ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის მიმართვის ტექსტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ონლაინ ღონისძიებაზე

გამოქვეყნებულია ჩინეთი
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2022 15:08

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 73 წლისთავთან დაკავშირებით, 29 სექტემბერს, თბილისის დროით 10:00-ზე საქართველოში ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით ონლაინ ფორმატში გაიმართა საზეიმო მიღება. "ნიუს დეი საქართველო" გთავაზობთ საქართველოში ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის მიმართვის ტექსტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ონლაინ ღონისძიებაზე:

მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, ბ-ნ შალვა პაპუაშვილს,

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბ-ნ ალექსანდრე ხვთისიაშვილს,

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ქ-ნ ნინო თანდილაშვილს,

ქართველ მეგობრებსა და ძვირფას თანამემამულეებს:

მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ონლაინ რეჟიმში აღვნიშნავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 73-ე წლისთავს. პირველ რიგში, საქართველოში ჩინეთის საელჩოს სახელით, მადლობას გიხდით წლების მანძილზე ჩინეთ-საქართველოს შორის მეგობრობისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობისა და მასში მონაწილეობისათვის!

2022 წელს, პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და მისი ბირთვის - ამხანაგი სი ძინფინგის მტკიცე ხელმძღვანელობით, ჩინელი ხალხი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის მეხუთედს წარმოადგენს, ქვეყნის ეროვნული პირობების და ერის ფუნდამენტური ინტერესების შესაბამისად ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის გზაზე წინსვლას თავდაჯერებით აგრძელებს და განვითარების მიღწევებით მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა.

ჩინეთის ხელისუფლება ხალხის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას მუდამ პირველ ადგილზე აყენებს, „დინამიკურად განულების პოლიტიკა“ ეპიდემიის ეფექტური პრევენციისა და კონტროლის და ეკონომიკურ-სოციალური განვითარების საფუძველია. ამით ხელისუფლებამ ეპიდემიის პრევენციის, ეკონომიკის სტაბილიზაციის და უსაფრთხო განვითარების მიზნებს მიაღწია. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ჩინეთის მშპ-მა 56.2642 ტრილიონი იუენი შეადგინა და წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა; საქონლის ექსპორტ-იმპორტი 9.4%-ით, უცხოური კაპიტალი - 17.4%-ით, ხოლო სამომხმარებლო ფასები მხოლოდ 1.7%-ით გაიზარდა. ჩინეთი წარმატებით უმკლავდება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებულ არახელსაყრელ ფაქტორებს. მან სტაბილურ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას მიაღწია. იგი წლევანდელ ეროვნულ დღეს შესანიშნავი მიღწევებით ხვდება. ამასთან, მან გლობალური სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობაც უზრუნველყო, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკის აღსადგენად.

ჩინეთისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები წარმატებით ჩატარდა. მსოფლიოს „უბრალო, უსაფრთხო და ბრწყინვალე“ ზამთრის ოლიმპიადა ვაჩუქეთ და უფრო თავდაჯერებული, ძლიერი, ღია და ტოლერანტული ჩინეთი დავანახვეთ. გახსნის ცერემონიას 70-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის 170-მდე ოფიციალური წარმომადგენელი დაესწრო, რომლებმაც ჩინეთისადმი მხარდაჭერა პრაქტიკული ქმედებებით გამოხატეს. ქართველმა სპორტსმენებმა გარდა იმისა, რომ შედეგები გააუმჯობესეს, ჩინელი მაყურებლის ყურადღება და მოწონებაც დაიმსახურეს.

მიმდინარე წლის ივნისში,  სამი ჩინელი ასტრონავტი კოსმოსური ხომალდით „შენჭოუ 14“ მშენებარე კოსმოსურ სადგურ „თიენ კუნგზე“ ჩაფრინდა. ისინი ღია კოსმოსში უკვე ორჯერ გავიდნენ, ხოლო კოსმოსურ ხომალდთან ვიდეო ხიდი უამრავჯერ გამართეს. ოქტომბერში კოსმოსური ლაბორატორიის მოდული „მენგთიენის“ ძირითად მოდულთან შეპირაპირებით  ჩინეთის კოსმოსური სადგურის ორბიტაზე მშენებლობა დასრულდება, რაც სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება.

2022 წელს ჩინეთი დიპლომატიურ საქმიანობას აგრძელებს. როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და მსოფლიოში ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყანა, ჩინეთი სოლიდარობის, თანამშრომლობის, დროის მსვლელობისა და ქვეყნების დიდი უმრავლესობის საერთო ინტერესების მხარეს დგას. ჩინეთი ყოველთვის იყო მსოფლიო მშვიდობის დამცველი, გლობალური განვითარების ხელშემწყობი, საერთაშორისო წესრიგის დამცველი და საჯარო სიკეთის მიმწოდებელი. ჩვენ გავაგრძელებთ კაცობრიობის განვითარების პრობლემების გადასაჭრელად ჩინური იდეების და ახალი ფორმის ცივილიზაციის შესაქმნელად ჩინური წვლილის გაღებას.

ოქტომბერში პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა გაიხსნება. ეს ყრილობა სრულიად ჩინელი ხალხის ნების გამოხატულება იქნება. მასზე შემდეგი 5 წლის და კიდევ უფრო ხანგრძლივ პერიოდში ქვეყნის განვითარების მიზნები და ამოცანები მეცნიერულად ჩამოყალიბდება და ჩინეთის სამომავლო განვითარების დიდი გეგმა განისაზღვრება. ისტორიის ახალ საწყის წერტილზე მდგომი ჩინეთი ჩინური სტილის მოდერნიზაციის გზით მიაღწევს „ჩინელი ერის დიად აღორძინებას“. იგი საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად ძალისხმევას არ დაიშურებს მშვიდობიანი განვითარებისთვის, ერთობლივი პროგრესის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს, სხვა ქვეყნებთან იმუშავებს „საერთო მომავლის მქონე საზოგადოებისა“ და უკეთესი სამყაროს ერთად შესაქმნელად.

მეგობრებო, 2022 წელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობისთვის ბევრი წარმატების წელია. 9 ივნისს, ჩვენმა ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე საიუბილეო წელი აღნიშნეს. პრეზიდენტებმა სი ძინფინგმა და სალომე ზურაბიშვილმა მისალოცი ტელეგრამები გაცვალეს, რითაც მაღალ დონეზე დადასტურდა 30 წლიან პერიოდში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიღწევები. ამ თვეში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო საბჭოს წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ნიუ იორკში ერთმანეთს შეხვდნენ. ივლისში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილეს გიორგი ვოლსკიმ და სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრების მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვანგ ჩენმა ვიდეო შეხვედრა გამართეს, რა დროსაც მხარეები მაღალი დონის გაცვლისა და საქმიანი თანმშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდნენ.

ჩინეთი სტაბილურად ინარჩუნებს საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორების სამეულში პოზიციას. ამასთან, იგი საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორის პირველ ადგილზეა. 2022 წლის პირველ ნახევარში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 41.3%-ით გაიზარდა და 920 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სსიჩუანის პროვინციასა და თბილისს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. პროვინცია კანსუდან ჩინეთ-ევროპის ექსპრეს მატარებლით „თიენმა“ უვეი-თბილისის პირველი რეისი წარმატებით შესრულდა. ჩვენ მზად ვართ ქართულ მხარესთან ერთად გავაგრძელოთ სტრატეგიული, გრძელვადიანი და კომპლექსური გეგმების დასახვა, რათა კოორდინირებულად შევუწყოთ ხელი ორმხრივი ურთიერთობების წინსვლას, „სარტყლისა და გზის“ მშენებლობას, საქმიანი თანამშრომლობის გაღრმავებას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ჯანსაღად, სტაბილურად და მდგრადად განვითარებას.

დასასრულს, ჩინეთს ვუსურვებ მუდმივ განახლებასა და კეთილდღეობას, ხოლო საქართველოსა და ჩინეთს მარადიულ მეგობრობას!

წაკითხულია 97 ჯერ

Related items

  • ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის შედეგები - ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი!

    ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბატონმა ჭოუ ციენმა დღეს შეხვედრა გამართა ქართული საზოგადოების ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან, სადც მათ გააცნო ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის შედეგები და ამოცანები.

    როგორც ელჩმა აღნიშნა, 22 ოქტომბერს პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა დასრულდა. "ეს ქვეყნის წლევანდელ პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. იგი დიდ გავლენას იქონიებს როგორც ჩინეთის, ისე მთელი მსოფლიოს განვითარებაზე. მასზე პარტიის მე-18 ყრილობის შემდგომ პერიოდში ჩინეთის განვითარების მიღწევები შეჯამდა და მომავალ ხუთწლიან პერიოდში ქვეყნის განვითარების მიზნები და ამოცანები განისაზღვრა. გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა ყრილობაზე მნიშვნელოვანი ანგარიში წარადგინა.

    -         ჩინეთის განვითარების მიღწევები და სამომავლო ამოცანები

    მისივე თქმით, როგორც ჩინეთის ლიდერმა სი ძინფინგმა აღნიშნა, გასული 10 წლის განმავლობაში ერისა და პარტიის ცხოვრებაში ისტორიული დატვირთვის მქონე სამი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. პირველი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან გავიდა 100 წელი. მეორე, დაიწყო ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის ახალი ერა. მესამე, განხორციელდა „ასწლეულის პირველი მიზანი“, კერძოდ, აღმოიფხვრა უკიდურესი სიღარიბე და დასრულდა „ზომიერად დოვლათიანი საზოგადოების“ ფორმირების პროცესი. ამ მომენტიდან, პარტიის ცენტრალური ამოცანაა, მთელ ერს თანამედროვე  და ძლიერი სოციალისტური სახელმწიფოს შენების გზაზე გაუძღვეს, რათა განხორციელდეს „ასწლეულის მეორე მიზანი“ -  ჩინური სტილის მოდერნიზაციის საშუალებით მიღწეულ იქნეს „ჩინელი ერის დიადი აღორძინება“.

    -         ჩინური სტილის მოდერნიზაცია

    მოდერნიზაცია მსოფლიოს ხალხების საერთო მისწრაფებაა. დღეს განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა ჯამში 1.1 მილიარდამდეა, ხოლო ჩინეთის მოსახლეობა 1.4 მილიარდს შეადგენს. ჩინეთის მოდერნიზებით მსოფლიოში განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა გაორმაგდება, რაც კაცობრიობის განვითარების ისტორიის სასწაული იქნება. სიტყვა „მოდერნიზაცია“ დასავლეთიდან მოდის და ერთ დროს იგი „დასავლურ გზასთან“ ასოცირდებოდა, მაგრამ მცდარია მისი „დასავლეთის ექსკლუზივად“ მიჩნევა. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში ბევრმა ქვეყანამ გადაიღო დასავლური მოდელი, შემოიღო ლიბერალური ეკონომიკა და დემოკრატიული არჩევნები, თუმცა მათ ორმაგი - პოლიტიკური და ეკონომიკური მარცხი განიცადეს. რაში შეცდნენ ისინი? ბოლო-ბოლო რა არის მოდერნიზაციის გასაღები? ჩინეთს ყოველთვის მიაჩნდა, რომ მოდერნიზაცია დასავლური მოდელის უსიტყვოდ მიღებას სულაც არ ნიშნავს. მხოლოდ საკუთარი ეროვნული პირობების შესაბამისი მოდერნიზაცია შეიძლება იყოს სწორი. მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, რთული ბუნებრივი პირობები და შეზღუდული რესურსები ჩინური მოდერნიზაციის თავისებურებებს განაპირობებს და საკუთარი გზით მოდერნიზაციას აუცილებელს ხდის. 

    ჩინეთში უკვე დიდი ხანია, რაც არსებობს ე.წ. „ოთხი მოდერნიზაციის“ კონცეფცია, რაც გულისხმობს მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოდერნიზაციას. ეს კონცეფცია ქვეყნის ჩამორჩენილი მდგომარეობიდან გამომდინარეობდა  და საწარმოო ძალის განვითარებას ისახავდა მიზნად. პარტიის მე-18 ყრილობის მე-3 პლენუმზე სი ძინფინგმა მეხუთე - „ქვეყნის მმართველობის სისტემისა და მართვის შესაძლებლობების მოდერნიზაციის“ იდეა წამოაყენა, რაც მიზნად ისახავს „ოთხი მოდერნიზაციის“ შემდგომი განვითარებისათვის დაბრკოლებების შემცირებას.

    ჩინური სტილის მოდერნიზაცია არის სოციალისტური მოდერნიზაცია, რომელსაც  ჩინეთის კომუნისტური პარტია ხელმძღვანელობს. გარდა იმისა, რომ იგი მოიცავს  სხვა ქვეყნების მოდერნიზაციისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, ჩინეთის ეროვნული პირობების შესაბამისი თავისებურებებით გამოირჩევა. ეს არის მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მოდერნიზაცია, კეთილდღეობა ყველასთვის, მატერიალური და სულიერი განვითარება, ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონია და მშვიდობიანი განვითარება. ჩინური სტილის მოდერნიზაცია დასავლურისგან განსხვავებულია. იგი უარს ამბობს დასავლეთის ქვეყნების მოდერნიზაციის ძველ გზაზე, რომელიც საგარეო ექსპანსიას, კოლონიების ექსპლუატაციას და მონებით ვაჭრობას ეფუძნებოდა. იგი კაცობრიობას მოდერნიზაციის ახალ გზას აჩვენებს. ჩინური სტილის მოდერნიზაცია ხელს შეუწყობს „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ და ახალი ფორმის ადამიანური ცივილიზაციის შექმნას.

    -         მთელი პროცესის სახალხო დემოკრატია

    თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები კაცობრიობის და ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთო მისწრაფებაა. რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის ორმოცწლიან პერიოდში, ჩინეთმა ორი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ესენია სწრაფი ეკონომიკური განვითარება და გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობა. ამ მონაპოვრის უკან „მთელი პროცესის სახალხო დემოკრატია“ დგას. სი ძინფინგმა მეოცე ყრილობის ანგარიშში აღნიშნა, რომ „მთელი პროცესის სახალხო დემოკრატია“ სოციალისტური დემოკრატიის არსებითი თავისებურებაა. ეს არის დემოკრატიის ყველაზე ფართო, ჭეშმარიტი და  ეფექტური ფორმა“. ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ თავს დემოკრატიის მამამთავრად მიიჩნევს და სხვების მიმართ უსაფუძვლო მითითებების გაცემას არ ერიდება. ჩვენი აზრით, ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი შემდეგი ოთხი კრიტერიუმით ფასდება: 1. აქვს თუ არა ხალხს ხმის მიცემის და პოლიტიკაში ფართო მონაწილეობის უფლება; 2. საარჩევნო პროცესში რა სახის ზეპირი დაპირებები მიიღო ხალხმა, ხოლო არჩევნების შემდეგ მათგან რამდენი შესრულდა; 3. რა პროცედურები და წესები არის კანონითა და რეგულაციებით განსაზღვრული და რამდენად მკაცრად სრულდება ისინი; 4. ძალაუფლების აღსრულების პროცედურები და რეგულაციები რამდენად არის დემოკრატიული და მისი ზედამხედველობა და შეზღუდვა სინამდვილეში რამდენად შეუძლია ხალხს. ჩვენ ვამაყობთ, რომ „მთელი პროცესის სახალხო დემოკრატია“ ჩინეთის ეროვნულ პირობებს, ისტორიასა და კულტურას ეფუძნება და ხალხის ნებას ასახავს. 

    მეოცე ყრილობის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ჩვენ გავაუმჯობესებთ ინსტიტუციურ სისტემას, რათა ქვეყნის მართვა იყოს ხალხის ხელში, ხელს შევუწყობთ ხალხის თანმიმდევრულ ჩართულობას პოლიტიკაში, კანონის შესაბამისად ვუზრუნველყოფთ ხალხის მონაწილეობას დემოკრატიულ არჩევნებში, კონსულტაციებში, გადაწყვეტილების მიღებაში, მართვასა და ზედამხედველობაში, გავზრდით მასების მოტივაციას, ინიციატივასა და კრეატიულობას. ჩინეთი „მთელი პროცესის სახალხო დემოკრატიას“ განახორციელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაუმჯობესებით, საკონსულტაციო დემოკრატიის განვითარებით, ფართო მასების დონეზე დემოკრატიის ხელშეწყობით და ერთიანი პატრიოტული ფრონტის კონსოლიდირებით.

    -         ჩინეთის საგარეო პოლიტიკა

    ჩინეთი ახორციელებს დამოუკიდებელ და სუვერენულ სამშვიდობო საგარეო პოლიტიკას, საკუთარ პოზიციას და პოლიტიკას მუდამ საქმის არსებითი ვითარებიდან გამომდინარე განსაზღვრავს, იცავს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს, საერთაშორისო მიუკერძოებლობასა და სამართლიანობას. ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მიზანია მსოფლიოში მშვიდობის დაცვა და საერთო განვითარების ხელშეწყობა. ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა ქვეყანა განურჩევლად სიდიდისა, სიძლიერისა თუ სიმდიდრისა, თანასწორუფლებიანია. ჩინეთი პატივს სცემს ქვეყნების მიერ დამოუკიდებლად არჩეულ განვითარების გზასა და სოციალურ წყობას. იგი მტკიცედ ეწინააღმდეგება ჰეგემონიზმისა და ძალისმიერი პოლიტიკის ნებისმიერ ფორმას, ცივი ომის მენტალიტეტს, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევასა და ორმაგ სტანდარტებს.

    ბევრ ქართველს აინტერესებს ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის მშვიდობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და იმედი გვაქვს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგება. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია ე.წ. „ოთხ აუცილებლობას“ ეფუძნება. აუცილებელია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის ლეგიტიმური წუხილის გათვალისწინება, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის ყველა ძალისხმევის მხარდაჭერა. 

    სი ძინფინგმა გერმანიის კანცლერთან და შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბოლო დროს გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ ისაუბრა უკრაინის საკითხზე, რა დროსაც მან წამოაყენა რეკომენდაცია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ოთხი მიმართულებით ერთობლივად უნდა იმუშაოს. პირველ რიგში, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების ყველა მცდელობას, მოუწოდოს შესაბამის მხარეებს, გამოიჩინონ გონივრულობა და თავშეკავება, რაც შეიძლება მალე დაამყარონ პირდაპირი კონტაქტი, რათა შეიქმნას პირობები მოლაპარაკებების აღსადგენად. მეორე, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთობლივად უნდა შეეწინააღმდეგოს ბირთვული იარაღის გამოყენებას ან გამოყენების მუქარას, არ უნდა დაუშვას ბირთვული იარაღის გამოყენება, რადგან ბირთვულ ომში გამარჯვებული არ არსებობს. მესამე, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივად უნდა უზრუნველყოს გლობალური სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა, ერთობლივად უნდა აღმოფხვრას ენერგეტიკის, სურსათის და სხვა მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობაში შექმნილი დაბრკოლებები და ხელი შეუწყოს გლობალური ეკონომიკის, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის აღდგენას. მეოთხე, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივად უნდა უზრუნველყოს ზამთრის პერიოდში კრიზისულ ზონებში მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარება, უნდა გაუმჯობესდეს ჰუმანიტარული პირობები, თავიდან უნდა ავიცილოთ უფრო მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისები. სი ძინფინგმა ასევე აღნიშნა, რომ ისეთი გლობალური და კომპლექსური კრიზისის პირობებში, როგორიცაა უკრაინის კრიზისი, სამ რამეზე განსაკუთრებით ღირს დაფიქრება: პირველი, კონფლიქტებსა და ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ; მეორე, რთული პრობლემის მარტივად გადაწყვეტის გზა არ არსებობს; მესამე, აუცილებელია დიდ ქვეყნებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილება. ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენას და იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები, ნატო და ევროკავშირი რუსეთთან დიალოგს დაიწყებენ.

    -         გახსნილობის პოლიტიკა და გლობალური განვითარების ინიციატივა

    დღეს სამყარო, ეპოქა და ისტორია უპრეცედენტო მეთოდებით იცვლება. კოვიდ-19 ვირუსი აგრძელებს გავრცელებას, სახეზე გვაქვს მსოფლიო ეკონომიკის სიმყიფე, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, გლობალური მმართველობის სერიოზული ნაკლებობა, საკვების, ენერგიის და სხვა მრავალი კრიზისი, გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებას შეექმნა დაბრკოლება, იზრდება განხეთქილება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, კაცობრიობა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მსოფლიო კიდევ ერთხელ ისტორიის გზაჯვარედინზეა და თუ საით წავა, ყველა ქვეყნის არჩევანზეა დამოკიდებული. ასეთ კრიტიკულ მომენტში, ჩინეთი გააგრძელებს გახსნილობის სახელმწიფო პოლიტიკას, ურთიერთსარგებლიანი გახნსილობის სტარტეგიას, საკუთარი განვითარებით მსოფლიოში ახალი შესაძლებლობების შექმნას, ღია გლობალური ეკონომიკის შენების ხელშეწყობას, რაც მეტ სარგებელს მოუტანს ყველა ერს. 

     1978 წელს რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის დაწყებისას, თუ ქვეყნის მშპ 150 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 17.73 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2013-2021 წწ. ჩინეთის საშუალო წვლილი მსოფლიო ეკონომიკის ზრდაში 38.6% იყო. იგი ზედიზედ რვა წელია, რაც სავაჭრო ბრუნვით პირველ ადგილზეა მსოფლიოში და მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ბაზრის სტატუსსაც მოიპოვებს.  უდავოა, რომ იგი მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მოწინავე ძალაა. ჩინეთი ხელს უწყობს ეკონომიკური გლობალიზაციის სწორი მიმართულებით განვითარებას, ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას, ორმხრივ, რეგიონულ და მრავალმხრივ თანამშრომლობას, საერთაშორისო მაკროეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციას, განვითარებისთვის ხელსაყრელი საერთაშორისო გარემოს შექმნას და გლობალურ განვითარების სტიმულირებას. ჩვენ ვეწინააღმდეგებით პროტექციონიზმს, „კედლებისა და ბარიერების აშენებას“, „კავშირებისა და ჯაჭვების გაწყვეტას“, ცალმხრივ სანქციებს და უკიდურეს ზეწოლას. ჩინეთი მზად არის მეტი რესურსი ჩადოს გლობალური განვითარების თანამშრომლობაში, რათა შემცირდეს განხეთქილება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის და დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს სწრაფად განვითარებაში. ბოლო წლებში ჩინეთი მუდმივად უზრდის დახმარებას განვითარებად ქვეყნებს. სახელმწიფო საბჭოს მონაცემებით, ჩინეთმა ყოველგვარი პოლიტიკური პირობების გარეშე დახმარება გაუწია 160-ზე მეტ ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას. განვითარებადი ქვეყნებისთვის აღმოჩენილმა დახმარებამ 40 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და ბევრი სფერო მოიცვა, მათ შორის, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და ა.შ. რაც მთავარია, ამას დიდი სარგებელი მოაქვს განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისთვის.

    სი ძინფინგის მიერ წამოყენებული „გლობალური განვითარების ინიციატივა“ ითვალისწინებს საერთო განვითარების გრძელვადიან მიზნებსა და პრაქტიკულ საჭიროებებს, განვითარების ხელშეწყობაზე საერთაშორისო კონსენსუსის ჩამოყალიბებას, გლობალური განვითარებისთვის ახალი იმპულსის შექმნას და ქვეყნების საერთო განვითარებისა და პროგრესის ხელშეწყობას. ინიცირებიდან ერთ წელში „გლობალური განვითარების ინიციატივის მეგობრობის ჯგუფს“ სამოცზე მეტი ქვეყანა შეუერთდა. ჩვენ შევქმენით გლობალური განვითარებისა და სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის ფონდი, მომავალში გავზრდით ჩინეთ-გაეროს მშვიდობისა და განვითარების ფონდის დაფინანსებას. ჩვენ მოვამზადებთ პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხთა სიას, შევქმნით პროექტების ღია ბაზას და ინიციატივის ხელშეწყობის საგზაო რუკას. ჩვენ 100-ზე მეტ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ხელს შევუწყობთ ინიციატივის განხორციელებას, რაც გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებასაც უზრუნველყოფს. მიმდინარე წლის სექტემბერში, სახელმწიფო მრჩეველმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ნიუ-იორკში „გლობალური განვითარების ინიციატივის მეგობრობის ჯგუფის“ მინისტერიალს უმასპინძლა, რომელზეც პროექტების პირველი სია გამოქვეყნდა. ინდონეზიაში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ჩვენ წარვადგინეთ 15 პროექტი და დამატებით კიდევ 5 პროექტში ჩავერთეთ. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ დიდი ოცეულის წევრებთან ამ პროექტების განსახორციელებლად. 

    განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობები ჩინეთის საგარეო პოლიტიკის საფუძველია. ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებად ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთან თანადგომას. გლობალური განვითარების ინიციატივა ხაზს უსვამს, რომ განვითარების პროცესს არცერთი ქვეყანა და არცერთი ერი არ უნდა გამოაკლდეს. ჩინეთი გააგრძელებს პასუხისმგებელი დიდი ქვეყნის როლის შესრულებას, ხელს შეუწყობს გლობალური განვითარების ინიციატივის ყოველმხრივ განხორციელებას, აქტიურად ჩაერთვება საერთაშორისო თანამშრომლობაში, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იმუშავებს მაღალი დონის პარტნიორობის შესაქმნელად და მისი სწორი მიმართულებით გასავითარებლად, ხელს შეუწყობს კეთილდღეობისა და განვითარების ახალი ეპოქის დადგომას. ჩინეთი და საქართველო ორივე განვითარებადი ქვეყანაა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ჩართულობას გლობალური განვითარების ინიციატივაში, რათა ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობამ მეტი კეთილდღეობა მოუტანოს ორ ერს.

    მეგობრებო, ჩინეთი, რომელიც მუდამ მოდერნიზაციისკენ მიდის, მთელი მსოფლიოსთვის აუცილებლად ბევრ ახალ შესაძლებლობას შექმნის და საერთაშორისო თანამშრომლობას მეტ იმპულსს შესძენს. იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კაცობრიობის პროგრესში. ჩინეთი მზადაა გაუზიაროს საქართველოს სახელმწიფო მმართველობისა და მოდერნიზაციის კუთხით დაგროვილი დიდი გამოცდილება. ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა და თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდეს. ამით ჩემი პრეზენტაცია მე-20 ყრილობასთან დაკავშირებით დასრულებულია. მზად ვარ ამ თემაზე დიალოგისთვის", - განაცხადა ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა.

    ელჩის გამოსვლის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა მას სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე კითხვები დაუსვეს. ბატონმა ჭოუ ციენმა ჟურნალისტების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა, რისთვისაც დამსწრე საზოგადოების მხრიდან მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

     

  • „აშშ ცდილობს ჩინეთის განვითარების შეჩერებას“ – ჩინეთის ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“

    ჩინეთის ახალი ელჩი ჭოუ ციენი საქართველოში სულ რამდენიმე თვეა ჩამოვიდა. როგორც ელჩი მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, დღეს მსოფლიო ისევ ისტორიის გზაჯვარედინზე დგას და თუ საით წავა, ყველა ქვეყნის ხალხთა არჩევანზეა დამოკიდებული. როგორია ჩინეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა; რა პრეტენზიებს უყენებს ჩინეთი აშშ-ს და როგორ შეიძლება დარეგულირდეს ვითარება; ვინ აწყობს პროვოკაციებს; როგორია ჩინეთის პოზიცია უკრაინის ომზე; „შუა დერეფანი“ და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა, ამ და სხვა საკითხებზე ელჩი მედიაცენტრ მთავარს” ესაუბრა.

    მედიაცენტრი მთავარი“: ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა დასრულდა. რა საკითხები იქნა განხილული და რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისგან?

    ჭოუ ციენი: 16-22 ოქტომბერს, პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის (ჩკპ) მე-20 ყრილობა ჩატარდა. ეს ყრილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი საკვანძო მომენტს ემთხვევა. ჩინეთის კომუნისტური პარტია მთელ ერს თანამედროვე სოციალისტური სახელმწიფოს შენებისა და „ასწლეულის მეორე მიზნის“ შესრულების ახალ გზაზე უნდა გაუძღვეს. ჩკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა, მე-19 ცენტრალური კომიტეტის სახელით, ყრილობის დელეგატებს საანგარიშო მოხსენება წარუდგინა, რომელშიც სრულყოფილად იქნა შეჯამებული ბოლო ხუთი წლის საქმიანობა; სისტემატიზებულად იქნა განხილული პარტიისა და მისი ბირთვის – სი ძინფინგის ხელმძღვანელობით ახალ ეპოქაში პარტიის, მთელი ქვეყნისა და ყველა ეთნიკური ჯგუფის მიერ ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის განვითარებაში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები და გამოცდილება;

    სიღრმისეულად იქნა გაანალიზებული საგარეო და საშინაო მდგომარეობა; სრულად იქნა გააზრებული ახალი საჭიროებები და ხალხის მოლოდინები ახალ ეპოქაში პარტიისა და ეროვნული საქმის განვითარებისთვის; განისაზღვრა სამოქმედო გეგმა და ძირითადი პოლიტიკური კურსი; ზოგადი სტრატეგიული ვითარებიდან გამომდინარე მომზადდა პარტიასა და ეროვნულ საქმესთან დაკავშირებული გეგმები.

    23 ოქტომბერს, ჩკპ-ის მე-20 ცენტრალური კომიტეტის 1-ელ პლენუმზე სი ძინფინგი არჩეულ იქნა ჩკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად. ამასთან, ახალი ვადით არჩეულ იქნა ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს, მუდმივმოქმედი პოლიტბიუროს და ცენტრალური ხელისუფლების სხვა წევრები. ამ მომენტიდან ჩკპ-ის მთავარი ამოცანაა, მთელ ერს თანამედროვე  და ძლიერი სოციალისტური სახელმწიფოს შენების გზაზე გაუძღვეს, რათა განხორციელდეს „ასწლეულის მეორე მიზანი“ და ჩინური სტილის მოდერნიზაციის საშუალებით მიღწეულ იქნეს „ერის დიადი აღორძინება“.

    დღეს მსოფლიო ისევ ისტორიის გზაჯვარედინზე დგას და თუ საით წავა, ყველა ქვეყნის ხალხთა არჩევანზეა დამოკიდებული. ჩინეთი მომავალშიც გააგრძელებს გახსნილობის სახელმწიფო პოლიტიკას, ურთიერთსასარგებლო და ღია სტრატეგიის მხარდაჭერას, მსოფლიოში მშვიდობის დაცვას, საერთო განვითარების მიზნით საგარეო პოლიტიკის ხელშეწყობას, „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნას.

    იგი მსოფლიოს ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებს და მათ შორის, საქართველოს გაუზიარებს ჩინური სტილის მოდერნიზაციის გამოცდილებასა და განვითარების შესაძლებლობებს. ჩინეთი მომავალშიც გააგრძელებს „სარტყლისა და გზის“ პროექტის განხორციელებას, სხვა ქვეყნებთან ერთად სისრულეში მოიყვანს ჩინური მხარის მიერ წამოყენებულ „გლობალური განვითარების ინიციატივას“ და „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას“, სხვებთან ერთად გაავრცელებს კაცობრიობის საერთო ღირებულებებს: მშვიდობას, განვითარებას, მიუკერძოებლობას, სამართლიანობას, დემოკრატიას, თავისუფლებას.

    მე-20 ყრილობა არა მარტო ჩინეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩინეთი მზადაა, სხვა ქვეყნებთან და მათ შორის, საქართველოსთან ერთად ყველაფერი გააკეთოს მშვიდობიანი განვითარებისთვის, ერთობისა და პროგრესისთვის პასუხისმგებლობა იკისროს, გლობალური მმართველობისთვის სიბრძნე არ დაიშუროს, „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნას ხელი შეუწყოს, რათა კაცობრიობა უკეთეს მომავალს შეეგებოს.

    მედიაცენტრი მთავარი“: ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტთან დაკავშირებით თქვენ განცხადება გააკეთეთ და აღნიშნეთ, რომ ეს ვიზიტი  დაძაბულობას კიდევ უფრო სახიფათოს გახდის, რომ  ჩინეთი „ერთი პრინციპის“ დამახინჯებას არ შეეგუება, რომ ეს ვიზიტი  უპასუხისმგებლო და საშიში ქმედებაა… მივუბრუნდეთ ამ თემას და რა ხდება დღეს?

    ჭოუ ციენი: აგვისტოში ნენსი პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ოფიციალურ რანგში, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა ტაივანში, რითაც აშკარად დაირღვა „ერთი ჩინეთის“ პრინციპი და აშშ-ის მიერ დადებული პირობა, რომ „ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა“, სერიოზულად დაირღვა ჩინეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რასაც ჩინურმა მხარემ მასშტაბური სამხედრო წვრთნებით, სანქციებითა და სხვა აუცილებელი ზომებით უპასუხა.

    ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ზრდის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ის, რომ აშშ ცდილობს ჩინეთის განვითარების შეჩერებას, მხარს უჭერს ტაივანის სეპარატისტულ ძალებს თანდათანობით ტაივანის დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში, „სალიამის ტაქტიკით“ ცდილობს „ერთი ჩინეთის“ პრინციპის დამახინჯებასა და დაზიანებას. პელოსის ტაივანში ვიზიტიდან ორ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ტაივანის სრუტეში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. რადგანაც შეერთებული შტატები არა თუ არ გაჩერებულა, პირიქით, განზრახ ცდილობს სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრებას.

    მხოლოდ აგვისტოს თვეში, პელოსის ვიზიტის შემდეგ, აშშ-მა სენატორების თუ გუბერნატორების დონეზე კიდევ რამდენიმე ოფიციალური დელეგაცია მიავლინა ტაივანში. შეერთებული შტატების მხარემ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო ხომალდებს გაგზავნის ტაივანის სრუტეში. სექტემბერში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა და მიიღო „2022 წლის ტაივანის პოლიტიკის აქტი“, რომელიც სერიოზულად არღვევს „ერთი ჩინეთის პრინციპს“. ვინ აწყობს პროვოკაციებს და ცდილობს სტატუს-კვოს შეცვლას, ისედაც სრულიად ნათელია.

    ტაივანის საკითხი არსებითად ჩინეთის შიდა საქმეა. ეს არის პრინციპული საკითხი, რომელიც ჩინეთის სუვერენიტეტსა და გაერთიანებას ეხება. გენერალურმა მდივანმა სი ძინფიგნმა პარტიის მე-20 ყრილობის საანგარიშო მოხსენებაში აღნიშნა, რომ ტაივანის სეპარატისტული ძალების ქმედებების და ტაივანის საკითხში გარე ძალების მხრიდან ჩარევისა და სერიოზული პროვოკაციების ფონზე, ჩვენ მტკიცედ ვებრძვით სეპარატიზმსა და შინაურ საქმეებში ჩარევას, ჩვენ ვაჩვენეთ მტკიცე გადაწყვეტილება და დიდი უნარი, რომ დავიცავთ ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არ დავუშვებთ „ტაივანის დამოუკიდებლობას“.

    ჩინეთის კომუნისტური პარტია ახალ ეპოქაში ტაივანის საკითხის გადაწყვეტის საერთო სტრატეგიის შესაბამისად სამშობლოს მშვიდობიანი გაერთიანების დიად საქმეში პროგრესს მიაღწევს. ტაივანის საკითხის მოგვარება ჩინელი ხალხის საქმეა და მას მხოლოდ ჩინელი ხალხი გადაწყვეტს. ჩვენ გავაგრძელებთ სრუტეში ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობას, აღვკვეთთ „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მომხრე სეპარატისტულ ქმედებებს და გარე ძალების მხრიდან ჩარევის მცდელობებს, სრუტის ორ მხარეს შორის ურთიერთობებში ინიციატივას ხელში ავიღებთ.

    მედიაცენტრი მთავარი:“ უკრაინის თემაზე გადავიდეთ,  უკრაინულმა მხარემ არაერთხელ გამოხატა პოზიცია და უკმაყოფილება, რომ ჩინეთის მხრიდან ვერ იგრძნობა მხარდაჭერა… როგორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოზიცია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში? უკრაინის კრიზისმა მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა. როგორია ჩინეთის ხედვა საერთაშორისო უსაფრთხოების რეალობაში მომხდარ ცვლილებებზე?

    ჭოუ ციენი: უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია ე.წ. „ოთხ აუცილებლობას“ ეფუძნება. აუცილებელია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის ლეგიტიმური წუხილის გათვალისწინება, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის ყველა ძალისხმევის მხარდაჭერა.

    აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად ჩინური მხარე ამ „ოთხი აუცილებლობის“ პრინციპით ხელმძღვანელობს. ჩინეთი, როგორც პასუხისმგებელი დიდი სახელმწიფო და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ყოველთვის მხარს უჭერს შერიგებასა და მოლაპარაკებებს. იგი გულგრილი მოწმის როლში არასდროს არ დგას, მაგრამ არც ცეცხლზე ნავთს არ ასხამს და მით უმეტეს, შექმნილი სიტუაციით პირადი სარგებლის ნახვას არ ცდილობს.

    დღეისათვის ჩინეთს უკრაინაში გაგზავნილი აქვს ჰუმანიტარული დახმარების სამი პარტია. ჩვენ ყოველთვის მშვიდობის მხარეს ვართ და მომავალშიც გავაგრძელებთ კონსტრუქციულ ქმედებას. 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას ნიუ-იორკში შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ოცდაათწლიანი დიპლომატიური ურთიერთობების პოზიტიური შედეგები და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მშვიდობის მიღწევა ყველა ქვეყნის საერთო მიზანია და აუცილებელია, რომ უკრაინის კრიზისის საკითხი, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს მოლაპარაკების გზით მოგვარების ორბიტაზე.

    დღეს ისევ ვხედავთ ცივი ომის მენტალიტეტს, ბანაკებად დაყოფას, ძალისმიერ პოლიტიკას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მსოფლიოში. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აპრილში გამართულ აზიის პოაოს ყოველწლიურ ფორუმზე „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ წამოაყენა, რითაც გარკვევით უპასუხა ისეთ ეპოქალურ საკითხებს, თუ „რა სახის უსაფრთხოების კონცეფცია სჭირდება მსოფლიოს და როგორ მიაღწევენ ქვეყნები საერთო უსაფრთხოებას“. ამ ინიციატივით ჩინეთმა მსოფლიოში მშვიდობის დეფიციტის აღმოსაფხვრელად და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ საკუთარი სიბრძნე და ხედვა აჩვენა.

    ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულების დღევანდელ პირობებში, „აბსოლუტური უსაფრთხოება“ და „ერთპიროვნული უსაფრთხოება“ ვერ განხორციელდება. ჩვენ უნდა ვაჯობოთ ცივი ომის მენტალიტეტს – რომ ერთის გასამარჯვებლად მეორე უნდა დამარცხდეს, უნდა უზრუნველვყოთ თითოეული ქვეყნის უსაფრთხოება, დაპირისპირება უნდა ჩავანაცვლოთ დიალოგით, მუქარა – მოლაპარაკებით, ალიანსი – პარტნიორობით, ნულოვანი ჯამი – საერთო სარგებლით. უნდა დავიცვათ ჭეშმარიტი მულტილატერალიზმი, დავუპირისპირდეთ ცალმხრივ სანქციებსა და „ექსტერიტორიულ იურისდიქციას“.

    უნდა გავატაროთ უსაფრთხოების ხელშეუხებლობის პრინციპი და ხელი შევუწყოთ დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას. „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ შეესაბამება გაეროს წესდების მიზნებს. იგი ეფუძნება ახალი ჩინეთის დამოუკიდებელ და სუვერენულ სამშვიდობო საგარეო პოლიტიკასა და პრაქტიკას. იგი სათავეს იღებს ჩინური სპეციფიკის დიპლომატიური ტრადიციებიდან და სიბრძნიდან.

    ისტორიულად, იმპერიალიზმმა და ჰეგემონიზმმა გამოიწვია გლობალური ომები, რამაც კატასტროფული შედეგები მოუტანა კაცობრიობას და ამასთან, იმ ქვეყნებსაც, რომლებიც ყველანაირი საშუალებით ცდილობდნენ გაეფართოებინათ და შეენარჩუნებინათ ჰეგემონია. იმედია, რომ 21-ე საუკუნეში კაცობრიობამ შეძლო ჭკუის სწავლა. ჩინეთის დიპლომატია ყოველთვის მხარში ედგა განვითარებად ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს. ჩვენ მზად ვართ, ქვეყნებთან და ხალხებთან ერთად ძალისხმევა არ დავიშუროთ მსოფლიოში მშვიდობისა და განვითარების მტკიცედ დასაცავად.

    მედიაცენტრი მთავარი:“ საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, „შუა დერეფანი“ სულ უფრო მზარდ მნიშვნელობას იძენს. ჩინური კომპანიებიც აქტიურად ერთვებიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში. თქვენი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით?

    ჭოუ ციენი: ჩინეთის ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში ქართულ მხარესთან „შუა დერეფნის“ განვითარებას. განსაკუთრებით კი, ტრადიციული სატრანსპორტო შესაძლებლობების ნაკლებობის ფონზე, „შუა დერეფნის“ განვითარებას შეუძლია რეგიონული გადაზიდვები ეფექტურად გააუმჯობესოს და აზია-ევროპის საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილიზაცია და ოპტიმიზაცია მოახდინოს.

    ამის გამო, მას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩინური კომპანიები საქართველოში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია E60 ავტომაგისტრალის და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტები. ბევრი სამშენებლო პროექტი უკვე დასრულების ფაზაშია, რის შემდეგაც მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დროს, გაუმჯობესდება საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობები, გაძლიერდება მისი, როგორც სატრანსპორტო „ჰაბის“ როლი, უფრო ძლიერი ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა ექნება „შუა დერეფნის“ განვითარებას.

    ამასთანავე, სულ უფრო მეტი ჩინური კომპანია შემოდის ქართულ ბაზარზე და აქტიურად ინტერესებდა „შუა დერეფნის“ მშენებლობით. ჩინეთს ყველაზე ძლიერი ინფრასტრუქტურა აქვს მსოფლიოში. ბოლო 40 წლის განმავლობაში ჩინეთში აშენდა 130 000 კმ ავტობანი, 30 000 კმ ჩქაროსნული რკინიგზა და ურთულესი კონსტრუქციის ხიდები ხეობებსა და ზღვაზე. ჩინეთი მზადაა გააძლიეროს კომუნიკაცია და კოორდინაცია საქართველოსთან, რათა ორი ქვეყნის ბაზრებს შორის გაძლიერდეს თანამშრომლობა, განვითარდეს „შუა დერეფანი“, გაუმჯობესდეს რეგიონული გადაზიდვების ეფექტურობა, მაღალ დონეზე განხორციელდეს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივა, ძლიერი სტიმული მიეცეს ორ ქვეყანასა და  ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას.

    მედიაცენტრი მთავარი:“ გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი  მეგობარი ქვეყანაა. ეს მეგობრობა და  დიპლომატიური კავშირები 30 წელს ითვლის. როგორია თქვენი, როგორც ახალი ელჩის ხედვები და სამომავლო გეგმები ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით?

    ჭოუ ციენი: 1992 წლის 9 ივნისს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დამყარდა. ჩინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. მას შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს კარგი მეგობრობა და სანდო პარტნიორობა აკავშირებს. ჩვენი ქვეყნები პატივს სცემენ ერთმანეთს, ერთმანეთს ეხმარებიან და თანამშრომლობენ. ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

    ორ ქვეყანას შორის „სარტყლისა და გზის“  და სხვადასხვა სფეროში საქმიანი თანამშრომლობა მუდმივად ღრმავდება. 30 წლის მანძილზე, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მომენტში არსებული 3.68 მილიონი აშშ დოლარის ნიშნულიდან, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 400-ჯერ გაიზარდა. საქართველომ ევრაზიის რეგიონში პირველმა გააფორმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. 2018 წელს ძალაში შესვლის შემდეგ, აქედან მიღებული სარგებელი უწყვეტად იზრდება. ჩინეთი საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორის პირველ, ხოლო სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს.

    „ჩინეთ-ევროპის ექსპრესი“ რეგიონებს ერთმანეთთან აკავშირებს და მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს, ახალ ენერგიას მატებს. ინვესტიციების, კომუნიკაციების, მაღალი ტექნოლოგიების და სხვა სფეროებში ორმხრივ თანამშრომლობას დიდი პერსპექტივა აქვს. „სარტყლისა და გზის“ მშენებლობა და სხვადასხვა სფეროში საქმიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო სიღრმისეულად გაგრძელდება და მუდმივად ახალ შედეგებს გამოიღებს.

    ჩვენ მზად ვართ, ქართულ მხარესთან ერთად შევაჯამოთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების წარმატებული გამოცდილება და შემდეგი 30 წლის თანამშრომლობის გეგმები დავსახოთ, რათა შევინარჩუნოთ ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლის სულისკვეთება და „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში ხელი შევუწყოთ ორმხრივი ურთიერთობების ჯანსაღ, სტაბილურ და მდგრად განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში ჩამოვედი, დავინახე, რომ ქართველები დიდ პატივს სცემენ საკუთარი ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე და ოჯახური ტრადიციების მიმდევარი ერია.

    აქ მოხუცებს პატივს ცემენ, ბავშვები კი უყვართ. ამ ყველაფერში ქართველები და ჩინელები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ასევე დავინახე, რომ ქართველი ხალხი მშვიდობისა და განვითარებისკენ ისწრაფვის. მე, როგორც ელჩი, ვაცნობიერებ ჩემი მისიის მნიშვნელობას. მზად ვარ, გავაგრძელო ქართული საზოგადოებასთან კონტაქტების დამყარება, რათა ხელი შევუწყო ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას,  უძველესი ისტორიის მქონე ამ ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარებას და საერთო სარგებლის მიღწევას, რათა აქტიური წვლილი შევიტანო ორი ქვეყნის ურთიერთობების ახალ დონეზე განვითარებაში.

    ეკა გულუა


    წყარო: http://mcm.ge/165073/?fbclid=IwAR3ViEgHBgDMRGbV59D78iqh8aP8563YKkMlVLvQIqvQ0gtXunWVoaKleME

  • ჩინეთის ინტენეტ პლატფორმა JD.com-ის ორგანიზებით, გაიმართა ფორუმი სახელწოდებით - “JD.com`s 2nd Ambassadors Forum"
    2022 წლის 2 ნოემბერს, ჩინეთის მსხვილ ინტენეტ პლატფორმა JD.com-ის ორგანიზებით, რომელსაც 600 მილიონამდე აქტიური ონლაინ-მომხმარებელი ჰყავს და ელექტრონული კომერციის კუთხით, ქვეყნის ყველაზე გავლენიან პლატფორმად ითვლება, გაიმართა ფორუმი სახელწოდებით - “JD.com`s 2nd Ambassadors Forum“.
    აღნიშნულ ფორუმზე, სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ ისაუბრა საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მუდმივი სტიმულირების მნიშვნელობაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების, კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების აუცილებლობაზე.
    ასევე, საქართველოს ელჩმა აღნიშნა JD.com-ზე საქართველოს პავილიონის წარმატებული ფუნქციონირების შესახებ, რაც ხელს უწყობს ჩინელ მომხმარებლებში ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას.
    ღონისძიების მსვლელობის დროს, JD.com-მა საქართველოს ელჩი დააჯილდოვა მადლობის სიგელით, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
  • საერთაშორისო ფოტოგამოფენა „ჩინეთის ექსტრაორდინალური დეკადა ახალ ერაში“

    ჩინეთის საელჩო საქართველოში ატარებს ფოტოგამოფენას სახელწოდებით „ჩინეთის ექსტრაორდინალური დეკადა ახალ ერაში“.

    ფოტოგამოფენა ეძღვნება ახალ ერას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, კერძოდ, პერიოდს კომუნისტური პარტიის მე-18 ყრილობის შემდეგ (2012 წელი), როდესაც ესტაფეტა პარტიის ახალმა ცენტრალურმა მმართველობამ და პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აიღო.

    მას შემდეგ ჩინეთი შევიდა სოციალიზმის ახალ ერაში, სადაც წარსულ წარმატებებზე შენდება მიღწევები მომავალში. საუკუნოვანი კომუნისტური პარტია აერთიანებს და უძღვება ჩინელ ხალხს, რომ გააგრძელონ ჩინური ოცნების აღსრულება - ჩინელი ერის დიადი აღორძინება.   

    ბოლო 10 წლის განმავლობაში, პარტიის ლიდერობით, ჩინელმა ხალხმა ჩინეთი ენერგიულ და აყვავებულ ქვეყანად აქცია.

    გამოფენა აერთიანებს ბოლო 10 წლის განმავლობაში მომხდარ შთამბეჭდავ ამბებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩინეთის ახალ ერაში. ის წარმოგვიჩენს, როგორ შეძლო ჩინელმა ხალხმა უწყვეტი სწრაფვით, თავისი ოცნების განხორციელება.

    გამოფენა გვაჩვენებს, როგორ მუშაობენ ერთად ხალხები ჩინეთიდან და მთელი მსოფლიოდან სირთულეებთან გასამკლავებლად და ხელს უწყობენ ერთობლივ პროგრესს.

    გამოფენა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

    www.cn.ge

  • საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველო-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებზე
    ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული “World Affairs Press“-ის ოქტომბრის თვის გამოცემის დიდი ნაწილი, დაეთმო ვრცელ ინტერვიუს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, არჩილ კალანდიასთან.
    ელჩმა ისაუბრა საქართველო-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, ყურადღება გაამახვილა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე. ამასთან, ინტერვიუში საუბარია, როგორც საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ შესაძლებლობებზე, ასევე უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებზე.

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში  გრძელდება

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში გრძელდება

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში ლიბერთ...

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური