ღია დისკუსია ბიზნესთან საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებების შესახებ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 09 ივლისი 2015 14:14

9 ივლისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

შეხვედრა გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა კეროლ უილსონმა.

მოხსენებები საგადასახადო კოდექსსა და ადმინისტრირებაში ცვლილებების, ასევე გადასახადების გადამხდელების მომსახურების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ გააკეთეს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.

დიალოგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს კერძო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლებმა.

G4G-ის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტრომ გადასახადების გადამხდელებს გააცნო საგადასახადო კოდექსის ცვლილებები და საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების შემდგომი გამარტივების გეგმა, რათა გადამხდელთა შენიშვნები და ინტერესები უკეთ აისახოს ახალ კანონმდებლობაში.

საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა G4G-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მისი მიზანია, კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა, ასევე მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის ხელშეწყობით ეკონომიკური რეფორმების განხორციელება.

პროექტის კონსულტანტები აქტიურად მუშაობენ ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებაზე და ეხმარებიან სამინისტროს საჯარო გადაწყვეტილებისა და საგადასახადო კოდექსის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ევროკავშირის დღგ-ს დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

G4G - „მმართველობა განვითარებისთვის“ USAID-ის ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.

წაკითხულია 1073 ჯერ

Related items

  • "USAID-ის 7 მილიონიანი დოლარის საგანმანათლებლო პროგრამა განათლების რეფორმის მხარდამჭერი იქნება"

    ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის (P2P) მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. აშშ-ის მხარეს კი წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე განათლებისა და კულტურის საქმეთა მიმართულებით ალიშა ვუდვარდი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე ალექსანდერ სოკოლოვსკი.

    სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროგრესი და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა განათლების, კულტურის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით. მათ ასევე ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების საჭიროებებსა და შესაბამის გეგმებზე.

    საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში, USAID 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კიდევ ერთ მასშტაბურ 5-წლიან პროექტს განახორციელებს. “Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT)” – პროექტი გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე, საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ USAID საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს მთავრობის მიერ პრიორიტეტად გაცხადებული საგანმანათლებლო კომპლექსური რეფორმების პროცესში, რათა უზრუნველყოფილ იქნას მდგრადი, ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე.

    პროექტს “Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT)” ორგანიზაცია Research Triangle Institutes (RTI) სხვა ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს. ამ პროცესში კი USAID აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო განათლების პოლიტიკის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტთა ჯგუფთან.

    აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო Fulbright-ის პროგრამის გაფართოებას. ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პროექტი „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა. პროექტი გულისხმობს ინგლისური ენის სწავლებისა და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის – კოლეგის პროფესიულ განვითარებას, ინგლისურის სწავლების კურიკულუმის/პროგრამის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის და ინტერნაციონალიზაციის გზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებას. შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება, რომლის ფარგლებში Fulbright-ის ახალ პროექტს სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრი განახორცილებს. შედეგად, 2020 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ამერიკიდან Fulbright-ის 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან.

    ვაშინგტონში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისათვის განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი და ის პროგრამები, რასაც სახელმწიფო ახორციელებს ამ მიმართულებით. განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ ირინა აბულაძემ ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების შესახებ განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით.

     

  • "საჭიროა დიალოგი საზოგადოებაში, დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის და დიალოგი კონფლიქტში მონაწილე ყველა შესაბამის მხარეს შორის"

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე ყოველწლიურ სესიაზე, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხზე მსჯელობს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევის გზებსა და საზოგადოების პოლარიზაციის დაძლევის მიმართულებებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა. "ვთხოვ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას შემოგვიერთდეს ჩვენს მიმართვაში, რათა 1 თვის წინ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. რუსეთის ოკუპაციის დასაძლევად უნდა შევიმუშავოთ ეფექტური გზები”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
     

    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, ახლებური გზები უნდა გამოვნახოთ და ამისათვის ახალი ინსტრუმენტები გვჭირდება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავს აღნიშნავს, რომელიც თანამშრომლობის ძალიან წარმატებულ ფორმატს წარმოადგენს.

    "პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლონელ და შვედ პარტნიორებს ამ ინიციატივისათვის, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროკავშირთან. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ინსტიტუციურ სიახლოვეს, აქ საუბარია კულტურისა და საზოგადოების სიახლოვეზე. ამან განამტკიცა ჩვენი დემოკრატიული განვითარება. დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავიზო რეჟიმი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება, საშუალება გვაქვს ევროკავშირთან ერთად მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები და უფრო დიდი საზოგადოებისა და დიდი ოჯახის წევრად ვგრძნობთ თავს. ჩვენ გვესმის, რომ გვაქვს ერთნაირი მისწრაფებები, საზიარო ღირებულებები და სოლიდარობა, ამასთან, ვგრძნობთ სრულ პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა, ვპასუხობთ უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით არსებულ სირთულეებს. მეტი დემოკრატიის, მეტი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კონსოლიდაცია. უფრო საიმედო და ნათელი მომავალის მისაღწევად, ეს ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს და განმტკიცდეს, რათა გადავლახოთ უფრო პრობლემური ეტაპები, სხვადასხვა იურიდიულ, თუ ეკონომიკურ სფეროებში. 
     
    ჩვენ არ უნდა ვიცადოთ კიდევ შემდეგი ათი წელი. მე ასე არ ვფიქრობ, ასეთია ჩემი პირადი რწმენა და ინტუიცია. ევროკავშირში ინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად, კრეატიულად უნდა ვიაზროვნოთ, რაღაც ახლებური, არაორდინალური გზები გამოვნახოთ, ამისათვის ახალი ინსტრუმენტები და ახალი ტიპის ძალისხმევა გვჭირდება. სხვა ალტერნატივა საქართველოს, მის ხელისუფლებასა და მის მოქალაქეებს არ გააჩნიათ. ჩვენი მიზანი ახალი კონსტიტუციისთვის ახალი პირობების და ახალი ჩარჩოს შექმნაა. მე ამ დოკუმენტის - კონსტიტუციის გარანტორი და დამცველი ვარ. ჩვენი კონსტიტუცია ევროსკეპტიკური ტალღის მიმართ მდგრადია და იმედი მაქვს, მომავალშიც ასეთად დარჩება. საქართველო აღიარებს ევროკავშირთან საზიარო ღირებულებებს - კულტურულ ფასეულობებსა და მომავალის ხედვებს. რა თქმა უნდა, ევროკავშირთან დაკავშირებით არსებობს სირთულეები და გამოწვევები, რომლებიც შიდა და გარე ფაქტორებითაა განპირობებული. ევროკავშირსაც თავისი სირთულეები აქვს - შიდა და გარე კრიზისები. რაღა თქმა უნდა, ჩვენ ვიზიარებთ ამ სირთულეებს, მათ შორის პოლარიზაცია, რომლებიც ბევრი ქვეყნისათვის საერთოა და არც საქართველოა აქ გამონაკლისი. 
     
    ქვეყანაში პოლარიზებულია საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და მედია. მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გავხდი ვცდილობ ეს პოლარიზაცია დავძლიოთ და გადავლახოთ. პოლარიზებული საზოგადოება ვერ გადალახავს სირთულეებს. გაყოფილი საზოგადოება ვერ დაძლევს ეგზისტენციალურ პრობლემებს, მით უმეტეს, როდესაც იგი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ის ვერ დაძლევს ამ ოკუპაციის პრობლემას და ვერ მიიღებს პარტნიორების სრულ მხარდაჭერას. გაყოფილი საზოგადოება ვერ იპოვის პოლიტიკურ გამოსავალს; ვერ ჩაერთვება პოლიტიკურ დიალოგში, დიალოგი კი აუცილებელია: პოლიტიკურ ძალებს, ყველა შესაბამის აქტორსა და დაინტერესებულ პირს შორის; არსებული მოლაპარაკებების ფორმატები სხვა პოლიტიკურ დონეზე უნდა ავიდეს, ამას ალტერნატივა არ აქვს. ჰუმანიტარულ საქმეებზეც კი, პროფესიული ვალდებულების შესრულებისას, 1 თვის წინ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მაგალითზე ვხედავთ, რომ ვერც ჟენევის და ვერც სხვა ფორმატები გამოსავალს ვერ პოულობს და თავს ვერ ართმევს ამ პრობლემას ბიუროკრატიულ დონეზე. ექიმები პოლიტიკური საზღვრების გარეშე უნდა იყვნენ. პარტნიორობა ევროკავშირის პოლიტიკური მოთამაშეების ჩართულობით პოლიტიკური გამოსავლის მოძებნას გულისხმობს. არ უნდა მოხდეს არსებული პრობლემების ესკალაცია. 
     
    სტაბილურობა აუცილებელია როგორც საქართველოსათვის, ასევე რეგიონისა და ევროპისთვისაც. არავის ინტერესებში შედის ესკალაცია, განსაცდელით სავსე სამყაროში. რუსეთის ოკუპაციის დასაძლევად ყველამ ერთად უნდა შევიმუშავოთ უფრო ეფექტიანი გზები და საშუალებები. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისათვისაც უნდა ვუზრუნველვყოთ ოთხი ძირითადი უფლების განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის. ვერ დავასრულებ ამ სიტყვას იმის გარეშე, რომ არ გთხოვოთ თქვენც, რადგან ეს არის თხოვნა, რომლითაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართავ. დღეს, 9 დეკემბერს, ერთი თვე გავიდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შემდეგ. მინდა თხოვნით მოგმართოთ ასამბლეას, რომ შემოგვიერთდეთ ამ ჩვენს მიმართვაში, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. იმედი მაქვს, აქ ყველა შეუერთდება და გაიზიარებს ამ მიმართვას. დღეს ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება ამ ადამიანის გათავისუფლებაა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • USAID განათლების მიმართულებით ორ ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე USAID-ის მისიის დირექტორს პიტერ ვიბლერსა და დემოკრატიისა და სოციალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს ადამ შმიდტს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ამერიკის მთავრობის მხარდაჭერის პროგრამა განათლების სექტორში, კონკრეტულად კი USAID-ის წარმატებული თანამშრომლობა დაწყებითი და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. სტუმრებმა სრული მზაობა გამოხატეს ახალი ინიციატივების ფარგლებში ხელი შეუწყონ განათლების რეფორმის მასშტაბის გაზრდას. ამ მიზნით 2019 წლის განმავლობაში აშშ-ის საგრანტო დაფინანსებით დამატებით ორი ახალი მასშტაბური პროექტი დაიწყება.

    ახალი პროექტი ზოგადი განათლების სექტორში, კერძოდ, დაწყებითი განათლების საფეხურზე მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნაზე იქნება ფოკუსირებული, ასევე, მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკის, ინოვაციურობისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისკენ იქნება მიმართული; შემუშავდება პროფესიული განვითარების მოდულები, დამხმარე რესურსები; ასევე, ყურადღება დაეთმობა მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას. USAID საგრანტო დაფინანსების მეშვეობით პროფესიული განათლების სექტორში იზრუნებს არა მხოლოდ სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, არამედ, კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურებაზეც.

    შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განათლების სხვადასხვა მიმართულებით. სტუმრებმა განსაკუთრებულად დადებითად შეაფასეს მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა, საპენსიო ასაკის მასწავლებელთათვის ჯილდოს შეთავაზება და პედაგოგთა მხრიდან ამ გადაწყვეტილების პოზიტიური გამოხმაურება.

    „რეფორმის განხორციელების პროცესში სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია უცხოელ და საერთაშორისო პატრნიორებთან თანამშრომლობა, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ უფრო მეტად საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით,“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

  • ქართულ-სომხური მედია-დიალოგი: „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება“

    გასულ კვირას ერევანში გაიმართა ქართველი და სომეხი ჟურნალისტების მორიგი შეხვედრა, რომლის მთავარ თემას წარმოადგენდა „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება სამხრეთ კავკასიაში“. შეხვედრის ორგანიზატორები არიან: კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN), გლობალური პარტნიორობა საბრძოლო კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად (GPPAC - სამხრეთ კავკასიაში) და ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხეთის კომიტეტი (HCA-სომხეთი). აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა პროექტის - „ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.

    ორმხრივ შეხვედრაში მონაწილე ჟურნალისტებმა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში განიხილეს სომხეთსა და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია. გაცვალეს ინფორმაციები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილ წვლილზე კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის თაობაზე. ასევე მოისმინეს ინფორმაცია სამხრეთკავკასიელი ქალ მედიატორთა ქსელის დაარსების შესახებ და გაეცნენ ინფორმაციას მათთვის ახალი ონ-ლაინ კონტენტების www.peaceportal.org და www.peacetraining.eu მუშაობის თაობაზე. რომლებიც მოწოდებულნი არიან ხელი შეუწყონ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას. 

    ქართულ-სომხური მედია-დიალოგის ორგანიზატორის, საერთაშორისო ორგანიზაცია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის (ICCN) კავკასიური პროგრამის კოორდინატორის ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონის ჟურნალისტების გამოცდილება კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის ამოქმედების თვალსაზრისით. „ამისათვის ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ რას წარმოადგენს კონფლიქტი და რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მათგანმა კონფლიქტების პრევენციის თვალსაზრისით“, - ხაზი გაუსვა ზაალ ანჯაფარიძემ.

    ერევნის შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს მომხსენებლების მანე პაპიანის (სომხეთი), მამუკა ყუფარაძის (საქართველო), აკობ კარაპეტიანის (სომხეთი), ზვიად ავალიანის (საქართველო), გევორგ ტოსუნიანისა (სომხეთი) და მზევინარ ხუციშვილის (საქართველო) ძალიან საინტერესო გამოსვლები, რომლებიც შეეხებოდა სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებს და მათი დაძლევის მექანიზმებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო საშუალებებში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. „ძალიან კარგია, რომ რეგიონის ჟურნალისტებს შორის ხდება გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს შორის საერთო აზრის ფორმირება, თუ როგორ შეგვიძლია არაკონფრონტაციული და სამშვიდობო რეპორტჟებით ხელი შევუწყოთ კონფლიქტების მოგვარებასა და პრევენციას“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე. 

    შეხვედრის დასასრულს მონაწილეები გაეცნენ ქართული და სომხური მხარის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ჩანაწერებს  და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს მათ გარშემო. აღნიშნული ჩანაწერები შეასრულეს ქართველმა და სომეხმა კომპეტენტურმა ექსპერტებმა. ნაშრომებში წარმოდგენილია ის ხედვები, რომლებიც ეხება ეკონომიკურ ნიადაგაზე ამოცენებულ კონფლიქტების შესაძლო პრევენციას, იქიდან გამომდინარე რომ საქართველო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA)ნაწილია, ხოლო სომხეთი კი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის. მედიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს და კონკრეტული გზები დასახეს, თუ როგორ უნდა მიიტანონ საინფორმაციო საშუალებებმა მკითხველის, მაყურებლის და მსმენელის ყურამდე, ის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები, რომელთა მოგვარებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და რომლებიც ხელს შეუწყობენ კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • კონფლიქტების პრევენციის გზების ძიებაში

    28-29 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ ქართული და სომხური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის მორიგი დიალოგი შედგა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების პრევენციის საკითხებს მიეძღვნა. მხარეებმა განიხილეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის ასპექტები კონფლიქტების თავიდან აცილების კუთხით იმ პირობებში, როდესაც კავკასიის რეგიონში ორი ურთიერთსაპირისპირო და კონკურენტი ეკონომიკური კავშირები ამოქმედდა – ერთის მხრივ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, ხოლო მეორეს მხრივ კი, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით. პირველი კავშირის წევრი სომხეთია, ხოლო მეორე ხელშეკრულების – საქართველო.
    2014 წლიდან, ისედაც არასტაბილურ და გაყინული კონფლიქტებით გაჯერებულ რეგიონში ეკონომიკური კავშირებისა და ეკონომიკური გავლენების ახალმა გადანაწილებამ, ორი კონკურენტი ეკონომიკური სისტემების წევრ სახელმწიფოებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემების წყება შეიძლება წარმოქმნას, რომლებიც შემდგომში შესაძლოა კონფლიქტებად ტრანსფორმირდეს. სწორედ ამ სცენარის პრევენციაში სამოქალაქო სექტორის როლზე მსჯელობდნენ პროექტის მონაწილეები. ამ პროცესში ქართული და სომხური სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ უკვე შემუშავდა პოლიტიკის 5 დოკუმენტი, რომელიც ეხება ორი კონკურენტი ეკონომიკური გაერთიანების პირობებში კონფლიქტების თავიდან აცილების ინსტრუმენტებს.
    აღნიშნულ შეხვედრაზე სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ქართული და სომხური მხარეების მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები იქნა განხილული და 2 ქვეყნის მთავრობების მიმართ რეკომენდაციები იქნა შემუშავებული.
    რეკომენდაციებს შორის არის საქართველოსა და სომხეთს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და უთანხმოებების პრევენციის მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა; სამოქალაქო სექტორისა და მედიის ერთობლივი მუშაობა ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების მიწოდებისა და ადვოკატირების ეფექტური არხის შესაქმნელად; სამოქალაქო დიალოგში აზერბაიჯანული მხარის ჩართვა; საერთაშორისო დონორთა მეტი ძალისხმევა სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ძალაუფლებების და გავლენების გადანაწილეობის ახალ გარემოში კონფლიქტების პრევენციის მიზნით; სამოქალაქო სექტორის და სამშვიდობო ჟურნალისტიკის მეტი ხელშეწყობა, მათ შორის დიალოგის გაფართოების, მათი უნარ–ჩვევების და ცოდნის გაზრდის კუთხით.

    აღინიშნა, რომ კავკასიაში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის თანაარსებობა და კონკურენცია შეიცავს როგორც გამოწვევებს, ისე შესაძლებლობებსაც, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ ორივე მხარის ეკონომიკურ და ბიზნეს სტრუქტურებს.
    პროექტი უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და მის ფარგლებში უკვე მოეწყო სამოქალაქო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტების შეხვედრა
    პროექტს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს საერთაშორისო ქსელი - გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციისათვის (Global Partnership for Prevention of Armed Conflicts www.gppac.net) და GPPAC -ს წევრი საქართველოში კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი. სომხეთში პროექტის პარტნიორია ჰელსინკის სომხეთის კომიტეტი. მომავალ წელს იგეგემება პროექტის გეოგრაფიული არეალის გაფართოება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური