თბილისის და ბუქარესტის მერებმა ხელი მოაწერეს თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 30 მაისი 2022 15:54

თბილისს 22-ე დაძმობილებული ქალაქი ჰყავს. ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბუქარესტის მერ ნიკუშორ დანთან ერთად, ხელი მოაწერა თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას.

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით: კულტურა, გამწვანება, ურბანული განვითარება, სპორტი, ტურიზმი, ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა.

ხელშეკრულების ხელმოწერამდე, კახა კალაძემ და ნიკუშორ დანმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.

გამოითქვა სურვილი, რომ როგორც თბილისში, ისე ბუქარესტში გაიხსნას შესაბამისი ქალაქების სახელობის სკვერები ან მათი სახელები მიენიჭოს რომელიმე ქუჩას.

„დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი მოგვეწერა ბუქარესთან დაძმობილების მემორანდუმისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება შესაძლებლობა, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: სპორტი, კულტურა, ურბანული განვითარება, ტრანსპორტი. არსებობს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ბუქარესტი წარმატებულია და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაზიარება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. დღეს ასევე, გვექნება შესაძლებლობა, შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის. მერთან შევთანხმდით იმაზეც, რომ თბილისისა და ბუქარესტის სახელობის ქუჩები ან რეკრეაციული სივრცეები, სკვერები გაჩნდება, როგორც ბუქარესტში, ასევე თბილისში. ზოგადად, მიმაჩნია, რომ დაძმობილების ფარგლებში, გვაქვს იმის რესურსი, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ და ის გამოცდილება, რომელიც ბუქარესტს გააჩნია, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ურბანული განვითარების თვალსაზრისით, გაზიარებულ იქნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბუქარესტის მერმა იმედი გამოთქვა, რომ დაძმობილების ხელშეკრულების გაფორმება ორ ქალაქს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქებისთვის. ბუქარესტსა და თბილისს აქვთ ძალიან ბევრი საერთო. არსებობს საერთო ინტერესები, როგორიც არის ურბანული განვითარება, კულტურა, ტრანსპორტი და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ურთიერთობების გაღრმავება დაგვეხმარება ჩვენი მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლასა და შემდგომ თანამშრომლობაში“, - განაცხადა ნიკუშორ დანმა.

ამასთან, კახა კალაძემ დაძმობილებული ქალაქის მერი, დელეგაციასთან ერთად, თბილისში მოიწვია.

ბუქარესტის მერიაში გამართულ ღონისძიებას კახა კალაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

თბილისის მერიის პრეს-სამსახური

წაკითხულია 109 ჯერ

Related items

  • კახა კალაძე „ქარის“ ბრენდის ელექტრომანქანის პრეზენტაციას დაესწრო

    თბილისის მერი, კახა კალაძე დღეს „ქარის“ ბრენდის ელექტრომანქანის პრეზენტაციას დაესწრო და აღნიშნული ტრანსპორტი თავად გამოსცადა. თბილისის მერიის ადმინისტრაციის ცნობით, „ქარი“ ეკო-მეგობრული ელექტროტრანსპორტის საზიარო სერვისია, რომელიც ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის შეიქმნა.

    „ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოყვანა ძალიან მაგარი პროექტია. მხედველობაში მაქვს სკუტერები, ელექტრომოტოციკლეტები, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს მათ დაემატა "სიტროენის" მარკის ელექტრომობილები. მუნიციპალიტეტის მერია ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც ხელს შეუწყობს. გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან და ვთხოვეთ, რომ მომავალში წარმოდგენილ ტრანსპორტს ველოსიპედებიც დაემატოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    როგორც კომპანია „ქარის“ საოპერაციო დირექტორმა, ჯუღა სიხარულიძემ აღნიშნა, "სიტროენ ამის" ელექტრომანქანა არ გამოყოფს გამონაბოლქვს და ტრანსპორტის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია.

    „ერთი თვის წინ სატესტო რეჟიმში გავუშვით "ქარის" ავტომობილების გაზიარების სერვისი. ამჟამად, სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ჯამში, ქალაქში 60 ელექტროავტომობილია. "სიტროენ ამის" მოდელი არის ზომაში პატარა, აქვს სიჩქარის ლიმიტი, რაც უსაფრთხოა ქალაქში გადაადგილებისთვის, ასევე, მოსახერხებელია ქალაქში პარკირებისთვის“, - განაცხადა ჯუღა სიხარულიძემ.

    აღნიშნული მანქანით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, აპლიკაციის ჩამოტვირთვა და რეგისტრაცია. მისი გამოყენების შემდეგ, მანქანის გაჩერება „ქარის“ აპლიკაციის პარკირების ზონებშია შესაძლებელი.

  • საქართველო და თურქმენეთი ერთმანეთთან პირდაპირ ფრენებს გახსნიან

    თურქმენეთი და საქართველო შეთანხმდნენ პირდაპირი ფრენების დაწყებაზე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თურქმენეთში ვიზიტისას, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც შესაძლებელს გახდის პირდაპირი ფრენების დაწყებას აშხაბადსა და თბილისს შორის.

    აშხაბადში გამართული მოლაპარაკებების დროს განიხილეს ქართული პროდუქციის თურქმენეთში ექსპორტზე ბარიერების მოხსნის შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის მისი ქიმიური მრეწველობის პროდუქციის მიწოდებას საქართველოში.

    ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა. გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შორის.

    თურქმენეთის საელჩო საქართველოში

  • პრემიერ-მინისტრმა ი. ღარიბაშვილმა ტაშკენტში, შ. რუსთაველის სახელობის სკვერის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად ტაშკენტში, შოთა რუსთაველის სახელობის რეკონსტრუირებული სკვერის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

    მთავრობის მეთაურმა დედაქალაქის მერთან ერთად სკვერში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი მოინახულა და ყვავილებით შეამკო.
    უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. ამავე ქუჩაზე განთავსებულია შოთა რუსთაველის ძეგლი და ასევე, მიმდებარე სკვერიც შოთა რუსთაველის სახელობისაა. უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ აბდუშელიშვილის ინიციატივითა და ტაშკენტის მერიის ხელშეწყობით რუსთაველის ძეგლსა და სკვერს სრული რეკონსტრუქცია 2022 წელს ჩაუტარდა.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • დღეს თბილისში ევროპის 20-წლამდელთა კალათბურთის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის მატჩები დაიწყება

    15 ივლისს თბილისში ევროპის 20-წლამდელთა კალათბურთის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის მატჩები დაიწყება, რომელში მონაწილეობასაც 19 ნაკრები მიიღებს. ამის შესახებ კალათბურთის ფედერაცია იუწყება. ეს გახლავთ მასშტაბური ღონისძიება, რომლის გამარჯვებული და მომდევნო 2 პრიზიორი 2023 წლისთვის ელიტარულ, “ა” დივიზიონში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ. 

    მასშტაბი და მნიშვნელობა ძალიან დიდია, თუმცა 20-წლამდელთა ჩემპიონატი ევრობასკეტის წინ კარგი რეპეტიცია იქნება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისთვის, რომელიც აღნიშნულ ტურნირებს "ფიბა"-სთან მჭიდრო თანამშრომლობით ატარებს.

    საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ტურნირს კარგად მომზადებული ხვდება. ჩვენმა გუნდმა ტურნირამდე 3 შეკრება გამართა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრები ჯერ რაჭაში იმყოფებოდა, სადაც ფიზმომზადება გაიარა, შემდეგ კი საბერძნეთსა და თურქეთში ჯამში 4 სპარინგ-მატჩი გამართა. 

    ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თამაშებს როგორც ოლიმპიური სასახლე, ასევე ახალი „თბილისი არენა“ (უნივერსიტეტის ქუჩა N15ა) უმასპინძლებს. ტურნირის მონაწილე 19 ნაკრები 5 ჯგუფშია განაწილებული. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები „ბ“ ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ავსტრია და კოსოვო ჰყავს.

    გათამაშების სისტემის მიხედვით თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო ნაკრები გავა, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ, ხოლო პლეი ოფს მიღმა დარჩენილები ტურნირის 9-19 ადგილებს გაითამაშებენ. “ბ” დივიზიონის ჩემპიონი, ფინალში დამარცხებული გუნდი და მესამეადგილოსანი “ა” დივიზიონის საგზურებს მოიპოვებენ და 2023 წლის ზაფხულში ელიტაში იასპარეზებენ.

     

  • თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

    თბილისის მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბერნში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების საკითხებზე და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
    განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების კუთხით არსებულ გამოცდილებაზე, რაც ბერნს გააჩნია. თბილისის მერმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
    შეხვედრაზე ხაზი გაესვა 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მტკიცე არჩევანს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. აღინიშნა, რომ შვეიცარიის ჩათვლით, ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს დაახლოება, ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯია.
    ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის და ბერნის მერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ქალაქებს შორის ურთიერთობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ურბანული განვითარება, ტრანსპორტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ტექნოლოგიები, განათლება, კულტურა და ტურიზმი.
    „გვქონდა შესაძლებლობა, ბერნის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ეს არის ურბანული განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, ინფრასტრუქტურა. ძალიან კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს. ბერნი განვითარებული ქალაქია, შვეიცარია ულამაზესი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ინფრასტრუქტურის, ურბანული კეთილმოწყობის თვალსაზრისით. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელების ეტაპზე, მნიშვნელოვანი იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ბერნის მერს მასპინძლობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენ ქალაქებს და ხალხებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა კახა თბილისის მერმა.
    კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ალეკ ფონ გრაფენრიდს გულთბილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბერნის მერი ახლო მომავალში თბილისს ვიზიტით ეწვევა.
    „არ ვიცი, არსებობს თუ არა მეგობრობა ერებს შორის, თუმცა, მჯერა, რომ არსებობს მეგობრობა ხალხს და ქალაქებს შორის და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ჩვენ, ყველანი ევროპაში ვდგავართ ერთიან პრინციპებსა და ღირებულებებზე - ეს არის პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართ. მჯერა, რომ რადგან ქალაქები უფრო ახლოს არინ მოქალაქეებთან, უფრო კარგად შეძლებენ, ამ ერთიანი ღირებულებების გარშემო ითანამშრომლონ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისის და ბერნის ურთიერთობა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბერნის მერმა.
    ბერნის მერიაში გამართულ ღონისძიებას ქართული მხრიდან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შვეიცარიაში საქართველოს ელჩი რევაზ ლომინაძე დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური