ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2022 11:49

ევროკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნას. „ეს არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა“, — ნათქვამია  პრესრელიზში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე გამოაქვეყნა.

„კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებები ისევ ირღვევა — მათ შორის ე.წ. ‘ბორდერიზაციის’, გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით. ამ ადამიანთა გადაადგილების თავისუფლება აღარ უნდა იზღუდებოდეს“, — ვკითხულობთ პრესრელიზში, — „ჩვენ კვლავ ვითხოვთ ანგარიშვალდებულებას, მათ შორის წარსულში ჩადენილი ადამიანის უფლებების ყველა დარღვევის სანდო გამოძიების გზით, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ, მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს და რუსეთის ფედერაციამ სათანადოდ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების მოთხოვნები“.

ევროკავშირი აცხადებს, რომ კვლავ სრულად უჭერს მხარს კონფლიქტის მოგვარებას — მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით.  გარდა ამისა, ევროკავშირი ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

წაკითხულია 135 ჯერ

Related items

  • თეიმურაზ ჯანჯალიამ ჩეხეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

    2022 წლის 21 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან საქართველოს მთავრობის სახელით ჩეხ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა და წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.

    „ჩვენი ქვეყნების ორმხრივი მისწრაფება პარტნიორობის გაღრმავებისკენ, საერთო ღირებულებებთან ერთად, არის ის ურყევი საფუძველი, რომელზეც დამყარებულია საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობები. ჩეხეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია.“- აღნიშნა თეიმურაზ ჯანჯალიამ.
    მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ჩეხეთსა და საქართველოს  შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და  სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე. 
    თეიმურაზ ჯანჯალიამ ყურადღება გაამახვილა  რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიასა და  რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ გარემოზე. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა. 
    ამასთან, საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეუქცევად პროცესზე, ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების  ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის მდგომარეობას აფასებს: პუტინი დამარცხდება, უკრაინა და ევროპა კი გაიმარჯვებენ

    „თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის ნაწილი, თქვენი მომავალი ევროკავშირია, თქვენ გარეშე კი ევროკავშირი არასრულყოფილია“, — ამ სიტყვებით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და დასავლეთ ბალკანეთის ხალხებს ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ თავის ყოველწლიურ გამოსვლაში.
    პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გააღრმაოს თავისი კავშირები და გააძლიეროს დემოკრატიული ქვეყნები ევროპის კონტინენტზე. ეს პროცესი კი მან იმ ქვეყნებიდან უნდა დაიწყოს, რომლებიც უკვე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არიან.
    ცისფერ და ყვითელ ფერებში გამოწყობილმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირში არსებული მდგომარეობის წარდგენა უკრაინის მხარდასაჭერი სიტყვით დაიწყო. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ დახმარებას, რომელიც ქვეყანას ევროკავშირმა რუსული აგრესიის დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან გაუწია.
    „დღეს სიმამაცეს აქვს სახელი. და ეს სახელი უკრაინაა“, — განაცხადა მან, —„ევროპის სოლიდარობა უკრაინისადმი ურყევი იქნება“. ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციების დაწესების გზით. „ეს ჩვენთვის მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების დროა და არა — დათმობის“, — აღნიშნა მან და დაურთო, რომ „პუტინი დამარცხდება, უკრაინა და ევროპა კი გაიმარჯვებენ“.
    მისივე თქმით, სანქციების შედეგად, რუსეთი ათასამდე საერთაშორისო კომპანიამ დატოვა, ავტომობილების წარმოება გასულ წელთან შედარებით სამი მეოთხედით შემცირდა, ხოლო „აეროფლოტის“ თვითმფრინავები სათადარიგო ნაწილების არქონის გამო ფრენებს აჩერებენ. „ნახევარგამტარების დეფიციტის გამო რუსეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო ტექნიკისთვის ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან იღებენ. რუსეთის მრეწველობა განადგურებულია“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. 
     
    დამატებითი ინფორმაცია
    პრესრელიზი

  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების ვადა კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების ვადა კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    ევროსაბჭოს წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაზე პასუხისმგებელი პირების შემზღუდველი ზომების პერიოდი 2023 წლის 15 მარტამდე გაგრძელდა.

     ევროკავშირი მტკიცედ გმობს რუსეთის მხრიდან თავდასხმებს სამოქალაქო მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ასებული მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან“. - ნათქვამია განცხადებაში.

    ზომები, რომლებიც შეეხო სულ 1206 ფიზიკურ პირს და 108 ორგანიზაციას, მოიცავს ფიზიკური პირების მოგზაურობის შეზღუდვას, აქტივების გაყინვას და ჩამოთვლილ ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებზე სახსრების ან სხვა ეკონომიკური რესურსების გადაცემის აკრძალვას.

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება პირველად 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ მიიღო.

    რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე შეტევა 24 თებერვალს დაიწყეს.

  • ლ. დავითაშვილმა და მ. მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის

    ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის. ხელმოწერა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციისადმი მიძღვნილ ფორუმზე შედგა. 

    როგორც ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება, ცვლილებები შეეხება სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის სატარიფო ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატებას. კერძოდ, საქართველო მიიღებს ქვოტის ფარგლებში შეღავათებს იმ სახის  პროდუქციებზე, რომლებზეც საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტისას შეღავათი არ ვრცელდებოდა. დღეს გაფორმებული გადაწყვეტილების ამოქმედების შემდგომ კი საქართველოდან თურქეთში ექსპორტისას,  ქვოტის ფარგლებში ნულოვანი ტარიფით შესვლის შესაძლებლობა მიეცა ისეთ სასაქონლო პოზიციებს, როგორიცაა: ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, საქონლის ხორცი, მწვანე ჩაი, ხილის ჩირი, კივი, ლიმონი, დაკონსერვებული პომიდორი და საკვები ინგრედიენტები. აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად თურქეთის მხრიდან ქვოტები ასევე გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე: თაფლი, ვაშლი და ღვინო.

    საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2008 წლის პირველი ნოემბრიდან და იმ პერიოდისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების ფორმატიდან გამომდინარე გავრცელდა მხოლოდ საქონლით ვაჭრობაზე. 2016 წლიდან მიმდინარეობდა მუშაობა თურქულ მხარესთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ნაწილში ცვლილებების შეტანისა და შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატების საკითხებზე.

    ახალი ხელშეკრულებები კიდევ ერთი  წარმატებული ნაბიჯია საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით, ისინი ასევე აძლევენ საქართველოს საშუალებას ორმხრივად განავითაროს მომსახურების სექტორი და ისარგებლოს საქართველო-თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებული დისბალანსის შემცირებით.

  • თბილისში ფორუმი „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ გაიმართა

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორებოს ურთიერთანამშრომლობით ფორუმი „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ გაიმართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და  თურქეთის რესპუბლიკას უკვე მრავალი წელია, განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობები აკავშირებთ, რაც თვალსაჩინო მაგალითია, იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის და როგორ გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად. მან ასევე მადლობა გადაუხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), რომელთა მხარდაჭერამაც შესაძლებელი გახადა დიაგონალური კუმულაციის საკითხზე ფორუმის ორგანიზება. 

    ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებას, რომელიც, მისი შეფასებით, დამატებით იმპულსს შესძენს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე წაახალისებს და გააძლიერებს როგორც საქართველოს, ისე თურქეთის კერძო სექტორის საექსპორტო შესაძლებლობებს.

    ფორუმზე შეკრებილი ბიზნეს-საზოგადოება გაეცნო კვლევის „ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობა საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის გზით“ შედეგებს, რომელიც მომზადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს  ჩართულობით. 

    ფორუმზე აღინიშნა, რომ 2021 წლის 29 აპრილიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამოქმედებული დიაგონალური კუმულაციის თანახმად, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული სამრეწველო (გარდა სასოფლო-სამეურნეოსი) პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არის შესაძლებელი.    დიაგონალური კუმულაცია, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის პოტენციალის ზრდასთან ერთად, ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინებას თურქეთიდან. ამასთან, ქართველი და თურქი მეწარმეების მიერ ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობით, დიაგონალური კუმულაცია წაახალისებს ინოვაციებს და შექმნის ახალ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს.

    ფორუმის ფარგლებში ასევე წარიმართა საუბარი საქართველოში არსებულ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე. გაიმართა B2B შეხვედრები საქართველოსა და თურქეთის კომპანიებს შორის,  რომლებმაც გამოხატეს ინტერესი ინვესტიციებით ან/და ერთობლივი საწარმოების შექმნით, დიაგონალური კუმულაციისა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის კონტექსტში.

    ფორუმს  დაესწრო თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი მეჰმეთ მუში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, აგრეთვე USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, საქართველოსა და თურქეთის კომპანიების წარმომადგენლები.

    ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა.

ბიზნეს ნიუსი

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს...

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლ...

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონ...

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური