საქართველოს ნაკრები აკროპოლისის ტურნირზე თურქეთთან დამარცხდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 18 აგვისტო 2022 11:43

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა აკროპოლისის თასზე პირველი მატჩი თურქეთთან გამართა და თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ 88:101 (სტატისტიკა) დამარცხდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი მთელი პირველი პერიოდი იგებდა, მეორეშიც ლიდერობდა, თუმცა თურქებმა თამაშის გათანაბრება მე-15 წუთისთვის მოახერხეს და დაწინაურდნენ, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებს მდევრის როლში უწევდა ყოფნა, მაგრამ მოგების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა.

შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, როცა ჩვენი გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ 2 საჯარიმო ჩააგდო და საქართველო მეტოქეს 3 ქულით – 85:88 მიუახლოვდა. სწორედ გადამწყვეტ მომენტში ვეღარ მოახერხეს ქართველებმა მობილიზება და მომდევნო 2 წუთში თურქებმა 13:0 გაქცევა მოაწყვეს, რითაც თავიანთ გამარჯვებას სოლიდური სახე მისცეს.

ნამატჩევს ილიას ზუროსმა გასახდელში კალათბურთელებს უთხრა, რომ წაგების მიუხედავად, თავი მაღლა ასწიონ და მეტი მონდომებით ითამაშონ. თურქეთი ევრობასკეტზე ჩვენი ჯგუფის ფავორიტია ესპანეთთან ერთად და ამ გუნდს ტოლი არაფერში დავუდეთ. მთავარი მწვრთნელის თქმით, ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა შეტევაში და დაცვაშიც, თუმცა ამ კომპონენტში ბოლომდე პოზიციები ვერ შევინარჩუნეთ. მეტი მუშაობა, მეტი მონდომება და ძალების მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო და შედეგიც აუცილებლად მოვა. 

სიმართლე ითქვას, ბევრი არ ელოდა საქართველოს ასეთ შედეგიან დებიუტს, როცა მეტოქეს პირველ პერიოდში 10 ქულით ვუგებდით, პერიოდი 24:18 მოვუგეთ და ის, რომ თურქეთი უპირობო ფავორიტი იყო, მოედანზე არაფრით არ ჩანდა. ილიას ზუროსი გონივრულად მიმართავდა როტაციას და თამაშის საშუალებას დამსახურებისა და შესაძლებლობების ადეკვატურად უნაწილებდა ვეტერანსა თუ ახალგაზრდა კალათბურთელებს. ყველა, ვინც მოედანზე გამოვიდა, და ასეთი 11 კალათბურთელი იყო, თავი არავის შეურცხვენია.

თორნიეკ შენგელია ტრადიციულად შეუჩერებელი იყო. გიორგი შერმადინი ფარქვეშ დომინირებდა. ამა სუპერდუეტთან ერთად თამაში სასტარტოში დაიწყო სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი – 16 ქულა, 14 მოხსნა გაიფორმა და საერთო შედეგიანობით გიორგი შერმადინს გაუტოლდა. საუკეთესო კი ისევ თორნიკე შენგელია იყო – 20 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა. 

ის, რომ მეტოქემ საბოლოოდ თავისი გაუტანა, პერიმეტრის დაუცველობის ბრალიც იყო. თურქებმა 12 სამქულიანი ჩააგდეს, რითაც გაგრძელდა ჩვენი მეტოქეების პერიმეტრსმიღმიდან ჩუბინობის უსიამო ტრადიცია. ბლო მატჩებში ყველა მეტოქემ მინიმუმ 10 სამიანი მიითვალა, რითაც ჩვენი დაცვის სუსტი წერტილები ნათლად გამოჩნდა. 

საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასზე მომდევნო მატჩს 18 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

წაკითხულია 66 ჯერ

Related items

  • შეშეხვედრისას მხარეებმა განიხილეს, საქართველო-თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები
    2022 წლის 22 სექტემბერს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსს შენოლ ალქანს ეწვია.
    შეხვედრის მსვლელობისას მხარეების მიერ განხილულ იქნა, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილების რიგების მიზეზები და აღმოფხვრის გზები, ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული პრობლემების გადაჭრა და სხვა აქტუალური საკითხები.
    აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოხდა აზრთა გაზიარება.
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

    საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

    ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა.
    განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და, შედეგად, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
     მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • ლ. დავითაშვილმა და მ. მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის

    ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის. ხელმოწერა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციისადმი მიძღვნილ ფორუმზე შედგა. 

    როგორც ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება, ცვლილებები შეეხება სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის სატარიფო ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატებას. კერძოდ, საქართველო მიიღებს ქვოტის ფარგლებში შეღავათებს იმ სახის  პროდუქციებზე, რომლებზეც საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტისას შეღავათი არ ვრცელდებოდა. დღეს გაფორმებული გადაწყვეტილების ამოქმედების შემდგომ კი საქართველოდან თურქეთში ექსპორტისას,  ქვოტის ფარგლებში ნულოვანი ტარიფით შესვლის შესაძლებლობა მიეცა ისეთ სასაქონლო პოზიციებს, როგორიცაა: ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, საქონლის ხორცი, მწვანე ჩაი, ხილის ჩირი, კივი, ლიმონი, დაკონსერვებული პომიდორი და საკვები ინგრედიენტები. აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად თურქეთის მხრიდან ქვოტები ასევე გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე: თაფლი, ვაშლი და ღვინო.

    საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2008 წლის პირველი ნოემბრიდან და იმ პერიოდისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების ფორმატიდან გამომდინარე გავრცელდა მხოლოდ საქონლით ვაჭრობაზე. 2016 წლიდან მიმდინარეობდა მუშაობა თურქულ მხარესთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ნაწილში ცვლილებების შეტანისა და შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატების საკითხებზე.

    ახალი ხელშეკრულებები კიდევ ერთი  წარმატებული ნაბიჯია საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით, ისინი ასევე აძლევენ საქართველოს საშუალებას ორმხრივად განავითაროს მომსახურების სექტორი და ისარგებლოს საქართველო-თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებული დისბალანსის შემცირებით.

  • თბილისში ფორუმი „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ გაიმართა

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორებოს ურთიერთანამშრომლობით ფორუმი „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ გაიმართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და  თურქეთის რესპუბლიკას უკვე მრავალი წელია, განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობები აკავშირებთ, რაც თვალსაჩინო მაგალითია, იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის და როგორ გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად. მან ასევე მადლობა გადაუხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), რომელთა მხარდაჭერამაც შესაძლებელი გახადა დიაგონალური კუმულაციის საკითხზე ფორუმის ორგანიზება. 

    ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებას, რომელიც, მისი შეფასებით, დამატებით იმპულსს შესძენს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე წაახალისებს და გააძლიერებს როგორც საქართველოს, ისე თურქეთის კერძო სექტორის საექსპორტო შესაძლებლობებს.

    ფორუმზე შეკრებილი ბიზნეს-საზოგადოება გაეცნო კვლევის „ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობა საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის გზით“ შედეგებს, რომელიც მომზადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს  ჩართულობით. 

    ფორუმზე აღინიშნა, რომ 2021 წლის 29 აპრილიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამოქმედებული დიაგონალური კუმულაციის თანახმად, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული სამრეწველო (გარდა სასოფლო-სამეურნეოსი) პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არის შესაძლებელი.    დიაგონალური კუმულაცია, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის პოტენციალის ზრდასთან ერთად, ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინებას თურქეთიდან. ამასთან, ქართველი და თურქი მეწარმეების მიერ ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობით, დიაგონალური კუმულაცია წაახალისებს ინოვაციებს და შექმნის ახალ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს.

    ფორუმის ფარგლებში ასევე წარიმართა საუბარი საქართველოში არსებულ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე. გაიმართა B2B შეხვედრები საქართველოსა და თურქეთის კომპანიებს შორის,  რომლებმაც გამოხატეს ინტერესი ინვესტიციებით ან/და ერთობლივი საწარმოების შექმნით, დიაგონალური კუმულაციისა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის კონტექსტში.

    ფორუმს  დაესწრო თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი მეჰმეთ მუში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, აგრეთვე USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, საქართველოსა და თურქეთის კომპანიების წარმომადგენლები.

    ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა.

  • ​საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

    საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მინისტრების მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი  გაიმართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო თურქეთის დელეგაციას - თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი. 
    მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და  მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას, რაც მიმდინარე წელს საიუბილეო თარიღით - დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილით აღინიშნება. 
    ხაზი გაესვა როგორც მაღალი დონის, ასევე დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკის ზრდის მნიშვნელობას. 
    განსაკუთრებით აღინიშნა მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს რიგით მესამე სხდომის გამართვის მნიშვნელობა.
    დეტალურად იქნა განხილული სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ასევე,  ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით. 
    თურქეთის მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
    შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საბაჟო საკითხთა სფეროში ორ ქვეყანას შორის აქტიური ურთიერთქმედების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე, ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე. 
    აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აქტიური თანამშრომლობისათვის და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა. სურვილი გამოითქვა პოლიტიკური კონსულტაციების მომავალში გაგრძელების თაობაზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური