ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის ახალ ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო
ორშაბათი, 19 სექტემბერი 2022 17:11

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს თავდაცვის სამინისტროში უმაპინძლა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აშოტ სმბატიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ ერევანი საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

წაკითხულია 98 ჯერ

Related items

  • ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დროის მოთხოვნაა

    ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კონფლიქტები სამუდამოდ არ შეიძლება გაგრძელდეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზიის პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო კონფერენციის (ICAPP) მონაწილეებს განუცხადა.

    მისი თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დროის მოთხოვნაა. „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საერთაშორისო სამართლისა და სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე დროის მოთხოვნაა. ამ თვალსაზრისით, პოლიტიკური პარტიების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რათა ხელი შეეწყოს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს, მისასალმებელია“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

    წყარო: აზერბაიჯანის საგენტო "აზერტაჯი"

     

  • ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის შედეგები - ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი!

    ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბატონმა ჭოუ ციენმა დღეს შეხვედრა გამართა ქართული საზოგადოების ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან, სადც მათ გააცნო ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის შედეგები და ამოცანები.

    როგორც ელჩმა აღნიშნა, 22 ოქტომბერს პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა დასრულდა. "ეს ქვეყნის წლევანდელ პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. იგი დიდ გავლენას იქონიებს როგორც ჩინეთის, ისე მთელი მსოფლიოს განვითარებაზე. მასზე პარტიის მე-18 ყრილობის შემდგომ პერიოდში ჩინეთის განვითარების მიღწევები შეჯამდა და მომავალ ხუთწლიან პერიოდში ქვეყნის განვითარების მიზნები და ამოცანები განისაზღვრა. გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა ყრილობაზე მნიშვნელოვანი ანგარიში წარადგინა.

    -         ჩინეთის განვითარების მიღწევები და სამომავლო ამოცანები

    მისივე თქმით, როგორც ჩინეთის ლიდერმა სი ძინფინგმა აღნიშნა, გასული 10 წლის განმავლობაში ერისა და პარტიის ცხოვრებაში ისტორიული დატვირთვის მქონე სამი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. პირველი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან გავიდა 100 წელი. მეორე, დაიწყო ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის ახალი ერა. მესამე, განხორციელდა „ასწლეულის პირველი მიზანი“, კერძოდ, აღმოიფხვრა უკიდურესი სიღარიბე და დასრულდა „ზომიერად დოვლათიანი საზოგადოების“ ფორმირების პროცესი. ამ მომენტიდან, პარტიის ცენტრალური ამოცანაა, მთელ ერს თანამედროვე  და ძლიერი სოციალისტური სახელმწიფოს შენების გზაზე გაუძღვეს, რათა განხორციელდეს „ასწლეულის მეორე მიზანი“ -  ჩინური სტილის მოდერნიზაციის საშუალებით მიღწეულ იქნეს „ჩინელი ერის დიადი აღორძინება“.

    -         ჩინური სტილის მოდერნიზაცია

    მოდერნიზაცია მსოფლიოს ხალხების საერთო მისწრაფებაა. დღეს განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა ჯამში 1.1 მილიარდამდეა, ხოლო ჩინეთის მოსახლეობა 1.4 მილიარდს შეადგენს. ჩინეთის მოდერნიზებით მსოფლიოში განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა გაორმაგდება, რაც კაცობრიობის განვითარების ისტორიის სასწაული იქნება. სიტყვა „მოდერნიზაცია“ დასავლეთიდან მოდის და ერთ დროს იგი „დასავლურ გზასთან“ ასოცირდებოდა, მაგრამ მცდარია მისი „დასავლეთის ექსკლუზივად“ მიჩნევა. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში ბევრმა ქვეყანამ გადაიღო დასავლური მოდელი, შემოიღო ლიბერალური ეკონომიკა და დემოკრატიული არჩევნები, თუმცა მათ ორმაგი - პოლიტიკური და ეკონომიკური მარცხი განიცადეს. რაში შეცდნენ ისინი? ბოლო-ბოლო რა არის მოდერნიზაციის გასაღები? ჩინეთს ყოველთვის მიაჩნდა, რომ მოდერნიზაცია დასავლური მოდელის უსიტყვოდ მიღებას სულაც არ ნიშნავს. მხოლოდ საკუთარი ეროვნული პირობების შესაბამისი მოდერნიზაცია შეიძლება იყოს სწორი. მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, რთული ბუნებრივი პირობები და შეზღუდული რესურსები ჩინური მოდერნიზაციის თავისებურებებს განაპირობებს და საკუთარი გზით მოდერნიზაციას აუცილებელს ხდის. 

    ჩინეთში უკვე დიდი ხანია, რაც არსებობს ე.წ. „ოთხი მოდერნიზაციის“ კონცეფცია, რაც გულისხმობს მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოდერნიზაციას. ეს კონცეფცია ქვეყნის ჩამორჩენილი მდგომარეობიდან გამომდინარეობდა  და საწარმოო ძალის განვითარებას ისახავდა მიზნად. პარტიის მე-18 ყრილობის მე-3 პლენუმზე სი ძინფინგმა მეხუთე - „ქვეყნის მმართველობის სისტემისა და მართვის შესაძლებლობების მოდერნიზაციის“ იდეა წამოაყენა, რაც მიზნად ისახავს „ოთხი მოდერნიზაციის“ შემდგომი განვითარებისათვის დაბრკოლებების შემცირებას.

    ჩინური სტილის მოდერნიზაცია არის სოციალისტური მოდერნიზაცია, რომელსაც  ჩინეთის კომუნისტური პარტია ხელმძღვანელობს. გარდა იმისა, რომ იგი მოიცავს  სხვა ქვეყნების მოდერნიზაციისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, ჩინეთის ეროვნული პირობების შესაბამისი თავისებურებებით გამოირჩევა. ეს არის მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მოდერნიზაცია, კეთილდღეობა ყველასთვის, მატერიალური და სულიერი განვითარება, ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონია და მშვიდობიანი განვითარება. ჩინური სტილის მოდერნიზაცია დასავლურისგან განსხვავებულია. იგი უარს ამბობს დასავლეთის ქვეყნების მოდერნიზაციის ძველ გზაზე, რომელიც საგარეო ექსპანსიას, კოლონიების ექსპლუატაციას და მონებით ვაჭრობას ეფუძნებოდა. იგი კაცობრიობას მოდერნიზაციის ახალ გზას აჩვენებს. ჩინური სტილის მოდერნიზაცია ხელს შეუწყობს „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ და ახალი ფორმის ადამიანური ცივილიზაციის შექმნას.

    -         მთელი პროცესის სახალხო დემოკრატია

    თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები კაცობრიობის და ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთო მისწრაფებაა. რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის ორმოცწლიან პერიოდში, ჩინეთმა ორი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ესენია სწრაფი ეკონომიკური განვითარება და გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობა. ამ მონაპოვრის უკან „მთელი პროცესის სახალხო დემოკრატია“ დგას. სი ძინფინგმა მეოცე ყრილობის ანგარიშში აღნიშნა, რომ „მთელი პროცესის სახალხო დემოკრატია“ სოციალისტური დემოკრატიის არსებითი თავისებურებაა. ეს არის დემოკრატიის ყველაზე ფართო, ჭეშმარიტი და  ეფექტური ფორმა“. ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ თავს დემოკრატიის მამამთავრად მიიჩნევს და სხვების მიმართ უსაფუძვლო მითითებების გაცემას არ ერიდება. ჩვენი აზრით, ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი შემდეგი ოთხი კრიტერიუმით ფასდება: 1. აქვს თუ არა ხალხს ხმის მიცემის და პოლიტიკაში ფართო მონაწილეობის უფლება; 2. საარჩევნო პროცესში რა სახის ზეპირი დაპირებები მიიღო ხალხმა, ხოლო არჩევნების შემდეგ მათგან რამდენი შესრულდა; 3. რა პროცედურები და წესები არის კანონითა და რეგულაციებით განსაზღვრული და რამდენად მკაცრად სრულდება ისინი; 4. ძალაუფლების აღსრულების პროცედურები და რეგულაციები რამდენად არის დემოკრატიული და მისი ზედამხედველობა და შეზღუდვა სინამდვილეში რამდენად შეუძლია ხალხს. ჩვენ ვამაყობთ, რომ „მთელი პროცესის სახალხო დემოკრატია“ ჩინეთის ეროვნულ პირობებს, ისტორიასა და კულტურას ეფუძნება და ხალხის ნებას ასახავს. 

    მეოცე ყრილობის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ჩვენ გავაუმჯობესებთ ინსტიტუციურ სისტემას, რათა ქვეყნის მართვა იყოს ხალხის ხელში, ხელს შევუწყობთ ხალხის თანმიმდევრულ ჩართულობას პოლიტიკაში, კანონის შესაბამისად ვუზრუნველყოფთ ხალხის მონაწილეობას დემოკრატიულ არჩევნებში, კონსულტაციებში, გადაწყვეტილების მიღებაში, მართვასა და ზედამხედველობაში, გავზრდით მასების მოტივაციას, ინიციატივასა და კრეატიულობას. ჩინეთი „მთელი პროცესის სახალხო დემოკრატიას“ განახორციელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაუმჯობესებით, საკონსულტაციო დემოკრატიის განვითარებით, ფართო მასების დონეზე დემოკრატიის ხელშეწყობით და ერთიანი პატრიოტული ფრონტის კონსოლიდირებით.

    -         ჩინეთის საგარეო პოლიტიკა

    ჩინეთი ახორციელებს დამოუკიდებელ და სუვერენულ სამშვიდობო საგარეო პოლიტიკას, საკუთარ პოზიციას და პოლიტიკას მუდამ საქმის არსებითი ვითარებიდან გამომდინარე განსაზღვრავს, იცავს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს, საერთაშორისო მიუკერძოებლობასა და სამართლიანობას. ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მიზანია მსოფლიოში მშვიდობის დაცვა და საერთო განვითარების ხელშეწყობა. ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა ქვეყანა განურჩევლად სიდიდისა, სიძლიერისა თუ სიმდიდრისა, თანასწორუფლებიანია. ჩინეთი პატივს სცემს ქვეყნების მიერ დამოუკიდებლად არჩეულ განვითარების გზასა და სოციალურ წყობას. იგი მტკიცედ ეწინააღმდეგება ჰეგემონიზმისა და ძალისმიერი პოლიტიკის ნებისმიერ ფორმას, ცივი ომის მენტალიტეტს, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევასა და ორმაგ სტანდარტებს.

    ბევრ ქართველს აინტერესებს ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის მშვიდობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და იმედი გვაქვს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგება. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია ე.წ. „ოთხ აუცილებლობას“ ეფუძნება. აუცილებელია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის ლეგიტიმური წუხილის გათვალისწინება, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის ყველა ძალისხმევის მხარდაჭერა. 

    სი ძინფინგმა გერმანიის კანცლერთან და შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბოლო დროს გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ ისაუბრა უკრაინის საკითხზე, რა დროსაც მან წამოაყენა რეკომენდაცია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ოთხი მიმართულებით ერთობლივად უნდა იმუშაოს. პირველ რიგში, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების ყველა მცდელობას, მოუწოდოს შესაბამის მხარეებს, გამოიჩინონ გონივრულობა და თავშეკავება, რაც შეიძლება მალე დაამყარონ პირდაპირი კონტაქტი, რათა შეიქმნას პირობები მოლაპარაკებების აღსადგენად. მეორე, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთობლივად უნდა შეეწინააღმდეგოს ბირთვული იარაღის გამოყენებას ან გამოყენების მუქარას, არ უნდა დაუშვას ბირთვული იარაღის გამოყენება, რადგან ბირთვულ ომში გამარჯვებული არ არსებობს. მესამე, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივად უნდა უზრუნველყოს გლობალური სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა, ერთობლივად უნდა აღმოფხვრას ენერგეტიკის, სურსათის და სხვა მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობაში შექმნილი დაბრკოლებები და ხელი შეუწყოს გლობალური ეკონომიკის, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის აღდგენას. მეოთხე, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივად უნდა უზრუნველყოს ზამთრის პერიოდში კრიზისულ ზონებში მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარება, უნდა გაუმჯობესდეს ჰუმანიტარული პირობები, თავიდან უნდა ავიცილოთ უფრო მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისები. სი ძინფინგმა ასევე აღნიშნა, რომ ისეთი გლობალური და კომპლექსური კრიზისის პირობებში, როგორიცაა უკრაინის კრიზისი, სამ რამეზე განსაკუთრებით ღირს დაფიქრება: პირველი, კონფლიქტებსა და ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ; მეორე, რთული პრობლემის მარტივად გადაწყვეტის გზა არ არსებობს; მესამე, აუცილებელია დიდ ქვეყნებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილება. ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენას და იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები, ნატო და ევროკავშირი რუსეთთან დიალოგს დაიწყებენ.

    -         გახსნილობის პოლიტიკა და გლობალური განვითარების ინიციატივა

    დღეს სამყარო, ეპოქა და ისტორია უპრეცედენტო მეთოდებით იცვლება. კოვიდ-19 ვირუსი აგრძელებს გავრცელებას, სახეზე გვაქვს მსოფლიო ეკონომიკის სიმყიფე, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, გლობალური მმართველობის სერიოზული ნაკლებობა, საკვების, ენერგიის და სხვა მრავალი კრიზისი, გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებას შეექმნა დაბრკოლება, იზრდება განხეთქილება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, კაცობრიობა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მსოფლიო კიდევ ერთხელ ისტორიის გზაჯვარედინზეა და თუ საით წავა, ყველა ქვეყნის არჩევანზეა დამოკიდებული. ასეთ კრიტიკულ მომენტში, ჩინეთი გააგრძელებს გახსნილობის სახელმწიფო პოლიტიკას, ურთიერთსარგებლიანი გახნსილობის სტარტეგიას, საკუთარი განვითარებით მსოფლიოში ახალი შესაძლებლობების შექმნას, ღია გლობალური ეკონომიკის შენების ხელშეწყობას, რაც მეტ სარგებელს მოუტანს ყველა ერს. 

     1978 წელს რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის დაწყებისას, თუ ქვეყნის მშპ 150 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 17.73 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2013-2021 წწ. ჩინეთის საშუალო წვლილი მსოფლიო ეკონომიკის ზრდაში 38.6% იყო. იგი ზედიზედ რვა წელია, რაც სავაჭრო ბრუნვით პირველ ადგილზეა მსოფლიოში და მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ბაზრის სტატუსსაც მოიპოვებს.  უდავოა, რომ იგი მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მოწინავე ძალაა. ჩინეთი ხელს უწყობს ეკონომიკური გლობალიზაციის სწორი მიმართულებით განვითარებას, ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას, ორმხრივ, რეგიონულ და მრავალმხრივ თანამშრომლობას, საერთაშორისო მაკროეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციას, განვითარებისთვის ხელსაყრელი საერთაშორისო გარემოს შექმნას და გლობალურ განვითარების სტიმულირებას. ჩვენ ვეწინააღმდეგებით პროტექციონიზმს, „კედლებისა და ბარიერების აშენებას“, „კავშირებისა და ჯაჭვების გაწყვეტას“, ცალმხრივ სანქციებს და უკიდურეს ზეწოლას. ჩინეთი მზად არის მეტი რესურსი ჩადოს გლობალური განვითარების თანამშრომლობაში, რათა შემცირდეს განხეთქილება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის და დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს სწრაფად განვითარებაში. ბოლო წლებში ჩინეთი მუდმივად უზრდის დახმარებას განვითარებად ქვეყნებს. სახელმწიფო საბჭოს მონაცემებით, ჩინეთმა ყოველგვარი პოლიტიკური პირობების გარეშე დახმარება გაუწია 160-ზე მეტ ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას. განვითარებადი ქვეყნებისთვის აღმოჩენილმა დახმარებამ 40 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და ბევრი სფერო მოიცვა, მათ შორის, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და ა.შ. რაც მთავარია, ამას დიდი სარგებელი მოაქვს განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისთვის.

    სი ძინფინგის მიერ წამოყენებული „გლობალური განვითარების ინიციატივა“ ითვალისწინებს საერთო განვითარების გრძელვადიან მიზნებსა და პრაქტიკულ საჭიროებებს, განვითარების ხელშეწყობაზე საერთაშორისო კონსენსუსის ჩამოყალიბებას, გლობალური განვითარებისთვის ახალი იმპულსის შექმნას და ქვეყნების საერთო განვითარებისა და პროგრესის ხელშეწყობას. ინიცირებიდან ერთ წელში „გლობალური განვითარების ინიციატივის მეგობრობის ჯგუფს“ სამოცზე მეტი ქვეყანა შეუერთდა. ჩვენ შევქმენით გლობალური განვითარებისა და სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის ფონდი, მომავალში გავზრდით ჩინეთ-გაეროს მშვიდობისა და განვითარების ფონდის დაფინანსებას. ჩვენ მოვამზადებთ პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხთა სიას, შევქმნით პროექტების ღია ბაზას და ინიციატივის ხელშეწყობის საგზაო რუკას. ჩვენ 100-ზე მეტ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ხელს შევუწყობთ ინიციატივის განხორციელებას, რაც გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებასაც უზრუნველყოფს. მიმდინარე წლის სექტემბერში, სახელმწიფო მრჩეველმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ნიუ-იორკში „გლობალური განვითარების ინიციატივის მეგობრობის ჯგუფის“ მინისტერიალს უმასპინძლა, რომელზეც პროექტების პირველი სია გამოქვეყნდა. ინდონეზიაში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ჩვენ წარვადგინეთ 15 პროექტი და დამატებით კიდევ 5 პროექტში ჩავერთეთ. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ დიდი ოცეულის წევრებთან ამ პროექტების განსახორციელებლად. 

    განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობები ჩინეთის საგარეო პოლიტიკის საფუძველია. ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებად ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთან თანადგომას. გლობალური განვითარების ინიციატივა ხაზს უსვამს, რომ განვითარების პროცესს არცერთი ქვეყანა და არცერთი ერი არ უნდა გამოაკლდეს. ჩინეთი გააგრძელებს პასუხისმგებელი დიდი ქვეყნის როლის შესრულებას, ხელს შეუწყობს გლობალური განვითარების ინიციატივის ყოველმხრივ განხორციელებას, აქტიურად ჩაერთვება საერთაშორისო თანამშრომლობაში, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იმუშავებს მაღალი დონის პარტნიორობის შესაქმნელად და მისი სწორი მიმართულებით გასავითარებლად, ხელს შეუწყობს კეთილდღეობისა და განვითარების ახალი ეპოქის დადგომას. ჩინეთი და საქართველო ორივე განვითარებადი ქვეყანაა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ჩართულობას გლობალური განვითარების ინიციატივაში, რათა ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობამ მეტი კეთილდღეობა მოუტანოს ორ ერს.

    მეგობრებო, ჩინეთი, რომელიც მუდამ მოდერნიზაციისკენ მიდის, მთელი მსოფლიოსთვის აუცილებლად ბევრ ახალ შესაძლებლობას შექმნის და საერთაშორისო თანამშრომლობას მეტ იმპულსს შესძენს. იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კაცობრიობის პროგრესში. ჩინეთი მზადაა გაუზიაროს საქართველოს სახელმწიფო მმართველობისა და მოდერნიზაციის კუთხით დაგროვილი დიდი გამოცდილება. ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა და თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდეს. ამით ჩემი პრეზენტაცია მე-20 ყრილობასთან დაკავშირებით დასრულებულია. მზად ვარ ამ თემაზე დიალოგისთვის", - განაცხადა ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა.

    ელჩის გამოსვლის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა მას სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე კითხვები დაუსვეს. ბატონმა ჭოუ ციენმა ჟურნალისტების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა, რისთვისაც დამსწრე საზოგადოების მხრიდან მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

     

  • საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ედუარდ აღაჯანიანს შეხვდა.

    მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს.

    ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელისმოწერით დაადასტურეს.

    საუბრის თემას წარმოადგენდა ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

    „საქართველოს პარლამენტში ხელი მოეწერა საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ახალ დონეზე აიყვანს ორ კომიტეტს შორის საპარლამენტო თანამშრომლობას და მას მისცემს ინსტიტუციონალურ სახეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ წელს ვზეიმობთ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს თუმცა, საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული ურთიერთობები არა 30 წელს არამედ, რამდენიმე ათეულ საუკუნეს ითვლის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

    მისი თქმით, მემორანდუმის ფარგლებში, ორი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები ერთობლივ სხდომებს გამართავენ და ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ.

    მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ ასეთი შეხვედრები ორივე ქვეყანას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს და როგორც საკანონმდებლო ორგანოებს შორის, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობებს გააღრმავებს.

    „საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა არის სტრატეგიული მნიშვნელობის, რაც დაფიქსირებულია სომხეთის მთავრობის 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები და გაფორმებული მემორანდუმი ერთგვარი სტიმული იქნება ურთიერთობების გაღრმავებისთვის. შეხვედრისას, ჩვენ განვიხილეთ რეგიონის უსაფრთხოების საკითხები. სომხეთი დაინტერესებულია რეგიონის უსაფრთხოებით. ამ კონტექსტში საქართველოს და სომხეთს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა სწორედ ამ უსაფრთხოების გარანტია. ჩვენი ქართველი კოლეგების მიერ გამოითქვა მზაობა და გულწრფელი ნება, რომ სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში საქართველომ მედიატორის როლი შეასრულოს“, - განაცხადა ედუარდ აღაჯანიანმა.

    დღეს გამართულ შეხვედრაში ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად, კომიტეტების წევრებიც მონაწილეობდნენ.

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს,  გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო იყწყება.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული მტკიცე თანამშრომლობა აუცილებელი გზაა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. 

    შეხვედრაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, ისევე როგორც სამმხრივი (აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო) თანამშრომლობის ფორმატის შემდგომ განვითარებას.  
    ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხები განიხილეს და ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2023 წლის გეგმას. 

    შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

    პირისპირ შეხვედრამდე, თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართა.

    დღესვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირჰასანოვმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრება.

  • პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, ზ. ჰასანოვს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.

    მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს.
    ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოში. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს და არსებულ უდიდეს პოტენციალს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.
    საუბარი შეეხო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას ხალხთა კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარებისთვის. პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, მომავალშიც, ყველა შესაძლო გზით, ხელი შეუწყოს დიალოგს ორ მეზობელ ქვეყანას შორის.
    ყურადღება დაეთმო ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებულ „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას”, რომელშიც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც არიან ჩართულები.
    მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
    მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობა დარგობრივ უწყებებს შორის და რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები.
    აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეო თარიღია, ვინაიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელი სრულდება.
    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელჰან იბრაჰიმოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ესწრებოდნენ.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური