შალვა პაპუაშვილი: გლობალური პანდემიის დროს ჩვენმა დიასპორამ საკუთარ თავზე განსაკუთრებული ტვირთი აიღო

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 02 სექტემბერი 2022 12:40

„გლობალური პანდემიის დროს, ჩვენმა დიასპორამ საკუთარ თავზე განსაკუთრებული ტვირთი აიღო - მათ აიღეს პასუხისმგებლობა თანამემამულეებზე არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ, არამედ ქვეყნის ფარგლებშიც“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „წარმატებული ემიგრანტების“ დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა და „დიასპორის სახლს“ მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულია.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართულმა დიასპორამ COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს თანამემამულეებს განსაკუთრებული დახმარება გაუწია.

„მძიმე პერიოდი გავიარეთ პანდემიის გამო, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამ გამოწვევამ გვაჩვენა, თუ რამდენად მსხვრევადია სამყარო, რამდენად ადვილად შეიძლება, რომ ერთ დღეში შეიცვალოს ბევრი რამ, რაც ჩვეული ყოფის ნაწილი გვგონია. ეს იყო დიდი გამოწვევა მთლიანად მსოფლიოსთვის. ჩვენი ქვეყნისა და ერის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენმა დიასპორამ განსაკუთრებული ტვირთი აიღო საკუთარ თავზე. მათ, როგორც წარმატებულმა ექიმებმა ან როგორც მოხალისეებმა, იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ, აიღეს პასუხისმგებლობა საკუთარ თანამემამულეებზე. მართლაც, სასწაულის მომსწრენი ვიყავით, როდესაც ვაკვირდებოდით, როგორ მოხდა თვითორგანიზებით ამხელა ქსელის შექმნა, რომლის იმედი ჰქონდათ არა მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, არამედ საქართველოში მყოფ ადამიანებსაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დიასპორასთან აქტიურ კომუნიკაციაშია.

ამ კონტექსტში, შალვა პაპუაშვილმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბექა ოდიშარიას გადაუხადა მადლობა, რომელიც, მისივე თქმით, აქტიურად თანამშრომლობს დიასპორის წარმომადგენლებთან.

„საქართველოს პარლამენტი ცდილობს, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურ კომუნიკაციაში იყოს დიასპორასთან. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბექა ოდიშარიას, რომელიც პარლამენტის ხიდია ჩვენს დიასპორასთან და ამას პირადად ვგრძნობთ თითოეული დეპუტატი, მათ შორის, მეც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. მინდა, მადლობა გადავუხადო მას, რომ პარლამენტი ასე გაააქტიურა ამ სფეროში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წაკითხულია 130 ჯერ

Related items

  • პარლამენტში საქართველოში სტუმრად მყოფ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლეს

    დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაზარალებულთა ოჯახებიდან საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს უმასპინძლა.

    მიღებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

    „მიხარია, რომ საქართველოს პარლამენტის სახელით შემიძლია მოგესალმოთ საქართველოს პარლამენტში. მიხარია, რომ თქვენი თვალები ასე ბრწყინავს იმ სიხარულით, რომელიც თქვენს ასაკში უნდა ჰქონდეს ადამიანს. ქართველმა ერმაც არაერთი განსაცდელი გამოიარა ბოლო ათწლეულებში. ჩვენც ბავშვობაში გვქონდა მომენტები, როდესაც არ იყო მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში. მაშინ ჩვენი თვალებიც ასე ბრწყინავდა მომავლის იმედით და ეს იმედები ყოველთვის მართლდება, ვინაიდან სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და თქვენი გმირი ქალების და კაცების დამსახურებით ეს სიკეთე გაიმარჯვებს იმ ბოროტებაზე, რომელიც დღეს არის უკრაინის ტერიტორიაზე აგრესორის სახით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    მისი თქმით, უკრაინელი ხალხის ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და აგრესიას და აგრესორს შესაბამისი პასუხი გაეცემა.

    „თქვენ ახლა გაქვთ შესაძლებლობა რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ცოტა განიტვირთოთ, იფიქროთ იმაზე, თუ რამდენად ლამაზია ეს ცხოვრება და ეს სილამაზე რა მალე აღდგება უკრაინაში სწორედ იმ გმირი ხალხის დამსახურებით, რომელიც დღეს იბრძვის არამარტო საკუთარი, არამედ ბევრი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და იმისთვის, რომ ერთხელ და საბოლოოდ აგრესიას და აგრესორს გაეცეს პასუხი. გმირი უკრაინელი ქალები და კაცები, რომლებიც დღეს ფრონტის წინა ხაზზე არიან იბრძვიან სწორედ ამ იდეისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს სიტყვით მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.

    „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივით, ჩვენ ვიყავით მსოფლიოში მეორე საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც ყველაზე ცხელ დღეებში ირპენს, ბუჩას, კიევს და სხვა რეგიონებს ეწვია. მოგესალმებით ამ გმირი ქალაქების წარმომადგენლებს. ეს დიდი განსაცდელი ქართველმა ხალხმა ბევრჯერ იწვნია. ქართველი ხალხის ისტორია არის ბრძოლა მისი დამოუკიდებლობისათვის. სწორედ ეს გვაერთიანებს ჩვენ უკრაინელ ხალხთან. მე მინდა მადლობა ვუთხრა იმ გმირებს, რომლებიც ბრძოლის ველზე არიან. მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინელ ხალხს იმისათვის, რომ ისინი დღეს აკეთებენ ძალიან დიდ საქმეს თავისუფალი სამყაროსათვის“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

    დეპუტატმა მოწვეულ სტუმრებს მხარდაჭერა და დახმარებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

    „ვიდრე იქნება ეს მდგომარეობა, ომი, ყველა ადამიანი ვისაც ექნება საჭიროება, რომ საქართველოში ჰპოვოს საშველი და დახმარება, დიასპორის კომიტეტი და მე, მზად ვართ ყველას დავეხმაროთ“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

    მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

    „დღეს ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი იდეა, ეს არის დიდი სიყვარული, ცხოვრების და სიცოცხლის სიყვარული. დღევანდელი დღე მინდა, რომ დაგამახსოვრდეთ. გავა დრო და მოიგონებთ, რომ პარლამენტში მოგიწყვეს შეხვედრა. სულ ვფიქრობთ რა გავაკეთოთ, რომ საქართველოში ყოფნის პერიოდში ბედნიერები იყოთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

    დეპუტატებმა უკრაინელ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ღონისძიების შემდეგ სტუმრებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.

    დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია 30-ზე მეტ უკრაინელ, ომით დაზარალებულ სტუმარს მასპინძლობს. მათ შორის უმეტესობა მცირეწლოვანი ბავშვია. ბავშვების ერთი ნაწილი მრავალშვილიან, ხოლო ნაწილი - უკრაინაში ომით დაზარალებულთა და მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაღუპულთა ოჯახებს ეკუთვნიან. ბავშვები და მათი აღმზრდელები ირპენის, ბუჩის, ხერსონის, სამხრეთ ოდესის მკვიდრნი არიან.

    10 დღის განმავლობაში უკრაინელი ბავშვები და მათი აღმზრდელები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვევიან და ქართულ ისტორიულ, კულტურულ და ეთნოგრაფიულ თავისებურებებს გაეცნობიან. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ეწვევიან მთაწმინდის პარკს. ასევე, მოინახულებენ მცხეთას, დაათვალიერებენ თბილისის კულტურისა და ხელოვნების კერებსა და ისტორიულ ძეგლებს.

  • შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს ვალერი რაბოს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს ვალერი რაბოს შეხვდა.

    მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

    შალვა პაპუაშვილმა ფრანგ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. აგრეთვე, ესაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესზე და იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი ევროკავშირში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის შემდგომ ინტეგრაციას დაუჭერს მხარს.

    შეხვედრა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის ფარგლებში გაიმართა.

    საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

  • შალვა პაპუაშვილი: ყირიმის პლატფორმაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინის მიმართ

    „ყირიმის პლატფორმაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტების დელეგაციებმა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინის მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ხორვატიაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს.

    პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველომ იცის რას ნიშნავს რუსული აგრესია და რამდენად მნიშნელოვანია სათანადო რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

    „რაც შეხება ჩვენს დელეგაციას და ჩემს გამოსვლას, აქ საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე გვექნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია, როგორი იყო თავის დროზე შესაძლოა, არასათანადო რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და რა უნდა იყოს სწორი რეაგირება რუსულ აგრესიაზე. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც რამდენჯერმე განიცადა რუსული აგრესია და ძალიან კარგად ვიცით, როგორი უნდა იყოს სწორი რეაქცია. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გვექნება საუბარი იმაზე, თუ რას უნდა გულისხმობდეს თავის თავში სოლიდარობა უკრაინის მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის სესია გაიხსნა. სამიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

    ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში 32 პარლამენტის 43 დელეგაცია, 5 საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაცია და 26 პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს.

    ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები.

    საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიმართვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს

    24 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტაინი კოქსს წერილობით მიმართა. აღნიშნულ მიმართვას "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს,
    ბატონ მარტინუს ტაინი კოქსს

    ბატონო პრეზიდენტო,

    საქართველოს პარლამენტსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა მაძლევს შესაძლებლობას, მოგმართოთ N2463-ე რეზოლუციის („უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“) თაობაზე, რომლის შესახებ დებატები 2022 წლის სესიაზე მიმდინარეობდა.
    რუსული აგრესიის გამო უკრაინისადმი ჩვენი სრული სოლიდარობის მიუხედავად, ქვემოთ მოცემული ცვლილების დამტკიცებამ საქართველოს დელეგაციის წევრებს არ მისცათ რეზოლუციის მხარდაჭერის შესაძლებლობა: „ასამბლეა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს ვლადიმირ ყარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ასამბლეა ასევე მოუწოდებს პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვას და მათ გათავისუფლებას რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში (მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის)“.
    ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნულ დამატებაში მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება (ა) ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას; და (ბ) ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში.
    ბატონი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ას განაჩენზე მეტი გამოიტანა, მათ შორის იყო 13 საქმე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის კონვენციის მეორე მუხლზე (სიცოცხლის უფლება), 34 საქმე მესამე მუხლზე (წამების აკრძალვა), 15 საქმე მეხუთე მუხლზე (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და 44 საქმე მეექვსე მუხლზე (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მეტიც, სასამართლო ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეში (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბ-მა სააკაშვილმა ხელი შეუშალა ეფექტიან გამოძიებას და სათანადო სასჯელის დაკისრებას.
    2004-2012 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს ყოფილმა კომისარმა და საქართველოში საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმებისა და ადამიანის უფლებების თაობაზე ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა, თომას ჰამარბერგმა 2013 წელს მოამზადა, წარმოადგენს სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში აღნიშნული კონვენციით დაცული უფლებების სისტემატური დარღვევების მტკიცებულებას. მასში იდენტიფიცირებულია საგანგაშო სიტუაცია სასამართლო, სასჯელაღსრულების, სამართალდამცავ სფეროებში, უმცირესობის უფლებების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის, სოციალური სამართლიანობის მიმართულებებში.
    საქართველოში ბატონი სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი სისხლის სამართლის ორ საქმეზე (ერთი ეხება ზემოთხსენებულ გირგვლიანის საქმეს, ხოლო მეორე - პარლამენტის ოპოზიციურ წევრ ვალერი გელბახიანზე თავდასხმის ორგანიზებას), სისხლის სამართლის სამი საქმე კი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია (2007 წლის 7 ნოემბერს ანტი-სამთავრობო პროტესტის დარბევის დროს და დამოუკიდებელი ტელემაუწყებლის, ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცების საქმეში უფლებამოსილების გადაჭარბება და ბოროტად გამოყენება; სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის თანხის გაფლანგვა; და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).
    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის მიერ ბატონი სააკაშვილის მოპყრობის საქმის განხილვაში მიღებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობდა „განსაკუთრებული გარემოებები“, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ადამიანის უფლებებთან და რომელიც მოითხოვდა სასამართლოსგან საქმის შესწავლის გაგრძელებას. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები სასჯელაღსრულების სისტემაში სრულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად არის დაცული.
    საქართველოს 2012 წლიდან აქვს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის კარგი ისტორია. აგრეთვე, ქვეყანა მჭიდროდ თანამშროლობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან მის მიერ გამოტანილი განაჩენების აღსრულების საქმეში. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 2004-2012 წლებთან შედარებით, 2013-2021 წლებში 5,5-ჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი საქმეები, რაც წარმოადგენს ქართული სასამართლოებისადმი გაზრდილი სანდოობის, მათი დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის შედეგს. აღნიშნული პროგრესი სათანადოდ იქნა აღნიშნული N2438-ე რეზოლუციაში („საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემა“), რომელიც ასამბლეამ 2022 წლის სესიაზე მიიღო.
    აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა.
    შესაბამისად, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მ. სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ჩვენს მცდელობებს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა.
    იმედს ვიტოვებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით.
    მზად ვართ, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
    პატივისცემით,
    შალვა პაპუაშვილი
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

  • პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს
    პარლამენტი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს.
    ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს ემატება.
    „უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც , რომ შევაქოთ საქართველოს მთავრობა, რომელმაც შეძლო,რომ დაგეგმილზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დაგეგმილზე მეტი შემოსავალი გვაქვს ბიუჯეტში და დაგეგმილზე ნაკლები ვალი ექნება სახელმწიფოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
    მისი თქმით, თუ ოპოზიციას აქვს მოსაზრებები გაზრდილი შემოსავლების ხარჯვასთან დაკავშირებით, მსჯელობა ამასთან დაკავშირებითაც გაიმართება.
    „მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონს და მსოფლიოს აქვს და იმ ეკონომიკური გამოწვევებისა, რომელიც საქართველოს, რეგიონს და მსოფლიოს აქვს, მიუხედავად პანდემიური და პოსტპანდემიური სიტუაციისა, რომელიც მსოფლიოში, რეგიონსა და საქართველოში არის, საქართველოს მთავრობამ შეძლო და ბიუჯეტის და იმ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, რომელიც თავის დროზე ოპტიმისტურად იყო დაგეგმილი, ამ დაგეგმილზე მეტი შედეგების მიღება შეძლო. ამიტომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი წინსვლა არის ამ კუთხით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
    საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტმა მოამზადა გრაფიკი, რომელიც ითვალისწინებს კომიტეტებში, ფრაქციებში საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მის განხილვას გარკვეულ ვადებში.
    „ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი შემოიტანა მთავრობამ. წარმოგიდგინეთ განხილვების გრაფიკი კომიტეტებში, ფრაქციებში, პოლიტიკურ ჯგუფებში. გრაფიკის მიხედვით შეგვიძლია განხილვები დავიწყოთ ხვალიდან. შემაჯამებელ სხდომას კომიტეტი 28 სექტემბერს გამართავს. სავარაუდოდ, ჩვენი შენიშვნების, რეკომენდაციების, წინადადებების და დაბრუნებული, კორექტირებული ვერსიის გათვალისწინებით 3 ოქტომბრის სასესიო კვირაში პარლამენტი ცვლილებებს დაამტკიცებს. რაც შეეხება ბიუჯეტს, ჩვენი პროგნოზი ახდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და გაზრდილია მაჩვენებელი მშპ 6% ნაცვლად 8,5% აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ზრდა არის ყველა კუთხით მათ შორის გადასახადების კუთხით ყველა სახის გადასახადია გაზრდილი: დღგ, საშემოსავლო,აქციზი და სხვა ჯამურად ხარჯვითი ნაწილი,მე მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე ვისაუბრებ და არა ნაერთ ბიუჯეტზე, ასიგნებები, არის 480 მილიონით გაზრდილი და მთელ რიგ მხარჯავ სუბიექტებს ეზრდებათ დაფინანსება და აქედან გამომდინარე საინტერესო იქნება ყველა პროფილური კომიტეტისთვის ვინც იხილავს ამ ვერსიას. გარდა ამისა მაკროეკონომიკურ ნაწილში მნიშვნელოვნად მცირდება დეფიციტი. დღეს ჩვენ ვმუშაობთ 4.4% იანი დეფიციტის პირობებში. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიუჯეტის პროექტში სწორედ არის დეფიციტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლება 4.4 %-დან 3.2%-მდე, რაც პირდაპირ კავშირშია ინფლაციის შემცირებასთან და ლარის კურსის სტაბილურობასთან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია სახელმწიფო ვალი, რომელიც მნიშვნელოვნად მცირდება. მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-სთან მიმართებაში 39.6 %-მდე. მაკროეკონომიკური პარამეტრები არის გაუმჯობესებული, რაც იძლევა იმის საშუალებას რომ ნაკლებ ვალს ავიღებთ. დაახლეობით 700, 710 მილიონით მოხდება ვალის შემცირება. რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ მაკროეკონომიკური და მონეტარული თვალსაზრისით უკეთესი ბიუჯეტი გვექნება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური