კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 02 ივლისი 2022 10:48

გუშინ, კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და 66:79 დამარცხდა.

თამაში ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდა. როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინა საშინაო თამაშებს საკუთარ ქვეყანაში ვერ ატარებს და ამ ქვეყნის კალათბურთის ფედერაციამ საქართველოს სამასპინძლოდ რიგა შეარჩია.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ილიას ზუროსის თქმით, გუნდმა უკრაინელებთან თანაბრად მხოლოდ პირველი პერიოდი ითამაშა. ამის შემდეგ კი დაიწყო შეცდომები როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.

„თამაში წავაგეთ, თუმცა ეს ტრაგედია არ არის, ვინაიდან წინ ესპანეთთან მატჩი გველის. აქედან გამომდინარე,  სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და ესპანეთთან მატჩამდე რეაბილიტაცია მოვახდინოთ”, - აღნიშნა ი. ზუროსმა.

თამაშის დასრულებამდე რამოდენიმე წამით ადრე, მოედანზე პატარა ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მატჩის დასრულების შემდეგ კი უკრაინის ნაკრების ლატვიელმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა ილიას ზუროსს რატომღაც ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების კალათბურთელების მისამართით უხამსი და სამარცხვინო ჟესტი გამოიყენა, რაც მისი მხრიდან ყოვლად გაუმართლებელი საქციელია.

მომდევნო მატჩს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 4 ივლისს თბილისში ჩაატარებს და მისი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები G ჯგუფში ასპარეზობს და მისი მეტოქეები: ესპანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინის ნაკრებია.

წილისყრამ 32 ნაკრები 8 ჯგუფში გადაანაწილა. 32 ნაკრებიდან 24 მომავალი ევრობასკეტის მონაწილეა, ხოლო დანარჩენი 8 მიმდინარე თვეში გამართული წინასაკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად შეირჩა.

ჩატარებული 2 წრის (6 მატჩი) ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, ტურნირი 24 გუნდისთვის გაგრძელდება, ხოლო მეოთხეადგილოსანი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშება.

კალათბურთის მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება. 

გიორგი ოთინაშვილი

წაკითხულია 120 ჯერ

Related items

  • საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ერთა ლიგა წარმატებით დაასრულა!

    საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება გიბრალტარში გამარჯვებით დაასრულა.

    ვილი სანიოლის გუნდი მე-19 წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით დაწინაურდა, რომელიც საქართველოს ნაკრების შემტევმა თავად მოიპოვა. 49-ე წუთზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში გიბრალტარის ნაკრების ნახევარმცველმა, ლუის ენესლიმ 79-ე წუთზე დააფიქსირა. 

    საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება 16 ქულით დაასრულა, რაც უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში საუკეთესო მაჩვენებელია. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მოიპოვა.

    ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთსა და თურქეთს აჯობა და ევრო 2024-ის პლეიოფში ერთა ლიგიდან მომავალი წლის მარტში ყაზახეთის ნაკრებს თბილისში შეხვდება.
    შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ასპარეზობა D დივიზიონიდან დაიწყო, პირველივე სეზონზე C დივიზიონში დაწინაურდა, კიდევ ერთ სეზონში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და B დივიზიონში აინაცვლა.
  • ფუტსალი | საქართველოს ნაკრები რიგის თასის გამარჯვებულია

    საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რიგაში სამი ერის თასი მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ტურნირის მეორე ტურში ლატვიას დაუპირისპირდა, 2:4 დაამარცხა და მეტოქეებისთვის მიუღწეველი გახდა.

    ელგავას „ზემგალეს ოლიმპისკა ცენტრაში“ გამართული შეხვედრა მასპინძლებთან საქართველოს ეროვნულმა გუნდმა წარმატებით დაიწყო და ანგარიში უკვე მე-6 წუთზე გახსნა. ლატვიელების კარი თალესმა აიღო, რომელსაც ასისტენტობა ფერნანდო დრასლერმა გაუწია.

    ბალტიისპირელებმა მე-11 წუთზე ალეკსანდრს კულეშოვსკის გოლით გაათანაბრა, მაგრამ ზუსტად 12 წამში მათი კარი ფერნანდო დრასლერმა აიღო, რომელმაც მე-14 წუთზე დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრები შესვენებამდე 1:3 დააწინაურა.

    შესვენების შემდეგ ლატვიელებმა გერმან მატიუშენკოს გოლით 29-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ 33-ე წუთზე ბინიომ საქართველოს ნაკრები ისევ ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

    შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა 6:3 დაამარცხა და ორი მოგებით სამთა ტურნირის გამარჯვებული გახდა.

    რიგის თასის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდი 8 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისში, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. 12 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრიაში ითამაშებს.

    წყარო: https://1tv.ge/news/futsali-saqartvelos-nakrebi-rigis-tasis-gamarjvebulia-gundma-finalshi-maspindzeli-latvia-daamarckha-1tvsport/

  • საქართველო მონტენეგროსთან დამარცხდა და ევრობასკეტს დაემშვიდობა

    საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა. ჩვენს გუნდს მერვედფინალში გასვლის კარგი შანსი ჰქონდა – შინ მონტენეგრო უნდა დაემარცხებინა, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში 73:81 (სტატისტიკა) დამარცხდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს. 

    ასე და ამგვარად A ჯგუფიდან პლეი ოფში გავიდნენ ესპანეთი, თურქეთი, ბელგია და მონტენეგრო. ბარიერი ვერ გადალახეს საქართველომ და ბულგარეთმა.

    რაც შეეეხბა მატჩს, მონტენეგრომ ამ ევრობასკეტზე კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შეკრული და ხარისხიანი გუნდია. თავის მხრივ საქართველომაც მობილიზებულად ითამაშა და ბოლო წუთებამდე თანაბარი ბრძოლა ვიხილეთ.

    მეოთხე პერიოდის დასაწყისში მონტენეგროელები დუბლიევიჩის სამქულიანით 9 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ – 61:52. ეს იყო ყველაზე დიდი სხვაობა მატჩში. თუმცა საფინალო სირენამდე 3:20 წუთით ადრე სანდრო მამუკელაშვილმა ანგარიშში სხვაობა სამამდე შეამცირა – 62:65.

    მანამდე მონტენეგროს ხუთი პერსონალური შენიშვნის გამო გამოაკლდა ლიდერი ბოიან დუბლიევიჩი, რომელიც ფარქვაშაც სახიფათო იყო და პერიმეტრიდანაც.

    ბოლო წუთებზე მონტენეგროელები უკეთ გამოიყურებოდნენ, გააზრებული თამაშით უპირატესობა შეინარჩუნეს და დამსახურებულად გავიდნენ 1/8 ფინალში, სადაც სლოვენიას შეხვდებიან.

    საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი ქულა თად მაკფადენს ჰქონდა – 15, სანდრო მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 10 მოხსნა. შერმადინმა და სანაძემ 14-14 ქულა მიითვალეს. მონტენეგროში 22 ქულით იგორ დრობნიაკი გამოირჩა.

    ამ შეხვედრით დასრულდა ევრობასეტის A ჯფუფი, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა. სამწუხაროდ, ჩვენმა ნაკრებმა ვერ მოახერხა ბერლინში დაგეგმილ პლეი ოფში მოხვედრა და ტურნირში ასპარეზობას გამოათიშა.

  • საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან შეხვედრა დათმო

    თბილისში მიმდინარე ევრობასკეტის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მორიგი მარცხი იწვნია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს. 

    ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი დამარცხდა ბულგარეთთან, რომელსაც აქამდე ყველა წაგება ჰქონდა და რომელიც რეიტინგით ჯგუფის ყველაზე სუსტი წევრი იყო. ამ მარცხით საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფში გასვლა გაირთულა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც კი დიდი იყო იმის შანსი, რომ ბოლო ტურში მონტენეგროსთან მხოლოდ მოგება დაგვჭირვებოდა. 

    ასე რომ, ჯგუფიდან გასასვლელად საქართველოს ნაკრებს მონტენეგროსთან ბოლო ტურში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არაა: ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში ბელგიამ ბულგარეთს უნდა მოუგოს და ასეთ შემთხვევაში ჯგუფში ბულგარეთი და მონტენეგრო რჩებიან. 

    ბელგიას საკმაოდ დიდი მოტივაცია აქვს, რადგან ბულგარეთთან დამარცხების შემთხვევაში ჯგუფში რჩება. ასე რომ, ბელგია საკუთარ თავთან ერთად საქართველოსთვისაც თამაშობს და სასურველი იქნება, თუკი ქართველი გულშემატკივრები ამ მატჩზე დასასწრებად მივლენ და ბელგიელებს უქომაგებენ. აღნიშნულ შეხვედრაზე მაყურებელთა დასწრება თავისუფალი იქნება და რაც უფრო მეტო ქომაგი მივა თბილისი არენაზე, ბელგიისა და საქართველოსთვის მით უკეთესი.

    რაც შეეხება თამაშს, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი კომპონენტის გამო წააგო – მეტოქეს შორი სროლების შესრულებაში ხელი ვერ შეუშალა. ბულგარელებმა 19(!) სამქულიანი ჩააგდეს და გაიმარჯვეს კიდეც. ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა საჭირო დონეზე მხოლოდ მეორე პერიოდის დასაწყისამდე ითამაშა. საქართველო 22:14 იგებდა და მოულოდნელად მოედანზე ვითარება კარდინალურად შეიცვალა. თავიდან რომ სროლები არ მისდიოდათ, ბულგარელებმა ბურთის ბურთზე ჩაგდებას მიჰყვეს ხელი და ამაში მათ ხელი ქართველებმა ვერ შეუშალეს.

    იყო ეპიზოდები, როცა ქართველები ჩამორჩენას ამცირებდნენ, თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდებში ბულგარელები პერიმეტრიდან შეუჩერებლები გახდნენ და თამაში ისე ჩამთავრდა, საქართველოს ნაკრებს წარმატების შანსი არ მისცემია – 80:92 (სტატისტიკა).

    ეს გახლდათ ჩვენი ეროვნული ნაკრების ვეტერანის, გიორგი ცინცაძის მე-200 მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ამ შედეგით იგი ეროვნული გუნდის რეკორდსმენია. საიუბილეო მატჩში, ბულგარეთთან მწვრთნელმა ცინცაძე პირველ ნახევარში, არასრული 10 წუთი ათამაშა.

    საქართველოსა და მონტენეგროს მატჩი თბილისი არენაზე 7 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

  • FIBA: ევროპამ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პროტესტი არ დააკმაყოფილა

    საქართველოსა და თურქეთს შორის გამართულ ევრობასკეტის მატჩის შედეგზე თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ ფიბა-ევროპაში შეტანილი ოფიციალური პროტესტი უარყოფილია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიიღო ევრობასკეტის ძირითადმა ორგანიზატორმა ფიბა-მ /FIBA/, რომლის შესაბამისმა ორგანომ ვერ გამოაშკარავა იმ დონის შეცდომა, რომელსაც შეეძლო თამაშის შედეგზე გავლენა მოეხდინა. 

    თურქეთის მხარე მიანიშნებდა იმ გაპარულ 22 წამზე, რომელსაც ადგილი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 4:48 წუთით ადრე ჰქონდა. ამ დროს მოედანზე ვითარება დაიძაბა, რადგან დუდა სანაძესა და ფურკან ქორქმაზს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კონფლიქტის დაწყებიდან მალევე დროის ათვლა გაგრძელდა და 22 წამში წამმზომი შეჩერდა. თამაში რომ განახლდა, ტაბლოზე 4:48 წუთის ნაცვლად 4:26 ეწერა. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ 14:26 წუთი ითამაშეს და საბოლოოდ საქართველომ 88:83 დაამარცხა მეტოქე.

    სწორედ ამ შედეგის გაუქმებას და მატჩის სრულად ან დარჩენილი 4:48 წუთის გადათამაშებას ითხოვდნენ თურქები, თუმცა მათი პროტესტი ფიბა-ევროპამ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება კიდევ ერთ შემთხვევას, რომელიც გასახლდელში მიმავალ დერეფანში მოხდა, ამაზე ფიბას ოფიციალურ განცხადებაში წერია: “გამოძიება, რომელიც დაიწყო იმ მოქმედებების გამო, რომელიც მოხდა გუნდების ზონაში და რომელშიც ორივე გუნდის მოთამაშეები და დელეგაციის წევრები იყვნენ ჩართულნი, მიმდინარეობს. როგორც კი გამოძიება დასკვნას გამოიტანს, ფიბა-ს შესაბამისი ორგანოები განსაზღვრავენ დისციპლინარული სასჯელის ზომას.

    https://www.fiba.basketball/news/fiba-statement-regarding-fiba-eurobasket-2022-game-between-turkey-and-georgia

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური