კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 02 ივლისი 2022 10:48

გუშინ, კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და 66:79 დამარცხდა.

თამაში ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდა. როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინა საშინაო თამაშებს საკუთარ ქვეყანაში ვერ ატარებს და ამ ქვეყნის კალათბურთის ფედერაციამ საქართველოს სამასპინძლოდ რიგა შეარჩია.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ილიას ზუროსის თქმით, გუნდმა უკრაინელებთან თანაბრად მხოლოდ პირველი პერიოდი ითამაშა. ამის შემდეგ კი დაიწყო შეცდომები როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.

„თამაში წავაგეთ, თუმცა ეს ტრაგედია არ არის, ვინაიდან წინ ესპანეთთან მატჩი გველის. აქედან გამომდინარე,  სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და ესპანეთთან მატჩამდე რეაბილიტაცია მოვახდინოთ”, - აღნიშნა ი. ზუროსმა.

თამაშის დასრულებამდე რამოდენიმე წამით ადრე, მოედანზე პატარა ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მატჩის დასრულების შემდეგ კი უკრაინის ნაკრების ლატვიელმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა ილიას ზუროსს რატომღაც ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების კალათბურთელების მისამართით უხამსი და სამარცხვინო ჟესტი გამოიყენა, რაც მისი მხრიდან ყოვლად გაუმართლებელი საქციელია.

მომდევნო მატჩს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 4 ივლისს თბილისში ჩაატარებს და მისი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები G ჯგუფში ასპარეზობს და მისი მეტოქეები: ესპანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინის ნაკრებია.

წილისყრამ 32 ნაკრები 8 ჯგუფში გადაანაწილა. 32 ნაკრებიდან 24 მომავალი ევრობასკეტის მონაწილეა, ხოლო დანარჩენი 8 მიმდინარე თვეში გამართული წინასაკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად შეირჩა.

ჩატარებული 2 წრის (6 მატჩი) ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, ტურნირი 24 გუნდისთვის გაგრძელდება, ხოლო მეოთხეადგილოსანი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშება.

კალათბურთის მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება. 

გიორგი ოთინაშვილი

წაკითხულია 85 ჯერ

Related items

  • საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში "ევრობასკეტის" თასის პრეზენტაცია გაიმართა

    საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში "ევრობასკეტის" თასის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ოლიმპიური კომიტეტი იუწყება.

    ნიკოლაი სემაშკოს სახელობის თასი თბილისში, როგორც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ერთ-ერთ ქალაქში, FIBA-ს პროექტის, Trophy Tour-ის ფარგლებში 11 აგვისტოს ჩამოიტანეს. ქართული ტურის ფარგლებში დაგეგმილია თასის მიტანა ქალაქის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილას. ტურის ბოლოს კი "ევრობასკეტის" თასი ქართველმა მაყურებელმა 12 აგვისტოს საქართველო-ისრაელის ამხანაგურ საკალათბურთო მატჩზე იხილა.

    აღსანიშნავია, რომ თბილისი ,,ევრობასკეტის'' A ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპი 1 სექტემბერს დაიწყება და 7 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთის, თურქეთის, მონტენეგროს, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები იქნებიან.

    ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

  • საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბოლო წამებზე დამარცხდა

    საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები პლეი ოფს მიღმა დარჩა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო, საკვანძო მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბრძოლაში – 73:76 (სტატისტიკა) დათმო და 2-2 მოგებ-წაგებით მე-3 ადგილი დაიკავა. მეოთხედფინალში კი I-II ადგილებზე გასული შვედეთი და ჩრდილოეთ მაკედონია გადავიდნენ, რომლებიც 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტარული, “ა” დივიზიონის საგზურებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. საქართველოს ნაკრებმა კი თბილისში მიმდინარე “ბ” დივიზიონში მაქსიმუმ მე-9 ადგილი დაიკავოს, რადგან პლეი ოფში ვერ გასული გუნდები ტურნირის ყველა, 9-19 ადგილებს გაითამაშებენ.

    არადა, საქართველოს ნაკრებს გამარჯვება შეეძლო. მეორე პერიოდის შუაწელში მეტოქეს 14 ქულით – 37:23 უგებდა და მოგვიანებით, როცა სოლიდური ლიდერობა გაანიავა და ჩამორჩა, ბოლო წუთებზე ვლადიმერ თავაქარაშვილის 2 სამქულიანის წყალობით ანგარიში გაათანაბრა. პლუს ამას, ჩრდილოეთმაკედონიელებს ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ლიდერი ტრავმის გამო გამოაკლდათ და ჩვენს გუნდს გამარჯვების რეალური შესაძლებლობა მიეცა. სამწუხაროდ , ეს შანსი ჩვენებმა ვერ გამოიყენეს. მაკედონიელებმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდეს, ქულით დაწინაურდნენ და ჩვენს ნაკრებს შესატევად 24 წამი დარჩა. 

    პერიმეტრზე დარჩენილ თავაქარაშვილს ზედიზედ მე-3-ედ შეტევისა და შესაბამისად, ჩაგდების შანსი არ მიეცა. სამქულიანი ვლადიმერ სალარიძემ სტყორცნა, მაგრამ არაზუსტად და როცა მაკედონიელთა მოხსნას ლუკა ლიკლიკაძის არასპორტული ჯარიმა მოჰყვა, მატჩის ბედიც გაირკვა. მაკედონიელებმა მოახერხეს “თბილისი არენაზე” მისული საკმაოდ ბევრი ქომაგით შეგულიანებული საქართველოს ძლევა და პლეი ოფში გასვლა ზარ-ზეიმით აღნიშნეს.

    ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ჰქონდათ სარალიძეს და თავაქარაშვილს, რომლებმაც 19-19 ქულა მიითვალეს. ლუკა ლიკლიკაძeმ 15 ქულა მოაგროვა, ხოლო ლევან ქვარცხავასა და ნიკოლოზ გაფრინდაშვილის ანგარიშზე 9-9 ქულა დაგროვდა. საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ჰოლანდიაა, რომელსაც გლიგორიევიჩის გუნდი 22 ივლისს, 19:00 საათზე თბილისი არენაზე დაუპირისპირდება.

    თბილისში მიმდინარე 20-წლამდელთა “ბ” დივიზიონის 8 საუკეთესო გუნდი, რომლებიც მეოთხედფინალში გავიდნენ, შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

    საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

  • თბილისში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) 15-კაციანი დელეგაცია იმყოფება
    FIBA ევრობასკეტისთვის სპორტის სასახლის მშენებლობის პროცესში მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავს უწოდებს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს. 
    მათი თქმით, თბილისს სტუმრობს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) 15-კაციანი დელეგაცია, რომელსაც FIBA ევროპის აღმასრულებელი დირექტორი, კამილ ნოვაკი ხელმძღვანელობს.
    FIBA-ს წარმომადგენლებმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებთან, სოსო გიორგაძესა და იოსებ ბაღათურიასთან, ასევე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვიქტორ სანიკიძესა და ფედერაციის გენერალურ მდივანთან, გიორგი ქართველიშვილთან ერთად დაათვალიერეს ევრობასკეტისათვის აშენებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
    კამილ ნოვაკმა დადებითი შეფასება მისცა მიმდინარე სამუშაოებს და აღნიშნა, რომ მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ დიდი პროგრესი სახეზეა.
    „დავიწყებ იმით, რომ ბოლოს აქ ვიყავი 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ნანახი პროგრესით. არა მხოლოდ იმიტომ, რომ არენის ნებისმიერი კონსტრუქცია არის დიდი საქმე, ჩვენ ასევე კარგად ვიცით, რომ გავდივართ პოსტ-პანდემიურ პერიოდს, რომელიც ნამდვილად უნიკალურია ისტორიაში. დიდია მისი როგორც ეკონომიკური, ისე ზოგადი გავლენები და როდესაც ვხედავ, რომ ასეთ გარემოებებშიც კი, ასეთ პროგრესი მიიღწევა, ნამდვილად მოხარული ვარ. მე მხოლოდ შემიძლია მივულოცო, როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე კალათბურთის ფედერაციას და ადგილობრივ საორგანიზაციო კომიტეტს, რომ უდიდესი ძალისხმევაა ჩადებული და აშენებული არენა არის დიდი საქმე. თუ გადავხედავთ ბოლო ორ წელიწადს, მთელი მსოფლიო, მთელი ევროპა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა. ვიმედოვნებ, რომ უკვე ძალიან მალე იქნება ბოლო ფაზა და ივლისის დასაწყისში დაგეგმილი ესპანეთთან კალათბურთის საკვალიფიკაციო თამაში იქნება ამ შესაძლებლობის დიდი ზეიმი, რადგან, როგორც ვიცი, ეს სასახლე იქნება სხვა ღონისძიებებისთვისაც გამოყენებული. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ“, - აღნიშნა კამილ ნოვაკმა.
    საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ განაცხადა, რომ ახალშექმნილმა სამინისტრომ ერთი წლის წინ მოცემული სპორტული სასახლის სახით საკმაოდ მძიმე ვალდებულება გადმოიბარა, მაგრამ დღეს, პროგრესი სახეზეა და ამას მოწმობს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული დადებითი შეფასებები.
    საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ კი ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე დასრულდება და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისათვის ყველაფერი მზად იქნება.
    აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის პროცესში. მიმდინარე წლის 26 იანვარს მინისტრმა თეა წულუკიანმა მულტიფუნქციურ სპორტულ სასახლეში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, რის შემდეგაც მინისტრის დავალებით, მშენებლობის პროცესში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კვირაში ერთხელ იმართებოდა შემაჯამებელი შეხვედრები მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურიას ხელმძღვანელობით, მიმდინარეობდა ყოველკვირეული მონიტორინგი, რომლის შედეგად მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშები კვირაში ერთხელ იგზავნებოდა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში
  • საქართველოს 15-წლამდელთა გუნდი ევროპის სუპერფინალის სათამაშოდ ფინეთში გაემგზავრა

    2007 წელს დაბადებული რჩეული მოთამაშეების კალათბურთის 15-წლამდელთა გუნდი ფინეთში, ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალის სათამაშოდ გაემგზავრა. ტურნირს, რომელშიც 11 გუნდი მონაწილეობს, ფინეთის ქალაქი კაარინა უმასპინძლებს. თამაშები 6 მაისს დაიწყება და ჩემპიონი 2 დღეში, 8 მაისს გამოვლინდება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციაში განუცხადეს.

    ტურნირის მონაწილენი სამგუნდიან ჯგუფებში განაწილდნენ. საქართველოს მეტოქეები იქნებიან ლატვიური DSN და ფინური ესტონური “კეილა”. ორივე შეხვედრა 6 მაისს გაიმართება და წარმატების შემთხვევაში ჩვენი გუნდი პლეი ოფში გავა, თუ არადა 7 და 8 მაისს საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს ტურნირზე 5-11 ადგილების გადასანაწილებლად.

    საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია ირაკლი ტომარაძე, ასისტენტი გიორგი ცინცაძე. მიმდინარე სეზონში ამ ასაკში ევროპის ლიგა დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად ვერ ჩატარდა. საქართველო 2007-ს თამაშები არ ჩაუტარებია და სეზონის დასკვნით ტურნირზე სხვა გამორჩეულ გუნდებთან ერთად ქართველი 15-წლამდელებიც მიიწვიეს. 

  • შერმადინის კარგი თამაში თოფაშთან და ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალშია

    ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია. საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში ითამაშებს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი თქმით, გ. შერმადინის გუნდმა, „ლენოვო ტენერიფემ“ მეოთხედფინალური სერია თურქულ „თოფაშს“ 2:0 მოუგო. მართალია, კუნძულელებმა ორივე შეხვედრაში გაიმარჯვეს, მაგრამ წარმატება იოლად არ მოსულა – ესპანელებმა პირველი მატჩი 78:77 მოიგეს, მეორე – 74:73. ორივე შემთხვევაში სხვაობა მინიმალური იყო.

    ისევე როგორც სხვა დანარჩენ მატჩებში, თანაგუნდელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა. მან 26 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. მეორე დაფარება მას მატჩის დასრულებამდე 14 წამით ადრე ჰქონდა, მაშინ, როცა „ტენერიფე“ 72:70-ს იგებდა. მატჩი ლოგიკურად რომ დასრულებულიყო, თუნდაც დაფარების გამო გიორგი შეხვედრის გმირი გახდებოდა. თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: ბურთი მოედნის კიდიდან „ტენერიფეს“ კალათბურთელებმა გამოიტანეს, მას თოფაშელები დაეუფლნენ და სამქულიანით 73:72 დაწინაურდნენ. შერმადინის თანაგუნდელებს რჩებოდათ ერთი შეტევა და 11 წამი. ბურთი 38 წლის ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა მიიღო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა მაღალი კლასი – „ტენერიფეს“ შორეული ორქულიანით 74:73 მოაგებინა. მატჩის ბომბარდირი სწორედ მარსელინიო გახდა. მან 15 ქულას 7 შედეგიანი გადაცემა მიამატა.

    ჩემპიონთა ლიგას არ ეხება, მაგრამ შერმადინი დღეს ესპანეთის 28-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, თუმცა კიდევ 2 მოთამაშესთან ერთად. დიახ, ტურის MVP-ის ტიტული სამმა კალათბურთელმა გაიყო – ბარსელონელმა დანტე ეგზუმმა, ხუვენტუდელმა ანტე ტომიჩმა და გიორგი შერმადინმა. ამ ტიტულითა და ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის საგზურის მოპოვებით, შერმადინმა ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა თავის გამზრდელ მწვრთნელს, ცნობილ ტელეჟურნალისტსა და წამყვანს, ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს, რომელიც 13 აპრილს 78 წლის შესრულდა. 

    ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი, რომლის 4 მონაწილე ცნობილია, ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გაიმართება. ესპანურმა გუნდებმა – ტენერიფემ და მანრესამ, ასევე ებრაულმა ჰოლონმა მეოთხედფინალური სერიები 2:0 მოიგეს, გერმანული ლუდვიგსბურგისა და რუმინული კლუჟ-ნაპოკას წყვილში კი 13 აპრილს სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩი გაიმართება. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური