​საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2022 12:04

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მინისტრების მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი  გაიმართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო თურქეთის დელეგაციას - თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი. 
მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და  მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას, რაც მიმდინარე წელს საიუბილეო თარიღით - დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილით აღინიშნება. 
ხაზი გაესვა როგორც მაღალი დონის, ასევე დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკის ზრდის მნიშვნელობას. 
განსაკუთრებით აღინიშნა მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს რიგით მესამე სხდომის გამართვის მნიშვნელობა.
დეტალურად იქნა განხილული სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ასევე,  ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით. 
თურქეთის მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საბაჟო საკითხთა სფეროში ორ ქვეყანას შორის აქტიური ურთიერთქმედების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე, ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე. 
აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აქტიური თანამშრომლობისათვის და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა. სურვილი გამოითქვა პოლიტიკური კონსულტაციების მომავალში გაგრძელების თაობაზე.

წაკითხულია 136 ჯერ

Related items

  • თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები

    აზერბაიჯანში თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ორგანიზებულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში ღამის მისიები განხორციელდა.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შენაერთებმა გაანადგურეს წარმომადგენლობითი მტრის მანქანები და პირადი შემადგენლობა.

    აღინიშნა, რომ ჯარისკაცებმა გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი წვრთნებში, რომელიც მიზნად ისახავს ომის დროს ჯარების კოორდინაციის უზრუნველყოფას, მენეჯმენტის გაუმჯობესებას და გამოცდილების გაზიარებას.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება!

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებას და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფის მორიგ ფაქტს.

  • თურქეთის სტიპენდიები!

    ზოგადი ხასიათის ინფორმაცია

    თურქეთის სტიპენდიები უმაღლესი განათლების სტიპენდიების სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც  თურქეთის რესპუბლიკა გასცემს უცხოელ სტუდენტებზე. „თურქეთის სტიპენდიების“ უპირველესი მიზანია წარმატებული სტუდენტებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა მთელ მსოფლიოში. ამ პროგრამის მიზანია განავითაროს თურქეთსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მეცნიერება, ხელოვნება, ეკონომიკა, ლიტერატურა, თანამედროვე ტექნოლოგიები, არქიტექტურა და სხვ. რითაც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონულ და გლობალურ პროგრესში.

    თურქეთის უმაღლესი განათლების სტიპენდიების პროგრამა, „თურქეთის სტიპენდიების“ ბრენდის სახით ჩამოყალიბდა 2012 წელს. პროგრამა ხორციელდება საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების ადმინისტრაციის (YTB) კოორდინაციითა და ისეთი უწყებების ჩართულობით, როგორიცაა: საგარეო საქმეთა სამინისტრო, უმაღლესი სწავლის საბჭო, საერთო საცხოვრებელთა გაერთიანება, მიგრაციის მართვის გენერალური დირექტორატი და ა. შ.

    ქვეყნებს შორის სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოვებისა და განვითარების მიზნით  „თურქეთის სტიპენდიები“ უცხოელ სტუდენტების სთავაზობს თურქეთის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლას.

    „თურქეთის სტიპენდიებზე“ 2012 წელს დარეგისტრირდა დაახლოებით 42 ათასი მსურველი, ხოლო  2022 წელს მათი რაოდენობა გაიზარდა 165,691-მდე, 171 სხვადასხვა ქვეყნიდან. „თურქეთის სტიპენდიების“ ფარგლებში ყოველწლიურად 5000 უცხოელ სტუდენტს ეძლევა სტიპენდია. ამჟამად 15,000 სტიპენდიანტი  სწავლობს „თურქეთის სტიპენდიების“ პროგრამით.

    თურქეთის სტიპენდიები

    „თურქეთის სტიპენდიების“ პროგრამა მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალკომპონენტიანი. იგი მოიცავს: უნივერსიტეტში ჩარიცხვას, ყოველთვიურ სტიპენდიას, სწავლის გადასახადს,  ჯანმრთელობის დაზღვევას, საცხოვრებელს, თურქული ენის შესწავლას,  თვითმფრინავის ბილეთს, უფასოდ სხვადასხვა სახის სამეცნიერო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას.  

    ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა

    • ბაკალავრიატი: 1000 TL

    • მაგისტრატურა: 1.400 TL

    • დოქტორანტურა: 1.800 TL

    • მკვლევარი: 4000 TL

    თურქეთში ყოფნის პერიოდში, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სტუდენტები ისარგებლებენ სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პროფესიული პროგრამებითა და აქტივობებით. ასევე, მეცნიერებისათვის, მკვლევარებისა და საჯარო მოხელეებისათვის მოქმედებს სხვადასხვა მოდულები, რის მეშვეობითაც ისინი მიიღებენ სტუპენდიებს კვლევების ჩასატარებლად და თურქული ენის შესასწავლად.

    „თურქეთის სტიპენდიების“ პროგრამის მიზანია მიიზიდოს წარმატებული და კვალიფიციური სტუდენტები. მისცეს მათ სამედიცინო, ინჟინერიის, ჰუმანიტარული, თუ სოციალური მეცნიერებების ყველა საფეხურზე ხარისხიანი განათლება.

    რატომ თურქეთის სტიპენდიები?

    პროგრამა „თურქეთის სტიპენდიები“:

    • სხვა უმაღლესი სასწავლებლების სასტიპენდიო პროგრამებისგან განსხვავებით, ითვალისწინებს უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე ჩარიცხვას;

    • აფინანსებს უნივერსიტეტში სწავლას;

    • უზრუნველყოფს თურქული ენის შესწავლას მოსამზადებელ კურსებზე, რაც აკადემიური კვლევებისათვის ხელმისაწვდომს ხდის სხვადასხვა წყაროებსა და ყოველდღიური ცხოვრებას აუმჯობესებს;

    • უზრუნველყოფს ახლადჩამოსულ სტუდენტებს საცხოვრებლით;

    • 1-ჯერადად ანაზღურებს თვითმფრინავის ბილეთს სტუდენტის პირველად თურქეთში ჩასვლისას და სწავლის დასრულების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებისას;

    • ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაზღვევის მოცულობით პაკეტს.

    • გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისა, ითვალისწინებს ყოველთვიურ სტიპენდიებს ბაკალავრის საფეხურზე  1000 TL, მაგისტრატურაში 1.400 TL და დოქტორანტურაში 1,800 TL-ს ოდენობით.

    მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ვებ. გვერდზე: https://www.turkiyeburslari.gov.tr 

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში 16 ნოემბერს გამართა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს ევროპის საბჭოს დღის წესრიგში და მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს 26-ე კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადებისათვის, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.
    შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ  ვითარებაზე.
    ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების პრაქტიკის  მნიშვნელობას. 
    გამოითქვა დაინტერესება საქართველო-ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგიონში არსებული გარემოს გათვალისწინებით მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების თვალსაზრისით.
    მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.

  • გლობალური ჟურნალისტური საბჭოს ეგიდით, 2023 წ. თბილისში, დაგეგმილია სამხრეთკავკასიელი ჟურნალისტების შეხვედრის ჩატარება

    საქართველო-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები მრავალწლიან ისტორიას ითვლის, რაც ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ხალხის და მთავრობის დამსახურებაა. ეს ურთიერთობები დროთა განმავლობაში იხვეწებოდა, უმჯობესდებოდა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ისინი უმაღლეს ნიშნულზეა. ამ ურთიერთობების განვითარებას ასევე ხელს უწყობენ საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაციებიც, რომელთა შორისაც არის გლობალური ჟურნალისტური საბჭო (KGK.org.tr).

    27-30 ოქტომბერს თურქეთის ქ. ალანიაში, სასტუმრო EFTALIA hotel-მა უმასპინძლა გლობალური ჟურნალისტების საბჭოს გენერალურ ასამბლეას, გლობალურ მედია-სემინარს და გლობალური ჟურნალისტების საბჭოს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული მასმედიის წარმომადგენლებმაც. რაღა თქმა უნდა ქართველი ჟურნალისტების ვიზიტი თურქეთში განხორციელდა საქართველოში მოღვაწე თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიად საქართველოს“ და დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია “მუსიად საქართველოს“ ხელშეწყობით.

    „გულთბილად მივესალმები ჟურნალისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. სასიამოვნოა თქვენი ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში და იმედი გვაქვს, პროფესიონალური საქმიანობიდან გამომდინარე შევძლებთ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი, ერთობლივი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა გლობალური ჟურნალისტური საბჭოს (KGK)პრეზიდენტმა მეჰმეთ ალი დიმმა. მან ჟურნალისტებს გააცნო თანამედროვე თურქეთის მიღწევები და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა, მისი პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ხელმძღვანელობით აგრძელებს დემოკრატიულ წინსვლას და საერთაშორისო ასპარეზზე მტკიცედ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს.

    მისივე თქმით, საბჭო შეიქმნა იმ მიზნით, რომ ჩაატაროს კვლევები, რომლებიც ზრდის ჟურნალისტების პროფესიულ, სოციალურ და კულტურულ ღირებულებებს და აუმჯობესებს მათ დემოკრატიულ მისწრაფებას. ასევე სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს ყველა ქვეყანაში თურქეთის, ცენტრალური აზიის, კავკასიის, ბალყანეთის და ახლო აღმოსავლეთის ჩათვლით. „საბჭოს წარმომადგენლობა გააჩნია მსოფლიოს 52 ქვეყანაში“, - დაამატა მეჰმეთ ალი დიმმა. 

    გარდა ამისა, მედია-სემინარის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა უცხოური პრესის წარმომადგენლებთან. შეხვედრას KGK-ს უცხოეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ელშად ეივაზლი უძღვებოდა. მისი თქმით, მომავალ წელს თბილისში დაგეგმილია სამხრეთკავკასიელი ჟურნალისტების შეხვედრა. ხოლო სტამბულში ერთმანეთს უკრაინელი და რუსი ჟურნალისტები შეხვდებიან.

    აქვე ალბანეთის წარმომადგენელმა ანისა ბაჰიტიმ განაცხადა, რომ მას აქვს სურვილი და შესაძლებლობა მომავალ წელს ალბანეთში უმასპინძლოს KGK-ს ერთ-ერთ ღონისძიებას, რასაც მონაწილეების მხრიდან სრული მხარდაჭერა ხვდა წილად.

    ამ მეტად დატვირთული და ემოციებით აღსავსე დღეების განმავლობაში შესაძლებლობა მოგვეცა მჭიდრო კომუნიკაცია გვქონოდა ჩვენს თურქ კოლეგებთან სხვადასხვა ფორმატში და უამრავი საინტერესო სიახლე გაგვეგო ერთმანეთის შესახებ, გაგვეცვალა აზრები, შთაბეჭდილებები, შეხედულებები, გამოგვეხატა სამომავლო შესაძლო თანამშრომლობის სურვილი და უბრალოდ ის, რომ კონტაქტი შეგვენარჩუნებინა, რათა ეს ძალისხმევა და შესანიშნავი გაცნობითი სტარტი ეფექტურ კომუნიკაციაში გადავზარდოთ. 

    სასტუმრო LONICERA World-ში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ თურქეთის ოფიციალური პირები - ალანიის რაიონის გუბერნატორი ფატიჰ ურკმეზერი, ალანიის მერის მოადგილე ფეიზი ალაეტინოღლუ, ოლქის ჟანდარმერიის მეთაური ენგინ ბურაკ მინდივანლი, ალანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ALTSO) ვიცე პრეზიდენტი ფატმა ტაშპინარი, Alanyaspor კლუბის პრეზიდენტი ჰასან ჩავუშოღლუ, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საღამო პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა 20-მდე თურქული და TRNC არხიდან.

    გალა ვახშამი და დაჯილდოების ცერემონიალი Lonicera World Hotel Ballroom-ში დაიწყო ცნობილი თურქი ჟურნალისტის ბენან კეპსუტლუს თურქული და ინგლისური პრეზენტაციით. პროგრამის გახსნის სიტყვით გამოვიდნენ KGK-ს პრეზიდენტი მეჰმეთ ალი დიმი და სხვა ოფიციალური პირები.

    სიტყვით გამოსვლისას KGK-ს პრეზიდენტმა მეჰმეთ ალი დიმმა განაცხადა, რომ გალა-ღონისძიებას დაესწრო KGK-ს 156 წევრი 58 ქვეყნიდან, რომელთაგან 21 უცხოელია. მან ასევე დაამატა, რომ ისინი ბოლო წლებში რეგიონული ძალისგან გლობალურ ძალად იქცნენ.

    მისივე თქმით: ”რადგან ჩვენ ვართ ორგანიზებულნი მთელ თურქეთში, არ არსებობს პროვინცია, რომელიც გვაკლია ამ მომენტში. ამჟამად ჩვენს შორის არიან KGK-ს წარმომადგენლები 50 პროვინციიდან. გარდა ამისა, ახლა ჩვენს შორისაა 21 ჩვენი წარმომადგენელი 58 ქვეყანაში“.

    უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამუშაო შეხვედრების პარალელურად, უზრუნველოფილი იყო კულტურული ღონისძიებებიც და მედია-სემინარის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ალანიის ღირშესანიშნაობებს და ადგილობრივ სამზარეულოს.

    KGK-ს საერთაშორისო ღონისძიების დასრულების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს შეხვედრა ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე და მუშაობის პროცესში ბევრი სიახლე შეიტყვეს, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ საქმიანობის კიდევ უფრო დახვეწაში.

    ავთანდილ ოთინაშვილი

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური