ბიძინა ივანიშვილის განცხადება!

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 ივლისი 2022 10:40

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაუმტკიცა, რომ ხანმოკლე დემოკრატიული გამოცდილების მიუხედავად, აქვს სიბრძნე, რომელიც ურთულეს გამოწვევებთან ღირსეულად გამკლავების შესაძლებლობას აძლევს.

უკვე წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას პოლიტიკიდან ჩემი გასვლის გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე და მას შემდეგ, ჩემივე გადაწყვეტილებას სრულად ვიცავდი და ვიცავ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ერთადერთი საჯარო განცხადება გამოვაქვეყნე და ისიც მხოლოდ იმისათვის, რომ ჩემი სახელით სპეკულირების საშუალება არავისთვის მიმეცა. არ მინდოდა, პოლიტიკურ პროცესებზე არათუ მე, თუნდაც, ჩემს ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა და საჯარო სივრციდან ჩემი სრული დისტანცირების მიზეზი სწორედ ეს იყო და არის.

ამავდროულად, როგორც ამ ქვეყნის შვილი და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მთელი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან.

ამასთან, დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო. აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. მირჩევნია, ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში ჩემ პირად პრობლემად განიხილოს. შედარებით დეტალურ განმარტებებს ამ საქმეზე ჩემი ადვოკატი აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს.

ჩემთვის მთავარია, საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება, ჩემ პირად საკითხზე კი, მე თავად ვიზრუნებ და ამ პრობლემით საზოგადოების ზედმეტად დატვირთვას არ შევეცდები.

დასასრულს, რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

წაკითხულია 88 ჯერ

Related items

  • კახა ოქრიაშვილი: „NDI-ს კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, რომ შემდეგი ხელისუფლება კოალიციური იქნება და „ოცნება“ ოპოზიციაში გადავა“!

    საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    "გამოქვეყნდა NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური კვლევის შედეგები. რომ შევაჯამოთ:

    1. მოსახლეობის მხოლოდ 20 %-ს აქვს უკეთესი ფინანსური მდგომარეობა, ვიდრე 5 წლის წინ. ჯამში, 80%-ს გაუარესებული აქვს ფინანსური მდგომარეობა. ეს 20 % კი ის ხალხია, ვინც ფულს „ქოცობით“ შოულობს.
    2. ამ 20 %-ს ემატება ის თავგზააბნეული 8 %, ვისაც იმედი აქვს, რომ „ქოცობით“ ისინიც ფინანსურად იქნებიან უზრუნველყოფილი.  გამოდის, რომ „ქართულ-რუსულ ოცნებას“, ჯამში, აქვს მაქსიმუმ 28 %-იანი მხარდაჭერა. მოსახლეობის 72 %-ს სურს ცვლილება და ეს ცვლილება გარდაუვალია!

    NDI-ს კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, რომ შემდეგი ხელისუფლება კოალიციური იქნება და „ოცნება“ ოპოზიციაში გადავა!", - ნათქვამია განცხადებაში.  

  • აზერბაიჯანი სომხეთის საზღვარზე მომხდართან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საზღვარზე სომხური პროვოკაციების შედეგად 50  ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

    თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 სექტემბრის ღამეს და 13 სექტემბრის დილით, სომხეთის არმიამ საზღვრის გასწვრივ, დაშქესანის, ქალბაჯარის და ლაჩინის მიმართულებით ფართო მასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელა. მათივე ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად 50 ჯარისკაცი დაიღუპა, რომელთაგან 42 აზერბაიჯანის არმიიდან და 8 სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან იყვნენ.

    ფაქტს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

    თავის მხრივ, სამინისტროს ბოლო განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად დილის 09:00 საათიდან (გუშინ, ადგილობრივი დროით) გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა, სომხეთი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას და საზღვრის გასწვრივ არტილერიისა და სხვა მძიმე იარაღის გამოყენებას პერიოდულად აგრძელებს.

  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება!

    საქართველოს მმართველი პარტიიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "როგორც მოგეხსენებათ, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვას შეეხება.

    შესაბამისი რეფორმის განსახორციელებლად, საქართველოს პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის მიერ უახლოეს მომავალში შემუშავდება კანონპროექტების პაკეტი, რომელიც, არსებითად, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და სამუშაო ჯგუფში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით განხილულ თემებს დაეფუძნება.

    სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ.

    გასულ წელს, სრულად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონში. წელს, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით შედგა საკრებულოს შუალედური არჩევნები ბათუმის მუნიციპალიტეტის რვა საარჩევნო უბანზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ეს ინიციატივა 2024 წლიდან ფართო მასშტაბით დავნერგოთ.

    კერძოდ, ჩვენი გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.

    ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტის ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, ასევე მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის (ე.წ. „პივიტის“) გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს".

  • ოქრიაშვილი ივანიშვილს: „ნებაყოფლობით კი არ ასრულებთ, ამ თორმეტივე პუნქტს ქართველი ხალხი შეგასრულებინებთ და მოგისვრით საქართველოს ხელისუფლებიდან“!

    საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ივანიშვილმა გამოაგორა კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიერ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა კი არა, საქართველოში ბორტნიკოვის ჩამოსვლაც არ არის პრობლემა, - რომ ჩვენი მტრის, ოკუპანტი რუსეთის უშიშროების ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კონტაქტები, შეხვედრები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, არალეგალური, ფარული შეთანხმებები ღალატი კი არა, ჩვეულებრივი ამბავია.

    მეტი რა აქვთ სათქმელი მოღალატეებს?! 

    „ოცნებას“ საკუთარმა კვლევებმა უჩვენა, რომ მოსახლეობაში მხარდაჭერას კარგავენ, რადგან 90 %-ს მტკიცედ სურს ევროკავშირის წევრობა, ხოლო კობახიძემ, მისმა პატრონმა ივანიშვილმა და მათმა ბანდამ, რომელმაც ხელისუფლება 2020 და 2021 წლებში გაყალბებული არჩევნებით მიითვისა, საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ აქციეს. ასევე, უარი თქვეს შარლ მიშელის 6-პუნქტიან დოკუმენტზე, რაც პრაქტიკულად, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12-პუნქტიანი გეგმის ფუნდამენტია და ახლა სახეზეა „პლასტინკის“ გადატრიალება.

     უკრაინაში პუტინისტური რუსეთის დამარცხებების და საქართველოს მოსახლეობაში მხარდაჭერის კარგვის ფონზე, დღეს „ოცნებამ“ მეორე განცხადებაც შემოგვთავაზა - არჩევნებს ელექტრონულად ჩავატარებთ და ევროკავშირის 12 პუნქტსაც შევასრულებთო. ნებაყოფლობით კი არ ასრულებთ, ამ თორმეტივე პუნქტს  ქართველი ხალხი შეგასრულებინებთ და მოგისვრით საქართველოს ხელისუფლებიდან!

    ელექტრონული არჩევნები არ ნიშნავს სამართლიან არჩევნებს და ეს მხოლოდ ერთი პუნქტია უდიდესი რეფორმის ჩამონათვალში. ელექტრონულ არჩევნებში ჩვენს მილიონამდე ემიგრანტსაც უნდა ჰქონდეს როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად, ფოსტით და ელექტრონული მოწყობილობებით მონაწილეობის საშუალება. შეგახსენებთ, ჩვენი ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხების ოდენობა ჩვენი მშპ-ს დაახლოებით 15 %-ია. საქართველოს მშპ 17 მილიარდი დოლარია, ემიგრანტები კი ყოველწლიურად 2,5 მილიარდ დოლარს რიცხავენ, რაც მშპ-ს დაახლოებით 15 %-ს შეადგენს. ანუ, პრაქტიკულად, საქართველოს ეკონომიკის ზრდას უზრუნველყოფს სწორედ ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები. ძალიან საინტერესოა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც წინა წლებში 2-3 % იყო, მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე 15 %, ხოლო ახლა, ბოლო შვიდ თვეში, ტურიზმის აღდგენის ხარჯზე, ზრდა 10 %-ს შეადგენს.

    აქედან დასკვნა - ნორმალური მთავრობის პირობებში, 15 %-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს. მხოლოდ ამ ციფრებითაც ჩანს, თუ რა დიდი მუხრუჭია  ჩვენი ქვეყნისთვის ეს მოღალატე და უცოდინარი მთავრობა!", - ნათქვამია განცხადებაში.       

  • აშშ-ის საელჩოს განცხადება პარლამენტის მიერ მოსმენების კანონზე ვეტოს დაძლევის შესახებ

    "პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა", - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ავტორების მიხედვით 

ბიზნეს ნიუსი

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს...

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლ...

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონ...

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური