1800-იანი წლებიდან ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია - ჩინეთის ელჩი საქართველოში
ოთხშაბათს, ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა მასმედიის წარმომადგენლებისთვის პრეს-კონფერენცია გამართა, რომელიც მიეძღვნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ჩინეთის ტაივანის რეგიონში განხორციელებულ ვიზიტს.
ელჩმა ჟურნალისტებს გააცნო ჩინეთის მტკიცე პოზიცია ტაივანის საკითხზე, აშშ-ის პროვოკაციული ქმედების წინამძღვრები და ჩინეთის მხრიდან გატარებული მკაცრი ზომების მიზეზები.
როგორც ჭოუ ციენმა აღნიშნა, 1800-იანი წლებიდან ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. 1943 წელს, ჩინეთის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მეთაურებმა „კაიროს დეკლარაცია“ მიიღეს, რომლის მიხედვითაც იაპონიის მიერ მიტაცებული ტერიტორიები, მათ შორის ტაივანი, ჩინეთს უნდა დაჰბრუნებოდა. 1945 წლის „პოტსდამის დეკლარაციით“ ხელახლა დადასტურდა „კაიროს დეკლარაციის“ პირობების შესრულების აუცილებლობა. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს, ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა კი მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია. სწორედ ეს არის „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მთავარი არსი. 1971 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ №2758 რეზოლუციის მიღებით დაადასტურა „ერთი ჩინეთის“ პრინციპი. ამჟამად, ჩინეთთან 181 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს და აშშ-ს, აქვს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული და „ერთი ჩინეთის“ პრინციპი ყველა შესაბამის დოკუმენტში არის შეტანილი.
1979 წლის 1 იანვარს ჩინეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეში შეერთებულმა შტატებმა გარკვევით აღიარა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობაა და პირობა დადო, რომ ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი აშშ-ის ხელისუფლების რიგით მესამე უმაღლესი რანგის ოფიციალური პირია. იგი შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რიგით მეორე მემკვიდრეა. იგი აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა ტაივანში, სადაც მისივე განცხადებით „ოფიციალური ვიზიტი“ განახორციელა. ამით აშშ-მა აშკარად დაარღვია „ერთი ჩინეთის“ პრინციპი და ჩინური მხარისთვის მიცემული პირობა, რომ „ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა“. ეს არის უკიდურესად უპასუხისმგებლო, პროვოკაციული და საშიში ქმედება.
„ერთი ჩინეთის“ პრინციპი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის ნაწილი და საერთაშორისო საზოგადოების კონსენსუსის საგანია. მიუხედავად ამისა, ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ „ტაივანთან ურთიერთობის აქტის“ და ე.წ. „ექვსი გარანტიის“ მიღებით, აშშ-მა „ერთი ჩინეთის“ პრინციპი არაერთხელ დაარღვია და დღესაც იმავეს აკეთებს. იგი ცალმხრივად ცდილობს ტაივანის სტატუს-კვოს და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის შეცვლას. ორმოცდაათი წლის წინ, ჰენრი კისინჯერი პირადად მონაწილეობდა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობის ნორმალიზების მოლაპარაკებებში, რა დროსაც მხარეებმა „ერთი ჩინეთის“ პრინციპის საფუძველზე მართებულად გადაჭრეს ტაივანის საკითხი. ცოტა ხნის წინ, კისინჯერმა აღნიშნა, რომ „შეერთებულმა შტატებმა ეშმაკური გეგმებით თუ თანდათანობითი პროცესით არ უნდა შეიმუშაოს „ორი ჩინეთის“ სქემა“.
ტაივანის სრუტის ორივე მხარეს ჩინელები ცხოვრობენ. ჩვენ მაქსიმალური კეთილსინდისიერებით და ძალისხმევით ვეცდებით ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებას, მაგრამ არ დავუშვებთ ჩინეთისგან ტაივანის რაიმე ფორმით გამოყოფას. ბოლო წლებში ტაივანის ხელისუფლება უარყოფს ფაქტებს და სამართლებრივ საფუძველს, რომ სრუტის ორივე მხარე ერთ ჩინეთს ეკუთვნის. „ტაივანის დამოუკიდებლობა“ დემოკრატიული პროგრესული პარტიის გაცხადებული მიზანია. ტაივანის ამჟამინდელი ხელისუფლება აშშ-ის მხარდაჭერის იმედად ცდილობს დამოუკიდებლობის დღის წესრიგის გატარებას. იგი კონტინენტურ ჩინეთთან ისტორიული და კულტურული კავშირების გაწყვეტას, ეროვნული იდენტობის წაშლას და დაპირისპირების გაღვივებას ცდილობს. შეერთებული შტატები, თავის მხრივ, „ტაივანის გამოყენებით ცდილობს ჩინეთის შეკავებას“, „ტაივანის კოზირს“ იყენებს ჩინეთის განვითარების შესაჩერებლად. იგი მუდმივად ამახინჯებს, ცვლის და არასწორად გადმოსცემს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს. ბოლო წელიწად-ნახევარში აშშ-მა ტაივანს მოწინავე შეიარაღება ხუთჯერ მიჰყიდა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ ინარჩუნებს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას და მხარს არ უჭერს „ტაივანის დამოუკიდებლობას“. მაგრამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსის ვიზიტი „ტაივანის დამოუკიდებლობის“ ძალებს მძლავრ მესიჯს უგზავნის, რომ „აშშ მათ გვერდშია“. ეს სერიოზულად არღვევს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, ჩინეთ-აშშ-ის სამივე ერთობლივ კომუნიკეს და აშშ-ის მიერ დადებულ პირობას. ეს კიდევ უფრო წაახალისებს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ ძალებს, რომ სახიფათო გზაზე წინ წავიდნენ, რაც ისედაც დაძაბულ სიტუაციას ტაივანის სრუტეში კიდევ უფრო რთულს, სახიფათოს და არაპროგნოზირებადს გახდის.
ტაივანის საკითხი ჩინეთის სუვერენიტეტისა და გაერთიანების პრინციპული საკითხია, რაც თავიდან ბოლომდე ჩინეთის საშინაო საქმეა. პელოსის ვიზიტი ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპების დარღვევაა, რამაც 1,4 მილიარდზე მეტი ჩინელის აღშფოთება გამოიწვია. შეერთებულ შტატებში ზოგიერთები აგრძელებენ ტაივანის საკითხით ჩინეთის სუვერენიტეტის პროვოცირებას, „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის დამახინჯებას და ტაივანის სრუტეში გამიზნულად არეულობის გამოწვევას, რასაც ჩინელი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი იღებს ყველა საჭირო ზომას, მათ შორის ტაივანის კუნძულის მახლობლად ატარებს სამხედრო წვრთნებს; შეწყდა ან დროებით შეჩერდა ჩინეთ-აშშ-ს შორის თანამშრომლობა სხავდასხვა მიმართულებით; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, პელოსისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ დაწესდა სანქციები. ქართველი ხალხი ძალისხმევას არ იშურებს დამოუკიდებლობის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მჯერა, რომ მათ ესმით ჩინელი ხალხის გრძნობები და ჩინეთის მთავრობის საპასუხო ზომები.
მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთის მთავრობისა და ხალხის პოზიცია ტაივანის საკითხზე თანმიმდევრულია. ეს არის 1,4 მილიარდზე მეტი ჩინელის ურყევი თავდადება, მტკიცედ დაიცვას სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. სამშობლოს გაერთიანება ყველა ჩინელის საერთო მისწრაფება და წმინდა პასუხისმგებლობაა. არც ერთმა ქვეყანამ, ძალამ თუ ინდივიდმა არასწორად არ უნდა შეაფასოს ჩინეთის მთავრობისა და ხალხის მტკიცე გადაწყვეტილება, ძლიერი ნება და დიდი შესაძლებლობები, რაც სახელმწიფო სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და ერის გაერთიანებასა და აღორძინებას უკავშირდება. ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. აქედან გამომდინარე ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მხარესა და „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ ძალებს ეკისრებათ, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე.