საქართველოს პარლამენტის წევრების, ს. სუბარის, დ. ხუნდაძის, გ. მაჭარაშვილისა და მ. ყაველაშვილის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2022 12:31

საქართველოს პარლამენტის წევრებმა, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა დღეს მორიგი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ორიოდე დღის წინ, რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა წერილი საქართველოში მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ. საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ამ წერილში შეიძლება დიდი სიახლე არც არაფერი ყოფილიყო. პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ღრმად ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, როგორ შეიყვანა 90-იანი წლების ბოლოდან ამერიკის საელჩომ შევარდნაძის იძულებითი თანხმობით თავისი ხალხი თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ მოსაწყობად როგორ შეიქმნა და აღიჭურვა ათეულობით ენჯეო და რევოლუციის შემდეგ როგორ ჩამოყალიბდა ხელისუფლების ვერტიკალი, რომელიც 2004-12 წლებში საელჩოს სრულ კონტროლს ექვემდებარებოდა.

შესაბამისად, თუ 80-იან და 90-იან წლებში საქართველოს სუვერენიტეტს მთავარ საფრთხეს „კაგებეშნიკები“ და რუსული სპეცსამსახურების აგენტები უქმნიდნენ, 2000-იან წლებში რუსულ აგენტურასთან ერთად სუვერენიტეტისთვის სერიოზულ პრობლემად ამერიკული აგენტურაც იქცა. მეტიც, აგენტურის სიას თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ არაერთ შემთხვევაში კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ამერიკულ სპეცსამსახურებში პირდაპირ რუსული სპეცსამსახურებიდან ამოყვეს თავი. ეს ფაქტი თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ აგენტი სხვა სახელმწიფოს სამსახურში არა მისი პოლიტიკური ორიენტაციის, არამედ მხოლოდ უპრინციპობისა და უსამშობლობის გამო დგება.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სიახლე ვერც ის იქნება, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსული ხელისუფლების მთავარი ლიდერები და იდეოლოგები ამერიკულ აგენტურაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, 2013 წელს ორი მათგანი სწორედ საელჩოს დაჟინებული თხოვნით გადაურჩა დაჭერას, როდესაც პროკურატურას მათზე სრულიად უნაკლო სისხლის სამართლის საქმეები ჰქონდა გამზადებული. ენჯეოების რამდენიმე ყოფილი და მოქმედი ლიდერის აგენტობაზე საზოგადოებას, ვფიქრობთ, თავისი მკაფიო წარმოდგენა აქვს შექმნილი. აგენტურა საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი 2012 წლის სამთავრობო კოალიციაშიც, რის გამოც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას ამერიკელები მაშინ შედარებით მარტივად შეეგუენ.

დღეისათვის, ამ ადამიანების უმეტესობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სხვა რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებშია გადანაწილებული. მათგან ზოგიერთი ჯერჯერობით შედარებით დაბალი ჩინის აგენტები უნდა იყვნენ, თუმცა, ვხედავთ, რომ დაწინაურებისთვის ისინი მაქსიმუმს კადრულობენ.

ბუნებრივია, მიამიტები ვერ ვიქნებოდით და იმის ილუზია ვერ გვექნებოდა, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აგენტურის ქსელის გარეშე იმოქმედებდა. აქ საყურადღებო ორი ფაქტია:

პირველი, გზავნილი იმის შესახებ, რომ მხოლოდ რუსეთის აგენტია ცუდი და ამერიკის აგენტი კარგია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე პირდაპირი ფორმითაც კი შემოგვაპარეს, სრულიად მიუღებელია. პარტნიორი სახელმწიფოს აგენტობა ზუსტად ისეთივე სამშობლოს ღალატი და უღირსი ქმედებაა, როგორიც ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტობა. შესაბამისად, ამერიკელების მიერ აგენტურის ქსელის შექმნას გარკვეული რაციონალური ახსნა თუ აქვს, ქართველების აგენტობას იოტისოდენა გამართლებაც ვერ ექნება;

მეორე, განსაკუთრებით შემაშფოთებელი ისაა, რომ საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებენ. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ამ საქმეში აგენტები საელჩოს მხოლოდ ბრმად მიყვებიან და ქვეყანას შეგნებულად არ ვნებენ. ეს ფაქტი აგენტების უღირსობას განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს.

აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენს მიერ ნახსენებ წერილში გამოქვეყნებული აგენტურის სია მცირე კორექტირებას საჭიროებს და არასრულია. ამასთან, აღნიშნულ სიაში მხოლოდ იმ ადამიანების გვარებია მოცემული, რომელთა უმეტესობის აგენტობა საზოგადოებაში რაიმე არსებითი დისკუსიის საგანი ვერ გახდება. საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას მივაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ მეტ ინფორმაციას აგენტების თემაზე, რათა საზოგადოებას ჰქონდეს რაც შეიძლება ფართო ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც არა საკუთარი, არამედ სხვა სახელმწიფოს სამსახურში დგანან.

ამ შემთხვევაშიც, ჩვენი მიზანი არა ვინმეს პერსონალური მხილება, არამედ ხალხისთვის სიმართლის გაზიარება და ამით, ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვაა, რაც ქართული საზოგადოებისადმი ჩვენი მთავარი დაპირება იყო. ღრმად გვწამს, რომ არსებული საფრთხეების განეიტრალება მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალით არის შესაძლებელი", - აღნიშნულია განცხადებაში.

წაკითხულია 114 ჯერ

Related items

  • გერმანიის პარლამენტის 2023 წლის საერთაშორისო სტიპენდიის კანდიდატთა შესარჩევი დელეგაციის ვიზიტი

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი გია ვოლსკი და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ანრი ოხანაშვილი 2022 წლის 5 დეკემბერს თბილისში გერმანიის პარლამენტის (ბუნდესთაგის) დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.

    დელეგაცია, რომელსაც ბუნდესთაგის წევრი, ბატონი კრისტიან ჰააზე ხელმძღვანელობს, თბილისს საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) კანდიდატების შესარჩევად ეწვევა.

    ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდება პოლიტიკის, ეკონომიკისა და განათლების სფეროების წარმომადგენლებს.

    საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია ასზე მეტ სტიპენდიატს 50 ქვეყნიდან საშუალებას აძლევს, 2023 წლის მარტის დასაწყისიდან იმავე წლის ივლისის ბოლომდე გაეცნონ გერმანიის საპარლამენტო სისტემას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს პოლიტიკური პროცესებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესების უშუალოდ გაცნობა. სტიპენდიატები მუშაობენ ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროში და პარალელურად ესწრებიან ლექცია-სემინარებს ბერლინის უნივერსიტეტებში. პროგრამა ხორციელდება გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტის, ქალბატონ ბერბელ ბასის პატრონაჟით და ბერლინის სამ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. სამოგზაურო, დაბინავებისა და დაზღვევის ხარჯებს ყოველთვიურ სტიპენდიასთან ერთად იხდის გერმანიის პარლამენტი.

    დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე http://www.bundestag.de/ips

  • პარლამენტში საქართველოში სტუმრად მყოფ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლეს

    დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაზარალებულთა ოჯახებიდან საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს უმასპინძლა.

    მიღებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

    „მიხარია, რომ საქართველოს პარლამენტის სახელით შემიძლია მოგესალმოთ საქართველოს პარლამენტში. მიხარია, რომ თქვენი თვალები ასე ბრწყინავს იმ სიხარულით, რომელიც თქვენს ასაკში უნდა ჰქონდეს ადამიანს. ქართველმა ერმაც არაერთი განსაცდელი გამოიარა ბოლო ათწლეულებში. ჩვენც ბავშვობაში გვქონდა მომენტები, როდესაც არ იყო მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში. მაშინ ჩვენი თვალებიც ასე ბრწყინავდა მომავლის იმედით და ეს იმედები ყოველთვის მართლდება, ვინაიდან სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და თქვენი გმირი ქალების და კაცების დამსახურებით ეს სიკეთე გაიმარჯვებს იმ ბოროტებაზე, რომელიც დღეს არის უკრაინის ტერიტორიაზე აგრესორის სახით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    მისი თქმით, უკრაინელი ხალხის ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და აგრესიას და აგრესორს შესაბამისი პასუხი გაეცემა.

    „თქვენ ახლა გაქვთ შესაძლებლობა რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ცოტა განიტვირთოთ, იფიქროთ იმაზე, თუ რამდენად ლამაზია ეს ცხოვრება და ეს სილამაზე რა მალე აღდგება უკრაინაში სწორედ იმ გმირი ხალხის დამსახურებით, რომელიც დღეს იბრძვის არამარტო საკუთარი, არამედ ბევრი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და იმისთვის, რომ ერთხელ და საბოლოოდ აგრესიას და აგრესორს გაეცეს პასუხი. გმირი უკრაინელი ქალები და კაცები, რომლებიც დღეს ფრონტის წინა ხაზზე არიან იბრძვიან სწორედ ამ იდეისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს სიტყვით მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.

    „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივით, ჩვენ ვიყავით მსოფლიოში მეორე საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც ყველაზე ცხელ დღეებში ირპენს, ბუჩას, კიევს და სხვა რეგიონებს ეწვია. მოგესალმებით ამ გმირი ქალაქების წარმომადგენლებს. ეს დიდი განსაცდელი ქართველმა ხალხმა ბევრჯერ იწვნია. ქართველი ხალხის ისტორია არის ბრძოლა მისი დამოუკიდებლობისათვის. სწორედ ეს გვაერთიანებს ჩვენ უკრაინელ ხალხთან. მე მინდა მადლობა ვუთხრა იმ გმირებს, რომლებიც ბრძოლის ველზე არიან. მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინელ ხალხს იმისათვის, რომ ისინი დღეს აკეთებენ ძალიან დიდ საქმეს თავისუფალი სამყაროსათვის“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

    დეპუტატმა მოწვეულ სტუმრებს მხარდაჭერა და დახმარებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

    „ვიდრე იქნება ეს მდგომარეობა, ომი, ყველა ადამიანი ვისაც ექნება საჭიროება, რომ საქართველოში ჰპოვოს საშველი და დახმარება, დიასპორის კომიტეტი და მე, მზად ვართ ყველას დავეხმაროთ“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

    მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

    „დღეს ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი იდეა, ეს არის დიდი სიყვარული, ცხოვრების და სიცოცხლის სიყვარული. დღევანდელი დღე მინდა, რომ დაგამახსოვრდეთ. გავა დრო და მოიგონებთ, რომ პარლამენტში მოგიწყვეს შეხვედრა. სულ ვფიქრობთ რა გავაკეთოთ, რომ საქართველოში ყოფნის პერიოდში ბედნიერები იყოთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

    დეპუტატებმა უკრაინელ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ღონისძიების შემდეგ სტუმრებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.

    დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია 30-ზე მეტ უკრაინელ, ომით დაზარალებულ სტუმარს მასპინძლობს. მათ შორის უმეტესობა მცირეწლოვანი ბავშვია. ბავშვების ერთი ნაწილი მრავალშვილიან, ხოლო ნაწილი - უკრაინაში ომით დაზარალებულთა და მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაღუპულთა ოჯახებს ეკუთვნიან. ბავშვები და მათი აღმზრდელები ირპენის, ბუჩის, ხერსონის, სამხრეთ ოდესის მკვიდრნი არიან.

    10 დღის განმავლობაში უკრაინელი ბავშვები და მათი აღმზრდელები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვევიან და ქართულ ისტორიულ, კულტურულ და ეთნოგრაფიულ თავისებურებებს გაეცნობიან. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ეწვევიან მთაწმინდის პარკს. ასევე, მოინახულებენ მცხეთას, დაათვალიერებენ თბილისის კულტურისა და ხელოვნების კერებსა და ისტორიულ ძეგლებს.

  • „ყოველი 5 სიკვდილიდან 1 დაკავშირებულია ალკოჰოლის მოხმარებასთან“

    ამერიკის შეერთებულ შტატებში, 20-დან 49 წლამდე ასაკის ყოველი 5 სიკვდილიდან 1 დაკავშირებულია ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებასთან. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ყოველთვიურ ღია ხელმისაწვდომ სამედიცინო ჟურნალ, JAMA Network Open-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ ხაზი გაუსვა ქვეყანაში ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებასთან დაკავშირებულ სიკვდილიანობას.

    კვლევაში ნათქვამია, რომ 20-49 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 5 სიკვდილიდან 1 დაკავშირებულია ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებასთან. დოქტორმა მარისა ესერმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ კვლევას, აღნიშნა, რომ ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებლები განსხვავდება შტატის მიხედვით.

    ესერმა აღნიშნა, რომ კვლევა ეფუძნება 2015 წლიდან 2019 წლამდე სახელმწიფო და ეროვნული სიკვდილის მონაცემებს. მისივე თქმით, ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა  ბოლო 10 წლის განმავლობაში გაიზარდა.

  • კახა ოქრიაშვილი: „ხელისუფლების მხრიდან ეს აუცილებელი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ არის მისაღები!“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    "ვეხმაურები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებს - DRG მოდელის დანერგვას (ფასების დაჯგუფება დიაგნოზის მიხედვით) და ფარმაცევტულ სფეროში რეფერენტული ფასების დაწესებას.

    არსებული ცვლილებები არ არის ის ძირეული რეფორმა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვას სჭირდება. დარგს და ქვეყანას ესაჭიროება საყოველთაო სავალდებულო დაზღვევა, ფარმაცევტული კომპონენტით, სადაც მაღალშემოსავლიანი ოჯახები სავალდებულო წესით შეიძენენ ჯანდაცვის საბაზისო საოჯახო პაკეტს. საშუალო და დაბალშემოსავლიან ოჯახებს კი, საოჯახო დაზღვევის პაკეტს შეუძენს სახელმწიფო, სრულად ან ნაწილობრივ, სპეციალური შკალით, ამ ოჯახების შემოსავლისდა მიხედვით.

    მიმაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არ წარმოადგენს მოსახლეობის ჯანდაცვის ძირეულ რეფორმას, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯია. მთავარია, რა განფასებებს შესთავაზებს ჯანდაცვის სამინისტრო დარგს.

    საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანდაცვაში (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ფარმაცევტული სექტორი)  ხარჯების 50 %-ზე მეტი მოდის სამედიცინო პერსონალის ხელფასებზე. რადგან ჯანდაცვის სისტემის მთავარი დამკვეთი არის საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც რეალურად არეგულირებს ფასებს, ამ ცვლილებამ უნდა მოიცვას ხელფასების რეგულაციაც. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გააკეთოს შესაბამისი გათვლები და შემოიღოს დაახლოებით ასეთი  სახელფასო ნიხრები:

    • ექთნის მინიმალური ანაზღაურება -  1 200 ლარიდან.
    • აფთიაქში დასაქმებული, უმაღლესი განათლების მქონე ფარმაცევტის ხელფასი -  1500-1800 ლარიდან.
    • ოჯახის ექიმის ხელფასი - 3 000 ლარიდან.

     ხელფასების ზრდის გარეშე, დარგში იქმნება კვალიფიციური სპეციალისტების მწვავე დეფიციტი. უკვე დღეს, კვალიფიციური ექთნების რაოდენობა ქვეყანაში არანაირ ნორმას არ შეესაბამება. რატომ: იმიტომ, რომ არ არის ღირსეული ანაზღაურება! კვალიფიციური ექთნები მიდიან საზღვარგარეთ, სადაც მათ სიამოვნებით იღებენ და მათი შემოსავალი 1000-დან 2000 ევრომდე მერყეობს.

    აქვე, მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადახედოს და შემოიღოს მინიმალური ხელფასის ცნება, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს და მისი ოდენობა განისაზღვროს 1000 ლარით. ასევე,  უნდა გაიზარდოს საარსებო მინიმუმის ოდენობა, რაც დღეს 250 ლარამდეა, არ არის რელევანტური და როგორც ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 600 ლარს.

    ვთვლი, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს აუცილებელი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ არის მისაღები!", - ნათქვამია განცხადებაში.   

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიმართვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს

    24 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტაინი კოქსს წერილობით მიმართა. აღნიშნულ მიმართვას "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს,
    ბატონ მარტინუს ტაინი კოქსს

    ბატონო პრეზიდენტო,

    საქართველოს პარლამენტსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა მაძლევს შესაძლებლობას, მოგმართოთ N2463-ე რეზოლუციის („უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“) თაობაზე, რომლის შესახებ დებატები 2022 წლის სესიაზე მიმდინარეობდა.
    რუსული აგრესიის გამო უკრაინისადმი ჩვენი სრული სოლიდარობის მიუხედავად, ქვემოთ მოცემული ცვლილების დამტკიცებამ საქართველოს დელეგაციის წევრებს არ მისცათ რეზოლუციის მხარდაჭერის შესაძლებლობა: „ასამბლეა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს ვლადიმირ ყარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ასამბლეა ასევე მოუწოდებს პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვას და მათ გათავისუფლებას რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში (მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის)“.
    ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნულ დამატებაში მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება (ა) ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას; და (ბ) ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში.
    ბატონი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ას განაჩენზე მეტი გამოიტანა, მათ შორის იყო 13 საქმე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის კონვენციის მეორე მუხლზე (სიცოცხლის უფლება), 34 საქმე მესამე მუხლზე (წამების აკრძალვა), 15 საქმე მეხუთე მუხლზე (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და 44 საქმე მეექვსე მუხლზე (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მეტიც, სასამართლო ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეში (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბ-მა სააკაშვილმა ხელი შეუშალა ეფექტიან გამოძიებას და სათანადო სასჯელის დაკისრებას.
    2004-2012 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს ყოფილმა კომისარმა და საქართველოში საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმებისა და ადამიანის უფლებების თაობაზე ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა, თომას ჰამარბერგმა 2013 წელს მოამზადა, წარმოადგენს სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში აღნიშნული კონვენციით დაცული უფლებების სისტემატური დარღვევების მტკიცებულებას. მასში იდენტიფიცირებულია საგანგაშო სიტუაცია სასამართლო, სასჯელაღსრულების, სამართალდამცავ სფეროებში, უმცირესობის უფლებების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის, სოციალური სამართლიანობის მიმართულებებში.
    საქართველოში ბატონი სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი სისხლის სამართლის ორ საქმეზე (ერთი ეხება ზემოთხსენებულ გირგვლიანის საქმეს, ხოლო მეორე - პარლამენტის ოპოზიციურ წევრ ვალერი გელბახიანზე თავდასხმის ორგანიზებას), სისხლის სამართლის სამი საქმე კი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია (2007 წლის 7 ნოემბერს ანტი-სამთავრობო პროტესტის დარბევის დროს და დამოუკიდებელი ტელემაუწყებლის, ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცების საქმეში უფლებამოსილების გადაჭარბება და ბოროტად გამოყენება; სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის თანხის გაფლანგვა; და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).
    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის მიერ ბატონი სააკაშვილის მოპყრობის საქმის განხილვაში მიღებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობდა „განსაკუთრებული გარემოებები“, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ადამიანის უფლებებთან და რომელიც მოითხოვდა სასამართლოსგან საქმის შესწავლის გაგრძელებას. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები სასჯელაღსრულების სისტემაში სრულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად არის დაცული.
    საქართველოს 2012 წლიდან აქვს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის კარგი ისტორია. აგრეთვე, ქვეყანა მჭიდროდ თანამშროლობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან მის მიერ გამოტანილი განაჩენების აღსრულების საქმეში. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 2004-2012 წლებთან შედარებით, 2013-2021 წლებში 5,5-ჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი საქმეები, რაც წარმოადგენს ქართული სასამართლოებისადმი გაზრდილი სანდოობის, მათი დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის შედეგს. აღნიშნული პროგრესი სათანადოდ იქნა აღნიშნული N2438-ე რეზოლუციაში („საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემა“), რომელიც ასამბლეამ 2022 წლის სესიაზე მიიღო.
    აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა.
    შესაბამისად, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მ. სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ჩვენს მცდელობებს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა.
    იმედს ვიტოვებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით.
    მზად ვართ, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
    პატივისცემით,
    შალვა პაპუაშვილი
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

ბიზნეს ნიუსი

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც...

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური