20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქცია "შინ ევროპისკენ" გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 ივნისი 2022 10:34

20 ივნისს რუსთაველის გამზირი მთლიანად გადაიკეტა და პარლამენტის წინ, აქცია "შინ ევროპისკენ" დაიწყოა. ადგილზე მსვლელობით უკვე მიემართებიან სტუდენტებიც. აქციის მონაწილეები, ამ გზით, კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ თავიანთ ურყევ პოზიციას და ევროპულ არჩევანს. 

დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართავენ საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის სიტყვით მიმართავენ ევროპარლამენტარები. გამომსვლელთა შორის იქნებიან:

  • რასა იუკნევიჩიენე;
  • მარკეტა გრეგოროვა;
  • ჟიგიმანტას პავილიონისი;
  • ანდრიუს კუბილიუსი;
  • ანა ფოტიგა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“, „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა აქციის ორგანიზატორთა მიერ შემუშავებული მანიფესტი წაიკითხა.

როგორც მანიფესტშია ნათქვამი, ისინი ერთიანდებიან ევროპული მომავლის იდეით და იწყებენ ახალ სახალხო მოძრაობას.

„მინდა, გაგაცნოთ ყველა იმ ძვირფას ადამიანთან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დღევანდელი დღის ორგანიზებაში, შემუშავებული მანიფესტი და მიმართვა ყველას, თითოეულ თქვენგანს. ეს მანიფესტი მოიცავს შემდგომი მოქმედებების გეგმას. დადგა დრო, დიდი ხნის წინ გაკეთებული ჩვენი ისტორიული არჩევანი ერთად დავიცვათ, რამდენიმე თაობაში ერთს ერგება უდიდესი პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ დაუმკვიდროს თავისი სახელმწიფო და მისი მომავალი და თუ თაობიდან თაობამდე ისევ და ისევ ხალხი ირჩევს სიცოცხლეს და არა უღირს დასასრულს, მომავალს და არა გაქრობას, თავისუფლებას და არა მომავალს ქვეყნის და მისი ხალხის გზა გრძელდება და ასეთ ხალხს გადაშენება არ უწერია. აქ შეკრებილი მოქალაქეები ვაცნობიერებთ რა, რომ მტრის წინააღმდეგ ძალა ერთობაშია, ვერთიანდებით ევროპული მომავლის იდეით დავიწყებთ და ვიწყებთ ახალ სახალხო მოძრაობას, რომელიც დააბრუნებს ჩვენს სამშობლოს შინაურობაში. თითოეული მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს ის, ხელოვანი, სპორტსმენი, მეცნიერი, ჯარისკაცი, პედაგოგი, პოლიციელი, ინჟინერი თუ საჯარო მოხელე, ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თაობათა მიერ გაღებული მსხვერპლი დამოუკიდებლობისთვის, გავერთიანდით ეროვნული მიზნით – საქართველო ევროკავშირში.

ქართველი ხალხი სრულად ვაცნობიერებთ და უკვე ევროკავშირიც ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ერთი მთავარიო პრობლემა ეღობება, ჩვენ ვიცით მისი ფორმა, სახელი და გვარი – ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. აქ, ამ გამზირზე ერთად დგომით შეძლებს ჩვენმა ევროპელმა წინაპრებმა, რომ 1918 წლის 26 მაისს გამოეცხადებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა. სწორედ აქ, ერთად დგომით შევძელით 1991 წლის 9 აპრილს და აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა. 2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით. ეს შეხვედრა იქნება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული, არამედ უწინარეს იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი რისხვა. ამიტომ, 24 ივნისს თქვენ წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეში იდგებით თქვენ – ხალხი. ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გაგვაერთიანებს ყველას – სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტსა და მედიაგაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე. ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმრჩილებლობას, ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც შინ ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაგვეღობა. მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან, თუ რა გავაკეთეთ, რა გააკეთე შენ, როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა. მხოლოდ იმ ხალხს დაუმკვიდრებია თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც უამრავი განსხვავების და უთანხმოების მიუხედავად, ერთიანი ყოფილა იმაში, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა ეკუთვნის და ნაკლებს ვერ დასჯერდება. ვიდგეთ ერთად და გადავდგათ ნაბიჯი ევროპისკენ. წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

წაკითხულია 1342 ჯერ

Related items

  • ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს

    ევროკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნას. „ეს არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა“, — ნათქვამია  პრესრელიზში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე გამოაქვეყნა.

    „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებები ისევ ირღვევა — მათ შორის ე.წ. ‘ბორდერიზაციის’, გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით. ამ ადამიანთა გადაადგილების თავისუფლება აღარ უნდა იზღუდებოდეს“, — ვკითხულობთ პრესრელიზში, — „ჩვენ კვლავ ვითხოვთ ანგარიშვალდებულებას, მათ შორის წარსულში ჩადენილი ადამიანის უფლებების ყველა დარღვევის სანდო გამოძიების გზით, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ, მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს და რუსეთის ფედერაციამ სათანადოდ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების მოთხოვნები“.

    ევროკავშირი აცხადებს, რომ კვლავ სრულად უჭერს მხარს კონფლიქტის მოგვარებას — მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით.  გარდა ამისა, ევროკავშირი ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • თავდაცვის ძალების მეთაურმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის მოადგილეს უმასპინძლა
    საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის ახალდდანიშნული მოადგილე იმყოფება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    გენერალ-მაიორ მაიკლ ვიკმანს დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ამერიკელ გენერალს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობას შორის მჭიდრო, ნაყოფიერი თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება.
    საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ მაიკლ ვიკმანსა და დელეგაციის წევრებს წლების განმავლობაში ქართული მხარისთვის გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი მრავალეროვნული სწავლებების ჩატარების მიმართულებით აშშ-ის არმიის დახმარება და ჩართულობა, ასევე საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის განსაკუთრებული პარტნიორობა.
    შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. საქართველოში გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის მოადგილე საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ესტუმრება და მათი მუშაობის პროცესს გაეცნობა.
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი უკრაინისთვის ევროკავშირის 1,59 მლრდ ევროს ფინანსურ დახმარებას ამტკიცებს

    ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ევროკავშირის ბანკი, გამოყოფს 1,59 მილიარდ ევროს ევროკავშირის ბიუჯეტის გარანტიებით, რათა დაეხმაროს უკრაინას შეაკეთოს ყველაზე მნიშვნელოვანი დაზიანებული ინფრასტრუქტურა და განაახლოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტები უკრაინელი ხალხის გადაუდებელ საჭიროებებზე.

    ეს არის უკრაინის მხარდაჭერის მეორე პაკეტი EIB უკრაინის სოლიდარობის გადაუდებელი რეაგირების ფარგლებში, რომელიც შემუშავებულია ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

    ეს დახმარება მოყვება გადაუდებელი დახმარების პაკეტს 668 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც სრულად იქნა გაცემული ომის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში. 

    ისევე როგორც პირველი, ეს ახალი დაფინანსება შემოთავაზებულია ხელსაყრელი პირობებით, ხანგრძლივი დროით. პაკეტი EIB-ის დირექტორთა საბჭომ გუშინ შეათანხმა; 1,05 მილიარდი ევრო დაუყოვნებლივ გახდება ხელმისაწვდომი. დაფინანსება ხელს შეუწყობს არსებითი სერვისების განახლებას და ყველაზე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ხელახლა ამუშავებას, ქვეყნის მდგრადობის გაძლიერებას და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას.

    უფრო მეტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: Press release

  • ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი: შეზღუდვა რუსულ ოქროსაც შეეხო

    უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პასუხად, 21 ივლისს ევროკავშირმა ახალი შემზღუდველი ზომები მიიღო. გადაწყვეტილების მიზანი რუსეთის წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური სანქციების გამკაცრება და მათი აღსრულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაა.
    პაკეტი აწესებს ახალ აკრძალვას ოქროს პირდაპირ ან არაპირდაპირ შესყიდვაზე, იმპორტზე და ტრანსფერზე, თუ ის რუსული წარმომავლობისაა და ევროკავშირში ან ნებისმიერ მესამე ქვეყანაში რუსეთიდან ექსპორტის სახით მოხვდა. აკრძალვა ეხება საიუველირო ნაკეთობებსაც.
    გარდა ამისა, ევროკავშირი ამკაცრებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციით და მოწინავე ტექნოლოგიებით ვაჭრობაზე კონტროლს, რისი მიზანიც რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიური გაძლიერებისთვის ხელის შეშლაა. ევროკავშირმა, ამასთან, ენერგეტიკული და სამეწარმეო უსაფრთხოების, სახელმწიფო შესყიდვების, ავიაციის და სამართლის სფეროებში უკვე არსებულ შემზღუდველ ზომებშიც შეიტანა შესწორებები.
    ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის კიდევ ერთი მსხვილი ბანკი, „სბერბანკი“.  განახლებულ სიაში შევიდნენ ის პირებიც, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ აგრესიაში არიან ჩაბმულები — კერძოდ, მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები, მოტოციკლისტთა კლუბი, „ღამის მგლები“ და დეზინფორმაციის გამავრცელებლები.
    „არცერთი ზომა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში მდგომარეობის დესტაბილიზაციის საპასუხოდ მიგვიღია, არანაირად არ ზღუდავს სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქციით, მათ შორის ხორბლით და სასუქებით მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის ვაჭრობას“, — აზუსტებს ევროკავშირი, — „ანალოგიურად, ევროკავშირის სანქციები არ უკრძალავს მესამე ქვეყნებს და ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მომუშავე მათ მოქალაქეებს, რუსეთისგან შეიძინონ ფარმაცევტული ან სამედიცინო პროდუქცია“.
    საბჭომ ანგარიშგების მოთხოვნებიც გაამკაცრა, რის შედეგადაც სანქცირებულ პირებს თავიანთი აქტივების დეკლარირების ტვირთი დაეკისრათ.
    „ეს მძლავრი სიგნალია მოსკოვისთვის: ჩვენ ზეწოლას იქამდე გავაგრძელებთ, სანამ საჭირო იქნება“, — დაწერა Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
     
    დამატებითი ინფორმაცია
    პრესრელიზი

  • ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთს!

    ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაამტკიცეს ახალი სანქციების პაკეტი, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილებას რუსეთიდან ოქროსა და ძვირფასეულობის იმპორტის აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

    ევროკავშირის როტაციული თვმჯდომარის, ჩეხეთის სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ პოსტში ნათქვამია, რომ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი დამტკიცდა წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრაზე  და აღნიშნული ზომები ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ.

    პაკეტის მიხედვით, რუსეთის ზოგიერთი ოფიციალური პირისა და ორგანიზაციის აქტივები გაიყინება. სამგზავრო აკრძალვა შეეხება მათ, ვინც სანქციების სიას დაემატება.

    რუსეთიდან ოქროსა და ძვირფასეულობის იმპორტი აიკრძალება.

    რუსეთის უმსხვილესი ბანკის Sberbank-ის აქტივები, რომელიც ადრე გარიცხული იქნა საერთაშორისო გადახდის სისტემა SWIFT-დან, გაიყინება.

    უზრუნველყოფილი იქნება, რომ დაწესებულმა სანქციებმა საფრთხე არ შეუქმნას სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში.

    ახალი ზომები გაათანაბრებს ევროკავშირის სანქციებს G7 ქვეყნების სანქციებთან. ეს გააძლიერებს არსებული სანქციების აღსრულებას და შეავსებს სამართლებრივ ხარვეზებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური