დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველი ხალხის გმირობისა და შემართების უკვდავი მაგალითია - ი. ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 აგვისტო 2022 15:58

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველი ხალხის სიმტკიცისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდების, გმირობისა და შემართების უკვდავი მაგალითია, რომელმაც მრავალი თვალსაზრისით განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიდგორობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 9 საუკუნის წინ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება – ,,ძლევაი საკვირველი”, რომელიც მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს ეკუთვნის, ჩვენი ერის გაერთიანების, ჩვენი სახელმწიფოებრივი გაერთიანებისა და განმტკიცების მყარი საფუძველი გახდა.
„დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ, საგანმანათლებლო აღორძინებას. ამ გამარჯვებით საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.
ამავე დროს, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მომავალ თაობას, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს, ახალგაზრდებს, რომ ეს იყო სწორედ ეროვნული, ქრისტიანული ღირებულებების გამარჯვების დღე, რომელსაც ეფუძნება ჩვენი კულტურა, ისტორია და ჩვენი ქვეყნის ტრადიციები. სწორედ ეს ღირებულებები გვიმაგრებს ზურგს დღესაც. ეს არის ჩვენი ერთადერთი მყარი საფუძველი”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ, დიდგორის ბრძოლა და დიდგორის გამარჯვება არის სახელმძღვანელო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ დიდგორის ველზე არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენს მხარეს იყო გაუტეხელი სული, ქართული სიმტკიცე, შეუპოვრობა, სიმამაცე და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი მეფის, წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის სიბრძნე და სიმამაცე.

მე მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი ბრძენი პატრიარქის სიტყვები, რომლებიც შეიძლება ითქვას, ყველაზე უკეთ გამოხატავს დღევანდელი დღის, ნამდვილი სახალხო დღესასწაულის მნიშვნელობას, – დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია! სწორედ, დიდგორის ბრძოლა და დიდგორის გამარჯვება არის სახელმძღვანელო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მომავალ თაობას უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთიანობით, სამშობლოსათვის ყოველდღიური შრომით, ჩვენ შევძლებთ ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევას, ჩვენი ერის გაერთიანებას და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
წაკითხულია 82 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე. "ჩემთვის დიდი პატივია, ქართველი ხალხის სახელით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას კიდევ ერთხელ მოგმართოთ.

    დღეს ჩვენ შევიკრიბეთ 77-ე სესიაზე და ვაანალიზებთ სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის დღიდან მივაღწიეთ. 1946 წელს, პირველ სესიაზე, დამფუძნებლებმა დადეს პირობა, რომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გაერთიანდებოდნენ.

    მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის აქტები ამჟამადაც ხორციელდება. და ეს სწორედ ისეთი აქტებია, როგორებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსება განაპირობა.

    2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. იმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად.

    გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმისათვის შეიქმნა, რომ მომდევნო თაობები ომის უბედურებისგან ვიხსნათ და სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. ეს ჩვენი მოვალეობა და დაპირებაა.

    დღეს მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენს ძლიერ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ერს, რომელმაც შეინარჩუნა თავისი სათუთი მემკვიდრეობა და ისტორია, თან განვითარდა და მოერგო 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკურ რეალობას.

    ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა. დღეს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გააზრებული გვაქვს ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება, რომელიც ვიკისრეთ.

    ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად. ამ კუთხით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველო აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ".

  • პრემიერ-მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საელჩოში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს თანაგრძნობა გამოუცხადა.

    “საქართველოს მთავრობისა და ჩემი სახელით, მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
    ქედს ვიხრით მისი უდიდებულესობის ელისაბედ II-ის უდიდესი წვლილის წინაშე, რომელიც მას თანამეგობრობისა და მთელი მსოფლიოს წინაშე მიუძღვის. მან შექმნა ეპოქა და მემკვიდრეობა იმ დიდებული მაგალითების დატოვებით, რაც ერისა და ქვეყნის სამსახურში ყოფნას განასახიერებს. ეს არის ჰუმანიზმის უმაღლესი იდეალებით მსახურება!”- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • პრემიერ-მინისტრმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში მიიღო მონაწილეობა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სამთავრობო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში, რომელიც დღეს ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში გაიმართა.

    სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.
     
  • "მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“, - ი. ღარიბაშვილი

    მთავრობის სხდომაზე ოფიციალურად გამოგვაქვს „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“, მთავრობა დაამტკიცებს დოკუმენტს და ის ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


    პრემიერის თქმით, ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ხალხის საერთო მისწრაფებას.

    „პირველი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ჩვენი დაპირება, რომელზეც ჩვენ გასულ წელს ვსაუბრობდით. ეს არის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას – 2030, ჩვენი ხედვა, რომელშიც გაიწერა პრაქტიკულად ყველა მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. თითოეულმა უწყებამ მოამზადა საკუთარი განვითარების სტრატეგია, ხედვა და გეგმები და ახლა ჩვენ ოფიციალურად გამოგვაქვს აღნიშნული საკითხი, სახელწოდებით – „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“. ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ჩვენი ხალხის საერთო მისწრაფებას. ეს არის ქვეყანა, რომელიც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას. ეს ჩვენი საერთო ამოცანაა – სოციალური თანასწორობა, ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო, დემოკრატიის გაძლიერება, უსაფრთხოება და სტაბილურობა. ეს ყველაფერი ჩამოყალიბებულია ამ დოკუმენტში. მინდა ყველა უწყებას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო. ჩვენ ეს დოკუმენტები მზად გვქონდა შარშანვე, მაგრამ ამის შემდეგ დაიხვეწა თითოეული დოკუმენტი, განახლდა მონაცემები და დღეს უკვე დასრულებული სახით წარმოვადგენთ, მთავრობა დაამტკიცებს და ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება“, – განაცხადა პრემიერმა.

    მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას – 2022-2030. დოკუმენტი გავლილია ყველა აქტორთან, როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

    „მინდა ვაცნობო ჩვენს მოქალაქეებს, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას – 2022-2030. მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს პირველად იქნა დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის, რომელიც ძალიან სრულყოფილი დოკუმენტი იყო. მოგეხსენებათ, რომ ამ დოკუმენტზე ასევე მუშაობდა ექსპერტი, ბატონი თომას ჰამერბერგი. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რაოდენ დიდი გამოწვევები არსებობდა ზოგადად ამ სფეროში, ადამიანის უფლებებში. კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების დროს რეალურად დემოკრატიის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობდა და საერთოდ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის უფლებები ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ მას შემდეგ რადიკალურად შევცვალეთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარება. ჩვენ ახლა ახალი დოკუმენტი მოვამზადეთ, რომელიც გავლილია ყველა აქტორთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მე მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე სრულყოფილი სახით გამოგვაქვს აღნიშნული სტრატეგია, რომელსაც დღეს მთავრობა მოიწონებს და გადაუგზავნის პარლამენტს დასამტკიცებლად“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ჩინეთის პრემიერმა აღნიშნა ხარისხიანი პროდუქციის შექმნის აუცილებლობა

    პეკინი, 1 სექტემბერი (სინxუა) - ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი კეციანმა მოუწოდა ყველას, თანამედროვე ბაზრის კონკურენციის პირობებში, გააუმჯობესონ ჩინური პროდუქციის ხარისხი, რათა შეიქმნას უფრო კონკურენტუნარიანი პროდუქცია, და უკეთ დააკმაყოფილონ ხალხის მოთხოვნილებები.

    ლი კეციანმა ხაზი გაუსვა ხარისხის კონტროლის როლს ქვეყნის განვითარების სტიმულირებაში და ხალხის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებაში. მან ასევე მოუწოდა ყველას ძალისხმევა არ დაიშურონ ხარისხის ყოვლისმომცველი რეგულირებისა და ხარისხის კონტროლის გასაუმჯობესებლად.

    ჩინეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქციის ხარისხში ეთგვარი სიახლეების შეტანა და ინოვაციების გზით მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და სერვისების შექმნა.

    ლი კეციანის თქმით, ჩინეთი დაიცავს "თანაფარდობის პრინციპს“ ხარისხისა და უსაფრთხოების პრობლემების მქონე პროდუქტებისთვის და მიიღებს ყველანაირ ზომებს მომსახურების ეფექტურობის ასამაღლებლად.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური