3 აგვისტოს, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2022 13:50

2022 წლის 3 აგვისტოს, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შედგა საქართველოს და იაპონიის პრემიერ-მინისტრებს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მისალოცი წერილების გაცვლა.
საგარეოს ადმინისტრაციის ცნობით, აღსანიშნავია, რომ მისალოცი წერილების გადაცემის ცერემონია ერთდროულად გაიმართა, როგორც თბილისში, ასევე ტოკიოში. საქართველოში წერილების გადაცემის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, აკირა იმამურამ. იაპონიაში კი, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ-სახელმწიფო მინისტრმა ტაკაკო სუზუკიმ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ. 
იაპონია გახლდათ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო 1992 წელს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პირველივე დღიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული და ძლიერი მხარდამჭერია. 30 წლის მანძილზე იაპონიას და საქართველოს შორის ურთიერთობები საერთო ფუნდამენტური ღირებულებების - დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის და კანონის უზენაესობის საფუძველზე განვითარდა და დღეს უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია. 
უნდა აღინიშნოს ქვეყნებს შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების დინამიკა. ამ მხრივ, ხაზგასასმელია 2018 წელს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს ისტორიული ვიზიტი საქართველოში, რამაც ნათლად დაადასტურა ორმხრივი თანამშრომლობის მიღწევები და დამატებითი ბიძგი მისცა არსებული მეგობრული კავშირების სამომავლო განვითარებას. რეგულარული ხასიათი მიეცა სხვადასხვა ბიზნეს ფორუმის თუ კულტურული ღონისძიების ჩატარებას. მაღალ დონეზეა პარლამენტთა შორისი ურთიერთობები, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში ჩამოყალიბებულია მეგობრობის ჯგუფები. 
საქართველო იაპონიას შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. აღსანიშნავია 2021 წლის 23 ივლისს, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების „ინვესტიციების და გადასახადების შესახებ ხელშეკრულების“ ამოქმედება, რაც, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. 
ძალიან მნიშვნელოვანია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქმიანობა და ის დახმარება, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია უწევს საქართველოს როგორც საგანმანათლებლო, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.

წაკითხულია 70 ჯერ

Related items

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებთან დაკავშირებით

    საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია ქმედებას. 

    ამ უკანონო ქმედებით, კიდევ ერთხელ, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 

    საქართველო,  რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები, არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. 
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ა. ლუკაშენკოს ოკუპირებულ სოხუმში ჩასვლასთან დაკავშირებით

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ სოხუმში ჩასვლასთან დაკავშირებით!

    "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს  აფხაზეთის რეგიონში ჩასვლისა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე.
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
    ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

  • საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

    2022 წლის 19 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის მიმდინარე აქტუალურ საკითხებს. მათ შორის, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი.
    ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის აქტიურ და წარმატებულ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. აღინიშნა, რომ უკანასკნელ წლებში ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად ჩამოყალიბდა.
    საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და ამ მხრივ პანდემიამდე არსებულ პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა განიხილეს ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა და შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე.
    მხარეებმა კვლავ დააფიქსირეს ურყევი და თანმიმდევრული პოზიცია ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

  • ლაშა დარსალია შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთო-ს თავმჯდომარეობის პირად წარმომადგენლებს შეხვდა

    2022 წლის 8 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ეწვივნენ შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთო-ს თავმჯდომარეობის პირადი წარმომადგენლები: რაბინი ენდრიუ ბეიკერი, ელჩი იბრაჰიმ ჰაქი მუსა და პროფესორი რეგინა პოლაკი. ვიზიტის მიზანია ტოლერანტობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოწვევების შეფასება ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებში.
    13 სექტემბერს, დელეგაციის წევრები შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს თავმჯდომარეობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები. 
    ლაშა დარსალიამ ისაუბრა სხვადასხვა რელიგიისა და ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობის პოლიტიკაზე. აღინიშნა, რომ საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ყველა სფეროში, მათ შორის განათლების სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნას, უმცირესობათა მშობლიურ ენებზე ხარისხიანი განათლებისა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას. მინისტრის პირველმა მოადგილემ წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატიური დარღვევების შესახებ, ასევე აღნიშნა ქართული მხარის ძალისხმევა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. 
    მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე რელიგიის თავისუფლებისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მიმართულებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე, თვის ბოლოს საქართველოს სახელით იგეგმება პარალელური ღონისძიების გამართვა ვარშავაში, ადამიანური განზომილების კონფერენციის ფარგლებში.  
    ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა, ასევე შეხვედრები გამართეს საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ვიზიტის შესახებ ეუთო-ს წარმომადგენლები მოამზადებენ ანგარიშს.

  • ​საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

    საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მინისტრების მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი  გაიმართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო თურქეთის დელეგაციას - თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი. 
    მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და  მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას, რაც მიმდინარე წელს საიუბილეო თარიღით - დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილით აღინიშნება. 
    ხაზი გაესვა როგორც მაღალი დონის, ასევე დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკის ზრდის მნიშვნელობას. 
    განსაკუთრებით აღინიშნა მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს რიგით მესამე სხდომის გამართვის მნიშვნელობა.
    დეტალურად იქნა განხილული სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ასევე,  ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით. 
    თურქეთის მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
    შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საბაჟო საკითხთა სფეროში ორ ქვეყანას შორის აქტიური ურთიერთქმედების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე, ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე. 
    აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აქტიური თანამშრომლობისათვის და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა. სურვილი გამოითქვა პოლიტიკური კონსულტაციების მომავალში გაგრძელების თაობაზე.

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური