თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 ივლისი 2022 14:01

თბილისის მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბერნში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების საკითხებზე და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების კუთხით არსებულ გამოცდილებაზე, რაც ბერნს გააჩნია. თბილისის მერმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მტკიცე არჩევანს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. აღინიშნა, რომ შვეიცარიის ჩათვლით, ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს დაახლოება, ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯია.
ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის და ბერნის მერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ქალაქებს შორის ურთიერთობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ურბანული განვითარება, ტრანსპორტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ტექნოლოგიები, განათლება, კულტურა და ტურიზმი.
„გვქონდა შესაძლებლობა, ბერნის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ეს არის ურბანული განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, ინფრასტრუქტურა. ძალიან კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს. ბერნი განვითარებული ქალაქია, შვეიცარია ულამაზესი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ინფრასტრუქტურის, ურბანული კეთილმოწყობის თვალსაზრისით. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელების ეტაპზე, მნიშვნელოვანი იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ბერნის მერს მასპინძლობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენ ქალაქებს და ხალხებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა კახა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ალეკ ფონ გრაფენრიდს გულთბილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბერნის მერი ახლო მომავალში თბილისს ვიზიტით ეწვევა.
„არ ვიცი, არსებობს თუ არა მეგობრობა ერებს შორის, თუმცა, მჯერა, რომ არსებობს მეგობრობა ხალხს და ქალაქებს შორის და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ჩვენ, ყველანი ევროპაში ვდგავართ ერთიან პრინციპებსა და ღირებულებებზე - ეს არის პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართ. მჯერა, რომ რადგან ქალაქები უფრო ახლოს არინ მოქალაქეებთან, უფრო კარგად შეძლებენ, ამ ერთიანი ღირებულებების გარშემო ითანამშრომლონ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისის და ბერნის ურთიერთობა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბერნის მერმა.
ბერნის მერიაში გამართულ ღონისძიებას ქართული მხრიდან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შვეიცარიაში საქართველოს ელჩი რევაზ ლომინაძე დაესწრნენ.

წაკითხულია 84 ჯერ

Related items

  • ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო: საქართველომ უნდა გააგრძელოს მნიშვნელოვანი რეფორმები და დაძლიოს პოლარიზაცია

    6 სექტემბერს ბრიუსელში ევროკავშირმა და საქართველომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრა ჩაატარეს. შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
    ასოცირების საბჭოს შეხვედრის ძირითადი თემა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება გახლდათ. კერძოდ, სხდომაზე ხაზი გაესვა ევროპული საბჭოს მზადყოფნას, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მაშინვე, როგორც კი ის ევროკომისიის მოსაზრებებში კონკრეტულად ჩამოყალიბებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. 
    ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პარლამენტში ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებას და მმართველ პარტიას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად ინკლუზიურ პროცესში ჩართვის რეკომენდაცია მისცა. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებზეა დამოკიდებული და რომ ევროკავშირი მზად არის, გამოიყენოს ყოველგვარი საშუალება მის მხარდასაჭერად. 
    საქართველომ უნდა გააგრძელოს მნიშვნელოვანი რეფორმები და დაძლიოს პოლარიზაცია, აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა საბჭოს შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე. „არ არსებობს მარტივი გზები და არც სასწაულები მოხდება“, — დასძინა მან, — „ეს არის არა პოლიტიკური დეკლარაციების საკითხი, არამედ — პოლიტიკური ნებისა, რომელიც ნებას შედეგებად გარდაქმნის“.
    ასოცირების საბჭო მიესალმა ევროკავშირი-საქართველოს 2021-2027 წლების დღის წესრიგის შესწორებული ვერსიის დამტკიცებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფაც. 
    ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ასევე ხაზი გაუსვა თავის მზადყოფნას, დაეხმაროს ქვეყანას ჰიბრიდული თუ კიბერ საფრთხეების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
     
    დამატებითი ინფორმაცია
    რესრელიზი

  • თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბიზნეს საუზმეზე მასმედიის წარმომადგელებს უმასპინძლა
    2022 წლის 1 სექტემბერს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ ბიზნეს საუზმეზე საქართველოს მასმედიის წარმომადგელებს უმასპინძლა.
    შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს, მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, თურქეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე.
    მასმედიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს რომ ორი ქვეყნის ურთიერთბების გაღრმავებისთვის საჭიროა მსგავსი ტიპის შეხვდრების ორგანიზება და მადლობა გადაუხადეს Deik-ის ბიზნეს საბჭოს მიმდინარე წლის თებერვალში ქ. სტამბოლში გამართულ საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზებისთვის.
  • უკრაინაში ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში თურქეთი თავის წვლილს შეიტანს

    პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის, გუშინ უკრაინაში განხორციელებული ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ლვოვში ორი ქვეყნის პრეზიდენტების თანდასწრებით, ინფრასტრუქტურის აღდგენის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც უკრაინაში, ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში თურქული მხარის მონაწილეობას ისახავს მიზნად. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    მემორანდუმს ხელი, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა მოაწერეს.

    მემორანდუმის ფარგლებში, უახლოეს მომავალში რეკონსტრუქციის საკითხებზე, ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უკრაინაში სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის ობიექტების რეკონსტრუქციას, როგორიცაა გზები, ხიდები, წყლისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები და სკოლები

  • ირაკლი ღარიბაშვილი – ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა

    ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანას თითქმის 40%-იანი ზრდა აქვს ექსპორტში.
    „ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა. ჩვენ თუ შევადარებთ წინა წელს, თითქმის 40%-იანი ზრდა გვაქვს ექსპორტში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ექსპორტის აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდულია როგორც წინა წლის ივლისის, ასევე, სხვა თვეებთან შედარებით. ჯამურად, იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა თითქმის 37%-ით და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ასევე გვაქვს ზრდა იმპორტში და ჯამურად, იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა თითქმის 10 მილიარდ 200 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 35%-ით მეტია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
    ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს და 476 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
    პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
    მთავრობის მეთაურის თქმით, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია ივლისშიც შენარჩუნდება.
    „თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ტურისტია შემოსული და მინდა გითხრათ, რომ ივლისში, მოგზაურობიდან, ანუ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, პირველად, პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს. ანუ, არათუ მოხდა აღდგენა და გაუთანაბრდა, არამედ გაასწრო 2019 წლის მონაცემებს და გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი. კერძოდ: ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 476 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, როგორც მოგახსენეთ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 %-ით მეტია, ხოლო ჩვენ თუ ამას შევადარებთ 2021 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 130%-ით მეტია. ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასე რომ, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები შესაბამისად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება ივლისშიც, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტი ადამიანები დასაქმდებიან, ჩვენი მოქალაქეები, შემოსავლების ზრდასა და სიღარიბის შემცირებას”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • კახა კალაძე „ქარის“ ბრენდის ელექტრომანქანის პრეზენტაციას დაესწრო

    თბილისის მერი, კახა კალაძე დღეს „ქარის“ ბრენდის ელექტრომანქანის პრეზენტაციას დაესწრო და აღნიშნული ტრანსპორტი თავად გამოსცადა. თბილისის მერიის ადმინისტრაციის ცნობით, „ქარი“ ეკო-მეგობრული ელექტროტრანსპორტის საზიარო სერვისია, რომელიც ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის შეიქმნა.

    „ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოყვანა ძალიან მაგარი პროექტია. მხედველობაში მაქვს სკუტერები, ელექტრომოტოციკლეტები, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს მათ დაემატა "სიტროენის" მარკის ელექტრომობილები. მუნიციპალიტეტის მერია ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც ხელს შეუწყობს. გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან და ვთხოვეთ, რომ მომავალში წარმოდგენილ ტრანსპორტს ველოსიპედებიც დაემატოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    როგორც კომპანია „ქარის“ საოპერაციო დირექტორმა, ჯუღა სიხარულიძემ აღნიშნა, "სიტროენ ამის" ელექტრომანქანა არ გამოყოფს გამონაბოლქვს და ტრანსპორტის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია.

    „ერთი თვის წინ სატესტო რეჟიმში გავუშვით "ქარის" ავტომობილების გაზიარების სერვისი. ამჟამად, სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ჯამში, ქალაქში 60 ელექტროავტომობილია. "სიტროენ ამის" მოდელი არის ზომაში პატარა, აქვს სიჩქარის ლიმიტი, რაც უსაფრთხოა ქალაქში გადაადგილებისთვის, ასევე, მოსახერხებელია ქალაქში პარკირებისთვის“, - განაცხადა ჯუღა სიხარულიძემ.

    აღნიშნული მანქანით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, აპლიკაციის ჩამოტვირთვა და რეგისტრაცია. მისი გამოყენების შემდეგ, მანქანის გაჩერება „ქარის“ აპლიკაციის პარკირების ზონებშია შესაძლებელი.

ბიზნეს ნიუსი

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს...

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლ...

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონ...

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური