„უკრაინის სახეები“ - ევროკავშირმა ომისგან დაზარალებულ უკრაინელთა ისტორიები შეკრიბა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 23 ივნისი 2022 12:18

„უკრაინის სახეები“ — ევროკავშირმა ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ომისგან დაზარალებულ უკრაინელთა ისტორიები შეკრიბა.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, საკუთარი სახლი მილიონობით უკრაინელმა დატოვა. მათი ნაწილი ქვეყნის მეტად უსაფრთხო რეგიონებში გადავიდა, ნაწილმა კი სახელმწიფო საზღვრები გადაკვეთა. 

20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, ჩვენ ავამოქმედეთ სპეციალური გვერდი, „უკრაინის სახეები“ (Faces of Ukraine). აქ იმ უკრაინელების ისტორიების გაცნობას შეძლებთ, რომლებიც ლტოლვილებად თუ იძულებით ადგილნაცვალ პირებად იქცნენ და მათ ამბებსაც შეიტყობთ, ვინც ქვეყნის დატოვება არ ისურვა. ამ ისტორიების საშუალებით თქვენ ევროკავშირის მიერ უკრაინელი ხალხისთვის გაწეული დახმარების შესახებაც მიიღებთ ინფორმაციას. 

გაეროს მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინელების ერთი მესამედი გახდა იძულებული, საკუთარი სახლი დაეტოვებინა – დღეისათვის ეს მიგრაციით გამოწვეული უდიდესი მსოფლიო კრიზისია. ქვეყნის საზღვრები 7 მილიონზე მეტმა უკრაინელმა გადაკვეთა. კიდევ 7 მილიონი ადამიანი კი იძულებული გახდა, უკრაინის საზღვრებშივე შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე კიდევ დაახლოებით 13 მილიონი ადამიანია ჩარჩენილი. მათ წასვლა გადაადგილებასთან დაკავშირებული უზარმაზარი რისკის, ხიდების და გზების განადგურების ან იმის გამო არ შეუძლიათ, რომ არ იციან, როგორ მიაღწიონ უსაფრთხო ადგილებს. 

„ზუსტად ერთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ევროკავშირის საზღვართან არსებული ქვეყნის 14 მილიონი მოსახლე რუსეთის აგრესიის გამო იძულებული გახდებოდა, საკუთარი სახლი მიეტოვებინა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ევროპაში ადამიანების ყველაზე მასშტაბური გადაადგილებაა“, — ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც ლტოლვილთა საერთაშორისო დღის წინ გაკეთდა.

ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა თავშესაფრით უზრუნველყვეს 6 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი, რომლებიც, ძირითადად, მეზობელ ქვეყნებში — პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და მოლდოვის რესპუბლიკაში გადავიდნენ. ლტოლვილების უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.

დამატებითი ინფორმაცია

უკრაინის სახეები (Faces of Ukraine)

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) – უკრაინელ ლტოლვილთა მდგომარეობა

ლტოლვილთა საერთაშორისო დღე: ევროკომისიის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება

წაკითხულია 84 ჯერ

Related items

  • აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა

    14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 30 წელი გავიდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. მათ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

    გმირთა მემორიალთან დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

    საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა.

  • უკრაინამ 522 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ

    რუსეთის ფედერაციასთან შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ, უკრაინამ მოახერხა 522 დაღუპული ჯარისკაცის ცხედრის დაბრუნება, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ. ამის შესახებ  „უკრინფო“ იუწყება.

    როგორც უკრაინის წარმომადგენელმა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში  ოლეგ კოტენკომ განაცხადა, დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ნეშტი სხვადასხვა რეგიონიდან - დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის ოლქებიდანაა ჩამოსვენებული. ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გაცვლა რუსეთის ფედერაციასთან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით ხდება.

    "ამ საკითხზე მოლაპარაკებები "ნორმალურ ვითარებაში" მიმდინარეობს", - დასძინა ო.კოტენკომ.

    უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის დაღუპული სამხედროების ცხედრების  გაცვლა პირველად 2 ივნისს მოხდა.

  • დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ მრავალლულიან სარაკეტო სისტემას და მართვად რაკეტებს მიაწვდის

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ მრავალლულიან სარაკეტო სისტემას და მართვად რაკეტებს მიაწვდის. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება, წლის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მიცემული სარაკეტო სისტემების წარმატებით გამოყენების შემდეგ მიიღეს.

    თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის სიტყვებზე დაყრდნობით, განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინულ ძალებს საშუალებას მისცემს "განაგრძონ დაცვა რუსული აგრესიისგან და შორი დისტანციური არტილერიის განურჩეველი გამოყენებისგან".

    უოლესმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებენ ამ "არალეგალური ომის" წინააღმდეგობას და "(რუსეთის პრეზიდენტი) პუტინის მხრიდან ოკუპაციის წინააღმდეგ თავდაცვისთვის უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევენ".

    განცხადებაში აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს კიდევ მეტ მრავალლულიან სარაკეტო სისტემას და მართვად რაკეტებს და აღნიშნული სამხედრო დახმარება ხელს შეუწყობს დიდი ბრიტანეთის ვალდებულებას მოამზადოს დაახლოებით 10 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებსაც კანადა, დანია, შვედეთი, ფინეთი და ჰოლანდიაც დაუჭერს მხარს.

  • ევროკავშირის და გაეროს მხარდაჭერით, ქართული სოფლები Google Maps-ზე გამოჩნდა

    საქართველოს აგრორუკაზე, რომელიც ევროკავშირმა, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ერთობლივად შექმნეს, უკვე 50-ზე მეტი სოფელია დატანილი.

    Google Maps-ის საფუძველზე შექმნილი ეს რუკა ინტერაქტიური საინფორმაციო სისტემაა. ის შეიცავს ვრცელ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის საწარმოების, აგრომომსახურების მიმწოდებლების, საგანმანათლებლო ინსტიტუტების, პროფესიული ასოციაციების და სამეურნეო თუ კვების სექტორის სხვა დაწესებულებების შესახებ. კერძო კომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, რუკაზე ასევე იძებნება სამთავრობო პროგრამები და ინიციატივები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს.  

    რუკის მომხმარებელს ინფორმაციის მოძიება ორგანიზაციის ადგილმდებარეობის ან საქმიანობის სფეროს მიხედვით შეუძლია. მას ასევე აქვს შესაძლებლობა, უშუალოდ დაუკავშირდეს კომპანიებს და დაუსვას  ბიზნესთან დაკავშირებული კითხვები. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს მიღებული ინფორმაციის ხარისხი და ბიზნესთან კითხვა-პასუხის ეფექტიანობა.

    აგრორუკა 2020 წელს საპილოტე ინიციატივის ფარგლებში ამოქმედდა და ის თავიდან მხოლოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტზე ვრცელდებოდა. დღეისათვის რუკაზე მთელი საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტი ადგილმდებარეობაა დატანილი. ის სოფლის მეურნეობის 24 სექტორში მომუშავე 500 კომპანიის და ორგანიზაციის შესახებ იძლევა ინფორმაციას.

    „ციფრულ ტექნოლოგიებს შეუძლიათ სოფლის ცხოვრების გარდაქმნა, ფერმერული საქმიანობის მიმზიდველობის გაზრდა ახალგაზრდა თაობისთვის და ფერმერთა შრომის ეფექტიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესება“, — აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა.

    საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ENPARD პროგრამას ეფუძნება. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: იპოვო შენი ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში

    ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს სკოლებსა და კოლეჯებში ახალგაზრდული მუშაკების კონცეფცია დაინერგება

    თბილისი. 12 აგვისტო 2022 – განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე მეთოდები ინერგება, რომელთა მიზანია და ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდა განათლებისა და პროფესიული წარმატების მიმართ. რეფორმის შედეგად,  უნდა გაუმჯობესდეს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხი, გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა და მონაწილეობა და შემცირდეს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ამ მხრივ არსებულ განსხვავება.

    დღეს საქართველოში ახალგაზრდების 34 პროცენტი არაა ჩართული არც განათლებაში, არც პროფესიულ ტრენინგსა თუ დასაქმებაში, მაშინ როდესაც ევროკავშირში, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 13 პროცენტს შეადგენს. საქართველოს ზოგ რეგიონში, ახალგაზრდების უმუშევრობა 40 პროცენტს აღწევს (ევროკავშირში, საშუალოდ 13.3 პროცენტი). საქართველოში, საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა მხოლოდ 5 პროცენტი აგრძელებს სწავლას პროფესიულ სასწავლებლებში (ევროკავშირში, საშუალოდ 48 პროცენტი).

    ასეთი თვალსაჩინო განსხვავების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს განათლების სისტემა ხშირ შემთხევაში სრულად ვერ პასუხობს ახალგაზრდების საჭიროებებსა და მისწრაფებებს, ხოლო სწავლების მეთოდები მოძველებულია და არაფორმალური განათლების ელემენტებს ნაკლებად შეიცავს.

    არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელს უწყობენ სკოლებსა და კოლეჯებში ახალგაზრდული მუშაკების კონცეფციის დანერგვას. ინიციატივაში ასევე ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მზიანი სახლი“, რომელიც ახალგაზრდული მუშაკების ტრენინგსა და გადამზადებას უზრუნველყოფს.

    2022 წელს, 18-მა ახალგაზრდულმა მუშაკმა პროფესიული გადამზადება გაიარა, ხოლო ცხრა სკოლასა და კოლეჯში ახალგაზრდული კლუბები  გაიხსნა.

    ივლისსა და აგვისტოში, 100-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო არაფორმალურ და ინტერაქტიულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში, რომლებიც ახალგაზრდული მუშაკების ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და UNDP-ის ხელშეწყობით გაიმართა.

    ივლისში, კაჭრეთის სათემო კოლეჯ „აისის“ ტერიტორია ჯადოსნურ სამყაროდ იქცა, სადაც სათავგადასავლო თამაშის მონაწილეებს დაკარგული განძის ძიება, ფიზიკური წინაღობების გადალახვა და ინტელექტუალური თავსატეხების ამოხსნა მოუწიათ.

    აგვისტოში, ქობულეთში გაიმართება ახალგაზრდების შეხვედრა ცნობილ მწერლებსა და პოეტებთან. კოლეჯის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მათი თაობის გამოწვევებზე ისაუბრებენ, ხოლო დამწყები პოეტები შეხვედრის მონაწილეებს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ. შეხვედრის ორგანიზატორი და მასპინძელია კოლეჯი „ახალი ტალღა“.

    “ევროკავშირი ხელს უწყობს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის კავშირის განმტკიცებას. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებოდეთ მაღალი ხარისხის განათლებასა და ტრენინგზე და ადვილად შეძლონ სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლა“, - განაცხადა ნინო ყოჩიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების ოფიცერმა.

    „მეტი ახალგაზრდის დასაქმება - ღირსეული ხელფასითა და კარიერული პერსპექტივებით - საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობაა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი და UNDP, ჩვენს ეროვნულ პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერენ ახალი და უფრო ეფექტიანი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას. ახალგაზრდების დასაქმება ქმნის უკეთესი მომავლის პერსპექტივას და ხელს უწყობს უფრო დიდი და დინამიური ეკონომიკის განვითარებას, რაც სიკეთეს მოუტანს თითოეულ ადამიანს“, - აღნიშნა ნიკ ბერესფორდმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

    „ჩვენი საქმიანობის ამოსავალი წერტილია მოსწავლეებში იმ უნარ-ჩვევების განვითარება და გაძლიერება,  რომლებიც მათ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებმა კოლეჯში მიღებული ფორმალური განათლება არაფორმალური განათლების კომპონენტებით გაამდიდრონ“, - თქვა ახალგაზრდულმა მუშაკმა თამუნა ხალიჩაშვილმა.

    სექტემბერში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, განახლდება ახალგაზრდული კლუბების მუშაობაც, ხოლო ახალგაზრდული მუშაკები ხელს შეუწყობენ ახალგაზრდების პირად განვითარებას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და აქტიური მოქალაქეობის ჩამოყალიბებას.

    ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარება ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 1,000,000 აშშ დოლარის ღირებულების პროგრამის ფარგლებში, რომელიც პროფესიულ განათლებაში ახალი შესაძლებლობებისა და სერვისების შექმნას და პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მდგრად და თანასწორ განვითარებას ისახავს მიზნად. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სასწავლო დაწესებულებებთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური