„მრგვალი მაგიდა“ თემაზე „რელიგიათაშორისი და ინტერცივილიზაციური დიალოგი მშვიდობისა და ჰარმონიისთვის“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2022 12:08

ყაზახური და ქართული მხარე რელიგიათაშორისი განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ

25 აგვისტოს, 15:00 საათზე, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ორგანიზებით და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელშეწყობით გაიმართება ღონისძიება, თემაზე „რელიგიათაშორისი და ინტერცივილიზაციური დიალოგი მშვიდობისა და ჰარმონიისთვის“. მრგვალი მაგიდა, რომელიც ონლაინ ფორმატში მოეწყობა, მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII ყრილობას ეძღვნება და მისი მიზანია რელიგიათა შორის ურთიერთკავშირების გაძლიერება, თანხმობის შენარჩუნება და მის უზრუნველსაყოფად ქვეყნების ექსპერტებს შორის მოსაზრებების გაცვლა, ყაზახეთის რესპუბლიკის დადებითი იმიჯის ფორმირება მსოფლიო ასპარეზზე და მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა დაგეგმილი VII ყრილობის პოპულარიზაცია, რომელიც 14-15 სექტემბერს ქალაქ ნურ-სულთანში, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თავმჯდომარეობით იგეგმება.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ყაზახური და ქართული მხარე, კერძოდ, სამდივნოსა და ყრილობის წევრები, წამყვანი ექსპერტები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
„ყაზახეთს სამართლიანად უწოდებენ „ცივილიზაციათა გზაჯვარედინს“. ჩვენი რესპუბლიკა ოდითგანვე იყო ბუნებრივი საზღვარი მსოფლიოს უდიდეს რელიგიებს - ისლამს, ქრისტიანობასა და ბუდიზმს შორის. საუკუნეების მანძილზე აქ ერთად ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ სხვადასხვა ხალხისა და ეთნოსის წარმომადგენლები. აქ ყალიბდებოდა ძლიერი კულტურული და სამეურნეო კავშირები, რასაც ამ ქვეყნის ხალხი დღემდე ინარჩუნებს და შთამომავლობას გადასცემს. ყაზახეთის ეთნოკულტურული და კონფესიური მრავალფეროვნება არის უზარმაზარი სიმდიდრე, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ღირებული კულტურული მიღწევები სხვა ხალხებთან გავცვალოთ. სულიერი დიპლომატიის პრინციპების განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტაში, მხოლოდ ერთმანეთთან სოლიდარობა მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ ჩვენს საერთო მიზნებს ყველა საინტეგრაციო პროცესში, რომ მთელი მსოფლიო საზოგადოების კეთილდღეობა გავაუმჯობესოთ,“ - მიაჩნიათ ღონისძიების ორგანიზატორებს.

დღეს ყაზახეთის რეპუსბლიკაში 130-ზე მეტი ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ცხოვრობს. რელიგიური გაერთიანებების რაოდენობამ 3808-ს მიაღწია, რომლებიც წარმოდგენილია 18 რელიგიური კონფესიით.

„მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა ყრილობა“ პირველად 19 წლის წინ გაიმართა. ყრილობამ, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია, მსოფლიოში ტრადიციული სახე მიიღო და ყოველწლიურად ეწყობა. ყაზახეთი მსოფლიო და ტრადიციულ რელიგიებს შორის დიალოგის გასამართად უნიკალურ საერთაშორისო პლატფორმად იქცა და პოზიტიურ როლს თამაშობს საზოგადოებებს, რელიგიებსა და კულტურებს შორის კონსტრუქციული დიალოგის, რელიგიათაშორისი შემწყნარებლობის, კეთილგანწყობის და ურთიერთგაგების დამყარებაში. ყრილობა აღიარებულია მსოფლიო საზოგადოების, წამყვანი საერთაშორისო სტრუქტურების/ინსტიტუტების მიერ, როგორიცაა გაერო, ეუთო, ცივილიზაციათა ალიანსი, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, მსოფლიო ისლამური ლიგა, იუნესკო და მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ავტორიტეტული ლიდერები. I-VI ყრილობების ფარგლებში მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა რელიგიისა და აღმსარებლობის წარმომადგენლებს შორის ძლიერი კავშირების განმტკიცების პროცესი, რაც ხელს უწყობს სასულიერო იერარქების კონსოლიდაციას, რელიგიურ თემებს შორის ნდობისა და ურთიერთპატივისცემის მუდმივ ზრდას.

 

წაკითხულია 96 ჯერ

Related items

  • სალომე ზურაბიშვილი - შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით!

    შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    „შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქეთის მოსახლეობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში”.

    აფეთქება სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე დღეს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 81 კი დაშავდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.

    წყარო: https://1tv.ge/news/salome-zurabishvili-shedzrwunebuli-var-stambolshi-momkhdari-afetqebit-vusamdzimreb-daghupulta-ojakhebs-tanagrdznobas-vuckhadeb-prezident-erdoghansa-da-turqetis-mosakhleobas/

  • პრეზიდენტმა სტრასბურგში სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან შეხვედრით დაასრულა

    შეხვედრისას ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და საუბარი შეეხო რეიკიავიკში, 2023 წლის მაისში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებისა და სახელმწიფო მეთაურების სამიტის ჩატარების მნიშვნელობას. 

    საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა რეიკიავიკის ფორუმს, ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში და იმედი გამოთქვა, რომ ამ ფორუმზე აღნიშნული საკითხი აქტიურად იქნება განხილული.

    შეხვედრაზე ისაუბრეს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და განვითარების საკითხზე. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ კუთხით  თვითმმართველობების დონეზე თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.

    ხაზი გაესვა ქვეყნის შემდგომი წინსვლისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხისა და ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების დაძლევის მნიშვნელობას, ასამბლეის პრეზიდენტმა ამ პროცესის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. 

    საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი დესპინა  შაცივასილიუ, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც მისი ინიციატივით დაფუძნდა და თბილისში მომავალ წელს მეორედ ჩატარდება.

  • პრეზიდენტი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს პარტნიორობას დიდი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეგობარი ქვეყნების საზოგადოებისთვისაც

    საქარველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოში სამუშაო ვიზიტისას საპარლამენტო ასამბლეის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა:

    ,,ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია ჩვენი ისტორიის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას კვლავ ვესტუმრო.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და საქართველოს თანამშრომლობისა და პარტნიორობის მდიდარი ისტორია აქვთ, რომელსაც დიდი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეგობარი ქვეყნების საზოგადოებისთვისაც, რომლებიც საერთო მიზნისთვის ერთობლივად მუშაობენ.

    ქართველი ხალხის სახელით, მინდა, წარმატებები ვუსურვო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ პარტნიორობას მრავალი წლის განმავლობაში გავაგრძელებთ“ - აღნიშნულია ჩანაწერი.

  • საქართველოს პრეზიდენტი - პოლარიზაცია დემოკრატიის ერთ-ერთი გამოწვევაა და ასუსტებს ქვეყანას

    საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა სტრასბურგში  ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“ 

    ვარდების რევოლუცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მრავალჯერ ახსენეს, თუმცა საქართველოს დემოკრატიზაცია ბევრად ადრე დაიწყო, უფრო ადრეულ საუკუნეებში. უახლესი პერიოდისთვის ეს გასულ საუკუნეში მოხდა, 1918 წელს პირველი დამოუკიდებლობით, რომელიც რუსეთის შემოჭრამ და რუსულმა ოკუპაციამ შეაფერხა, შემდეგ იყო 70 წლიანი საბჭოთა რეჟიმი, რომელმაც მენტალიტეტის ცვლილება, რეპრესიები, იზოლაცია მოიტანა.

    დემოკრატიული მიმართულების ხელახლა აღება 1991 წლიდან მოხდა და მაშინაც იყო რუსეთის ახალი იერიში სეპარატისტული ტერიტორიის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მთელმა მსოფლიომ იცოდა, დასავლეთს მაშინ არ სურდა იმის დანახვა, რომ ეს იყო რუსეთის იერიში თავისი შეიარაღებითა და ჯარით, და შემდეგ კვლავ 2008 წელს... ეროვნული წინააღმდეგობის ეს კურსი, ვიტყოდი, რომ დემოკრატიული სიმტკიცეა, რომელიც ამ დარბაზიდან იწყება, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრად მიიღეს, პირველი ევროპული ინსტიტუცია, რომელშიც საქართველო გაწევრიანდა და იმ დროს, პრემიერ-მინისტრმა თქვა სიტყვები, რომელსაც დღეს ყველა ქართველი სტუდენტი იმეორებს „მე ვარ ევროპელი და მაშასადამე, მე ვარ ქართველი“ ან ,,მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.“ და ასე ფიქრობს და ეს სურს მოსახლეობის 80%-ს. 

    რა თქმა უნდა, ჩვენ არ მიგვიღწევია იდეალური დემოკრატიისთვის, თუმცა რომელმა თქვენგანმა მიაღწია დღეს? ჩვენ ვნახეთ პერიოდები, როცა რეფორმები სწრაფად წავიდა და ისეთი პერიოდებიც, როცა ნაკლებად სწრაფად, მაგრამ ჩვენ დღეს ისეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომელიც დღევანდელ დემოკრატიას ემუქრება. გამოწვევა, რომელსაც შესანიშნავად უწევს წინააღმდეგობას მთლიანად უკრაინელი ერი (და მსურს პატივი მივაგო მთლიანად უკრაინელ ხალხს, არა მხოლოდ მებრძოლებს). რაც კიდევ უფრო გასაოცარი და აღმაფრთოვანებელია, ამ დიდი გამოწვევის წინაშე, ამ ერის სრული ერთობაა. ეს არის ის ძალა, რომელიც ამ ომში წარმატებულია. 

    არის კიდევ დემოკრატიის სხვა გამოწვევაც - პოლარიზაცია, რომელიც ყველგანაა და ჩვენთან შემოიჭრა. იქნება ეს პოლიტიკურ პარტიებს შორის, მედიაში თუ ეკლესიაში, რომელიც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ინსტიტუტია საქართველოში. პოლარიზაცია იმ მნიშვნელობით, რომ აღარ ენდობი სხვას, როცა ფიქრობ, რომ სხვა უკვე მტერია, მაშინ, როცა მტერი საზღვართან გყავს, როცა ხარ რეგიონში, რომლის სტაბილურობაც ჯერ კიდევ ბოლომდე არაა მიღწეული, რადგან არაა არცერთი უსაფრთხოების ინსტიტუტი, ევროპულ და ნატო-ს საზღვარს ჯერ არ შევერთებივართ. ვართ, არ ვიტყოდი ნაცრისფერ ზონაში, თუმცა არც უსაფრთხოების ზონაში არ ვართ, და ასეთ მომენტში, პოლარიზაცია ერის წინაშე დანაშაული ხდება, რადგან ეს ყველაზე მეტად ასუსტებს [ქვეყანას], ყველაზე მეტად გამოყენებადია მტრის მიერ, მაშინ როცა სამხედრო თავდასხმას არ იყენებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული ბაზა დედაქალაქიდან სულ რაღაც 30 კილომეტრშია და ქვეყნის ტერიტორიის 20%  ოკუპირებულია. ეს არაა დამამშვიდებელი სიტუაცია, ეს ის სიტუაციაა, რაშიც ვცხოვრობთ და რომლის მიუხედავადაც, ვავითარებთ ამ დემოკრატიულ გამძლეობას, მიუხედავად იმისა, რომ არაიდეალურია

    მესამე გამოწვევა, ეს ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეაქციის არარსებობაა. საქართველოსთვის ნაცნობია ეს გზა, რომელზეც მიიწევს წინ მეზობლობის პოლიტიკიდან დაწყებული. მე მახსოვს ეს პერიოდი, მაშინ როცა საფრანგეთის ელჩის რანგში, შემდეგ კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ჩავედი საქართველოში. მაშინ ყველა მეუბნებოდა, რომ მეზობლობის პოლიტიკა საქართველოსთვის არაა, რომ ეს ძალიან შორია და არასდროს მოხდება. შემდეგ ვიხილეთ მეზობლობის პოლიტიკა, ასოცირება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი სავაჭრო სივრცე - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, თუმცა არ ყოფილა ევროპის მხრიდან რეაქცია. შესაძლოა, ევროპულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ ნაწილობრივ მოახდინა რეაგირება, თუმცა საქართველომ, უკრაინისა (რაც მოსახლეობისათვის ნათლად გასაგები იყო) და მოლდოვასათვის კანდიდატის სტატუსის მიცემის პროცესში, დიდი იმედგაცრუება განიცადა. მიუხედავად ყველაფრისა, იმედგაცრუება, ანუ პროცესის მიღმა დარჩენა სხვისთვის მესიჯია, რომ შესაძლოა, არსებობდეს მყიფე სიტუაცია, რომლის გამოყენებასაც ერთ დღეს შეძლებს, რითაც სხვა დანაკარგების და დეფექტების კომპენსირებას მოახდენს. ყურადსაღები საკითხია.

    ასე რომ, ჩვენ განვიცადეთ ვიტყოდი ეს ეგზისტენციალური იმედგაცრუება. ჩვენ იმდენად ევროპელები ვართ და უკვე იმდენი ხანია რომ, რაღაც მომენტში უნდა შევუერთდეთ ამ ევროპულ ოჯახს. ვფიქრობ, დღეს დასაკარგი დრო აღარ გვაქვს. საქართველოსათვის საჭიროა კანდიდატობა. გზავნილი გაგებულ იქნა - თქვენ არ ხართ სრულყოფილი - და არ ვართ სრულყოფილი, თუმცა დღეს საჭიროა კანდიდატურა და საჭიროა, რომ შემდეგი გზაც იყოს ზედმიწევნითი.

  • საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში ვიზიტი დაიწყო

    ევროპის საბჭოში საქართველოს პრეზიდენტს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პირადად მასპინძლობს.

    დღესვე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის პირისპირ შეხვედრა. მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში“, რომელიც ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება. 

    წელს დემოკრატიის ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი ფაქტორების გამოვლენა და ამ საკითხის გადაჭრისათვის შესაბამისი გზების მოძიება წარმოადგენს.

    საფრანგეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან და ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირთან.

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში  გრძელდება

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში გრძელდება

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში ლიბერთ...

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური