ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ოფიციალურად იქნა აღიარებული

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 ივნისი 2022 09:41

საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პეტერ სიიარტოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისადმი მკაფიო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მადლიერია პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ოფიციალურად იქნა აღიარებული, რაც ევროკომისიის რეკომენდაციით, ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ასოცირების დღის წესრიგში ჩაწერილ ყველა რეფორმაზე მუშაობას აგრძელებს და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით აღებულ ყველა ვალდებულებას ბოლომდე მიიყვანს.

ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არაერთი მიმართულებით არსებულ წარმატებულ პარტნიორობას და აღნიშნული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

წაკითხულია 166 ჯერ

Related items

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაართან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა

    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან ტოივო კლაართან და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი, ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას და აგრეთვე გალის ინციდენტების პრევენციასთან და მათზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით შეხვედრების განახლების აუცილებლობას.
    ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში გაწეული პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება.
    შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჯიჰან სულთანოღლუ, ჟენევის დისკუსიების თანამოდერატორი და უფროსი პოლიტიკური ოფიცერი ეუთოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრიდან ზიგფრიდ ვიობერი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • ირაკლი ღარიბაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს

    ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება- აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, წელსვე გვინდა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაც და ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსხვილი პროექტების განხორციელება მთავრობის თანამონაწილეობით იგეგმება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხუდონ ჰესის არსებული პროექტის მიხედვით სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა იყო გათვალისწინებული, მთავრობა კი ახალ პროექტზე მუშაობს იმისთვის, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს.

    „ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება. მე ვგულისხმობ როგორც მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და პროექტებს, ასევე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში. მეორე ეტაპზე დაიგეგმება უკვე ბათუმის აეროპორტის გაფართოება და სრული მოდერნიზება. ამას გარდა, ჩვენ გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ამის თაობაზე აქტიურად ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე და მსხვილი ჰესების პროექტი, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი. ასევე, ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე. კერძოდ, რას ვგულისხმობ: მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით იქ გათვალისწინებული იყო სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ, ჩემი დავალებით, ახლა ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რომ ისე აშენდეს ეს პროექტი, თუ განხორციელდება, რომ დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს. შესაძლოა სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება იყოს. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება სასიხარულო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ სახელმწიფოს, ანუ მთავრობის თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში იმიტომ, რომ ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

  • პრემიერის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა თურქეთს სამაშველო ღონისძიებებისთვის შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გაუგზავნის

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გააგზავნის.

    თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან.
    ძლიერი მიწისძვრა თურქეთში დღეს დილით მოხდა.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

    შეხვედრაზე სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030-ის” იმპლემენტაციის დინამიკას.

    აღინიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, მათ შორის, სამინისტროს ქვემდებარე პროგრამების ფარგლებში, 2023 წელს განსახორციელებელი 5600 პროექტისათვის გათვალისწინებულია 3 მილიარდ 600 მილიონი ლარი.
    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ ძირითად პროგრამასა და პროექტზე, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება.
    სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი ქვეყნის მაგისტრალური გზების განვითარება რჩება. 2023 წელს გაგრძელდება 207 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობა. სულ, 2023 წელს მაგისტრალური გზების მშენებლობის მიმდინარე პროექტების ღირებულება შეადგენს 6.5 მილიარდ ლარს.
    2023 წელს ასევე აქტიურად გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განვითარება, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს მაგისტრალის 108 კმ-ზე. მათ შორის, გამორჩეულია რიკოთის საუკუნის პროექტი, რომლის მთლიანი პროგრესი, საშუალოდ 73%-ია. ამჟამად რიკოთის 51 გვირაბიდან გაჭრილია 41 გვირაბი, 97 ხიდიდან აშენებულია 63 ხიდი და პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
    2023 წელს სამტრედია-გრიგოლეთის უკვე გახსნილ 24 კმ-იან მონაკვეთს დაემატება ახალი მონაკვეთი და ექსპლუატაციაში შევა სამტრედია-გრიგოლეთის კიდევ 13.5 კმ-იანი მონაკვეთი, რაც ზესტაფონიდან (არგვეთას კვანძიდან) ლანჩხუთამდე, 86 კმ-იანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზით გადაადგილების საშუალებას მოგვცემს. ამასთან, გაგრძელდება სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 ლოტის 12 კმ-იან მონაკვეთზე.

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის ვიცე-პრემიერს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის ვიცე-პრემიერს რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანს შეხვდა.

    შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას და გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.
    ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება.
    პრემიერ-მინისტრმა და მოლდოვის ვიცე-პრემიერმა დაადასტურეს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში.
    საუბარი ასევე შეეხო ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებაზე, უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამოქმედო გეგმაზე.
    შეხვედრაზე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ხაზი გაესვა არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.
    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი რუსლან ბოლბოჩანი, რეინტეგრაციის პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე ეუგენ კარა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური