც ხაზგასმულია ევროკავშირის სტრატეგიული კომპასის დოკუმენტშიც.
    მინისტრის თქმით, საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ რეგიონში, წლის ბოლომდე დაგეგმილია მნიშვნელოვანი მაღალი დონის ვიზიტები ბრიუსელიდან, რაც კარგი შესაძლებლობა იქნება საერთო ინტერესის საკითხებისა და რეგიონში არსებული გამოწვევების განსახილველად.
    ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩეხეთის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ტრანსფორმაციისა და რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
    ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებას და უკრაინაში მიმდინარე ომს.
    დარჩიაშვილის განცხადებით, კოლეგასთან საუბრისას ქართული მხარის მიერ აღინიშნა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება. მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ჩეხეთს შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში.
    ილია დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერია ნატოში ინტეგრაციის პროცესშიც.
    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც. 
    იან ლიპავსკი გმირთა მოედანზე პატივს  მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
    აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი  ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, ახმედ ალი ალ საიეღს შეხვდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საამიროების პრეზიდენტს შორის ა.წ. 31 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების ეფექტიანად განხორციელების მექანიზმებს.

    ამ მიმართულებით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს კონკრეტული ნაბიჯების შემუშავების მნიშვნელობას, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

  • „საქართველოს თემატიკა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დღის წესრიგში მუდმივად აქტუალურია“ - ილია დარჩიაშვილი

    „საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირებაში. ამის ერთ-ერთი ნათელი დასტურია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა“ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა.
    მინისტრის განცხადებით, 2022 წელს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავი  ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანის ფონზე აღინიშნა. სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, დარჩიაშვილის თქმით, მოწმობს აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლების არაერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი, რაც  საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის მორიგი დემონსტრირებაა და ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყანაში, და ზოგადად, შავი ზღვის რეგიონში ამერიკის ადმინისტრაციის უწყვეტ ჩართულობას.
    თავის გამოსვლაში მინისტრი ორ ქვეყანას შორის  თანამშრომლობის მზარდ დინამიკას მიესალმა და განსაკუთრებული ყურადღება საკანონმდებლო დონეზე აშშ-ის მხარდაჭერის  განმტკიცებაზე გაამახვილა. მისი თქმით, წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული  ორპარტიული კანონპროექტი „საქართველოს მხარდამჭერის აქტი“, ასევე აშშ-ის ბიუჯეტში სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტი და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს თემატიკა ამერიკის შეერთებული შტატების როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების დღის წესრიგში მუდმივად აქტუალურია.  
    ილია დარჩიაშვილმა შავი ზღვის რეგიონის  განვითარების, უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდისა და სამხედრო გაძლიერების მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც  ისაუბრა. მისი თქმით, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები, და მათ შორის, საქართველო, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს. „საქართველოსა და აშშ-ის საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი სურვილია ვიხილოთ აშშ-ის მეტი  ჩართულობა შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.
    დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო აშშ-ის მტკიცე და საიმედო მოკავშირედ რჩება. თვალსაჩინოა და მკაფიოა როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული და ფინანსური დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უწევს, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების, ასევე სხვა საკვანძო სფეროებში. „ჩვენი მიზანია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით“ - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

  • ნორვეგია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ანიკენ ჰუდფელდტს შეხვდა.

    განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
    აღინიშნა, რომ წლების განმავლობაში ნორვეგიის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის, მნიშვნელოვანმა დახმარებამ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებსა და ინსტიტუციურ მოდერნიზაციაში, ასევე მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.
    ხაზი გაესვა მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას.
    ირაკლი ღარიბაშვილმა ანიკენ ჰუდფელდტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 
    საუბარი შეეხო შავი ზღვის კავშირის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო რეგიონში ევროპის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა.
    შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

     

  • ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს“

    ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ი-ს განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს“. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სინხუა" ავრცელებს.

    ვან ი-მ დიმიტრო კულებას ასევე განუცხადა, რომ ყველა მცდელობა, რომელიც ხელს უწყობს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, მხარდაჭერილი უნდა იყოს.

    ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი ყოველთვის მშვიდობის მომხრეა.

    წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/727640-chinetis-sagareo-ministri-dmitro-kulebastan-saubrisas-acxadebs-rom-qvela-kveqnis-suvereniteti-daculi-unda-iqos

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში  გრძელდება

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში გრძელდება

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში ლიბერთ...

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური