საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 08 აგვისტო 2022 11:20

2022 წლის 7 აგვისტოს, სრულდება 14 წელი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია სამხედრო ინტერვენციიდან, რასაც მოყვა რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია და ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში. საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვით, უკანონო დაკავებებითა და გატაცებებით, ადამიანის უფლებების უხეში შელახვით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციით დარტყმას აყენებს ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ გარემოს, რითიც, სხვა მიზნებთან ერთად ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან.
საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა, ეთნიკური დისკრიმინაცია და ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების დარღვევა კვლავაც რჩება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ ტვირთად.  დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაუსჯელობის წახალისება კი ზრდის ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის საფრთხეს.
ამ ფონზე კიდევ უფრო კრიტიკული ხდება ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგება, აგრეთვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, მისიის მანდატის მიუხედავად, რასაც სამწუხაროდ აბრკოლებს საოკუპაციო ძალა. 
ამ მძიმე ფონზე, გარდამტეხი როლი ჰქონდა 2021 წლის 21 იანვარს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელშიც სამართლებრივად დადასტურდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და მათზე ეფექტური კონტროლი და სწორედ რუსეთს დაეკისრა პასუხისმგელობა ადგილზე ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის რუსეთის-საქართველოს ომის პირველ სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს, ცხადყოფს, რომ ამაოა რუსეთის ფედერაციის მრავალწლიანი მცდელობა, თავიდან აირიდოს სამართლებრივი პასუხისმგელობა უკანონო ოკუპაციასა და მის შედეგებზე.
საქართველო განუხრელად განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მოწადინებულია, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაძლებელი გახადოს ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობიანი განვითარება, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და საერთო ევროპული მომავლის მშენებლობა.
საქართველო მადლიერია ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერისთვის და  დიდად აფასებს საერთაშორისო პარტნიორების წვლილს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში. აღნიშნული მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიით, განაგრძობს უხეშ დარღვევას საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას.  
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვეტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართვას საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისკენ და ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად.
საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს 2008 წელს დაღუპულთა ხსოვნას და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს. 

წაკითხულია 88 ჯერ

Related items

  • 2025 წ. ჩინეთს საკუთრებაში არსებული ახალი და მაღალი ტექნოლოგიების განვითარების 220 ზონა ექნება

    პეკინი, 15 სექტემბერი (სინხუა) - დღეისათვის ჩინეთში შექმნილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ახალი და მაღალი ტექნოლოგიების განვითარების 173-ი ზონა. მე-14 ხუთწლიანი გეგმის ბოლოს (2021-2025) კი ეს ციფრი 220-მდე გაიზრდება. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაცია აქვეყნებს ინფორმაციას.

    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ახალი და მაღალტექნოლოგიური განვითარების ზონების მშპ 5,4 ტრილიონი იუანიდან (დაახლოებით 781,3 მილიარდი აშშ დოლარი) 2012 წელს 15,3 ტრილიონ იუანამდე გაიზარდა, განაცხადა ზემოხსენებული სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლი იუპინმა პრეს-კონფერენციაზე.

    მისი თქმით, 2021 წელს ამ ზონებმა ქვეყნის მშპ-ს 13,4 პროცენტი მოუტანა, მხოლოდ 2,5 პროცენტის გამოყენებით.

    პრესკონფერენციაზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასული ათწლეულის განმავლობაში, სახელმწიფოს კუთვნილმა ახალმა და მაღალტექნოლოგიური განვითარების ზონებმა მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კვანტური ინფორმაცია, ჩქაროსნული რკინიგზა, სანავიგაციო სატელიტური სისტემა BeiDou, დიდი თვითმფრინავების შიდა წარმოება და 5G კომუნიკაციები.

  • აზერბაიჯანი სომხეთის საზღვარზე მომხდართან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საზღვარზე სომხური პროვოკაციების შედეგად 50  ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

    თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 სექტემბრის ღამეს და 13 სექტემბრის დილით, სომხეთის არმიამ საზღვრის გასწვრივ, დაშქესანის, ქალბაჯარის და ლაჩინის მიმართულებით ფართო მასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელა. მათივე ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად 50 ჯარისკაცი დაიღუპა, რომელთაგან 42 აზერბაიჯანის არმიიდან და 8 სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან იყვნენ.

    ფაქტს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

    თავის მხრივ, სამინისტროს ბოლო განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად დილის 09:00 საათიდან (გუშინ, ადგილობრივი დროით) გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა, სომხეთი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას და საზღვრის გასწვრივ არტილერიისა და სხვა მძიმე იარაღის გამოყენებას პერიოდულად აგრძელებს.

  • ლაშა დარსალია შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთო-ს თავმჯდომარეობის პირად წარმომადგენლებს შეხვდა

    2022 წლის 8 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ეწვივნენ შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთო-ს თავმჯდომარეობის პირადი წარმომადგენლები: რაბინი ენდრიუ ბეიკერი, ელჩი იბრაჰიმ ჰაქი მუსა და პროფესორი რეგინა პოლაკი. ვიზიტის მიზანია ტოლერანტობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოწვევების შეფასება ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებში.
    13 სექტემბერს, დელეგაციის წევრები შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს თავმჯდომარეობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები. 
    ლაშა დარსალიამ ისაუბრა სხვადასხვა რელიგიისა და ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობის პოლიტიკაზე. აღინიშნა, რომ საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ყველა სფეროში, მათ შორის განათლების სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნას, უმცირესობათა მშობლიურ ენებზე ხარისხიანი განათლებისა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას. მინისტრის პირველმა მოადგილემ წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატიური დარღვევების შესახებ, ასევე აღნიშნა ქართული მხარის ძალისხმევა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. 
    მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე რელიგიის თავისუფლებისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მიმართულებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე, თვის ბოლოს საქართველოს სახელით იგეგმება პარალელური ღონისძიების გამართვა ვარშავაში, ადამიანური განზომილების კონფერენციის ფარგლებში.  
    ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა, ასევე შეხვედრები გამართეს საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ვიზიტის შესახებ ეუთო-ს წარმომადგენლები მოამზადებენ ანგარიშს.

  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება!

    საქართველოს მმართველი პარტიიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "როგორც მოგეხსენებათ, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვას შეეხება.

    შესაბამისი რეფორმის განსახორციელებლად, საქართველოს პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის მიერ უახლოეს მომავალში შემუშავდება კანონპროექტების პაკეტი, რომელიც, არსებითად, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და სამუშაო ჯგუფში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით განხილულ თემებს დაეფუძნება.

    სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ.

    გასულ წელს, სრულად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონში. წელს, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით შედგა საკრებულოს შუალედური არჩევნები ბათუმის მუნიციპალიტეტის რვა საარჩევნო უბანზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ეს ინიციატივა 2024 წლიდან ფართო მასშტაბით დავნერგოთ.

    კერძოდ, ჩვენი გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.

    ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტის ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, ასევე მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის (ე.წ. „პივიტის“) გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს".

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება!

    გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ მედია საშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოს საჰაერო ცის „უკანონო გამოყენების“ შესახებ, რომელიც დაუზუსტებელ და ცრუ ცნობებს ეყრდნობოდა. 

    4 სექტემბერს ირანულმა ავიაკომპანიამ “ირან ეარ კარგომ” ნამდვილად შეასრულა რეისი ერევანი - მოსკოვის მიმართულებით და საქართველოს საჰაერო სივრცეში აღნიშნულმა ხომალდმა სულ 10 წუთი დაჰყო. აღსანიშნავია “ირან ეარ კარგო” არ არის სანქცირებული კომპანია და  რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ისე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით.

    ტენდენციური, დაუზუსტებელი და გამიზნულად ცრუ ცნობების გავრცელებით გამორჩეულ საინფორმაციო საშუალებებს  დეზინფორმაციის გავრცელებისა და  საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების რეპუტაციის შელახვის ნაცვლად, შეეძლოთ ამ ცნობების გადამოწმება და თავადაც ნახავდნენ, რომ ირანული ავიაკომპანია ხშირად ასრულებს რეგულარულ ფრენებს ევროპის მიმართულებით. 

    გავრცელებული ცნობების სიყალბეზე ისიც მეტყველებს, რომ საქართველო და სომხეთი ევროკონტროლის - ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები არიან. ამ კონკრეტულ რეისზე, ისევე როგორც სხვა რეისებზე საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ნებართვა ევროკონტროლმა გასცა. შედეგად, აღნიშნული რეისი შესრულდა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით.

    წყარო: http://www.economy.ge/?page=news&nw=2008

ბიზნეს ნიუსი

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს...

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლ...

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონ...

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური