დღეს თბილისში ევროპის 20-წლამდელთა კალათბურთის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის მატჩები დაიწყება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 15 ივლისი 2022 12:25

15 ივლისს თბილისში ევროპის 20-წლამდელთა კალათბურთის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის მატჩები დაიწყება, რომელში მონაწილეობასაც 19 ნაკრები მიიღებს. ამის შესახებ კალათბურთის ფედერაცია იუწყება. ეს გახლავთ მასშტაბური ღონისძიება, რომლის გამარჯვებული და მომდევნო 2 პრიზიორი 2023 წლისთვის ელიტარულ, “ა” დივიზიონში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ. 

მასშტაბი და მნიშვნელობა ძალიან დიდია, თუმცა 20-წლამდელთა ჩემპიონატი ევრობასკეტის წინ კარგი რეპეტიცია იქნება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისთვის, რომელიც აღნიშნულ ტურნირებს "ფიბა"-სთან მჭიდრო თანამშრომლობით ატარებს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ტურნირს კარგად მომზადებული ხვდება. ჩვენმა გუნდმა ტურნირამდე 3 შეკრება გამართა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრები ჯერ რაჭაში იმყოფებოდა, სადაც ფიზმომზადება გაიარა, შემდეგ კი საბერძნეთსა და თურქეთში ჯამში 4 სპარინგ-მატჩი გამართა. 

ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თამაშებს როგორც ოლიმპიური სასახლე, ასევე ახალი „თბილისი არენა“ (უნივერსიტეტის ქუჩა N15ა) უმასპინძლებს. ტურნირის მონაწილე 19 ნაკრები 5 ჯგუფშია განაწილებული. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები „ბ“ ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ავსტრია და კოსოვო ჰყავს.

გათამაშების სისტემის მიხედვით თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო ნაკრები გავა, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ, ხოლო პლეი ოფს მიღმა დარჩენილები ტურნირის 9-19 ადგილებს გაითამაშებენ. “ბ” დივიზიონის ჩემპიონი, ფინალში დამარცხებული გუნდი და მესამეადგილოსანი “ა” დივიზიონის საგზურებს მოიპოვებენ და 2023 წლის ზაფხულში ელიტაში იასპარეზებენ.

 

წაკითხულია 167 ჯერ

Related items

  • ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე სამივე ხარისხის ოთხი მედალი მოიპოვა

    პრაღაში დასრულებული იუნიორ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი შედეგიანი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ჩვენმა გუნდმა სამივე ხარისხის ოთხი მედალი მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო მაჩვენებელი მძიმე წონაზე მოდის, სადაც შალვა გურეშიძემ ჩემპიონობა მოიპოვა, უჩა ტაბატაძემ კი - ბრინჯაოს მედალი.მეორე ბრინჯაოს მედალი მიხეილ ჯაფარიძის (100 კგ) ანგარიშზეა.

    ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა ალეკო კასრაძეს (66 კგ), რომელიც ფინალში თურქ თანატოლთან იპონით დამარცხდა.

    საქართველოს ნაკრებმა თითო ოქრო-ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით ვაჟთა ჩათვლაში გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.

  • საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან შეხვედრა დათმო

    თბილისში მიმდინარე ევრობასკეტის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მორიგი მარცხი იწვნია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს. 

    ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი დამარცხდა ბულგარეთთან, რომელსაც აქამდე ყველა წაგება ჰქონდა და რომელიც რეიტინგით ჯგუფის ყველაზე სუსტი წევრი იყო. ამ მარცხით საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფში გასვლა გაირთულა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც კი დიდი იყო იმის შანსი, რომ ბოლო ტურში მონტენეგროსთან მხოლოდ მოგება დაგვჭირვებოდა. 

    ასე რომ, ჯგუფიდან გასასვლელად საქართველოს ნაკრებს მონტენეგროსთან ბოლო ტურში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არაა: ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში ბელგიამ ბულგარეთს უნდა მოუგოს და ასეთ შემთხვევაში ჯგუფში ბულგარეთი და მონტენეგრო რჩებიან. 

    ბელგიას საკმაოდ დიდი მოტივაცია აქვს, რადგან ბულგარეთთან დამარცხების შემთხვევაში ჯგუფში რჩება. ასე რომ, ბელგია საკუთარ თავთან ერთად საქართველოსთვისაც თამაშობს და სასურველი იქნება, თუკი ქართველი გულშემატკივრები ამ მატჩზე დასასწრებად მივლენ და ბელგიელებს უქომაგებენ. აღნიშნულ შეხვედრაზე მაყურებელთა დასწრება თავისუფალი იქნება და რაც უფრო მეტო ქომაგი მივა თბილისი არენაზე, ბელგიისა და საქართველოსთვის მით უკეთესი.

    რაც შეეხება თამაშს, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი კომპონენტის გამო წააგო – მეტოქეს შორი სროლების შესრულებაში ხელი ვერ შეუშალა. ბულგარელებმა 19(!) სამქულიანი ჩააგდეს და გაიმარჯვეს კიდეც. ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა საჭირო დონეზე მხოლოდ მეორე პერიოდის დასაწყისამდე ითამაშა. საქართველო 22:14 იგებდა და მოულოდნელად მოედანზე ვითარება კარდინალურად შეიცვალა. თავიდან რომ სროლები არ მისდიოდათ, ბულგარელებმა ბურთის ბურთზე ჩაგდებას მიჰყვეს ხელი და ამაში მათ ხელი ქართველებმა ვერ შეუშალეს.

    იყო ეპიზოდები, როცა ქართველები ჩამორჩენას ამცირებდნენ, თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდებში ბულგარელები პერიმეტრიდან შეუჩერებლები გახდნენ და თამაში ისე ჩამთავრდა, საქართველოს ნაკრებს წარმატების შანსი არ მისცემია – 80:92 (სტატისტიკა).

    ეს გახლდათ ჩვენი ეროვნული ნაკრების ვეტერანის, გიორგი ცინცაძის მე-200 მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ამ შედეგით იგი ეროვნული გუნდის რეკორდსმენია. საიუბილეო მატჩში, ბულგარეთთან მწვრთნელმა ცინცაძე პირველ ნახევარში, არასრული 10 წუთი ათამაშა.

    საქართველოსა და მონტენეგროს მატჩი თბილისი არენაზე 7 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

  • FIBA: ევროპამ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პროტესტი არ დააკმაყოფილა

    საქართველოსა და თურქეთს შორის გამართულ ევრობასკეტის მატჩის შედეგზე თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ ფიბა-ევროპაში შეტანილი ოფიციალური პროტესტი უარყოფილია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიიღო ევრობასკეტის ძირითადმა ორგანიზატორმა ფიბა-მ /FIBA/, რომლის შესაბამისმა ორგანომ ვერ გამოაშკარავა იმ დონის შეცდომა, რომელსაც შეეძლო თამაშის შედეგზე გავლენა მოეხდინა. 

    თურქეთის მხარე მიანიშნებდა იმ გაპარულ 22 წამზე, რომელსაც ადგილი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 4:48 წუთით ადრე ჰქონდა. ამ დროს მოედანზე ვითარება დაიძაბა, რადგან დუდა სანაძესა და ფურკან ქორქმაზს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კონფლიქტის დაწყებიდან მალევე დროის ათვლა გაგრძელდა და 22 წამში წამმზომი შეჩერდა. თამაში რომ განახლდა, ტაბლოზე 4:48 წუთის ნაცვლად 4:26 ეწერა. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ 14:26 წუთი ითამაშეს და საბოლოოდ საქართველომ 88:83 დაამარცხა მეტოქე.

    სწორედ ამ შედეგის გაუქმებას და მატჩის სრულად ან დარჩენილი 4:48 წუთის გადათამაშებას ითხოვდნენ თურქები, თუმცა მათი პროტესტი ფიბა-ევროპამ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება კიდევ ერთ შემთხვევას, რომელიც გასახლდელში მიმავალ დერეფანში მოხდა, ამაზე ფიბას ოფიციალურ განცხადებაში წერია: “გამოძიება, რომელიც დაიწყო იმ მოქმედებების გამო, რომელიც მოხდა გუნდების ზონაში და რომელშიც ორივე გუნდის მოთამაშეები და დელეგაციის წევრები იყვნენ ჩართულნი, მიმდინარეობს. როგორც კი გამოძიება დასკვნას გამოიტანს, ფიბა-ს შესაბამისი ორგანოები განსაზღვრავენ დისციპლინარული სასჯელის ზომას.

    https://www.fiba.basketball/news/fiba-statement-regarding-fiba-eurobasket-2022-game-between-turkey-and-georgia

  • 1 სექტემბერს თბილისში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში!

    საქართველო  1-7 სექტემბერს პირველად მასპინძლობს ისტორიულ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში – FIBA ევრობასკეტ-2022-ს  ჩეხეთთან, იტალიასთან  და გერმანიასთან ერთად. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრების გუნდები იღებენ მონაწილეობას, გაიმართება „თბილისი არენაზე“.

    ევროპის ჩემპიონატი, არამარტო კონტინენტის უმაღლესი საკალათბურთო მოვლენა, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც თავს მოუყრის მილიონობით გულშემატკივარს მასპინძელ ქალაქებში და მილიარდზე მეტ მაყურებელს ტელეეკრანებთან. 

    ევროპის ჩემპიონატის ჩვენს ქვეყანაში ჩატარება, უდიდეს შესაძლებლობას უქმნის საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს, რათა საკუთარ სახლში,  გულშემატკივრებთან ერთად მნიშვნელოვან სპორტულ შედეგს მიაღწიოს. იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი გამორჩეული მასპინძელი იყოს, ევროპის ჩემპიონატის დღეები დატვირთული იქნება მრავალფეროვანი აქტივობებით.

      ევრობასკეტ 2022-ის ფარგლებში რიყის პარკის ტერიტორიაზე 31 აგვისტოდან მოეწყობა ფანზონა, სადაც ევრობასკეტის დღეებში, გულშემატკივრებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ ევრობასკეტის მატჩების ყურება და ეროვნული ნაკრების ქომაგობა.  

    ფანზონა დატვირთული იქნება მრავალფეროვანი სივრცეებითა აქტივობებით. რიყის პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ქართული კალათბურთის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ისტორიის ხეივანი, 3×3 საკალათბურთო მოედანი,  ეროვნული ნაკრების ფან-შოპი,  სპონსორების, კვების, ბავშვთა გასართობი და ელექტრონული თამაშების კუთხეები.

    დიდი საკალათბურთო დღესასწაულის –  ევრობასკეტის უკეთ შეგრძნებისა და საზეიმო განწყობისთვის დაიბრენდა საჰაერო ბუშტი, ასევე,  რიყის პარკში განთავსდება გიგანტური ჰეშთეგი, ევრობასკეტთან ასოცირებულ ფერებში განათდება თბილისის ანძა, მშვიდობის ხიდი და ეშმაკის ბორბალი.

    საქართველოში ევრობასკეტი სპეციალური პროგრამითა და კონცერტით, ოფიციალურად გაიხსნება ზემოხსნებულ ფანზონაში.

    ევრობასკეტის გახსნის ცერემონიალი რიყის პარკში,  21:30 საათზე დაიწყება. ღონისძიების პირდაპირ ეთერს საქართველოს პირველი არხი განახორციელებს.

    ფანზონაში ასევე წარმოდგენილი იქნება ევრობასკეტის ოფიციალური თილისმა „DJ Bounce”.

  • საქართველო და თურქმენეთი ერთმანეთთან პირდაპირ ფრენებს გახსნიან

    თურქმენეთი და საქართველო შეთანხმდნენ პირდაპირი ფრენების დაწყებაზე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თურქმენეთში ვიზიტისას, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც შესაძლებელს გახდის პირდაპირი ფრენების დაწყებას აშხაბადსა და თბილისს შორის.

    აშხაბადში გამართული მოლაპარაკებების დროს განიხილეს ქართული პროდუქციის თურქმენეთში ექსპორტზე ბარიერების მოხსნის შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის მისი ქიმიური მრეწველობის პროდუქციის მიწოდებას საქართველოში.

    ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა. გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შორის.

    თურქმენეთის საელჩო საქართველოში

ბიზნეს ნიუსი

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს...

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლ...

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონ...

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური