პრემიერმა გენასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2022 13:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს აბდულა შაჰიდს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე და გაერო-ს მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მდგრადი განვითარებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გაერო-ს რეზიდენტ-კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში ქემლინ ფერლი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოადგილე ფერნანდო ანდერს მარანი, სამართლებრივ, საბიუჯეტო და რეფორმის საკითხებზე გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე ინგა ყანჩაველი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
წაკითხულია 66 ჯერ

Related items

  • ილია დარჩიაშვილმა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ევროპის საბჭოსთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს  შეხვდა.

    ილია დარჩიაშვილმა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ისაუბრეს საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ევროპის საბჭოსთან, ხაზი გაესვა ორგანიზაციის მნიშვნელოვან კონტრიბუციას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.

    განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ამ კონტექსტში აღინიშნა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ასევე ჰუმანიტარული ჩართულობის სახით კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში.

    ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას და დადებითი შეფასება მიეცა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისა და უსაფრთხოების გარემოს შესახებ გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშების პრაქტიკას,  რისთვისაც ილია დარჩიაშვილმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, უკრაინაში მიმდინარე ომს.   
    გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ორგანიზაციის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ქმედებებში აქტიური ჩართულობისთვის.

    შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის წლიურ სამოქმედო გეგმას და მის იმპლემენტაციას.

  • პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე. "ჩემთვის დიდი პატივია, ქართველი ხალხის სახელით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას კიდევ ერთხელ მოგმართოთ.

    დღეს ჩვენ შევიკრიბეთ 77-ე სესიაზე და ვაანალიზებთ სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის დღიდან მივაღწიეთ. 1946 წელს, პირველ სესიაზე, დამფუძნებლებმა დადეს პირობა, რომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გაერთიანდებოდნენ.

    მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის აქტები ამჟამადაც ხორციელდება. და ეს სწორედ ისეთი აქტებია, როგორებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსება განაპირობა.

    2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. იმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად.

    გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმისათვის შეიქმნა, რომ მომდევნო თაობები ომის უბედურებისგან ვიხსნათ და სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. ეს ჩვენი მოვალეობა და დაპირებაა.

    დღეს მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენს ძლიერ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ერს, რომელმაც შეინარჩუნა თავისი სათუთი მემკვიდრეობა და ისტორია, თან განვითარდა და მოერგო 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკურ რეალობას.

    ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა. დღეს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გააზრებული გვაქვს ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება, რომელიც ვიკისრეთ.

    ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად. ამ კუთხით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველო აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ".

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვანგ ის  შეხვდა.
    ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივებს.

    ირაკლი ღარიბაშვილმა და ვანგ იმ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და კმაყოფილება გამოთქვეს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო.

    აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია.

    აღინიშნა ჩინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
    მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

    ხაზი გაესვა არაერთი მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას და დადებითად შეფასდა უწყებების დონეზე თანამშრომლობის მაღალი დინამიკა.

    მხარეები მიესალმნენ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს – 30 წლისთავს და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის უკვე არსებული მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

    საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

    გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ჩაბა კოროშიმ და სხვა ლიდერებმა.

    საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს.

    საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

    საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

    ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა.
    განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და, შედეგად, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
     მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური