საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია
საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია. ჩვენი გუნდის ოთხმა წარმომადგენელმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და აქედან სამ შემთხვევაში კი საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტში განუცხადეს.
სახილ ალახვერდოვმა (48 კგ) ფინალში ბულგარელ ერგიულან სებაჰტინს მოუგო და კარიერაში პირველად ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ასეთივე წარმატებას მიაღწია არტიუშ გომციანმა (60 კგ). მომავალი ჩემპიონი გადამწყვეტ ბრძოლაში ესპანელ ხოსე კუილეს ბროტონს გაუმკლავდა. მესამედ საქართველოს ჰიმნი ააჟღერა გიორგი ყუშიტაშვილმა (86 კგ). საქართველოს ნაკრების წარმომადგენელს ფინალში მასპინძელ რაფაელ ჰოვანისიანთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა და მსაჯთა გადაწყვეტილებით ჩემპიონად გამოცხადდა.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ნაბიჯი დააკლდა ლაშა გურულს (67 კგ). ქართველი მოკრივე სერბეთის წარმომადგენელ ვახიდ აბასოვთან დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ამ ისტორიულ შედეგს ულოცავს ჩვენს მოკრივეებს, მათს მწვრთნელებს, კრივის ეროვნულ ფედერაციას, სპორტის გულშემატკივრებს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ქართველმა მოკრივეებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი 1993 წელს აჩვენეს - მაშინ ბურსას (თურქეთი) რინგზე საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩვენ შესახებ
საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად
კონტაქტი