საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ შსს-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
საზეიმო ღონისძიებას, რომელიც თბილისში, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საზეიმო მსვლელობის შემდეგ, მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ სიტყვით მიმართა.
"ცოტა ხნის წინ, ჩვენ, ყველამ აღვნიშნეთ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე. დღეს, 26 მაისიდან რამდენიმე დღეში, ქართული პოლიციის და პოლიციელთა პროფესიულ დღეს აღვნიშნავთ. დღევანდელი დღე არის სიმბოლური ხაზგასმა, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა სწორედ იდგა და დგას თითოეული თქვენგანის თავგანწირულ შრომაზე.
საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა - პოლიციელის პროფესიული ვალია, თუმცა, გვაქვს შემთხვევები, როდესაც პოლიციელის პროფესიული მოვალეობის შესრულებას ჩვენი კოლეგების სიცოცხლე ეწირება. ყველამ ერთად პატივი მივაგოთ საქართველოს ერთიანობისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ქართველი პოლიციელების ხსოვნას.
მთელი ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა მშვიდობისა და დამოუკიდებლობისთვის. უახლეს ისტორიაში, ამ ბრძოლის წინა ხაზზე კი ყოველთვის დგას ჩვენი პოლიცია.
დღეს აქ საქართველოს პოლიცია წარმოდგენილია მხოლოდ რამდენიმე ასეული პოლიციელით, თქვენ უკან ათასობით თქვენი კოლეგა დგას. ისინი ამ წუთებშიც განაგრძობენ ჩვენი მოქალაქეების დაცვას, ებრძვიან დანაშაულს, აკონტროლებენ საზღვრებს, ებრძვიან ხანძრებს და ზრუნავენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე.
პოლიციელებო, მინდა, საქართველოს ერთგული სამსახურისთვის ყველას დიდი მადლობა გითხრათ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, რომ კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად აღვნიშნავ პოლიციელის დღეს".