ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებმა მკურნალობის ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლან პეტიცია შეიმუშავეს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 20 ივნისი 2022 12:03

თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში
ძუძუს კიბოს მქონე პაციენტთა ორგანიზაციამ „ევროპა დონა საქართველო“ პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლან პეტიცია შეიმუშავა. ისინი მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შექმნას თანაბარი ხელმისაწვდომობა ძუძუს კიბოს მკურნალობაზე რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის!
„რეგიონში მცხოვრები ძუძუს კიბოს მქონე პაციენტები მკურნალობის დაფინანსების მოლოდინში ვართ! მოაწერეთ ხელი ონლაინ პეტიციას და ამით დაგვეხმარეთ, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა მათ, ვისაც შეუძლიათ პაციენტების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება! სწორედ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მკურნალობა. ჩვენ, თბილისისა და რეგიონების მაცხოვრებელ ძუძუს კიბოს მქონე ქალებს ერთი დიაგნოზი და ერთი ქვეყანა გვაერთიანებს, შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიდგომაც ერთი იყოს,“ - - ნათქვამია ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების განცხადებაში.
ძუძუს კიბოს შემთხვევაში ონკოლოგიურ სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა რეგიონში მაცხოვრებელ ქალებზე აისახება და გამოიხატება შემდეგში:
• საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, ადრეული მაღალი რისკის მქონე HER+ ძუძუს კიბოს პაციენტებისთვის თარგეთული მკურნალობის (დამიზნებითი თერაპია- ორმაგი ბლოკადით) 18 ციკლის ჩატარებაა რეკომენდებული. დღეს, რეგიონში მცხოვრები ანალოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ორმაგი ბლოკადით მკურნალობის ჩატარება ხელმისაწვდომი არაა, რაც დედაქალაქში (თბილისში) მაცხოვრებელ პაციენტებთან შედარებით დისკრიმინაცია და უთანასწორობაა. არასრულფასოვნად ჩატარებული მკურნალობა ზრდის დაავადების პროგრესირების და რეციდივის რისკებს მაშინ, როცა, დღეს, ადრეული ძუძუს კიბოს განკურნება შესაძლებელია.
მეტასტაზური HER2 დადებითი ძუძუს კიბოს დროს, რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს არ აქვთ ოპტიმალური მკურნალობის შესაძლებლობა: დედაქალაქთან შედარებით განსხვავებულია სამკურნალო ციკლების რაოდენობა (ხელმისაწვდომია მხოლოდ 8 ციკლი, დედაქალაქის პაციენტთათვის კი, 12 ციკლი), რაც ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუარესებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ სიცოცხლის შენარჩუნების შანსი მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისში არ ცხოვრობენ და ფინანსების არარსებობის გამო, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის კურსს ვერ იტარებენ.
გადადით ლინკზე და პეტიციაზე ხელის მოწერით გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა
https://bit.ly/3bfGqOo
#ნუგანგვასხვავებთ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

წაკითხულია 114 ჯერ

Related items

  • ცოცხალი ჯაჭვის აქცია ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტთა მხარდასაჭერად

    6 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ევროპა დონა საქართველოს“ ორგანიზებითა და ვარდისფერი კამპანიის ფარგლებში თბილისში თავისუფლების მოედანზე ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტთა მხარდასაჭერად ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართება. პაციენტებისა და მხარდამჭერების სურვილია, საზოგადოების თითოეულ წევრსა და შესაბამის სტრუქტურებს მიაწვდინონ მნიშვნელოვანი გზავნილი: #ნუგანგვასხვავებთ - თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში.
    ცოცხალი ჯაჭვის მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობადობის ამაღლება მძიმე დაავადების - ძუძუს კიბოს შესახებ, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანაბარი ხელმისაწვდომობა თბილისსა თუ რეგიონებში. გაავრცელდეს ინფორმაცია რეგულარული თვითშემოწმების და კიბოს სკრინინგის აუცილებლობის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობა თავისუფალია - ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს ჩაერთოს ცოცხალ ჯაჭვში და ამ ფორმით მხარი დაუჭიროს ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს: შემოგვიერთდით „ყველაფერი ჩვენს ხელშია“.
    „ვარდისფერი კამპანიის“ მხარდამჭერია თბლისის საკრებულოს გენდერული საბჭო და ეროვნული სკრინინგ ცენტრი.
    ცოცხალ ჯაჭვში ასევე მონაწილეობენ პაციენტები, ექიმები, მხარდაჭერი კომპანიების წარმომადგენელები და მედია, რომლებიც კიდევ ერთელ შეახსენებენ საზოგადოებას, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალაბატონებს თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ.
    „ძალიან გაახალგაზრდავდა ჩვენი დაავადება ,სამწუხაროდ გვყავს 22, 24, 26 ,29 წლის პაციენტები , ამიტომ მნიშვნელოვანია ,ჩატარდეს ადვოკატირება,ცნობიერების ამაღლება ,ამ საკითხის შესახებ რაც შეიძლება ხშირად დავაფიქროთ საზოგადოება,რათა დროულად მიმართონ ექიმს, დროზე აღმოჩენილი პრობლემა ხომ გაცილებით მარტივად მოგვარებადია. ცოცხალი ჯაჭვითა და ერთად დგომით ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსმევთ ხაზს მკურნალობის ხელმისაწვდომობას, დროულ დიგნოსტიკის აუცილებლობასა და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას. საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1400-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ სენისგან წელიწადში 900-ზე მეტი ქალი იღუპება. ეს არის 900 ოჯახის ტრაგედია და სამწუხაროდ ეს რიცხვი ყოველწლიურად იმატებს,“ - განმარტავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი.
    ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევაში დაავადება განკურნებადია. „ვარდისფერი ოქტომბერი“ – ასე უწოდებენ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვეს და დაავადებას სხვადასხვა აქტივობებით მსოფლიო ეხმაინება. სხვადასხვა ქალაქებში მუნიციპალიტეტების შენობები ვარდისფრად ნათდება , კომპანიები აქტიურად ერთვებიან პაციენტთა მხარდამჭერ მოძრაობაში , სპეციალური ფასდაკლებები ეძღვნება ოქტომბრის აქტივობას და უამრავი ბიზნესი ამ დროს აქტიურ მონაწილეობას იღებს პაციენტების დასახმარებლად.
    „ვარდისფერი ოქტომბერი“ – ამ სახელწოდებით ცნობილ კამპანიაში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქართველო უკვე არაერთი წელია ჩართულია. კამპანია მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდას და იმის ჩვენებას, რომ კიბო განაჩენი არ არის და რომ მისი დამარცხება შესაძლებელია. წელს, თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა.

  • არაგადამდები დაავადებები გადამდებ დაავადებებთან შედარებით უფრო მომაკვდინებელი გახდა

    გაირკვა, რომ არაგადამდები დაავადებები გადამდებ დაავადებებთან შედარებით უფრო მომაკვდინებელი გახდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში გამოკვლეულია ისეთი მიზეზების გამო სიკვდილიანობა, როგორიცაა არაგადამდები კიბო, დიაბეტი, გულის და ფილტვის დაავადებები.

    ანგარიშის მიხედვით, კიბო, დიაბეტი და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები წელიწადში 41 მილიონ ადამიანს კლავს.

    2019 წელს 70 წლამდე 17 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა არაგადამდები დაავადებების გამო.

    სიკვდილიანობის 86% დაბალი ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაფიქსირდა.

    აღმოჩნდა, რომ არაგადამდები დაავადებების გამო უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა ვიდრე გადამდები დაავადებებით.

    ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, რომლის განცხადებებიც მოხსენებაშია შესული, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა თქვა: „არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული საფრთხეების ჭეშმარიტი მასშტაბი კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ამ ანგარიშით“.

    გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ არსებობს უფასო მეთოდები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მთელ მსოფლიოში გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად და გააკეთა გააფრთხილება, რომ ასეთი დაავადებები შეიძლება გახდეს საუკუნის ყველაზე დიდი საფრთხე, თუკი სიფრთხილის ზომები არ იქნება მიღებული.

  • „კურაციოს“ ხელმძღვანელი: დაზღვევის უნივერსალური პაკეტის შექმნა მომხმარებლების დაცვისთვის საუკეთესო გამოსავალია

    დაზღვევის უნივერსალური პაკეტის შექმნა - ესაა მომხმარებლების დაცვის ფანტასტიკური მექანიზმი. ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ხელმძღვანელი გიორგი გოცაძე აცხადებს.

    ექსპერტთა იმ ნაწილისგან განსხვავებით, რომლებიც ასევე მოითხოვენ უნივერსალური პაკეტის შექმნას და ამბობენ, რომ მისი შეძენა კანონით ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო უნდა იყოს, გოცაძის პოზიციაა, რომ ასეთი პაკეტი აუცილებლად უნდა შეიქმნას, თუმცა მისი შეძენა ნებაყოფლობითი უნდა იყოს. ამ ნაწილში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად,  ექსპერტები თანხმდებიან, რომ უნივერსალური, მინიმალური პაკეტის შემოღება აუცილებელია, რადგან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამა უკვე დიდი ხანია, მოსახლოეობის საჭიროებებს ვეღარ აკმაყოფილებს და რეალურად საყოველთაოც აღარაა. ამასთან, „მინიმალური“ მათ ინიციატივაში გულისხმობს აუცილებელი რაოდენობისა და ხარისხის სამედიცინო სერვისების ერთობლიობას და არა მცირე, არასაკმარისი რაოდენობის მომსახურებებს.

    „დღეს მომხმარებელმა არ იცის, რას ყიდულობს სადაზღვევო პაკეტის შეძენისას. როდესაც კანონით განისაზღვრება სტანდარტული უნივერსალური პაკეტი, ეს იქნება მომხმარებლის დაცვის ფანტასტიკური მექანიზმი, რადგან ის არ იქნება დაფუძნებული მომხმარებლის ცოდნაზე და მოქალაქეები რისკების 90%-სგან დაზღვეულები იქნებიან. მე ვსაუბრობ სავალდებულო პაკეტზე, სადაც სიტყვა „სავალდებულო“ ნიშნავს იმას, რომ ამაზე ნაკლებ სერვისებს სადაზღვევო კომპანია ვერ გაყიდის. კერძოდ, ამ პაკეტის პირველი კომპონენტი იქნება პირველადი ჯანდაცვა, რაშიც მოიაზრება არა მხოლოდ დიაგნოსტიკა და მკურნალობა, არამედ პრევენცია - მათ შორის სხვადასხვა სახის სკრინინგი, ასევე ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, რათა ადამიანებმა მეტი ივარჯიშონ და ნაკლები დალიონ... მეორე კომპონენტი უნდა იყოს ქრონიკული პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის დონეზე - იგულისხმება წნევის კონტროლი, წნევის მარეგულირებელი მედიკამენტების დანიშნვნა და ა.შ. მესამე კომპონენტი კი ესაა ჰოსპიტალური მომსახურება როგორც ურგენტული, ისე - გეგმიური. ასევე უნდა იყოს ჩადებული რეაბილიტაციის ნაწილი, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ოპერაციის გაკეთებას, თუკი მას არ მოჰყვება სარეაბილიტაციო კურსი, უბრალოდ აზრი არ აქვს. ამ, „ა“ პაკეტის გარდა, სადაზღვევო კომპანიებს უნდა ჰქონდეთ „ბე“ პაკეტის შეთავაზების შესაძლებლობაც, რომელიც დამატებით სერვისებს შესთავაზებს მომხმარებლებს, თუმცა მისი შეძენის უფლება მხოლოდ მათ ექნებათ, ვისაც უკვე აქვს შეძენილი „ა“, პაკეტი“, - განმარტავს გიორგი გოცაძე.

    მაგრამ,  რამდენად გააუმჯობესებს უნივერსალური პაკეტის შექმნა მკურნალობაზე ონკოლოგიური პაციენტების ხელმისაწვდომობას. „კურაციოს“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრევენცია და სკრინინგი სწორედ ის გზაა, რამაც ონკოლოგიური პაციენტები გართულებებისგან უნდა დაიცვას, რასაც დღეს მოქმედი სახელმწიფო სკრინინგ-პროგრამები ვერ უზრუნველყოფენ.  უნივერსალური პაკეტის არსებობის შემთხვევაში კი ადამიანს ექნება სრულფასოვანი წვდომა მსგავს სერვისზე, თავისი ოჯახის ექიმის საშუალებით.

    რაც შეეხება რთულ შემთხვევებს, ექსპერტის თქმით, პრევენციის განვითარების შემთხვევაში გართულებები უფრო იშვიათი იქნება და, შესაბამისად, მათი „აწევა“ სადაზღვევო სექტორსაც და სახელმწიფოსაც უფრო გაუმარტივდებათ, თუმცა ეს მაინც ვერ გამორიცხავს ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც მკურნალობა ასობით ათასი ლარი ღირს და ადამიანებს დახმარების თხოვნა სხვადასხვა სტრუქტურებისთვის უწევთ.

    მაგრამ უნდა იყოს თუ არა ეს პაკეტი სავალდებულო შეძენის კუთხით - ექსპერტის აზრით, ამ საკითხში იძულება ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის, თუმცა, გიორგი გოცაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს დაზღვევა არ უნდა დაუფინანსოს, რის შედეგადაც ისინი იძულებულნი გახდებიან, შეიძინონ პაკეტი, რაც შესაძლოა იძულების ირიბ ფორმადაც ჩაითვალოს.

    გიორგი გოცაძე ამბობს, რომ დღეს საყოველთაო ჯანდაცვა რეალურად არ გვაქვს. ამ მდგომარეობის გამოსწორება კი მხოლოდ უნივერსალური დაზღვევის პაკეტის შემოღებას შეუძლია.

    შეგახსენებთ, რომ დაზღვევის უნივერსალური პაკეტის შემოღებას ჯანდაცვისა და დაზღვევის ექსპერტებისა და სადაზღვევო სექტორის დიდი ნაწილი ითხოვს.  მათი მოსაზრებით, დაუშვებელია, დაზღვევის პაკეტებში სამედიცინო სერვისები ადამიანის შემოსავლების მიხედვით იყოს განსაზღვრული და პაკეტში ჩადებული სერვისები მდიდრებისთვისაც და შეჭირვებულებისთვისაც იდენტური უნდა იყოს.

    სპეციალისტების ხედვები მხოლოდ პაკეტის ღირებულების დაფარვის გზებში განსხვავდება. კერძოდ, ექსპერტების ერთი ნაწილის მოსაზრებაა, რომ მაღალშემოსავლიანმა მოქალაქეებმა დაზღვევა მთლიანად საკუთარი ხარჯებით უნდა შეიძინონ, საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის შესაძლებელი იყოს სადაზღვევო პრემიის ნაწილის დაფარვა საშემოსავლო გადასახადის ხარჯზე, ყველაზე მოწყვლადი ადამიანების კი დაზღვევის ტარიფს მთლიანად სახელმწიფო უნდა ფარავდეს.

    „კურაციოს“ ფონდის ხელმძღვანელი, როგორც აღვნიშნეთ, ეწინააღმდეგება პაკეტის შეძენის სავალდებულო ფორმას და მომხრეა, ეს მოქალაქის გადაწყვეტილება იყოს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს გარკვერული შემოსავალი აქვს და პაკეტს მაინც არ შეიძენს, უნდა იცოდეს, რომ სამედიცინო სერვისის საჭიროების შემთხვევაში მას გადახდა თავად მოუწევს.

    უნივერსალური პაკეტის შემოღების ინიციატივაზე საუბრისას, ერთ-ერთ  ინტერვიუში პარლამენტარმა დავით სერგეენკომ ნეგატიური პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ დაზღვევის შეძენა მოქალაქეებისთვის სავალდებულო იყოს. რაც შეეხება ზოგადად უნივერსალური პაკეტის ამოქმედებას, სერგეენკო ამ მოდელის შემოღებას გადაჭრით არ უარყოფს და ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყანას აქვს მსგავსი მოდელები, რაც საზოგადოებისყველა ფენის შეთანხმებას ეფუძნება.

    „სადაზღვევო სექტორის ინიციატივაში მთავარია, სახელმწიფო წავიდეს იმაზე, რომ ეს პაკეტი მანდატორული გახადოს ყველასთვის და ამის შემდეგ დაიწყოს საუბარი, დაფინანსების როგორ მოდელს გავაჩენთ. სწორედ ეს თანმიმდევრულობაა მათ ინიციატივაში არასწორი,“ - აცხადებს სერგეენკო, თუმცა ამ მიდგომის შეცვლის შემთხვევაში ის ამ საკითხის განხილვაში პოზიტიურ პერსპექტივას არ გამორიცხავს.

  • შანსი, რომელსაც გაფანტული სკლეროზის მქონე ასობით პაციენტი ელოდება და რომელიც ახლა ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელ პირების ხელშია

    „აბსოლუტურად ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა და ყველა მათგანს სურს, იყოს თანაბარი უფლებების მატარებელი, განურჩევლად დედაქალაქისა, განურჩევლად რეგიონისა. ყველას აქვს სიცოცხლის უფლება”, — ქეთი ვარსიმაშვილი, “მრავლობითი სკლეროზის” საქართველოს ფონდის დირექტორი.
    25-30 წლით გადავადებული გართულებები და მოგებული დრო, როცა შესაძლოა შენი დაავადების სრული განკურნებისთვის მედიკამენტი შეიქმნას. ესაა შანსი, რომელსაც გაფანტული სკლეროზის მქონე ასობით პაციენტი ელოდება და რომელიც ახლა ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელ პირების ხელშია. ბოლო წლებში პირველად, გაჩნდა ყველაზე რეალისტური იმედი, რომ ამ რთული დაავადების მკურნალობის დაფინანსების მიზნით ცენტრალიზებული პროგრამა ამოქმედდება. ეს კი, პირველ რიგში, თავად პაციენტებისა და ექიმების ბრძოლის შედეგია.
    არ არის გამორიცხული, პროგრამა უკვე წელს ამოქმედდეს, თუმცა ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს. ის, რომ საკითხი ჯანდაცვის უწყებებსა და პარლამენტის შესაბამის კომიტეტში აქტუალურია, jandacva.ge-სთან საუბარში საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ დაადასტურა. მართალია, 2022 წელს ამ პროგრამის ამოქმედების შესაძლებლობაზე მან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა თქვა, რომ 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნას გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის ცენტრალიზებული დაფინანსების პროგრამა. „საკითხის განხილვა ახალი ბიუჯეტის განხილვის დროს მოხდება“ - მისი ეს განცხადება იძლევა იმედის საფუძველს, რომ 2023 წელი იქნება წელი, როდესაც პაციენტების გეოგრაფიული დისკრიმინაცია დასრულდება და დაფინანსებას არა მხოლოდ თბილისსა და აჭარაში, არამედ ქვეყნის ნებისმიერ რეგიონსა და ქალაქში მცხოვრები ადამიანები მიიღებენ, რომლებსაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი აქვთ დასმული.
    შეგახსენებთ, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტზე მუშაობა წინა წლის აგვისტოში იწყება. იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსთა სამინისტროსგან აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტში ჩადებას მოითხოვს, ასობით ადამიანის ურთულესი პრობლემა მოგვარდება. განხილვის პროცესში, ბუნებრივია, აქტიურად ჩაერთვება პარლამენტიც, რომელსაც, ნების არსებობის შემთხვევაში, შეუძლია ამ პაციენტების ბედი სასიკეთოდ შემოაბრუნოს და ჯანდაცვის სამინისტროს მათი მკურნალობის დაფინანსება მოსთხოვოს.
    ცნობისათვის: პროცედურულად, ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნისა და ბიუჯეტის რესურსის არსებობის პირობებში შესაძლოა, ცვლილებები უკვე მიმდინარე წლის ბიუჯეტის დარჩენილ ნაწილში შევიდეს, მაგალითად, დაკორექტირდეს უკვე არსებული პროექტი. ამასთან, კანონმდებლობა ითვალისწინებს ახალი პროექტის დამატებასაც. მართალია, ეს შედარებით იშვიათი პრაქტიკა, თუმცა შესაბამისი ნების არსებობის პირობებში სავსებით შესაძლებელია. მიმდინარე ბიუჯეტის ფარგლებში ახალი პროგრამის ამოქმედება დამოკიდებულია ჯანდაცვის სამინისტროზე, რომელმაც შესაბამისი მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროს უნდა მიმართოს. რაც შეეხება პარლამენტს, შესაბამის კომიტეტს ასევე აქვს პრეროგატივა, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართოს კონკრეტული პროგრამის ბიუჯეტში ჩადების თხოვნით. ცვლილების დასამტკიცებლად პარლამენტს არდადეგების პერიოდში რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოუწევს.
    „დაავადება პროგრესირებს, ხოლო ჩვენი მთავარი მოთხოვნა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, პაციენტები კი საჭიროებენ მკურნალობაზე დროულ წვდომას. დაავადება არ გვირჩევს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თქვენც ნუ გამოგვარჩევთ ერთმანეთისგან - თბილისსა და აჭარის რეგიონში მცხოვრები პაციენტების მსგავსად, რეგიონში მცხოვრები პაციენტებიც იმსახურებენ მკურნალობას და ხარისხიანი სიცოცხლის უფლებას!“ - ასეთი შინაარსის განცხადებით პაციენტებმა უკვე მიმართეს სამინისტროს და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტს.
    გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა. ამ საკმაოდ რთულ დაავადებას დრამატიზმს მატებს ის, რომ პირველი სიმპტომები უმეტესად ახალგაზრდა ადამიანებში, 20-დან 40 წლის ასაკში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი ახალგაზრდებში არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია. შესაძლოა პაციენტმა დაკარგოს ან შეეზღუდოს სიარულის ან საუბრის უნარი, მხედველობა. ახალგაზრდებს, რომლებიც კარიერისა და ოჯახის დაგეგმვაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები, ძირითადად იმაზე უწევთ ზრუნვა, როგორ მოიპოვონ მკურნალობისთვის აუცილებელი სახსრები, რათა დაავადება არ პროგრესირდეთ. პაციენტებმა იციან, რომ დროული მკურნალობის ფონზე მათ მიეცემათ შესაძლებლება დაუბრუნდნენ სრულფასოვანი ცხოვრების წესს ოჯახსა და სოციუმში და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.
    გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას. თუმცა, სამწუხაროდ, ეს სიკეთე მხოლოდ აჭარასა და თბილისში მცხოვრები ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი. კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს მკურნალობას 2019 წლიდან წლიდან უფინანსებს. ანალოგიური მომსახურებით 2020 წლიდან სარგებლობენ თბილისში მცხოვრები პაციენტებიც.
    ნევროლოგი მარინე ჯანელიძე, რომელიც გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებს არა მხოლოდ მკურნალობს, არამედ მათთან ერთად მონაწილეობს სხვადასხვა აქტივობაში მკურნალობის სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამბობს, რომ არსებობს იმედი, რომ პროგრამა უკვე წელს ამოქმედდეს.
    ის განმარტავს, რატომაა მნიშვნელოვანი, ისევ არ დაიკარგოს დრო და პაციენტებმა დროულ დიაგნოსტირებასთან ერთად დროული მკურნალობის მიღებაც შეძლონ.
    მარინა ჯანელიძის თქმით, დაავადების დროული გამოვლენის შემდეგ დროული თერაპია იძლევა რეალურ საფუძველს (მედიცინაში 100%-იანი გარანტიები არ არსებობს), პაციენტების უნარშეზღუდვა ან არ განვითარდეს, ან მნიშვნელოვნად გადავადდეს.
    ამასთან, მუდმივად ხდება თერაპიის დახვეწა და ფაქტობრივად 2-3 წელიწადში ახალი პრეპარატები იქმნება. მკურნალობის დროული დაწყება მნიშვნელოვანია, რომ იმუნური სისტემის გაუკუღმართებული აქტიურობა ან დაითრგუნოს ან პროგრესირება ბევრი წლით გადავადდეს. „მარტივად რომ ავხსნა, მკურნალობის გარეშე უნარშეზღუდულობა შესაძლოა განვითარდეს 5-10 წელიწადში, ხოლო მკურნალობის დროულ დაწყება კი საშუალებას იძლევა, ეს გართულება 25-30 წლით გადავადდეს,“ - ამბობს ნებროლოგი და აღნიშნავს, რომ გარდა მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის პრობლემისა, ფსიქოლოგიურად უარყოფითი მომენტია, როცა სამეგრელოში, კახეთში ან შიდა ქართლში მცხოვრებმა პაციენტმა იცის, რომ თბილისსა და აჭარაში მცხოვრებ, იგივე დაავადების მქონე მოქალაქეს აქვს მკურნალობის საშუალება, რადგან თბილისის მერმა და აჭარის მთავრობამ გაიგეს პრობლემის არსი, მათ შემთხვევაში კი ასე არ მოხდა და მხოლოდ იმიტომ ვერ იღებენ დახმარებას, რომ თბილისსა და აჭარაში არ ცხოვრობენ. „ყველა ქვეყანაში, რამდენადაც მე ვიცი, ამ დაავადების მკურნალობას ფედერალური ბიუჯეტი ან დაზღვევა ანაზღაურებს, საქართველოში კი მივიღეთ სიტუაცია, როცა ადამიანების მკურნალობა გეოგრაფიულ ფაქტორზეა დამოკიდებული,“ - აცხადებს მარინა ჯანელიძე.
    მისი თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირებამდე აუცილებლად უნდა მივიდეს ამ ადამიანის პრობლემები. ახლა მათზეა დამოკიდებული პაციენტების ცხოვრების ხარისხი მომდევნო წლების განმავლობაში.

  • „ევროპა დონა საქართველოსა“ და H.O.P.E -ს ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე: „ონკოლოგიური დაავადებების სრულფასოვანი მკურნალობა და უწყვეტი ზრუნვა“

    სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა, ექიმებმა და პაციენტებმა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს
    პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ და კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E -ს ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე: „ონკოლოგიური დაავადებების სრულფასოვანი მკურნალობა და უწყვეტი ზრუნვა“.
    შეხვედრა სამუშაო ფორმატში ჩატარდა რომელშიც ექიმები, პაციენტები, მედია და სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 
    ღონისძიების მიზანს, კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება (2016-2022 წლებში განხორციელებული აქტივობებისა და შედეგების წარდგენა), გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, ამასთან, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და სამოქმედო გეგმის დასახვა წარმოადგენდა.
    „სამედიცინო სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ონკოლოგიური პაციენტების მართვაში. ჯანდაცვის სფეროში, არათანაბარი ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებულ ონკოლოგიურ სერვისებზე არის არათანაბარი წვდობა დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის ან ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, რაც არის პაციენტის დისკრიმინაცია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა არ მოიცავს ყოველი პაციენტისათვის იდენტური რესურსის მიწოდებას (ერთი ზომის ფეხსაცმელი ყველას არ ერგება). ყოველი შემთხვევა საჭიროებს პერსონალიზირებულ მიდგომას. თანაბარი ხელმისაწვდომობისას მნიშვნელოვანია თითოეულ პაციენტს მივაწოდოთ ის რესურსი, რაც მას სჭირდება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან და ეფექტიან ჯანმრთელობის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვაც 2030 წლისთვის მოიაზრებს ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას, უნივერსალური ჯანდაცვის პრინციპების გათვალისწინებით“- განმარტავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი, ანა მაზანიშვილი.
    მრგვალი მაგიდა, კიბოს მსოფლიო დღეს, 4 თებერვალს დაწყებული საერთაშორისო კამპანიის „close the care gap” გაგრძელებაა. კიბოს მართვაში ხარვეზებზე რეაგირებისა და აღმოფხვრისკენ მიმართულ მსოფლიოს გზავნილს საქართველოც გამოეხმაურა და ონკოლოგიის თითქმის ყველა მიმართულების ექსპერტის მონაწილეობით, ამ დღეს პირველად გაიმართა მულტიპროფილური პანელური შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ქვეყანაში თანაბარი და სრულყოფილი მკურნალობის შექმნის მნიშვნელობა. გზავნილი „სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა“ კიბოს მართვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისკენ არის მიმართული, რაც ითვალისწინებს ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელ სამკურნალო და სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნას თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის, მატერიალური მდგომარეობისა თუ წარმომავლობისა.
    შეხვედრის ბოლოს გამართული დისკუსია კიბოს მართვის მიმართულებით, დღეს არსებული ხარვეზების აღმოფხვრისკენ იყო მიმართული. განსახილველი საკითხებიდან მნიშვნელოვანი შემდეგი პუნქტები აღმოჩნდა: ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრულფასოვანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თბილისსა თუ რეგიონში მცხოვრები ყველა პაციენტისთვის, კერძო სექტორის როლის განსაზღვრა და სახელმწიფოს ჩართულობის გაზრდა მკურნალობის დაფინანსების პროცესში. მტავარ გამოწვევად კი რჩება დიაგნოზთან ბმული დაფინანსების უზრუნველყოფა. 
    საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ცვლილებების აუცილებლობას შეხვედრაზეც ხაზი გაესვა და მიანიშნეს, რომ სახელმწიფომ თანხები უფრო მიზნობრივად უნდა განკარგოს და დაზოგილი ფინანსები იმ ადამიანებს მოახმაროს, რომელთა მკურნალობაც დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ასეთი მოქალაქე კი ქვეყანას ათიათასობით ჰყავს. ესენი არიან პაციენტები, რომლებსაც სიცოცხლის გადასარჩენად ან გასახანგრძლივებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ათობით და ასობით ათასი ლარი ესაჭიროებათ.
    მართალია, სახელმწიფოს გაცხადებული აქვს ხედვა ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების თაობაზე. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტრატეგიაშიც ხაზგასმულია ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის და თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა, თუმცა ამ ეტპისთვის ჯრჯერობით მკურნალობა ხელმისაწვდომი ყველასთვის არ არის, მითუმეტეს სრულფასოვანი. ამ ფონზე, შეხვედრის მიზანს სწორედ სახელმწიფოსთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად პრობლემების გადაჭრის გზების ძიება წარმოადგენდა. დასასრულს, შეხვედრაში მონაწილეე მხარეებმა შექმნეს რეკომენდაციების ნუსხა, რაც სახელმწიფოს დაეხმარება, თუ როგორ მოახდინოს დასახული სტრატეგიის აღსრულება. ფაქტია, სახელმწიფო ვერ შეძლებს ყველაფრის მოცვას, ამიტომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციად რჩება მოხდეს საყოველთაოს შევსება კერძო დაზღვევით. ამასთან, აუცილებელია რომ კერძო დაზღვევაში გაიზარდოს ონკოლოგიური მედიკამენტების ლიმიტი და მის ბაზისურ პაკეტში საყოველთაო ჯანდაცვის ონკოლოგიური პაკეტის იდენტური შეთავაზების არსებობა და შ.
    ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ავთვისებიანი სიმსივნეები სიკვდილობის მაჩვენებლებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. სამწუხაროდ ონკოლოგიის სფეროში კვლავ აღინიშნება დაავადებების სიხშირის ზრდის ტენდეცია. ბოლო მონაცემებით, ყოველწლიურად ვლინდება ონკოლოგიური დაავადების 9 მილიონი ახალი შემთხვევა, ხოლო მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებით აღრიცხვაზე მყოფ ადამიანთა რიცხვი მთლიანად შეადგენს 60 მილიონს. მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 9500-11000 ფარგლებში. ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 258-ს. ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში 30-70 წლამდე.
    ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია. ონკოლოგიაში სადღეისო მიღწევები იძლევა ეფექტური მკურნალობის საშუალებას. უფრო მეტიც, ადრეულ ეტაპზე დაწყებული დროული და სწორი მკურნალობა, ზოგიერთი კიბოს დროს, განკურნების შანსს წარმოადგენს. 
    ექსპერტების პროგნოზის მიხედვით 2030 წლისთვის კიბოთი სიკვდილობის ზრდა მოსალოდნელია 13 მილიონ შემთხვევამდე თუ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს ახლავე. მსოფლიო მონაცემებით კიბოს სისკვდილიანობის 65% მოდის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის. კიბოს 1/3-ზე მეტი შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. შემდეგი 1/3 შემთხვევებისა შესაძლებელია განკურნებულ იყოს სწორი მკურნალობის შედეგად თუ მისი აღმოჩენა მოხერხდება ადრეულ სტადიაზე. სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობით, სწორი პრევენციული სტრატეგიების იმპლემენტაციით, ადრეული აღმოჩენით, სწორი დიაგნოსტიკური კვლევებითა და სწორი სამკურნალო მიდგომების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ მილიონობით სიცოცხლე ყოველწლიურად.

     

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური