საქართველოში კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის ამოქმედების საკითხები განიხილეს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2022 12:30

საქართველოში კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის ამოქმედების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს თბილისში გამართულ შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ამერიკულ კომპანია SpaceX-ის ბაზრებზე წვდომის რეგიონალურმა დირექტორმა ბენ მაკ უილიამსმა

საუბარი კერძოდ შეეხო SpaceX საქართველო¬ში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდების საკითხის უზრუნველყოფას.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, Starlink-ის საქართველოში შემოსვლითა და ოპერირების დაწყებით ფაქტობრივად ახალი ეტაპი იწყება ინტერნეტიზაციის კუთხით. კომპანიის საქართველოში ოპერირებისთვის ნებართვა უკვე გაცემულია.

„SpaceX მიესალმება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, Starlilnk-ისთვის ავტორიზაციის მინიჭების კუთხით, რის შემდეგაც კომპანია საქართველოში ფიზიკურ პირებსა და ბიზნესს მაღალი ხარისხის თანამგზავრულ ფართოზოლოვან ინტერნეტს მიაწვდის“ - აღნიშნა Starlink-ის ბიზნესოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა ჩად გიბიმ.

პირველ ეტაპზე Starlink-ის ინტერნეტი საქართველოს მასშტაბით არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველა ტექნოპარკს მიეწოდება.

ილონ მასკის დაარსებული კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ნებისმიერ ადგილში, მათ შორის მიუწვდომელ და მაღალმთიან დასახლებებში.

SpaceX-მა საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლისა და საქმიანობის დაწყებით დაინტერესება გასულ წელს გამოთქვა, როცა ლოს ანჯელესში კომპანიის სათავო ოფისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძეს შეხვდნენ.

სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გამოხატა კომპანიამ ინტერესი საქართველოს ინტერნეტიზაციის პროცესში ჩართვაზე, ასევე საქართველო განიხილეს რეგიონში ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად, სადაც SpaceX-ი მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწვდის. 

ლოს ანჯელესში გამართული შეხვედრის შემდგომ აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ცოტა ხნის წინ საქართველოში SpaceX-ის პროექტ Starlink-ის რეგისტრაციისა და ავტორიზაციის პროცესი დასრულდა. 

თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უწყვეტი, მაღალი ხარისხის ინტერნეტ წვდომა. შესაბამისად, თანამგზავრული ინტერნეტი ხელს შეუწყობს ციფრული ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე

წაკითხულია 92 ჯერ

Related items

  • ლ. დავითაშვილმა და მ. მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის

    ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის. ხელმოწერა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციისადმი მიძღვნილ ფორუმზე შედგა. 

    როგორც ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება, ცვლილებები შეეხება სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის სატარიფო ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატებას. კერძოდ, საქართველო მიიღებს ქვოტის ფარგლებში შეღავათებს იმ სახის  პროდუქციებზე, რომლებზეც საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტისას შეღავათი არ ვრცელდებოდა. დღეს გაფორმებული გადაწყვეტილების ამოქმედების შემდგომ კი საქართველოდან თურქეთში ექსპორტისას,  ქვოტის ფარგლებში ნულოვანი ტარიფით შესვლის შესაძლებლობა მიეცა ისეთ სასაქონლო პოზიციებს, როგორიცაა: ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, საქონლის ხორცი, მწვანე ჩაი, ხილის ჩირი, კივი, ლიმონი, დაკონსერვებული პომიდორი და საკვები ინგრედიენტები. აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად თურქეთის მხრიდან ქვოტები ასევე გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე: თაფლი, ვაშლი და ღვინო.

    საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2008 წლის პირველი ნოემბრიდან და იმ პერიოდისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების ფორმატიდან გამომდინარე გავრცელდა მხოლოდ საქონლით ვაჭრობაზე. 2016 წლიდან მიმდინარეობდა მუშაობა თურქულ მხარესთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ნაწილში ცვლილებების შეტანისა და შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატების საკითხებზე.

    ახალი ხელშეკრულებები კიდევ ერთი  წარმატებული ნაბიჯია საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით, ისინი ასევე აძლევენ საქართველოს საშუალებას ორმხრივად განავითაროს მომსახურების სექტორი და ისარგებლოს საქართველო-თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებული დისბალანსის შემცირებით.

  • Wizz Air-თან თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება-მარიამ ქვრივიშვილი

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ კომპანია Wizz Air-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის კიდევ უფრო ზრდა და მომავალი წლის გეგმები - ეს იყო სამუშაო შეხვედრაზე საუბრის ძირითადი საკითხები. როგორც მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, კომპანიასთან თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე წარმატებით გაგრძელდება, მათ შორის ახალი ავიამიმართულებების დამატების კუთხით.  

    „ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული და სტრატეგიული თანამშრომლობა კომპანია Wizz Air-თან, ერთობლივი ძალისხმევით ბოლო ორი წლის განმავლობაში შევძელით და ქუთაისის აეროპორტიდან კომპანია 20-ზე მეტი ევროპული მიმართულებით ოპერირებს. დღევანდელ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის სექტორის განვითარებას, მათ შორის ახალი მიმართულებების დამატებას. დარწმუნებულები ვართ, რომ ასევე ერთობლივი ძალისხმევით მომავალში ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო პროექტები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 
    შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.  მისი ინფორმაციით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის ზრდის პერსპექტივები და მომავალი გეგმები 2023 წლის ზამთრისა და ზაფხულის სეზონებისთვის.  

    საქართველოში გრძელვადიანი პოზიციონირების და უახლოეს წლებში კომპანიის ოპერირების გაფართოების პერსპექტივეებზე შესახებ გაამახვილა ყურადღება კომპანიის აეროპორტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ვლადისლავ ილინმა.

    „განვიხილეთ ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება  და განვითარება მომავალში, კერძოდ ჩვენი ოპერირების გაფართოება უახლოეს წლებში. განვიხილეთ ის შესაძლო მარშრუტები, რომელიც შეიძლება წამოვიწყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მალე დაგიბრუნდებით სასიამოვნო სიახლეებით.  ერთ-ერთი უკანასკნელი სიახლე ჩვენი მხრიდან იყო პროექტი „მოდი, დავიკარგოთ ვიზეართან“ ერთად, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ჩამოვიყვანეთ 200 ინფლუენსერი, რათა გვეჩვენებინა თქვენი ქვეყნის სილამაზე და მიმზიდველობა. ჩვენ ამით საკუთარი წვლილი შევიტანეთ თქვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაში. მოუთმენლად ველით ახალ შესაძლებლობებს, რომ საქართველოში ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ“, - აღნიშნა Wizz Air-ის წარმომადგენელმა.

  • პრემიერ-მინისტრი Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.

    შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგია პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, Rothschild & Co-სთან და კომპანია Kaiser Partner-თან ერთობლივი თანამშრომლობით მომზადდა და მისი მიზანია, ქვეყანა გადაიქცეს მულტიფუნქციურ ჰაბად როგორც ტექნოლოგიების, ისე განათლებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით.
    ყურადღება გამახვილდა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას.
    შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კომპანია Kaiser Partner-ის აღმასრულებელი მმართველი სტეფან ლინიგერი, კომპანია Kaiser Partner-ის სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელი ტილლა ქავენგი, კომპანია Rothschild & Co-ს მრჩეველი პიერ ადელინი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • ლევან დავითაშვილი კომპანიის "Abu Dhabi Ports" დელეგაციას შეხვდა

    ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია "Abu Dhabi Ports" (AD Ports Group) საერთაშორისო ბიზნესის მიმართულების დირექტორს სამირ ჩატურვედის და მის თანხმლებ პირებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. 

    შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გარღმავებაზე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიეროებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის განვითარებაზე საზღვაო ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში და ამ დარგებში ინვესტირების განხორციელების შესაძლებლობებზე.

    სტუმრებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო კლიმატის, ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამების, მიმდინარე და დაგეგმილი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალი, სამომავლო ხედვა და გეგმები, რასთან დაკავშირებითაც სტუმრებს წარედგინათ პრეზენტაცია ქვეყანაში მიმდინარე მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების, სატრანსპორტო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით არსებული ტრენდებისა და შესაძლებლობების თაობაზე. 

    შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გურამ გურამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი, საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე და სხვა ოფიციალური პირები. 

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კომპანია „Abu Dhabi Ports“-ის დელეგაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სტუმრობისას ქვეყნის სანავსადგურე სექტორში მიმდინარე პროცესებს გაეცნო. გამოიკვეთა მხარეებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები  საზღვაო კლასტერის, ასევე, საზღვაო განათლების ხელშეწყობისა და ტრენინგ-ცენტრების განვითარების მიმართულებით.

  • 5G ინტერნეტის ქსელის მხარდაჭერილი ავტობუსის გაჩერება ფუჟოუში (ვიდეო)

    ფუჟოუ, 17 აგვისტო (სინხუა) -- ჩინეთის ქ. ფუჟოუში, პროგრამული უზრუნველოფის პარკში, „ჭკვიანი“ ავტობუსის გაჩერება მგზავრებს უნიკალურ მომსახურებას სთავაზობს.
    ინტელექტუალური ავტოსადგურის ყველა აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა დაკავშირებულია მართვის პროგრამულ პლატფორმასთან ერთიანი მართვის უზრუნველსაყოფად.
    ამგვარად გაჩერებაზე მგზავრებისთვის ხელმისაწვდომია 5G ინტერნეტის ქსელი.
    მენეჯერები ამბობენ, რომ ავტოსადგურს ყოველდღიურად 800-მდე ადამიანი სტუმრობს.

    ვიდეო მომზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური