საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 ივნისი 2022 10:32

გუშინ ევროპულმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის ევროკავშირის  წევრობის პერსპექტივის მინიჭების შესახებ.
ევროპული საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს  რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო აუცილებლად გახდება ორგანიზაციის წევრი.  
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო, რიგი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ავტომატურად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ რიგი რეკომენდაციების შესრულების პირობით.
საქართველოსთვის გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭებით, ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა და აღიარა ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. მართლაც, ეს შედეგი საქართველოსთვის მიუღწეველი იქნებოდა, რომ არა ქვეყნის მიერ ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმები და ძალისხმევა.   
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც საფრთხეს უქმნის დასავლურ ფასეულობათა სისტემას და ევროპის უსაფრთხოებას,  რომლის განუყოფელი ნაწილიც საქართველოა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება  ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და  წევრი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერას ამ პროცესში. 
მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს არის ისტორიული მომენტი და ამიერიდან ევროპის კარი ცალსახად ღიაა ჩვენი ქვეყნისთვის.
საქართველო, როგორც  საერთო ფასეულობების ერთგული, ევროკავშირთან ერთად გააგრძელებს რეფორმების  ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებას,  რაც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციას.
საქართველო აქტიურად იმუშავებს  რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოიპოვოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი და დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში. 
ვულოცავთ ჩვენს მეგობარ უკრაინას და მოლდოვას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

წაკითხულია 245 ჯერ

Related items

  • ევროკავშირი: საქართველომ რუსეთის სახიფათო თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვას!

    ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდა, შეუერთდეს საავიაციო სექტორში ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და არ დაუშვას არასაიმედო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ 11 მაისს ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. 
    10 მაისს რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვა მოხსნა.
    პიტერ სტანომ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა რუსეთის ავიაციას სანქციები დაუწესეს და არ უშვებენ ფრენებს რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე.
    „ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით“, — განაცხადა სტანომ. 
    მან ასევე დაურთო, რომ ევროკავშირის სანქციების გამო რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად. ამის გათვალისწინებით, სტანომ ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები ქვეყნის ტერიტორიაზე.
     
    დამატებითი ინფორმაცია
    პრესრელიზი

  • აშშ-ი უკრაინას 300 მლნ დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუწევს

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისინი უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუწევენ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ე. ბლინკენმა საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ გავაგრძელებთ გვერდში დგომას ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, როდესაც ისინი იცავენ თავს რუსეთის აგრესიული ომისგან. პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან მიღებული მანდატის თანახმად, მე ვამტკიცებ ტრანზაქციას უკრაინისათვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ, აშშ-ს ინვენტარიდან.“

    ბლინკენი თავის განცხადებაში ასევე იმასაც აღნიშნავს, რომო რომ რუსეთს შეუძლია ომის დასრულება დღესვე, თუ იგი ამას ისურვებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს.

    თავის მხრივ, პენტაგონის მიერ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში 300 მილიონი დოლარის პაკეტის მოცულობა იქნა გაზიარებულია.

    შესაბამისად, პაკეტში შედის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსი“ (HIMARS), TOW და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, Hydra-70 საჰაერო რაკეტები და სხვა საბრძოლო მასალები.

    ასევე აღინიშნა, რომ პაკეტში შედის მცირე იარაღის საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, მძიმე ტექნიკა, ტექნიკური აღჭურვილობა და სხვა სათადარიგო ნაწილები.

  • საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს

    ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    „დღეს საბჭომ მიიღო დახმარების ორი ზომა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად, ორი ქვეყნის თავდაცვის სექტორში ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

    ევროპული საბჭოს ცნობით, საქართველოსთვის დამტკიცებული 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მოიცავს 36-თვიან პერიოდს. აღნიშნული თანხით დაფინანსდება საქართველოს თავდაცვითი ძალების დანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობა, მომარაგება და მომსახურება, მათ შორის ტექნიკური მომზადება მოთხოვნის შემთხვევაში. დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საინჟინრო, სამეთაურო-საკონტროლო, სამედიცინო, ლოგისტიკურ და კიბერთადაცვით აღჭურვილობას.

    „ამ ახალი დახმარებით, ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მოდერნიზების მხარდაჭერას. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვის სექტორების გაძლიერებაში და ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის უნარების განვითარებაში. ეს არის ორივე ქვეყნისთვის ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში გამოყოფილი დახმარების მესამე პაკეტი, რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

    ევროპული საბჭოს ცნობით, დახმარების ბოლო პაკეტი, წინა პაკეტებთან ერთად, ხელს შეუწყობს მოლდოვისა და საქართველოს ძალების ოპერატიული ეფექტურობის გაზრდას, დააჩქარებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და ურთიერთთავსებადობას შეუწყობს ხელს, შესაბამისად, უზრუნველყოფს მოქალაქეების უკეთეს დაცვას კრიზისებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს. ასევე, დახმარების პაკეტის მიზანია მოლდოვისა და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება მესამე ქვეყნებში ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მათი მონაწილეობის კუთხით.

    საბჭოს ცნობით, დახმარება საქართველომ 2023 წლის 8 თებერვალს მოითხოვა. მანამდე, 2022 წლის დეკემბერში საბჭომ დაამტკიცა 20 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი, ხოლო 2021 წლის დეკემბერში – 12,75 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტი.

    ანალოგიური მიზნებისთვის ევროკავშირის საბჭომ მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 40 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

  • გერმანიის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

    გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია 2023 წლის 2-5 მაისს საქართველოს ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

    დელეგაციაში იქნებიან ბატონი კრისტიან პეტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია, დელეგაციის ხელმძღვანელი), ბატონი რალფ ბრინკჰაუსი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), ბატონი მიხაელ ზახერი (კავშირი 90/ მწვანეები), ბატონი თომას ჰაკერი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია) და ბატონი ჰარალდ ვაიელი (ალტერნატივა გერმანიისთვის).

    ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ, ბატონ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ბატონ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიასთან.

    დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს.

    პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.

    იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან.

    რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს.

  • “რუსული ოცნების“ პროპაგანდამ საქართველოში თავისი შედეგები გამოიღო - ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა 79 %-დან 89 %-მდე გაიზარდა
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „გამოგორდა“ ბატონი კალაძე და განაცხადა - ევროკავშირმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმიტომ არ მოგვანიჭა, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგო. ეს იმ ნარატივის გაგრძელებაა, რომ დასავლეთი გვიბიძგებს რუსეთთან ომისკენ, რომ 12-ვე პუნქტი შესრულებულია, რომ საქართველოში არ არის კორუფცია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, სამართლიანი და ნდობით აღსავსე სასამართლო სისტემა.
    „რუსული ოცნების“ პროპაგანდამ საქართველოში თავისი შედეგები გამოიღო - ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა 79 %-დან 89%-მდე გაიზარდა. „ოცნება“ უკვე 1 წელია ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გვიბიძგებს რუსეთთან ომისკენ და ამერიკა და დასავლეთი „ცუდები“ არიან - რა მივიღეთ: ბოლო კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 90 %-ს სურს დასავლეთი!
    რაც შეეხება კორუფციას და კონკრეტულად ბატონი კალაძის მისამართით დასმული კითხვებიდან ერთ-ერთს: თბილისის მერიამ, ტენდერით, შეიძინა 400 ლურჯი ავტობუსი და თითოეულში გადაიხადა 250 000 ევრო, ხოლო ევროპის სხვა ქალაქებმა ზუსტად იგივე ავტობუსში 160-დან 180 000 ევრომდე გადაიხადეს. ბატონმა კალაძემ მოახერხა თითო ავტობუსში საშუალოდ 80 000 ევროთი მეტის დახარჯვა და ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის მიერ გადახდილი ფულიდან აორთქლდა 20-30 მილიონი ევრო. ის ფაქტი, რომ ამ თემაზე გამოძიება დღემდე არ დაწყებულა, სისტემურ კორუფციაზე მიუთითებს.
    სადაც ყვავის კორუფცია, იქ არ არის ეკონომიკური პროგრესი. მომავალში, ყველა კორუმპირებული მოხელე ახალი, სამართლიანი სასამართლოს მიერ იქნება გასამართლებული და დასჯილი!", ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური