„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 აგვისტო 2022 11:26

საქართველოს მმართველი პარტიიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

"როგორც მოგეხსენებათ, ომისა და ღალატის პარტიას, რომელსაც განასახიერებენ ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, მასთან დაკავშირებული ცალკეული კომერციული სუბიექტები და რამდენიმე ყველაზე მდიდარი „ენჯეო“, მარტის დასაწყისში გაშლილი ჰქონდა სრულიად სამარცხვინო ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.

ამ კამპანიით მათ რამდენიმე დღის მანძილზე დააჯერეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით შემოდიოდნენ, რაც, მათივე მტკიცებით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავდა.

თუმცა, მარტიდან ხუთი თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მიერ მოგონილი ისეთივე სიცრუე იყო, როგორც მათივე მოგონილი უსაფრთხოების რისკები.

რამდენიმე დღეა, ომისა და ღალატის პარტია იგივე შემადგენლობით ცდილობს ააგოროს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა. ამ შემთხვევაშიც, მათ აქვთ მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან შემოსული და რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. ამ აღქმის ჩამოყალიბებას ისინი, ტრადიციულად, ფაქტების უხეში გაყალბებით ცდილობენ.

მაგალითად, ომისა და ღალატის პარტიის კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზია რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ საქართველოში მყოფი რუსების რაოდენობა, თითქოს, საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტს გაუტოლდა. სინამდვილეში, საქართველოში წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ ჩამორჩება ქვეყანაში 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას. გარდა ამისა, საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია.

განცხადებებზე, რომელთა მიხედვით საქართველოში რუსეთიდან მასობრივად არა ტურისტები, არამედ სამხედროები და სპეცსამსახურების თანამშრომლები შემოდიან, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ.

თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა. შეგახსენებთ, რომ ამ კამპანიის შედეგად მარტში მძიმე ინციდენტი დაფიქსირდა, როდესაც საქართველოში სამი წლის წინ ჩამოსულ რუსი ეროვნების ახალგაზრდა ქალს თბილისის ცენტრში ქვა ესროლეს.

ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ. ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი. მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღეს. ყველას კარგად გვახსოვს, 2011 წელს როგორ ამაყობდა მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან შემოსული ტურისტების მზარდი ნაკადით. იმავე პერიოდს განეკუთვნება ვანო მერაბიშვილის ცნობილი ფრაზა იმის შესახებ, რომ რუსულ ფულს სუნი არ უდიოდა.

ყველას კარგად გვახსოვს ომისა და ღალატის პარტიის პროვოკაციული ქმედებები - ომის დაწყებისთანავე ანტისამთავრობო აქციების გამართვა, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა და სხვ. ყველას გვახსოვს ომის რიტორიკა ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარიას, დავით უსუფაშვილის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძის, თენგიზ გოგოტიშვილის, გიორგი მარგველაშვილის, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების და ნაციონალური მოძრაობის უცხოელი ლობისტების შესრულებით. საბოლოოდ, საზოგადოების ჯანსაღი და მკვეთრი რეაქციის გამო, ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას ომისკენ უბიძგებდნენ, უკან დახევა მოუწიათ და დღეს ისინი თავის მართლების რეჟიმში არიან გადასული.

თუმცა, რასაც პირდაპირი ფორმით ვერ მიაღწიეს, ახლა იმის მიღწევას ირიბი გზით, ქსენოფობიური კამპანიით ცდილობენ. მათი გათვლა მარტივია - ქსენოფობიური კამპანიით უნდა გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რამაც უნდა გამოიწვიოს ესკალაცია და ინციდენტები. ეს ყველაფერი კი, ემსახურება ერთადერთ მიზანს - საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში.

„ქართული ოცნება“ გმობს ქსენოფობიურ კამპანიას, რომელიც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნიორების სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას ომი თავიდან ააცილოს", - აღნიშნულია ი. კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

.

წაკითხულია 137 ჯერ

Related items

  • კახა ოქრიაშვილი: „NDI-ს კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, რომ შემდეგი ხელისუფლება კოალიციური იქნება და „ოცნება“ ოპოზიციაში გადავა“!

    საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    "გამოქვეყნდა NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური კვლევის შედეგები. რომ შევაჯამოთ:

    1. მოსახლეობის მხოლოდ 20 %-ს აქვს უკეთესი ფინანსური მდგომარეობა, ვიდრე 5 წლის წინ. ჯამში, 80%-ს გაუარესებული აქვს ფინანსური მდგომარეობა. ეს 20 % კი ის ხალხია, ვინც ფულს „ქოცობით“ შოულობს.
    2. ამ 20 %-ს ემატება ის თავგზააბნეული 8 %, ვისაც იმედი აქვს, რომ „ქოცობით“ ისინიც ფინანსურად იქნებიან უზრუნველყოფილი.  გამოდის, რომ „ქართულ-რუსულ ოცნებას“, ჯამში, აქვს მაქსიმუმ 28 %-იანი მხარდაჭერა. მოსახლეობის 72 %-ს სურს ცვლილება და ეს ცვლილება გარდაუვალია!

    NDI-ს კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, რომ შემდეგი ხელისუფლება კოალიციური იქნება და „ოცნება“ ოპოზიციაში გადავა!", - ნათქვამია განცხადებაში.  

  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება!

    საქართველოს მმართველი პარტიიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "როგორც მოგეხსენებათ, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვას შეეხება.

    შესაბამისი რეფორმის განსახორციელებლად, საქართველოს პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის მიერ უახლოეს მომავალში შემუშავდება კანონპროექტების პაკეტი, რომელიც, არსებითად, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და სამუშაო ჯგუფში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით განხილულ თემებს დაეფუძნება.

    სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ.

    გასულ წელს, სრულად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონში. წელს, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით შედგა საკრებულოს შუალედური არჩევნები ბათუმის მუნიციპალიტეტის რვა საარჩევნო უბანზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ეს ინიციატივა 2024 წლიდან ფართო მასშტაბით დავნერგოთ.

    კერძოდ, ჩვენი გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.

    ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტის ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, ასევე მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის (ე.წ. „პივიტის“) გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს".

  • ოქრიაშვილი ივანიშვილს: „ნებაყოფლობით კი არ ასრულებთ, ამ თორმეტივე პუნქტს ქართველი ხალხი შეგასრულებინებთ და მოგისვრით საქართველოს ხელისუფლებიდან“!

    საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ივანიშვილმა გამოაგორა კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიერ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა კი არა, საქართველოში ბორტნიკოვის ჩამოსვლაც არ არის პრობლემა, - რომ ჩვენი მტრის, ოკუპანტი რუსეთის უშიშროების ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კონტაქტები, შეხვედრები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, არალეგალური, ფარული შეთანხმებები ღალატი კი არა, ჩვეულებრივი ამბავია.

    მეტი რა აქვთ სათქმელი მოღალატეებს?! 

    „ოცნებას“ საკუთარმა კვლევებმა უჩვენა, რომ მოსახლეობაში მხარდაჭერას კარგავენ, რადგან 90 %-ს მტკიცედ სურს ევროკავშირის წევრობა, ხოლო კობახიძემ, მისმა პატრონმა ივანიშვილმა და მათმა ბანდამ, რომელმაც ხელისუფლება 2020 და 2021 წლებში გაყალბებული არჩევნებით მიითვისა, საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ აქციეს. ასევე, უარი თქვეს შარლ მიშელის 6-პუნქტიან დოკუმენტზე, რაც პრაქტიკულად, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12-პუნქტიანი გეგმის ფუნდამენტია და ახლა სახეზეა „პლასტინკის“ გადატრიალება.

     უკრაინაში პუტინისტური რუსეთის დამარცხებების და საქართველოს მოსახლეობაში მხარდაჭერის კარგვის ფონზე, დღეს „ოცნებამ“ მეორე განცხადებაც შემოგვთავაზა - არჩევნებს ელექტრონულად ჩავატარებთ და ევროკავშირის 12 პუნქტსაც შევასრულებთო. ნებაყოფლობით კი არ ასრულებთ, ამ თორმეტივე პუნქტს  ქართველი ხალხი შეგასრულებინებთ და მოგისვრით საქართველოს ხელისუფლებიდან!

    ელექტრონული არჩევნები არ ნიშნავს სამართლიან არჩევნებს და ეს მხოლოდ ერთი პუნქტია უდიდესი რეფორმის ჩამონათვალში. ელექტრონულ არჩევნებში ჩვენს მილიონამდე ემიგრანტსაც უნდა ჰქონდეს როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად, ფოსტით და ელექტრონული მოწყობილობებით მონაწილეობის საშუალება. შეგახსენებთ, ჩვენი ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხების ოდენობა ჩვენი მშპ-ს დაახლოებით 15 %-ია. საქართველოს მშპ 17 მილიარდი დოლარია, ემიგრანტები კი ყოველწლიურად 2,5 მილიარდ დოლარს რიცხავენ, რაც მშპ-ს დაახლოებით 15 %-ს შეადგენს. ანუ, პრაქტიკულად, საქართველოს ეკონომიკის ზრდას უზრუნველყოფს სწორედ ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები. ძალიან საინტერესოა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც წინა წლებში 2-3 % იყო, მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე 15 %, ხოლო ახლა, ბოლო შვიდ თვეში, ტურიზმის აღდგენის ხარჯზე, ზრდა 10 %-ს შეადგენს.

    აქედან დასკვნა - ნორმალური მთავრობის პირობებში, 15 %-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს. მხოლოდ ამ ციფრებითაც ჩანს, თუ რა დიდი მუხრუჭია  ჩვენი ქვეყნისთვის ეს მოღალატე და უცოდინარი მთავრობა!", - ნათქვამია განცხადებაში.       

  • ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებისთვის ემზადება

    ევროკავშირი ემზადება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერებით უფრო მაღალი ღირებულების და მკაცრი რეჟიმის დასაწესებლად. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონმა, პრესკონფერენცია გამართა ევროკავშირის მიერ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერების შესახებ.

    „რა თქმა უნდა, ევროკავშირში ტურისტად ყოფნა არ არის ფუნდამენტური უფლება. თქვა იოჰანსონმა და დაამატა, რომ კომისიამ გუშინ მიიღო წინადადება რუსეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ.

    „ეს შეჩერება ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეები აღარ ისარგებლებენ ევროკავშირში პრივილეგირებული წვდომით. მაგალითად, მათ ექნებათ მინიმუმ ორჯერ მეტი ღირებულების, უფრო რთული სავიზო განაცხადის პროცესი და მეტი შეზღუდვა მრავალჯერადი ვიზებისთვის“. - თქვა იოჰანსონმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ კომისიამ მიიღო წინადადება უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ და ისინი მოამზადებენ სახელმძღვანელოს, რათა უზრუნველყონ გადაწყვეტილების უფრო სწრაფი და კოორდინირებული განხორციელება წევრ ქვეყნებს შორის.

    ილვა იოჰანსონმა განაცხადა, რომ სახელმძღვანელოთი დადგინდება გამონაკლისები ჟურნალისტებისთვის, ოპოზიციონერებისთვის, უფლებადამცველებისა და ოჯახური მიზეზების გამო მოგზაურთათვის.

    მისივე თქმით, წევრ ქვეყნებს უფლება ექნებათ უარი უთხრან გარკვეული კატეგორიის განმცხადებლებს და მომავალი კვირის დასაწყისიდან ევროკავშირის მიერ რუსეთთან სავიზო რეჟიმი შეიცვლება.

    ევროკავშირის წევრებმა პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებისგან სავიზო განაცხადების მიღება 24 თებერვალს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან მალევე შეწყვიტეს.

  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება!

    საქართველოს მმართველი პარტიიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:  "როგორც მოგეხსენებათ, რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟის ფონზე, „ქართული ოცნება“ აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე.

    აღნიშნული 12 პუნქტის ნაწილია საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის წესის გადასინჯვა. ამ დათქმის შესრულების მიზნით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი ზუსტად იმ შინაარსით, რომელიც შარშან შეჯერდა უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე.

    კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს აირჩევს 3/5-ის უმრავლესობით, 6 წლის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა 3/5-ს ვერ მიიღებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით.

    საპარლამენტო ოპოზიციასთან შეჯერებულ ამ კანონპროექტს ანალოგი არა აქვს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. ამას აქვს მარტივი მიზეზი - მისი შინაარსი ეწინააღმდეგება მმართველობის სისტემის ლოგიკას და ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს, რაზეც დღეს დიდხანს აღარ შევჩერდებით. გავიხსენებთ მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული მიზეზით, ჩვენი გადაწყვეტილებით, შარშან შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეჩერდა.

    თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ.

    დღეს ასევე გვსურს წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში.

    თეკლათისა  და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩვენი კანდიდატი იქნება ბატონი ზაზა ყურაშვილი. ბატონი ზაზა არის ჩვენი პარტიის ერთგული და აქტიური წევრი, რომელიც საკუთარ თემში სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით. დარწმუნებული ვართ, რომ ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს, რის შემდეგაც ღირსეულად წარმოადგენს ორივე სოფლის ინტერესებს სენაკის საკრებულოში.

    გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბებს მყარ უმრავლესობას, რითაც დასრულდება თითქმის ერთწლიანი საბოტაჟი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტია - „საქართველოსთვის“ ტანდემში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ ახორციელებდნენ.

    მოვუწოდებთ ბატონი ზაზა ყურაშვილის მხარდაჭერისკენ თეკლათისა და ჭალადიდის მოსახლეობას", აღნიშნულია განცხადებაში. 

ბიზნეს ნიუსი

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს...

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლ...

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონ...

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური