„ღირსეული პარტნიორი 2022“ დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო
ორშაბათი, 29 აგვისტო 2022 17:19

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილე საქართველოს, აშშ-ის, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო წვრთნების დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას პარტნიორებთან თანამშრომლობასა და რეგიონში სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საერთაშორისო სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, ასევე ნატოს ძირითადი ჯგუფის, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2022“ უკვე მეექვსედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობს, ხოლო მხარდაჭერას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ახორციელებს. „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.

სწავლების ისტორიაში წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. მრავალეროვნულ სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედროა ჩართული. წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები არიან: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალები. 

წაკითხულია 131 ჯერ

Related items

  • თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები

    აზერბაიჯანში თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ორგანიზებულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში ღამის მისიები განხორციელდა.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შენაერთებმა გაანადგურეს წარმომადგენლობითი მტრის მანქანები და პირადი შემადგენლობა.

    აღინიშნა, რომ ჯარისკაცებმა გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი წვრთნებში, რომელიც მიზნად ისახავს ომის დროს ჯარების კოორდინაციის უზრუნველყოფას, მენეჯმენტის გაუმჯობესებას და გამოცდილების გაზიარებას.

  • ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის მართვის საკითხებზე კურსი დასრულდა

    თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის მართვის საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა. სამდღიან ტრენინგს საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტის სტანდარტიზაციის ოფისის წარმომადგენელი, კაპიტანი ანტონიოს გარასი უძღვებოდა. 

    სასწავლო პროგრამა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. კურსის მსმენელები გაეცნენ ნატოსთან თავსებადობის მიღწევის მიზნით საჭირო სტანდარტიზაციის პოლიტიკას, სტრატეგიას, ზოგად დოკუმენტებსა და პროცედურებს. ასევე, მათ შეისწავლეს ნატოს სტანდარტიზაციის ოფისის ვებ-გვერდზე მუშაობის პრინციპები და მათი გამოყენების შესაძლებლობები. 

    სასწავლო კურსის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტმა სტრუქტურაში სტანდარტიზაციის მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს  სერტიფიკატები საქართველოში საბერძნეთის თავდაცვის ატაშემ გადასცა.

  • „ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა

    მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჯანმრთელობის სააგენტო „თრაიქეას“ წარმომადგენლობამ, გლობალურმა სადაზღვევო კომპანიამ SOS International-მა, „თრაიქეას“ პროგრამის სამედიცინო მომსახურების მომწოდებლად აირჩია.

    „ნიუ ჰოსპიტალსმა“ ხანგრძლივი სელექციისა და ინსპექტირების შედეგად მიიღო „თრაიქეას“ ავტორიზაცია და მისი პარტნიორი გახდა, რათა უზრუნველყოს „თრაიქეას“ და SOS International- ის საქართველოში მყოფი ბენეფიციარებისთვის სრული სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

    „თრაიქეა“ წარმოადგენს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჯანმრთელობის სააგენტოს პროგრამას, რომელიც არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მსოფლიოს გარშემო უზრუნველყოფს ჯანდაცვის სერვისებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების, სამხედრო პერსონალისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.

    ავტორიზაციის პროცესი, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსმა“ გაიარა „თრაიქეას“ მიერ დადგენილი მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას და საქართველოში დასავლური სტანდარტების სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

    „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტებს დაცვით აშენებული, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კლინიკა ყოველდღიურად ემსახურება ქართველ და უცხოელ პაციენტებს, რომლებიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მიმართავენ სამედიცინო მომსახურების მისაღებად. დაარსების დღიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ სამედიცინო დახმარება გაეწია ასიათასობით ადამიანს - ჩატარდა 230,000-მდე სტაციონარული და 1,400,000-მდე ამბულატორიული მომსახურება. 

  • იაპონიამ SM-3 Block IIA ჩამჭრელი რაკეტა წარმატებით გამოსცდა

    ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდებმა გაზარდა უსაფრთხოების საკითხზე შეშფოთება კორეის ნახევარკუნძულზე და მის გარშემო, რის შემდეგაც იაპონიამ თავდაცვის სფეროში ახალი ნაბიჯი გადადგა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ SM-3 Block IIA ჩამჭრელი რაკეტა წარმატებით გამოსცდა.

    აღინიშნა, რომ აშშ-ს სამხედრო ბაზიდან გაშვებული საშუალო დისტანციის ბალისტიკური რაკეტა წარმატებით იქნა შეჩერებული წყნარი ოკეანის თავზე 100 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე 16 ნოემბერს გაშვებული მაიას კლასის ხომალდიდან, რომელიც აღჭურვილი იყო Aegis-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით.

    იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ SM-3 Block IIA რაკეტა ერთობლივად იქნა შექმნილი ამერიკის შეერთებული შტატების და იაპონიის მიერ და აღინიშნა, რომ სისტემა პირველად იაპონიამ გამოსცადა.

    იაპონიამ, რომელიც მეორე ქვეყანაა, რომელმაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საავიაციო კომპანიის Lockheed Martin-ის მიერ ამერიკის თავდაცვის სამინისტროსთვის შექმნილი ბალისტიკური რაკეტა Aegis მიიღო,  აღნიშნული სისტემის საშუალებით გატყორცნილი რაკეტის ახალ ვერსიაზე SM-3 Block IIA-ს შექმნაზე აშშ-თან ითანამშრომლა.

  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი სწავლება „ბათუმი - 2022“ გაიმართა

    ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი სწავლება „ბათუმი - 2022“ გაიმართა.

    „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, სწავლება, სცენარით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციების შესაბამისად, ორ ეტაპად წარიმართა.

    მათივე ცნობით, მოდელირებული სცენარის პირველი ეტაპით გათვალისწინებული იყო საჰაერო ხომალდის აფეთქების საფრთხე, კერძოდ, თვითმფრინავის ავარიული დაშვება, ასევე სტიქიური უბედურება და ხანძარი, ხოლო მეორე ეტაპით - აეროპორტის მიწისზედა ობიექტებზე ფეთქებადი მოწყობილობის გამოყენების მცდელობა.

    "სრულმასშტაბიან სწავლებაში მონაწილეობდნენ შპს „ბათუმის აეროპორტი“; შპს „საქაერონავიგაცია“; შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების ბათუმის განყოფილება; შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანაყოფი, განაღმვის ჯგუფი; შპს „ჩემი ოჯახის კლინიკა“ და შპს „ქალაქ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“.

    თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სრულმასშტაბიანი სწავლება რეგულარულად ტარდება. სწავლების მიზანია საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ეფექტურობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება"-აცხადებენ კომპანიაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური