ჯოზეფ ბორელი: თუ საქართველოს გულწრფელად სურს ევროპული მომავალი, ქვეყანაში პოლიტიზებული სამართლის არსებობა დაუშვებელია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 13 ივნისი 2022 12:59

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეშფოთება გამოხატა. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება.

თავის სიტყვაში, რომელიც ევროპარლამენტში ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა გააჟღერა, ბორელმა ოპოზიციური სატელევიზიო არხ „მთავარის“  მფლობელის და დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენზეც ისაუბრა. მისი თქმით, გვარამიასთვის სამწელნახევრიანი პატიმრობის მისჯა ეწინააღმდეგება ევროკავშირის განმეორებით მოწოდებებს სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირების თაობაზე. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს რეფორმები ნდობის დანერგვის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის წინაპირობაა, რაც „დიდი ხანია, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს“. 

„ევროკომისიამ მკაფიოდ გამოთქვა აზრი ამ საკითხზე: თუ საქართველოს გულწრფელად სურს ევროპული მომავალი, ქვეყანაში დაუშვებელია პოლიტიზებული სამართლის არსებობა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა“,  — განაცხადა ჯოზეფ ბორელმა, — „ჩვენ შეშფოთებით აღვნიშნავთ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევების გახშირებას საქართველოში. ძალადობა და მუქარა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია“.  

გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი კვლავ საქართველოს ახლო მეგობარი და პარტნიორია და აქტიურად მონაწილეობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

წაკითხულია 98 ჯერ

Related items

  • ევროკავშირის და გაეროს მხარდაჭერით, ქართული სოფლები Google Maps-ზე გამოჩნდა

    საქართველოს აგრორუკაზე, რომელიც ევროკავშირმა, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ერთობლივად შექმნეს, უკვე 50-ზე მეტი სოფელია დატანილი.

    Google Maps-ის საფუძველზე შექმნილი ეს რუკა ინტერაქტიური საინფორმაციო სისტემაა. ის შეიცავს ვრცელ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის საწარმოების, აგრომომსახურების მიმწოდებლების, საგანმანათლებლო ინსტიტუტების, პროფესიული ასოციაციების და სამეურნეო თუ კვების სექტორის სხვა დაწესებულებების შესახებ. კერძო კომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, რუკაზე ასევე იძებნება სამთავრობო პროგრამები და ინიციატივები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს.  

    რუკის მომხმარებელს ინფორმაციის მოძიება ორგანიზაციის ადგილმდებარეობის ან საქმიანობის სფეროს მიხედვით შეუძლია. მას ასევე აქვს შესაძლებლობა, უშუალოდ დაუკავშირდეს კომპანიებს და დაუსვას  ბიზნესთან დაკავშირებული კითხვები. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს მიღებული ინფორმაციის ხარისხი და ბიზნესთან კითხვა-პასუხის ეფექტიანობა.

    აგრორუკა 2020 წელს საპილოტე ინიციატივის ფარგლებში ამოქმედდა და ის თავიდან მხოლოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტზე ვრცელდებოდა. დღეისათვის რუკაზე მთელი საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტი ადგილმდებარეობაა დატანილი. ის სოფლის მეურნეობის 24 სექტორში მომუშავე 500 კომპანიის და ორგანიზაციის შესახებ იძლევა ინფორმაციას.

    „ციფრულ ტექნოლოგიებს შეუძლიათ სოფლის ცხოვრების გარდაქმნა, ფერმერული საქმიანობის მიმზიდველობის გაზრდა ახალგაზრდა თაობისთვის და ფერმერთა შრომის ეფექტიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესება“, — აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა.

    საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ENPARD პროგრამას ეფუძნება. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: იპოვო შენი ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში

    ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს სკოლებსა და კოლეჯებში ახალგაზრდული მუშაკების კონცეფცია დაინერგება

    თბილისი. 12 აგვისტო 2022 – განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე მეთოდები ინერგება, რომელთა მიზანია და ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდა განათლებისა და პროფესიული წარმატების მიმართ. რეფორმის შედეგად,  უნდა გაუმჯობესდეს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხი, გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა და მონაწილეობა და შემცირდეს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ამ მხრივ არსებულ განსხვავება.

    დღეს საქართველოში ახალგაზრდების 34 პროცენტი არაა ჩართული არც განათლებაში, არც პროფესიულ ტრენინგსა თუ დასაქმებაში, მაშინ როდესაც ევროკავშირში, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 13 პროცენტს შეადგენს. საქართველოს ზოგ რეგიონში, ახალგაზრდების უმუშევრობა 40 პროცენტს აღწევს (ევროკავშირში, საშუალოდ 13.3 პროცენტი). საქართველოში, საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა მხოლოდ 5 პროცენტი აგრძელებს სწავლას პროფესიულ სასწავლებლებში (ევროკავშირში, საშუალოდ 48 პროცენტი).

    ასეთი თვალსაჩინო განსხვავების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს განათლების სისტემა ხშირ შემთხევაში სრულად ვერ პასუხობს ახალგაზრდების საჭიროებებსა და მისწრაფებებს, ხოლო სწავლების მეთოდები მოძველებულია და არაფორმალური განათლების ელემენტებს ნაკლებად შეიცავს.

    არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელს უწყობენ სკოლებსა და კოლეჯებში ახალგაზრდული მუშაკების კონცეფციის დანერგვას. ინიციატივაში ასევე ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მზიანი სახლი“, რომელიც ახალგაზრდული მუშაკების ტრენინგსა და გადამზადებას უზრუნველყოფს.

    2022 წელს, 18-მა ახალგაზრდულმა მუშაკმა პროფესიული გადამზადება გაიარა, ხოლო ცხრა სკოლასა და კოლეჯში ახალგაზრდული კლუბები  გაიხსნა.

    ივლისსა და აგვისტოში, 100-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო არაფორმალურ და ინტერაქტიულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში, რომლებიც ახალგაზრდული მუშაკების ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და UNDP-ის ხელშეწყობით გაიმართა.

    ივლისში, კაჭრეთის სათემო კოლეჯ „აისის“ ტერიტორია ჯადოსნურ სამყაროდ იქცა, სადაც სათავგადასავლო თამაშის მონაწილეებს დაკარგული განძის ძიება, ფიზიკური წინაღობების გადალახვა და ინტელექტუალური თავსატეხების ამოხსნა მოუწიათ.

    აგვისტოში, ქობულეთში გაიმართება ახალგაზრდების შეხვედრა ცნობილ მწერლებსა და პოეტებთან. კოლეჯის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მათი თაობის გამოწვევებზე ისაუბრებენ, ხოლო დამწყები პოეტები შეხვედრის მონაწილეებს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ. შეხვედრის ორგანიზატორი და მასპინძელია კოლეჯი „ახალი ტალღა“.

    “ევროკავშირი ხელს უწყობს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის კავშირის განმტკიცებას. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებოდეთ მაღალი ხარისხის განათლებასა და ტრენინგზე და ადვილად შეძლონ სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლა“, - განაცხადა ნინო ყოჩიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების ოფიცერმა.

    „მეტი ახალგაზრდის დასაქმება - ღირსეული ხელფასითა და კარიერული პერსპექტივებით - საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობაა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი და UNDP, ჩვენს ეროვნულ პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერენ ახალი და უფრო ეფექტიანი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას. ახალგაზრდების დასაქმება ქმნის უკეთესი მომავლის პერსპექტივას და ხელს უწყობს უფრო დიდი და დინამიური ეკონომიკის განვითარებას, რაც სიკეთეს მოუტანს თითოეულ ადამიანს“, - აღნიშნა ნიკ ბერესფორდმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

    „ჩვენი საქმიანობის ამოსავალი წერტილია მოსწავლეებში იმ უნარ-ჩვევების განვითარება და გაძლიერება,  რომლებიც მათ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებმა კოლეჯში მიღებული ფორმალური განათლება არაფორმალური განათლების კომპონენტებით გაამდიდრონ“, - თქვა ახალგაზრდულმა მუშაკმა თამუნა ხალიჩაშვილმა.

    სექტემბერში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, განახლდება ახალგაზრდული კლუბების მუშაობაც, ხოლო ახალგაზრდული მუშაკები ხელს შეუწყობენ ახალგაზრდების პირად განვითარებას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და აქტიური მოქალაქეობის ჩამოყალიბებას.

    ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარება ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 1,000,000 აშშ დოლარის ღირებულების პროგრამის ფარგლებში, რომელიც პროფესიულ განათლებაში ახალი შესაძლებლობებისა და სერვისების შექმნას და პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მდგრად და თანასწორ განვითარებას ისახავს მიზნად. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სასწავლო დაწესებულებებთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

  • ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს

    ევროკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნას. „ეს არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა“, — ნათქვამია  პრესრელიზში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე გამოაქვეყნა.

    „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებები ისევ ირღვევა — მათ შორის ე.წ. ‘ბორდერიზაციის’, გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით. ამ ადამიანთა გადაადგილების თავისუფლება აღარ უნდა იზღუდებოდეს“, — ვკითხულობთ პრესრელიზში, — „ჩვენ კვლავ ვითხოვთ ანგარიშვალდებულებას, მათ შორის წარსულში ჩადენილი ადამიანის უფლებების ყველა დარღვევის სანდო გამოძიების გზით, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ, მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს და რუსეთის ფედერაციამ სათანადოდ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების მოთხოვნები“.

    ევროკავშირი აცხადებს, რომ კვლავ სრულად უჭერს მხარს კონფლიქტის მოგვარებას — მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით.  გარდა ამისა, ევროკავშირი ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ შეღავათიან ფასებში თურქეთში საუკეთესო სამედიცინო მომსახურება მიიღონ
    26 ივლისს, თურქეთის ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა „MÜSİAD“-ის („დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციაცია“) ბათუმის ოფისის ხელმძღვანელთან, ჰამზა ქოსესთან.
    გ. ჯაფარიძის თქმით, აღსანიშნავია, რომ ჰ. ქოსე სამედიცინო ტურიზმის სააგენტოს „Ayder Health Georgia“ დამფუძნებელი და მფლობელია, რომელიც ახორციელებს საქართველოს მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებას თურქეთის წამყვან კლინიკებში.
    შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მოქალაქეების მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სამედიცინო ტურიზმის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ შეღავათიან ფასებში თურქეთში საუკეთესო სამედიცინო მომსახურება მიიღონ.
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი უკრაინისთვის ევროკავშირის 1,59 მლრდ ევროს ფინანსურ დახმარებას ამტკიცებს

    ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ევროკავშირის ბანკი, გამოყოფს 1,59 მილიარდ ევროს ევროკავშირის ბიუჯეტის გარანტიებით, რათა დაეხმაროს უკრაინას შეაკეთოს ყველაზე მნიშვნელოვანი დაზიანებული ინფრასტრუქტურა და განაახლოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტები უკრაინელი ხალხის გადაუდებელ საჭიროებებზე.

    ეს არის უკრაინის მხარდაჭერის მეორე პაკეტი EIB უკრაინის სოლიდარობის გადაუდებელი რეაგირების ფარგლებში, რომელიც შემუშავებულია ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

    ეს დახმარება მოყვება გადაუდებელი დახმარების პაკეტს 668 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც სრულად იქნა გაცემული ომის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში. 

    ისევე როგორც პირველი, ეს ახალი დაფინანსება შემოთავაზებულია ხელსაყრელი პირობებით, ხანგრძლივი დროით. პაკეტი EIB-ის დირექტორთა საბჭომ გუშინ შეათანხმა; 1,05 მილიარდი ევრო დაუყოვნებლივ გახდება ხელმისაწვდომი. დაფინანსება ხელს შეუწყობს არსებითი სერვისების განახლებას და ყველაზე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ხელახლა ამუშავებას, ქვეყნის მდგრადობის გაძლიერებას და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას.

    უფრო მეტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: Press release

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური