საქართველოს ელჩმა საფრანგეთში თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 ივლისი 2022 15:18

საქართველოს ელჩმა საფრანგეთში თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა და ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა. "ნიუს დეი საქართველო" თ. კატუკიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ძვირფასო თანამემამულენო, ძვირფასო მეგობრებო,
დღეს მე ვტოვებ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობას. 1 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარვუდგინე გადადგომის თაობაზე ჩემი განცხადება, რომელიც ძალაში შევიდა დღეს 1 ივლისს.
მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს იმ ნდობისთვის, რომელიც მან 2019 წელს გამომიცხადა ელჩის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენით.
ჩემთვის აღნიშნული თანამდებობა მხოლოდ და მხოლოდ დიდ პასუხისგებლობას უკავშირდებოდა. დაკისრებული მანდატის შესრულების განმავლობაში ჩემს მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ინტერესების მაქსიმალური დაცვა, პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, და საფრანგეთსა და ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის დაახლოება.
გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ჩემზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა.
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 25 წელიწადი გავატარე საფრანგეთში და ვფლობ საფრანგეთის მოქალაქეობას, თანამდებობაზე დათანხმებისას არ მიფიქრია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა საზღვარგარეთ ჩემი განვლილი პროფესიული გზა და ჩემი პოლიტიკური მიუკერძოებლობა.
პირველივე დღიდან გავხდი საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ვიცავ და იმ მიზნებსა და მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მიმართ გამაჩნია.
ღრმად მჯერა, ზემოთაღნიშნული ქმედებები, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოსთვის მიუღებელია, არ ასახავს ქართული საზოგადოების რეალობას. ჩვენი საზოგადოების მისწრაფებები ეფუძნება თავისუფლებისა და სამართლიანობის ღირებულებებს - იმ ფასეულებებს, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ფუნდამენტური და განუყოფელია, და რომლებიც გვაკისრებენ ერთიანობისა და პასუხისმგებლობის ვალდებულებას.
აღნიშნულ მდგომარეობას ჩემთვის ხელი არ შეუშლია დაკისრებული მისიის შესრულებაში, რა თქმა უნდა, დიდი პირადი ძალისხმევის ფასად და კოვიდ - 19 - პანდემიის გამო საქმიანობის მნიშვნელოვნად შეზღუდვის პირობებში. ჩემი მანდატის მანილზე მტკიცედ ვაგრძელებდი საფრანგეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას. აღნიშნული მისია განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა და ატარებს იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება.
დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დემოკრატიული განვითარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ არჩევანზე არის დამოკიდებული. აღნიშნულ გადამწყვეტ კონტექსტში კი, მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული პრობლემები, რამდენადაც თავად გავხდი მოწმე და რომლის წინაშეც დგას საქართველოს დიპლონატიური სამსახური, ხელს უშლის ქვეყანას ეფექტური საგარეო პოლიტკის გატარებაში ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ.
თუკი დღეს ვტოვებ ელჩის ფუნქციას, ჩემი მზერა არ შორდება საქართველოს, ახალ პროფესიულ ეტაპზეც განვაგრძობ ქვეყნის პოლიტიკურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვას და ძალისახმევას არ დავიშურებ, რათა ევროკავშირისკენ და ზოგადად, დემოკრატიული, პროგრესული და ტოლერანტული ღირებულებებისკენ საქართველოს სვლა გახდეს შეუქცევადი", - ნათქვამია თ. კატუკიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

წაკითხულია 97 ჯერ

Related items

  • საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

    2022 წლის 19 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის მიმდინარე აქტუალურ საკითხებს. მათ შორის, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი.
    ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის აქტიურ და წარმატებულ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. აღინიშნა, რომ უკანასკნელ წლებში ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად ჩამოყალიბდა.
    საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და ამ მხრივ პანდემიამდე არსებულ პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა განიხილეს ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა და შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე.
    მხარეებმა კვლავ დააფიქსირეს ურყევი და თანმიმდევრული პოზიცია ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

  • ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის ახალ ელჩს შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს თავდაცვის სამინისტროში უმაპინძლა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ჯუანშერ ბურჭულაძემ აშოტ სმბატიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

    აღინიშნა, რომ ერევანი საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

  • საქართველოს პრეზიდენტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

    საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლენიანმა ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

    რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

    პრეზიდენტის პრეს-სამსახური

  • პრემიერ-მინისტრი სომხეთის ელჩს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს რუბენ სადოიანს შეხვდა.

    გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
    განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს და ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს.
    პრემიერმა სომეხ დიპლომატს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • საქართველოს პარლამენტის წევრების, ს. სუბარის, დ. ხუნდაძის, გ. მაჭარაშვილისა და მ. ყაველაშვილის განცხადება!

    საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადება:

    "საზოგადოებისადმი ჩვენი მორიგი მიმართვა გვინდა დავიწყოთ მადლობით ამერიკის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის მიმართ. გვერწმუნეთ, ამ მადლობაში მცირეოდენი ირონიაც კი არ არის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოებამდე იმ სიმართლის მიტანაა, რომელიც ქართული პოლიტიკის კულისებს მიღმა იმალება. სწორედ ხალხამდე ამ სიმართლის მიტანაში ყველაზე მეტად გვეხმარება ქალბატონი დეგნანი, რომლის ყოველი ახალი განცხადება მორიგი აღიარებითი ჩვენებაა.

    ქალბატონი ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, თუ სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან. როგორც ცნობილია, რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით თავს მოხვეული პოლარიზაცია ორ ძირითად ხელოვნურ საყრდენზე დგას: ესაა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარება. ამ საყრდენების გასამაგრებლად, „ნაციონალური მოძრაობა“, საბჭოური პროპაგანდის „საუკეთესო“ ტრადიციების მიხედვით, კონკრეტულ კლიშეებს იყენებს. ამ კლიშეებს შორის განსაკუთრებული ადგილი „გავრილოვის ღამეს“ და „არასამართლიან არჩევნებს“ უკავია. ბოლო რამდენიმე დღეა, ქალბატონი დეგნანი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით შემოგდებული ამ მესიჯებით გველაპარაკება, რაც იმის მკაფიო დასტურია, რომ ეს მესიჯები, ისევე, როგორც პოლარიზაციის პრობლემა სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული.

    ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ ბევრს არ ვიტყვით, მხოლოდ იმას გავიხსენებთ, რომ იმ ღამით ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი, ნიკანორ მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გიორგი გახარია ესროდა. შესაბამისად, ელჩის ადგილზე, ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ ძალიან ცოტას ვილაპარაკებდით. როგორც ცნობილია, სიბრძნის ლაპარაკი ვერცხლია, დუმილი კი - ოქრო. როდესაც ვერცხლი შენგან ასე შორსაა, ხოლო ოქრო წინ გიდევს და არაფერში იყენებ, ეს, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია იმ სახელმწიფოს წინაშე, რომელსაც პარტნიორ ქვეყანაში ღირსეულად უნდა წარმოადგენდე.

    რაც შეეხება არასამართლიან არჩევნებს: ქალბატონმა დეგნანმა თქვა, არჩევნები სამართლიანად არავის შეუფასებია და ხალხში არჩევნების შედეგებისადმი ნდობა არ არსებობსო. სწორედ აქ წამოცდა ქალბატონ ელჩს, რომ წარუმატებელი რევოლუციური სცენარი და რადიკალური ოპოზიციის ყალბი მესიჯი არასამართლიანი და გაყალბებული არჩევნების შესახებ საელჩოშია დაწერილი.

    ქალბატონმა ელჩმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ეუთო/ოდირმა და ყველა სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ როგორც 2020 წლის, ისე 2021 წლის არჩევნები შეაფასა როგორც „თავისუფალი და კონკურენტული, რომელშიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული“, რაც არჩევნების სამართლიანობის სინონიმია. ტერმინ „სამართლიანს“ ეუთო/ოდირი თავის ანგარიშებში უკვე დიდი ხანია აღარ იყენებს, რაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში „ისფედის“ ბორდის მაშინდელმა თავმჯდომარემაც აღიარა. როდესაც ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით გავრცელებულ და არგუმენტებით უკვე მრავალგზის განეიტრალებულ მესიჯს იმეორებს, ჩანს, რომ ხელისუფლების არალეგიტიმურობის აღქმისა და რევოლუციური განწყობის ხელოვნურად ჩამოყალიბება მისთვის თვითმიზანია.

    ქალბატონმა ელჩმა ასევე აღნიშნა, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმების ყიდვაზე, ძალადობრივ ადმინისტრაციულ რესურსებზე და ე.წ. კარუსელზე მიუთითებდაო. ქალბატონ დეგნანს გვინდა შევახსენოთ, რომ ყველა ეს თემა საფუძვლიანად იქნა შესწავლილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ, მათ შორის დეტალურად გამოიკითხნენ დამკვირვებელი ენჯეოების ხელმძღვანელები. საბოლოოდ, დადგინდა, რომ არცერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას რაიმე მყარი ფაქტები ამომრჩეველთა დაშინების, ხმების ყიდვის თუ ადმინისტრაციული რესურსის სისტემური გამოყენების შესახებ არ ჰქონდა. სრულიად სამართლიანად, საქილიკო თემადაც კი იქცა ის ფაქტი, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები დარღვევებზე საუბრისას ყოველ ჯერზე სიტყვა „სავარაუდოს“ იყენებდნენ, რითაც მტკიცების ტვირთს სრულად იხსნიდნენ. ეუთო/ოდირი და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საელჩოდან მართული ენჯეოების მიერ ჩამოთვლილ „სავარაუდო დარღვევებზე“ რომ მიუთითებდნენ, ეს ელჩისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. რაც შეეხება ე.წ. კარუსელს, ეს ტერმინი ეუთო/ოდირის ანგარიშში საერთოდ არ მოხვდა და ელჩი რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ მოგონილ ამ ფეიკს იმეორებს, ჩვენთვის გასაკვირი აღარ არის.

    სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის მორიგი გზავნილი „ისფედის“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების შესახებ. ქალბატონმა დეგნანმა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებას „უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება“ უწოდა და თქვა, „ისფედის“ მიერ შეცდომის იდენტიფიცირება მალევე მოხდაო. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ერთიც და მეორეც უმძიმესი ტყუილია. ამასთან, შეუძლებელია, ამის თაობაზე ინფორმაცია ელჩს არ ჰქონდეს და მხოლოდ უნებლიეთ ცრუობდეს.

    რაც შეეხება „უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებას“. ხმების პარალელურ დათვლას, იგივე „პივიტის“, აქვს ცდომილების დასაშვები ფარგლები, რაც „ისფედის“ მეთოდოლოგიის მიხედვით, 0,7 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნების ოფიციალურ შედეგებსა და „პივიტის“ შედეგებს შორის სხვაობა 0,7 პროცენტზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, ცესკოს და „პივიტის“ მონაცემებს შორის დაფიქსირდა 2,4-პროცენტიანი სხვაობა, რაც ნიშნავდა, რომ ან არჩევნები იყო გაყალბებული ან „პივიტი“. აქვე შეგახსენებთ, რომ 2,4 პროცენტი დაახლოებით 50 ათასი ხმაა და „პივიტის“ ამდენი ხმით გაყალბება უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებად ვერანაირი მათემატიკით ვერ ჩაითვლება. ბუნებრივია, 2,4-პროცენტიან ცდომილებაზე დაყრდნობით, რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ არჩევნების ნაცვლად, „პივიტი“ იყო გაყალბებული.

    რაც შეეხება იმას, რომ, თითქოს, „ისფედის“ მიერ ცდომილების იდენტიფიცირება მალევე მოხდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა „პივიტის“ ცდომილებაზე პირველად ჯერ კიდევ 3 ნოემბრის ბრიფინგზე ისაუბრეს. ამის შემდეგ, „პივიტის“ თემაზე შედგა არაერთი შეხვედრა როგორც „ისფედის“ ხელმძღვანელობასთან, ისე ამერიკულ მხარესთან. „ისფედის“ მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტელევიზიით ისიც აღიარა, რომ საელჩოს „პივიტის“ ცდომილების შესახებ ინფორმაცია სულ მცირე ნოემბრის ბოლოს ჰქონდა. ასეთ პირობებში, სრულიად გამაოგნებელია, რატომ არ მოხდა „პივიტის“ სიყალბის აღიარება 11 დეკემბრამდე და რატომ აგრძელებდა საელჩო პარტიებს შორის მოლაპარაკებების მოდერაციას იმ დროს, როდესაც ის სიყალბეზე უკვე სრულად იყო ინფორმირებული. ჩვენთვის ამ ყველაფრის მიზეზი ნათელია - ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური მოლაპარაკებები, რომლებიც „პივიტის“ გაყალბების პირმშო იყო, სწორედ საელჩოს მიერ იყო ჩაფიქრებული და ხელოვნურად თავსმოხვეული.

    აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „პივიტისთან“ ერთად, „ისფედმა“ გააყალბა კიდევ ერთი მონაცემი 8-პროცენტიანი უარყოფითი დისბალანსის შესახებ, რომელსაც, „ისფედისვე“ დასკვნით, არჩევნებზე 4,1 პროცენტის მოცულობის გავლენაც კი შეიძლებოდა ჰქონოდა. მთლიანობაში, „ისფედმა“ „ქართულ ოცნებას“ ხმების პარალელურ დათვლაში 45,8 პროცენტი დაუწერა და ამას 4,1 პროცენტსაც თუ გამოვაკლებდით, გამოდიოდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ არა 48,2, არამედ 41,7 პროცენტი შეიძლება მიეღო. შეგახსენებთ, რომ სწორედ „ისფედის“ ფეიკებზე დაყრდნობით ცდილობდა ნიკა გვარამია, მის მიერ გაყალბებული ეგზიტპოლი და ამ ეგზიტპოლში წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ 41-პროცენტიანი შედეგი არჩევნების რეალურ შედეგად გაესაღებინა. მოგვიანებით, დადგინდა, რომ უარყოფითი დისბალანსის მაჩვენებელი 1 პროცენტსაც კი არ შეადგენდა, თუმცა, „ისფედს“ ეს სიყალბე დღემდე არ უღიარებია.

    ასევე, სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებული პოლიტიკური შინაარსის კლიპის შესახებ, რომლის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები დაჯარიმდნენ. როგორც ცნობილია, არასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებში პოლიტიკური რეკლამის განთავსება აკრძალულია. „სირცხვილიას“ კლიპი კი, თავისი შინაარსით, პოლიტიკურიც იყო და რევოლუციურიც. როდესაც ასეთი კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურად დაჯარიმებას აპროტესტებ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რევოლუციური სცენარი სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული და დაორგანიზებული. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ქალბატონ დეგნანს აღიარებითი ჩვენებისთვის.

    როდესაც ელჩი „სირცხვილიას“ უკანონო პოლიტიკურ-რევოლუციური კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურ დაჯარიმებას აპროტესტებს, „პივიტის“ გამყალბებელ ენჯეოს ხელს აფარებს, საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს და ამ ეჭვის გასამყარებლად, არაერთგზის უხეშად ტყუის, სრულიად ცხადია, რასთანაც გვაქვს საქმე. საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება. ეჭვი არ გვეპარება, რომ ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად საელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც კი წავა, ვიდრე ეს „პივიტის“ გაყალბება იყო.

    თუმცა, დარწმუნებული ვართ, სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალა ქვეყნის სუვერენიტეტს მყარად დაიცავს და ქვეყანაში არეულობის შემოტანისა და მისი ომში ჩათრევის შესაძლებლობას არავის მისცემს:.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური