გერმანიის ფედერალური მინისტრის სვენია შულცეს ვიზიტი საქართველოსა და სომხეთში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 28 ივნისი 2022 17:19

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი, ქალბატონი სვენია შულცე საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" გერმანიის საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი თქმით, საქართველოში ვიზიტის დროს, 2022 წლის 28-30 ივნისს, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ბატონ ლაშა ხუციშვილთან და ვიცეპრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ბატონ ლევან დავითაშვილთან.

მინისტრის ვიზიტისას საჯარო შენობებში ენერგოეფექტიანობის პროგრამის ფარგლებში ხელი მოეწერება 40 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულებას და ასევე 3,2 მილიონი ევროს მოცულობის საგრანტო ხელშეკრულებას საქართველოში ათობით საჯარო სკოლის ენერგოეფექტიანი რეაბილიტაციისათვის. იმავე პროგრამის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 12,2 მილიონი ევროს მოცულობის საგრანტო ხელშეკრულებას გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის. ამიტომ ხელშეკრულების ხელმოწერას ევროკავშირის ელჩიც დაესწრება.

საგურამოს პროფესიულ კოლეჯსა და შატო მუხრანში ვიზიტის დროს ქალბატონი მინისტრი მიიღებს ინფორმაციას საქართველოში დუალური პროფესიული განათლების შესახებ და გაესაუბრება სტუდენტებს. 

განვითარების სფეროში გერმანიასა და საქართველოს შორის 30 წლიან თანამშრომლობას 2022 წელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილი მიღების დროს ქალბატონ მინისტრს ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცემა.

განვითარების სფეროში თანამშრომლობა თავიდანვე გერმანულ-ქართული ურთიერთობების მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო. 1990-იანი წლებიდან საქართველო გერმანიის მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით და გერმანიამ 1992 წლიდან საქართველოს 1,2 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის დახმარება გაუწია. გერმანია მხარში უდგას საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში და მისი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. მაგალითად გერმანია საქართველოს დაეხმარა ელექტროენერგიის სისტემის აღდგენაში, მართლმსაჯულების, ენერგეტიკის, ბუნების დაცვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში რეფორმების განხორციელებაში, ასევე თანამედროვე მდგრადი ტყის კოდექსის შემუშავებაში.

გერმანულ-ქართული თანამშრომლობის განსაკუთრებულ სფეროს წარმოადგენს დუალური პროფესიული განათლება. 2016 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ჩართულია პრაქტიკაზე ორიენტიერებული განათლების განვითარებაში მეღვინეობის, მშენებლობის, ტურიზმის, ლოგისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგებში. ამ პროგრამაში უკვე 13 პროფესიული კოლეჯი და 80-ზე მეტი კერძო კომპანია მონაწილეობს. გარდა ამისა, გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაცია (DVV International) ახორციელებს ზრდასრულთა განათლების პროგრამას და მას ამჟამად ზრდასრულთა განათლების 13 ცენტრი აქვს საქართველოში.

KfW საქართველოს ქალაქების ინფრასტრუქტურის მოდერნიზების მრავალ პროექტს ახორციელებს, მაგალითად ბათუმში, სადაც გერმანიამ დააფინანსა სასმელი წყლით მომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების სრული რეაბილიტაცია და გაფართოება 200.000 მაცხოვრებლისთვის.

წაკითხულია 97 ჯერ

Related items

  • ირაკლი ღარიბაშვილი, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, ოლაფ შოლცს შეხვდა

    ბერლინში, ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოლაფ შოლცს შორის ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა შეხვედრა.

    საქართველო-გერმანიის მჭიდრო პარტნიორობა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა და ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც ირაკლი ღარიბაშვილმა და  ოლაფ შოლცმა ისაუბრეს.
    შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას და გამოხატეს მზადყოფნა, ძალისხმევა მიმართონ  სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისკენ.  
    შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული და გლობალური გამოწვევები. საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის მნიშვნელობა ვითარების დეესკალაციისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, 2008 წლის სამხედრო აგრესიასა და იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.
    ამ ფონზე აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ხაზი გაესვა გერმანიის გამორჩეულ  წვლილს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში საქართველოში.
    შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასა და მის  მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა როგორც ამ ისტორიული გადაწყვეტილების, ისე ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.  რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერაზე დასავლელი პარტნიორების მხრიდან.  
    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპული პერსპექტივის და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის განსაკუთრებულ დატვირთვას და მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ პროცესს დიდი პასუხისმგებლობით უდგება. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს  რეკომენდაციების  შესრულებაზე, უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამოქმედო გეგმაზე.  აღინიშნა, რომ მიმდინარეობს ინკლუზიური მუშაობა პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.
    შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისათვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთს შორის  შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ მედიაციას და პრემიერ-მინისტრის სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
    შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა მადლიერება ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილის გამო და ხაზი გაესვა ამ პროცესში განსაკუთრებით წარმატებულ თანამშრომლობას გერმანულ მხარესთან  ალიანსის სამშვიდობო მისიებში.
    საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას განხილულ იქნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა დამატებით მიმართონ ძალისხმევა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოტენციალის სრულად გამოყენებისკენ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი  სატრანზიტო ჰაბის, გაზრდილი როლი ევროკავშირისთვის  და  შუა დერეფნის, როგორც დიდი პოტენციალის მქონე მრავალმოდალური სატრანსპორტო დერეფნის, მნიშვნელობა.

    ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გერმანიის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

    მხარეები მიესალმნენ 2023 წელს საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე – ITB Berlin, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციას და ქვეყნის  ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას.  
    მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის  არსებულ ხალხთაშორის მჭიდრო მეგობრულ კავშირებს და იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის მთავრობებს შორის კულტურის სფეროში ხელმოწერილი კომპლექსური მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქართველი და გერმანელი ხალხების, სახელოვნებო და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების დაახლოებას.
    ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცი მისთვის ხელსაყრელ დროს საპასუხო ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში დაიწყო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ  რესპუბლიკაში იმყოფება.

    ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში  პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
    პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • თავდაცვის მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას რამშტაინის ბაზაზე ესწრება

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ესწრება. გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე მიმდინარე შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და  გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობენ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები, ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა  და პარტნიორების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილება. საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.

    ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც ქართული მხარე უკვე მეორედ ესწრება, წარმოდგენილი იქნება უკრაინაში არსებული სიტუაცია და განვითარებული მოვლენები. „ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნები გამოხატავენ იმ მხარდაჭერას, რაც შეიძლება აღმოუჩინონ უკრაინას. რაც დრო გადის, უფრო მეტი ქვეყანა უერთდება ამ ჯგუფს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის საკითხზე მიმდინარე შეხვედრასთან დაკავშირებით. 

    უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მიწვევის საფუძველზე ესწრება. რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გამართულ შეხვედრაში 50-მდე თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობენ.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

  • საქართველოს პრეზიდენტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

    საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლენიანმა ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

    რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

    პრეზიდენტის პრეს-სამსახური

  • აშშ-ს გერმანიას 8,4 მილიარდი დოლარის ღირებულების F-35-ებს მიჰყიდის

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა გერმანიისთვის 8,4 მილიარდი დოლარის ღირებულების 35 ერთეული საბრძოლო თვითმფრინავი F-35-ის და მისი საბრძოლო მასალის მიყიდვა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

    აღსანიშნავია, რომ გაყიდვების დამტკიცება მას შემდეგ მოხდა, რაც გერმანია დათანხმდა უკრაინისთვის მოწინავე სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას.

    აშშ-ის თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს წერილობით განცხადებაშია ნათქვამია: „საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა დაამტკიცოს F-35 თვითმფრინავების, მასთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიყიდვა გერმანიისთვის, რომლის სავარაუდო ღირებულება 8,4 მილიარდი დოლარია“.

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონგრესს გაეგზავნა შეტყობინება გაყიდვის დამტკიცების შესახებ და გაყიდვების პაკეტში შედის 35 ერთეული თვითმფრინავი F-35A, რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივი დაშვება და აფრენა, 37 სათადარიგო ძრავა, დიდი რაოდენობით სხვადასხვა კალიბრისა და შესაძლებლობების საბრძოლო მასალა  და სხვა დამხმარე აღჭურვილობა.

    მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობა აშშ-ისგან Tornado-ს ნაცვლად 35 ერთეულ საბრძოლო თვითმფრინავს F-35-ს იყიდდა.

     

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური