„ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი გავიდა, ორმხრივ ურთიერთობებში სიმწიფის პერიოდი დადგა“

გამოქვეყნებულია ჩინეთი
შაბათი, 18 ივნისი 2022 09:33

ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, 15 ივნისს, გაზეთში „გოძი შანგპაო“ საქართველოში ჩინეთის ელჩის - ჭოუ ციენის საავტორო სტატია გამოქვეყნდა.

„ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი გავიდა, ორმხრივ ურთიერთობებში სიმწიფის პერიოდი დადგა“
საქართველოში ჩინეთის ელჩი - ჭოუ ციენი
წელს ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი აღინიშნება. მთელი ამ ხნის მანძილზე, ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან, ერთმანეთს ენდობიან და კეთილსინდისიერად თანამშრომლობენ, ერთმანეთს პატივს სცემენ, ეხმარებიან, ერთად ვითარდებიან, ხელს უწყობენ „სარტყლისა და გზის“ და სხვა მიმართულებით საქმიანი თანამშრომლობის გაღრმავებას; ვაჭრობის, ინვესტიციების და სხვა სფეროებში თანამშრომლობას მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს, რაც რეგიონსა და მსოფლიოში ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს.
- პოლიტიკური ურთიერთნდობა მუდმივად იზრდება
1992 წლის 9 ივნისს, ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დამყარდა. ჩინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მას შემდეგ, ორივე ქვეყანა მუდამ იცავს თანასწორობის, ურთიერთნდობის, გულწრფელი თანამშრომლობის და ერთობლივი განვითარების პრინციპს; ჩინეთი და საქართველო ერთად იცავენ საერთაშორისო სისტემას, რომლის ბირთვსაც გაერო წარმოადგენს; პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ძირითად ინტერესებს. ერთად მისდევენ ჭეშმარიტ მულტილატერალიზმს და იცავენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, რომლის ბირთვსაც მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია წარმოადგენს; ხელს უწყობენ ინოვაციებს, საერთო შეხების ფაქტორების მოძებნას, მწვანე და დაბალნახშირბადიან ეკონომიკას, დაბალანსებულ განვითარებას, ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას, წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების გაფართოებას, რეგიონულ განვითარებას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, ეკონომიკური გლობალიზაციით მიღებული შედეგების ურთიერთგაზიარებას. საქართველო ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას. ჩინეთი და საქართველო ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და სავაჭრო ზონების, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში საქმიან თანამშრომლობას აქტიურად ახორციელებენ; ცდილობენ პოლიტიკური კოორდინაციის, ინფრასტრუქტურული კავშირების, თავისუფალი ვაჭრობის, ფინანსური ინტეგრაციის და ხალხთაშორისი კავშირების რეალიზებას. ამ მხრივ, ორმა ქვეყანამ არაერთ წარმატებას მიაღწია. შეიქმნა ურთიერთსარგებლიანი განვითარების მოდელი. ორ მხარეს შორის პოლიტიკური ნდობა დღითიდღე იზრდება. ჩინეთი და საქართველო ერთმანეთის სანდო პარტნიორები არიან.
- ორმხრივი ვაჭრობა სწრაფად ვითარდება
ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებს დიდი ხნის ისტორია აქვს. მრავალი წელია, სავაჭრო ბრუნვა მაღალი ზრდის ტემპს ინარჩუნებს. სტატისტიკური მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა 1992 წელს სულ რაღაც 3.68 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 1.48 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია და ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 400-ჯერ გაიზარდა. 2017 წელს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. საქართველო ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობა დაამყარა. ამით, ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში ახალი პერიოდი დაიწყო. ორმხრივი ვაჭრობა სტაბილურად იზრდება. იმის მიუხედავად, რომ კოვიდ-19-ის პანდემიამ რეგიონის ეკონომიკას დიდი ზარალი მიაყენა, საერთო ტენდენციის საწინააღმდეგოდ, ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობამ, პირიქით, კიდევ უფრო მოიმატა. ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეგიონის ეკონომიკის აღდგენაში და ქართული მხარის კმაყოფილება გამოიწვია. 2021 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო მოცულობა წინა წელთან შედარებით 24.8%-ით გაიზარდა და 1.48 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი 29%-ით გაიზარდა და 616 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ჩინეთიდან იმპორტი 22%-ით გაიზარდა და 865 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილზეა. ორმხრივი ვაჭრობის წილი საქართველოს მთლიან საგარეო ვაჭრობაში 10.3%-ია. ჩინეთი საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორის პირველ ადგილზეა, ჩინეთში ექსპორტის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 14.5%-ია. ჩინეთი საქართველოს საიმპორტო ბაზრებს შორის მესამე ადგილზეა, ჩინეთიდან იმპორტის წილი მთლიანი მოცულობის 8.6%-ს შეადგენს.
- თანამშრომლობა უწყვეტად ღრმავდება
საქართველო, ევროპისა და აზიის გასაყარზე, სტრატეგიულად მნიშველოვან ადგილას მდებარეობს. იგი უძველესი კულტურის და თვალწარმტაცი ბუნების მქონე ქვეყანაა. საქართველო ცნობილია, როგორც „ღვთის ბაღნარი“ და „ღვინის სამშობლო“. ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, მაღალი დონის ეკონომიკური თავისუფლება და კარგი საინვესტიციო პირობებია. ბოლო წლებში, ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინფრასტრუქტურის განვითარებას, უცხოური კაპიტალის გამოყენებით აქტიურად უწყობს ხელს პორტების, ჩქაროსნული მაგისტრალების, რკინიგზის, ელექტროსადგურების, წყალმომარაგების და სადრენაჟე სისტემების და მისთ. მშენებლობას. „გარეთ გასვლის“ სტრატეგიის ფარგლებში, ჩინური კომპანიები საქართველოს შედარებით ღია და სამართლიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ, აქტიურად მონაწილეობენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ინვესტიციებს დებენ ინდუსტრიული პარკების, ჰიდროელექტროსადგურების და მისთ. მშენებლობაში, აქტიურ როლს თამაშობენ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში; მათი აქტიურობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტია. ამავდროულად, ჩემი ქვეყნის შესაბამისი მაღალხარისხოვანი აღჭურვილობა, სპეციალური ტექნოლოგია, მენეჯმენტის გამოცდილება ქართულ ბაზარზე ფეხს იკიდებს და დიდი ნდობით სარგებლობს. ჩინეთი და საქართველო განაგრძობენ საქმიან თანამშრომლობას, მრავალმხრივი და ორმხრივი შესაძლებლობების გამოყენებას, ერთმანეთის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებზე, ფორუმებზე, გამოფენებზე, სემინარებზე დასწრებას; საქართველოს მთავრობა, ორგანიზაციები, ბიზნესასოციაციები და მათი წევრი კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოში, კუანგჭოუს ბაზრობაში, ჩინეთის საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენაში, ცენტრალური ჩინეთის ექსპოსა და სხვა ღონისძიებებში, ჩინეთის შესაბამის ასოციაციებთან და კომპანიებთან ამყარებენ კონტაქტებსა და საქმიან თანამშრომლობას, სარგებლობენ ჩინეთის უზარმაზარი ბაზრის დადებითი მხარეებით და მსოფლიო ბიზნეს შესაძლებლობებით.
სამომავლოდ, ორ ქვეყანას შორის არსებულ თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ეს და „სარტყლისა და გზის“ ინიციატივა ჩინეთ-საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში პრაგმატული თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად ფართო პერსპექტივას აჩენს. ორმხრივ სავაჭრო თანამშრომლობაში განვითარების ახალი პერიოდი იწყება. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ჩინური კომპანია გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ხელს შეუწყობს ჩინეთ-საქართველოს შორის ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას. იმედია, საქართველო დამაკავშირებელი ხიდის როლს ითამაშებს და დაეხმარება ჩინურ კომპანიებს დსთ-ის, აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ აზიის ბაზრებზე გასასვლელად, რაც კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის ბაზრებსა და მოსახლეობას.

 

წაკითხულია 100 ჯერ

Related items

  • 1800-იანი წლებიდან ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია - ჩინეთის ელჩი საქართველოში

    ოთხშაბათს, ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა მასმედიის წარმომადგენლებისთვის პრეს-კონფერენცია გამართა, რომელიც მიეძღვნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ჩინეთის ტაივანის რეგიონში განხორციელებულ ვიზიტს.
    ელჩმა ჟურნალისტებს გააცნო ჩინეთის მტკიცე პოზიცია ტაივანის საკითხზე, აშშ-ის პროვოკაციული ქმედების წინამძღვრები და ჩინეთის მხრიდან გატარებული მკაცრი ზომების მიზეზები.
    როგორც ჭოუ ციენმა აღნიშნა, 1800-იანი წლებიდან ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. 1943 წელს, ჩინეთის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მეთაურებმა „კაიროს დეკლარაცია“ მიიღეს, რომლის მიხედვითაც იაპონიის მიერ მიტაცებული ტერიტორიები, მათ შორის ტაივანი, ჩინეთს უნდა დაჰბრუნებოდა. 1945 წლის „პოტსდამის დეკლარაციით“ ხელახლა დადასტურდა „კაიროს დეკლარაციის“ პირობების შესრულების აუცილებლობა. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს, ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა კი მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია. სწორედ ეს არის „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მთავარი არსი. 1971 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ №2758 რეზოლუციის მიღებით დაადასტურა „ერთი ჩინეთის“ პრინციპი. ამჟამად, ჩინეთთან 181 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს და აშშ-ს, აქვს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული და „ერთი ჩინეთის“ პრინციპი ყველა შესაბამის დოკუმენტში არის შეტანილი.
    1979 წლის 1 იანვარს ჩინეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეში შეერთებულმა შტატებმა გარკვევით აღიარა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობაა და პირობა დადო, რომ ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი აშშ-ის ხელისუფლების რიგით მესამე უმაღლესი რანგის ოფიციალური პირია. იგი შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რიგით მეორე მემკვიდრეა. იგი აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა ტაივანში, სადაც მისივე განცხადებით „ოფიციალური ვიზიტი“ განახორციელა. ამით აშშ-მა აშკარად დაარღვია „ერთი ჩინეთის“ პრინციპი და ჩინური მხარისთვის მიცემული პირობა, რომ „ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა“. ეს არის უკიდურესად უპასუხისმგებლო, პროვოკაციული და საშიში ქმედება.
    „ერთი ჩინეთის“ პრინციპი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის ნაწილი და საერთაშორისო საზოგადოების კონსენსუსის საგანია. მიუხედავად ამისა, ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ „ტაივანთან ურთიერთობის აქტის“ და ე.წ. „ექვსი გარანტიის“ მიღებით, აშშ-მა „ერთი ჩინეთის“ პრინციპი არაერთხელ დაარღვია და დღესაც იმავეს აკეთებს. იგი ცალმხრივად ცდილობს ტაივანის სტატუს-კვოს და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის შეცვლას. ორმოცდაათი წლის წინ, ჰენრი კისინჯერი პირადად მონაწილეობდა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობის ნორმალიზების მოლაპარაკებებში, რა დროსაც მხარეებმა „ერთი ჩინეთის“ პრინციპის საფუძველზე მართებულად გადაჭრეს ტაივანის საკითხი. ცოტა ხნის წინ, კისინჯერმა აღნიშნა, რომ „შეერთებულმა შტატებმა ეშმაკური გეგმებით თუ თანდათანობითი პროცესით არ უნდა შეიმუშაოს „ორი ჩინეთის“ სქემა“.
    ტაივანის სრუტის ორივე მხარეს ჩინელები ცხოვრობენ. ჩვენ მაქსიმალური კეთილსინდისიერებით და ძალისხმევით ვეცდებით ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებას, მაგრამ არ დავუშვებთ ჩინეთისგან ტაივანის რაიმე ფორმით გამოყოფას. ბოლო წლებში ტაივანის ხელისუფლება უარყოფს ფაქტებს და სამართლებრივ საფუძველს, რომ სრუტის ორივე მხარე ერთ ჩინეთს ეკუთვნის. „ტაივანის დამოუკიდებლობა“ დემოკრატიული პროგრესული პარტიის გაცხადებული მიზანია. ტაივანის ამჟამინდელი ხელისუფლება აშშ-ის მხარდაჭერის იმედად ცდილობს დამოუკიდებლობის დღის წესრიგის გატარებას. იგი კონტინენტურ ჩინეთთან ისტორიული და კულტურული კავშირების გაწყვეტას, ეროვნული იდენტობის წაშლას და დაპირისპირების გაღვივებას ცდილობს. შეერთებული შტატები, თავის მხრივ, „ტაივანის გამოყენებით ცდილობს ჩინეთის შეკავებას“, „ტაივანის კოზირს“ იყენებს ჩინეთის განვითარების შესაჩერებლად. იგი მუდმივად ამახინჯებს, ცვლის და არასწორად გადმოსცემს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს. ბოლო წელიწად-ნახევარში აშშ-მა ტაივანს მოწინავე შეიარაღება ხუთჯერ მიჰყიდა.
    პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ ინარჩუნებს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას და მხარს არ უჭერს „ტაივანის დამოუკიდებლობას“. მაგრამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსის ვიზიტი „ტაივანის დამოუკიდებლობის“ ძალებს მძლავრ მესიჯს უგზავნის, რომ „აშშ მათ გვერდშია“. ეს სერიოზულად არღვევს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, ჩინეთ-აშშ-ის სამივე ერთობლივ კომუნიკეს და აშშ-ის მიერ დადებულ პირობას. ეს კიდევ უფრო წაახალისებს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ ძალებს, რომ სახიფათო გზაზე წინ წავიდნენ, რაც ისედაც დაძაბულ სიტუაციას ტაივანის სრუტეში კიდევ უფრო რთულს, სახიფათოს და არაპროგნოზირებადს გახდის.
    ტაივანის საკითხი ჩინეთის სუვერენიტეტისა და გაერთიანების პრინციპული საკითხია, რაც თავიდან ბოლომდე ჩინეთის საშინაო საქმეა. პელოსის ვიზიტი ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპების დარღვევაა, რამაც 1,4 მილიარდზე მეტი ჩინელის აღშფოთება გამოიწვია. შეერთებულ შტატებში ზოგიერთები აგრძელებენ ტაივანის საკითხით ჩინეთის სუვერენიტეტის პროვოცირებას, „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის დამახინჯებას და ტაივანის სრუტეში გამიზნულად არეულობის გამოწვევას, რასაც ჩინელი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი იღებს ყველა საჭირო ზომას, მათ შორის ტაივანის კუნძულის მახლობლად ატარებს სამხედრო წვრთნებს; შეწყდა ან დროებით შეჩერდა ჩინეთ-აშშ-ს შორის თანამშრომლობა სხავდასხვა მიმართულებით; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, პელოსისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ დაწესდა სანქციები. ქართველი ხალხი ძალისხმევას არ იშურებს დამოუკიდებლობის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მჯერა, რომ მათ ესმით ჩინელი ხალხის გრძნობები და ჩინეთის მთავრობის საპასუხო ზომები.
    მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთის მთავრობისა და ხალხის პოზიცია ტაივანის საკითხზე თანმიმდევრულია. ეს არის 1,4 მილიარდზე მეტი ჩინელის ურყევი თავდადება, მტკიცედ დაიცვას სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. სამშობლოს გაერთიანება ყველა ჩინელის საერთო მისწრაფება და წმინდა პასუხისმგებლობაა. არც ერთმა ქვეყანამ, ძალამ თუ ინდივიდმა არასწორად არ უნდა შეაფასოს ჩინეთის მთავრობისა და ხალხის მტკიცე გადაწყვეტილება, ძლიერი ნება და დიდი შესაძლებლობები, რაც სახელმწიფო სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და ერის გაერთიანებასა და აღორძინებას უკავშირდება. ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. აქედან გამომდინარე ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მხარესა და „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ ძალებს ეკისრებათ, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე.

     

  • 3 აგვისტოს, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება

    2022 წლის 3 აგვისტოს, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შედგა საქართველოს და იაპონიის პრემიერ-მინისტრებს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მისალოცი წერილების გაცვლა.
    საგარეოს ადმინისტრაციის ცნობით, აღსანიშნავია, რომ მისალოცი წერილების გადაცემის ცერემონია ერთდროულად გაიმართა, როგორც თბილისში, ასევე ტოკიოში. საქართველოში წერილების გადაცემის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, აკირა იმამურამ. იაპონიაში კი, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ-სახელმწიფო მინისტრმა ტაკაკო სუზუკიმ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ. 
    იაპონია გახლდათ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო 1992 წელს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პირველივე დღიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული და ძლიერი მხარდამჭერია. 30 წლის მანძილზე იაპონიას და საქართველოს შორის ურთიერთობები საერთო ფუნდამენტური ღირებულებების - დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის და კანონის უზენაესობის საფუძველზე განვითარდა და დღეს უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია. 
    უნდა აღინიშნოს ქვეყნებს შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების დინამიკა. ამ მხრივ, ხაზგასასმელია 2018 წელს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს ისტორიული ვიზიტი საქართველოში, რამაც ნათლად დაადასტურა ორმხრივი თანამშრომლობის მიღწევები და დამატებითი ბიძგი მისცა არსებული მეგობრული კავშირების სამომავლო განვითარებას. რეგულარული ხასიათი მიეცა სხვადასხვა ბიზნეს ფორუმის თუ კულტურული ღონისძიების ჩატარებას. მაღალ დონეზეა პარლამენტთა შორისი ურთიერთობები, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში ჩამოყალიბებულია მეგობრობის ჯგუფები. 
    საქართველო იაპონიას შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. აღსანიშნავია 2021 წლის 23 ივლისს, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების „ინვესტიციების და გადასახადების შესახებ ხელშეკრულების“ ამოქმედება, რაც, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. 
    ძალიან მნიშვნელოვანია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქმიანობა და ის დახმარება, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია უწევს საქართველოს როგორც საგანმანათლებლო, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.

  • პარლამენტში ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

    დღეს საქართველოს პარლამენტში პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერების სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
    როგორც პარლამენტის ლიდერებმა აღნიშნეს, აუცილებელია ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანა და საქართველოს ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციებისთვის კარების უფრო ფართოდ გაღება. „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ ისტორიული პროექტი „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა გახდეს, ქვეყნის ტერიტორიაზე კი, მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩინური ტვირთების ტრანზიტი ევროპაში გაიზარდოს.
    განსაკუთრებული ყურადღება სხდომაზე მედიცინასა და ჩინური სამედიცინო პრეპარატების იმპორტს დაუთმეს. აგრეთვე საქართველოში არსებული სიტუაციის ფონზე ავთანდილ ენუქიძემ ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
    პარლამენტის ლიდერებმა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირეს და ქვეყნის ხელმძღვანელობასა და ჩინელ ხალხს წარმატებები უსურვეს.

    ბადრი ნაჭყებია

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ახალ ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა.
    მთავრობის მეთაურმა ახლადდანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება.
    აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და მიმდინარე წელს იანვარ-ივნისის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და ჩინეთს შორის 922 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აგრეთვე, საუბარი შეეხო ჩინურ ინვესტიციებს და ითქვა, რომ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩინეთიდან 695 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რასაც ქართული მხარე მიესალმება.
    შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელს უწყობს ტურისტების დინამიურ ზრდას.
    ამასთან, გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა, რომელიც ყოველწლიური ღონისძიებაა, მალე გაიმართება. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
    ითქვა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
    აგრეთვე, ყურადღება დაეთმო ორმხრივი კავშირების გაძლიერებას საგანმანათლებლო-სამეცნიერო მიმართულებებით. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • თბილისში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

    თბილისში გუშინ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით „აზერბაიჯანი - საქართველო: საუკუნეების გამოცდა, მეგობრობის მემკვიდრეობა“ გაიმართა.

    ღონისძიების გახსნაზე სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა ელშად ისკანდეროვმა. გამონსვლელებმა აღნიშნეს რომ აზერბაიჯან-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და რომ ორ ხალხს შორის მეგობრობის კავშირები აგებულია ქართველებისა და აზერბაიჯანელების საერთო წარსულიდან გამომდინარე ძმობის საფუძველზე.

    მოგვიანებით, ANAS-ის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ კარიმ შუკუროვის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ქეთევან შოშიაშვილის თანათავმჯდომარე აკადემიურ პანელზე, აზერბაიჯანელმა და ქართველმა მეცნიერებმა განიხილეს ურთიერთობის ისტორია, განსაკუთრებით თანამშრომლობა. აზერბაიჯანი და საქართველო მე-20 საუკუნის დასასრულს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, აწვდიდნენ მოხსენებებს კავკასიაში მშვიდობისთვის პარტნიორობის, ასევე ჩვენი ხალხების ურთიერთკულტურული გავლენის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ორი ქვეყნის მეცნიერებს შორის ერთობლივი კვლევითი პროექტების გაფართოების, ასევე აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის შესახებ ერთობლივი სამეცნიერო ტომის გამოცემის მიზნით.

    საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმავე დღეს კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. რადბირში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოხელე ელდარ ნადირაძის მიერ მომზადებული წიგნის „ყარაბაღის სახანოს“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ისაუბრეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა ელშად ისკანდეროვმა და სხვა მეცნიერებმა და აღნიშნეს, რომ წიგნი გამოიცა ელეგანტურად და დეტალური ინფორმაცია ისტორიის შესახებ. 

    საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს საერთაშორისო კავკასიის უნივერსიტეტისა და ევრაზიის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანელი, ქართველი დიპლომატები, მეცნიერები, მკვლევარები და მედიის წარმომადგენლები.

    ავთანდილ ოთინაშვილი

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური